პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მამაცი გოგონები საბავშვო წიგნებიდან

(პოლიანა და ჰაიდი)

 

„დავწერო ზღაპარი პედიატრზე, რომელმაც ექიმობას თავი დაანება და საბავშვო წიგნების გამოცემა დაიწყო,“ – რამდენიმე კვირის წინ უბის წიგნაკის გაციფრულება დავიწყე და ასეთ ჩანაწერს გადავაწყდი. იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ოდესმე შევძლებ. იდეა კი მაშინ გამიჩნდა, გამომცემლობა „პეგასის“ დამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი მარინა ცხადაია რომ გავიცანი. მასწავლებელი.ge-სთვის განკუთვნილ წერილებში გამომცემელს როგორც წესი არ მივუთითებთ, თუმცა დღეს გამონაკლისს დავუშვებ, ვინაიდან იმ მამაც გოგონებზე უნდა ვისუბრო, სწორედ მისი დამსახურებით რომ „მივაგენი.“

რა თქმა უნდა, სიმამაცეს მოკლებული არც ის ნაბიჯი იქნებოდა, თავის დროზე ქალბატონმა მარინამ  რომ გადადგა და პროფეისა შეიცვალა. შესაძლოა, სწორედ საკუთარ თავთან მსგავსების გამოც გამოარჩია უშიშარი, დაუდგრომელი ჰაიდი და მის შესახებ წიგნების გამოცემაც ამიტომ გადაწყვიტა. მსოფლიო საბავშვო კლასიკად აღიარებული წიგნი ხელში ამაყად ეჭირა და აღფრთოვანებული მიხსნიდა, რომ ჰაიდი გერმანიაში საკმაოდ ცნობილი და ყველასათვის საყვარელი გოგონაა. რას აღარ ახატავენ სიუჟეტებს ჰაიდიზე დაწერილი წიგნებიდან: ჩანთებს, რვეულებს, საშლელებს, პასტებს. იბეჭდება მარკები ჰაიდის გამოსახულებით, მოჭრილია სამახსოვრო შვეიცარიული 50 ფრანკიანი, რომელზეც ჰაიდი თხასთან ერთად არის ამოტვიფრული, არსებობს უამრავი მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმი ამ საოცარი გოგონას შესახებ. შვეიცარიული ალპების იმ სოფელშიც, სადაც ჰაიდი ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა, დღესაც დგას მის სახელზე აშენებული ქოხი, სწორედ ისეთი, როგორიც იოჰანა შპირმა წიგნში აღწერა.

ქალბატონმა მარინამ ჰაიდი პოლიანას შეადარა და ელეონორ პორტერის ცნობილი ბესტსელერის წაკითხვაც მირჩია. მითხრა, ამ ორ ობოლ გოგონას შორის (ჰაიდისა და პოლიანას გულისხმობდა) უამრავი მსგავსება არსებობს, თუმცა უმთავრესი ის არის, რომ ძალისხმევას არ იშურებენ, რათა თავიანთ გარშემო სამყარო და ადამიანები უკეთესობისკენ შეცვალონო. მისი სიტყვების სიმართლეში რამდენიმე დღეში დავრწმუნდი და ახლა თქვენც გიამბობთ ლიტერატურულ პერსონაჟებზე, რომელთა არაჩვეულებრივობა სიკეთეში, სიყვარულში, თავმდაბლობაში, ახლობლის დახმარების სურვილში მჟღავნდება.

იოჰანა შპირის „ჰაიდი“ (ორ წიგნად)

XIX საუკუნის მიწურულს დაწერილი წიგნი დღესაც საინტერესოდ იკითხება.  ქართულ გამოცემას ჯესი სმიტის ილუსტრაცები ახლავს, სწორედ ის ფერადი და გრაფიკული ნახატები, ჰაიდის შესახებ წიგნის პირველ გამოცემას რომ ამშვენებდა. დარწმუნებული ვარ, დანახვისთანავე შეიყვარებთ ლოყებღაჟღაჟა, თმახუჭუჭა, ღიმილიან გოგონას ჭკვიანი თვალებით, მუდამ ფეხშიშველა რომ დარბის თავის საყვარელ თხებთან ერთად.

ობოლ ჰაიდის დეიდა ზრდის, თუმცა რიგი გარემოებებიდან გამომდინარე გოგონას ალპებში, ბაბუასთან გადასახლება მოუწევს. მუდამ მოღუშული ბაბუა კი მარტივად რომ ვთქვათ, „ადამიანებს ვერ ეწყობა. “ მისგან განსხვავებით, ჰაიდის ვერასდროს ნახავთ მოწყენილს, გოგონა აფასებს სილამაზეს, ტკბება ბუნებით, მთებით, ყვავილებით, ეფერება კატებს, თხებს, ზრუნავს ადამიანებზე (იქნება ის პეტერის უსინათლო ბებია თუ უახლოეს მეგობარ კლარა, ეტლით რომ  გადაადგილდება) და რაც ყველაზე მთავარია, უყვარს საკუთარი ბაბუა. შვილიშვილის მიმართ გულგრილი არც ალპელი ბაბუა აღმოჩნდება, იმთავითვე შეამჩნევს გოგონას ჭკვიან თვალებს, აღფრთოვანდება მისი მიხვედრილობით, სკამს, მერხს, კოვზსა და თეფშს გამოუთლის, სხვენში „საუცხოო“ საწოლს მოუწყობს და ღამ-ღამობით რამდენჯერმე ადის მასთან, რომ დახედოს. ზამთარში საბანში გახვეულსა და ხელში აყვანილს სტუმრად დაატარებს, მოკლედ რომ ვთქვათ, ათამამებს და ნებისმიერ თხოვნას უსრულებს.

როგორ განვითარდება შემდგომი მოვლენები, წიგნიდან შეიტყობთ. იმასაც აღმოაჩენთ, რომ ქველმოქმედებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ძალიან მდიდარი იყო – ფუმფულა ფუნთუშებითაც შეგიძლია გაახარო გაჭირვებული ადამიანი. „ჰაიდი“ საოცარი ამბავია ადამიანის გარდასახვაზე, სიკეთის გამარჯვებაზე, ჩვენს უბრალო, ადამიანურ გულებზე, რომლებსაც გასაღებივით მოერგებიან ხოლმე ბავშვები და თავიანთი უმანკო ბუნების წყალობით გახსნიან, სიცოცხლეს უბრუნებენ.

ელეონორ პორტერის პოლიანა

1923 წელს გამოსცა ელეონორ პორტერმა „პოლიანა.“ წიგნმა მაშინვე  დიდი აღიარება მოუტანა ავტორს და დღემდე ბესტსელერად ითვლება. ქართველ ბავშვებამდე, მართალია, თითქმის საუკუნის შემდეგ მოაღწია, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოლიანა მათთვისაც საყვარლეს პერსონაჟად იქცევა.

თერთმეტი წლის დაობლებული პოლიანა იძულებულია ერთადერთ ნათესავთან, დეიდა პოლისთან საცხოვრებლად გადავიდეს. დეიდა პოლის დის ოჯახთან კავშირი  გაწყვეტილი ჰქონდა, რადგან პოლიანას დედა მდიდარი კაცის ნაცვლად ცოლად გაჰყვა ღარიბ პასტორს, „თავი იდეებით, გული კი სიყვარულით რომ ჰქონდა სავსე.“ ორმოცი წლის დეიდა პოლი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამანი და ძვირადღირებული სახლის მარტოხელა დიასახლისია, ვერ იტანს ხმაურს, მუდამ მოღუშული დადის და არც მაშინ იღიმის, როდესაც ყველაფერი რიგზეა. მისთვის დისშვილის პატრონობა უსიამოვნო დავალების შესრულების ტოლფასია. პოლიანას ჩახუთულ სხვენში გამოუყოფს უფარდო, კედლებმოშიშვლებულ, მწირი ავეჯით გაწყობილ ოთახს, გოგონამ ხმაურით რომ არ შეაწუხოს და ძვირფასი ავეჯი არ დაუზიანოს.

პოლიანა დეიდა პოლის ანტიპოდია, სიცოცხლით სავსე არსებაა, გაუჩერებლად საუბრობს, ყველაფერი უხარია, მიუხედავად ცივი დახვედრისა, ფერიასავით გაფრინდება და დეიდას მუხლებზე მოკალათდება. როდესაც დეიდა მამის ხსენებას აუკრძალავს, ჩათვლის, ალბათ ჩემზე ზრუნავს, ცდილობს სევდა გამიადვილოსო. სხვენის ჩახუთულ ოთახში დაბინავება გულს ატკენს, მაგრამ მალე მოერევა თავს და  ღმერთს მადლობას გადაუხდის, ღია ცის ქვეშ ძილი რომ არ უწევს.

თანდათან პოლიანა პატარა ქალაქში დიდ სიყვარულს დაიმსახურებს – გარშემომყოფებს ჩაითრევს საოცარ თამაშში, რომელიც მამამ ასწავლა და რომელსაც „მხიარულად ყოფნა“ ჰქვია. თამაშის აზრი იმაშია, რომ ნებისმიერ მოვლენაში უნდა შეძლო დადაბითი მხარის დანახვა. მაგალითად, თუ სანატრელი თოჯინას ნაცვლად საშობაოდ შეცდომით ყავარჯენს გამოგიგზავნიან, ბედნიერი უნდა იყო, ეს ყავარჯენი რომ არ გჭირდება!

პოლიანას ადამიანების შინაგანი სამყაროს ჭვრეტის და უხილავი ღიმილების შემჩნევის საოცარი უნარი აქვს. როდესაც გარშემომყოფები მის თვალებში იხედებიან, ისეთი განცდა უჩნდებათ,  თითქოს თავზე ვიღაც თბილად უსვამთ ხელს. ასეთი გოგონას გვერდით ძალაუნებურად იცვლები. თქვენც წაიკითხეთ „პოლიანა“ და ნახეთ, რამხელა ძალა აქვს კეთილ სიტყვას, მეგობრის თანადგომას ან უბრალო გაღიმებას ნებისმიერ ადამიანისთვის, ზურგში მოხრილი მებაღე იქნება თუ სხვენიდან ხეზე, ხიდან კი ეზოში გადაფრენილი თერთმეტი წლის გოგონა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი