შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მშობლებისა და შვილებისათვის

მშობლებისა და შვილების ურთიერთობები ამოუწურავი თემაა. ერთმანეთისაგან ყველა განვსხვავდებით, ყველა ოჯახს ურთიერობების თავისი წესები აქვს და ძალიან ძნელია ზოგადი (ყველაზე მორგებული) რჩევების შეთავაზება. თუმცა არსებობს რაღაც საერთო, რაც დაგაფიქრებს და მშობლობის ტვირთს შეგიმსუბუქებს. ხვდები, რომ მარტო არ ხარ – სხვა მშობლებიც შენსავით წვალობენ და კითხვებზე პასუხს ეძებენ.

არ ვიცი, თქვენს ცხოვრებაში როგორ ხდება, მაგრამ ჩემთან, როცა უპასუხო კითხვას ვაწყდები, ყოველთვის მხსნელად მევლინება წიგნი, ვებგვერდი, მეგობარი, ნაცნობი. რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, Leah Davies-ისა და Mare Cromwell–ის მხსნელად მოსული აზრებია. რამდენიმე საკუთარიც მივამატე. იმედია, გამოგადგებათ!

მშობლობის ანბანი
ა. მიიღეთ და დააფასეთ საკუთარი თავი და შვილი.
ბ. იყავით თანამიმდევრული, გულწრფელი, მართალი და მტკიცე შვილთან ურთიერთობაში.
გ. ყოველთვის აღნიშნეთ, რა მოგწონთ შვილში.
დ. განავითარეთ საკუთარი ინტერესები.
ე. წაახალისეთ შვილი იმსჯელოს იდეებსა და მიზნებზე, გამოხატეთ რწმენა, რომ მას ბევრი რამის კარგად კეთება შეუძლია.
ვ. აპატიეთ შვილს შეცდომები, რომელიც სწავლის ბუნებრივი თანმდევია.
ზ. სიხარულით გაუზიარეთ საკუთარი დრო, სიყვარული და მხარდაჭერა.
თ. დაეხმარეთ თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს.
ი. დააინტერესეთ შვილი კონკრეტული საქმიანობით. დააფასეთ მისი ძალისხმევა და დახმარება.
კ. სიხარულით მიიღეთ ცხოვრებისეული სიამოვნებები.
ლ. ნუ გამოხატავთ უხეშ კრიტიკას; ნუ გამოიყენებთ სიტყვებს „უნდა”, „საჭიროა”.
მ. საშუალება მიეცით შვილს, დაინახოს საკუთარი ქცევის შედეგები.
ნ. იყავით იმ ღირსებების მოდელი, რომელიც გსურთ, რომ შვილს ჰქონდეს.
ო. მოილაპარაკეთ პრივილეგიებსა და პასუხისმგებლობებზე, ისე რომ ის არ გაათამამოთ.
პ. შესთავაზეთ არჩევანი და მიეცით საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება.
ჟ. პრობლემა გადაჭერით შვილთან ერთად, მოუსმინეთ მის ფიქრებსა და გრძნობებს.
რ. თავი დაანებეთ დადანაშაულებას, დარცხვენას და დაშინებას.
ს. პატივი ეცით შვილის უფლებას, გაიზარდოს საკუთარი ტემპით, ზეწოლისა და სხვასთან შედარების გარეშე.
ტ. საოჯახო საქმეები ისე გაუნაწილეთ ოჯახის ყველა წევრს, რომ შვილმაც შეძლოს წვლილის შეტანა და მიკუთვნებულობის გრძნობა განუვითარდეს.
უ. გამოყავით დრო შვილთან ერთად კითხვისთვის, რომ მას წიგნისა და სწავლის სიყვარული ჩაუნერგოთ.
ფ. გამოიყენეთ ფოტოალბომი სასიამოვნო ოჯახური მოგონებებისათვის.
ქ. დააფასეთ გულწრფელობა, სიკეთე, საიმედოობა, ერთგულება და ზრუნვა.
ღ. დაძლიეთ განსაცდელები ოჯახთან ერთად.
ყ. შეისწავლეთ საკუთარი დამოკიდებულება შვილის მიმართ.
შ. მიმართეთ პროფესიონალის რჩევას ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით.
ჩ. ინტერესით ჩაერთეთ მრავალფეროვან ოჯახურ ტრადიციებსა და აქტივობებში.
ც. ძილის წინ „შეაჯამეთ” განვლილი დღე; გაუზიარეთ რა იყო მნიშვნელოვანი.
ძ. თუკი აუცილებელი არ არის, შენიშვნას არასწორ საქციელზე ნუ მისცემთ სხვების თანდასწრებით. უფრო ეფექტურია, როცა თქვენი საყვედური პირისპირ გამოიხატება და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას დაემსგავსება.
წ. ეცადეთ შვილის კითხვებს ყოველთვის მისთვის გასაგებ ენაზე გასცეთ პასუხი.
ჭ. აღზრდა სწორი ქცევის წახალისება და არასწორი ქცევის დათრგუნვაა. შესატყვისი რეაქციები გამოხატეთ ყოველ ჯერზე.
ხ. მშობლისა და შვილის ურთიერთობა ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა. ისწავლეთ შვილისგანაც.
ჯ. აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომები. შეცდომა სწავლის საშუალებაა.
ჰ. დააფასეთ, რომ კაცთა მოდგმის ერთ–ერთი უნიკალური წარმომადგენელის მშობლობა გერგოთ.
სახსოვრად მშობელს შვილისაგან

1.ნუ გამაფუჭებ. ძალიან კარგად ვიცი, რომ არ უნდა მქონდეს ყველაფერი, რასაც გთხოვ – უბრალოდ გცდი.
2.ნუ შეგეშინდება იყო მტკიცე. სიმტკიცე მირჩევნია, თავს დაცულად ვგრძნობ.
3.ნუ მომცემ ნებას, ჩამომიყალიბდეს ცუდი ჩვევები. მე გენდობი, რომ მათ ადრეულ სტადიაზევე აღმოაჩენ.
4.ნუ მაგრძნობინებ თავს იმაზე პატარად, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ასე მხოლოდ ხელს შემიწყობ, რომ სულელურად მოვიქცე.
5.ნუ მომცემ შენიშვნას სხვებთან ერთად, თუკი დახმარება შეგიძლია. უფრო დამეხმარები, თუკი წყნარად და მხოლოდ მე მეტყვი.
6.ნუ მაიძულებ ვიფიქრო, რომ ჩემი შეცდომები ცოდვაა. ეს ანგრევს ჩემს ღირებულებებს.
7.ნუ დამიცავ შედეგებისაგან. ზოგჯერ ტკივილიანი გზით სწავლა მჭირდება.
8.ძალიან ნუ გეწყინება, როცა გეუბნები, რომ „მძულხარ”. შენ კი არ მძულხარ, არამედ შენი ძალაუფლება, რომელიც მანგრევს.
9.მეტისმეტ ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩემს უმნიშვნელო ავადმყოფობებს.
10.ნუ „გამბურღავ”. თუ ასე მოიქცევი, მაიძულებ, თავი წაყრუებით დავიცვა.
11.ნუ დაგავიწყდება, რომ არ შემიძლია საკუთარი თავის ისე ახსნა, როგორც მინდა. სწორედ ამიტომ არ ვიქცევი ყოველთვის სწორად.
12.ნუ წაუყრუებ ჩემს შეკითხვებს. ვისწავლი, რომ შეკითხვები აღარ დაგისვა და საჭირო ინფორმაცია სხვაგან მოვძებნო.
13.ნუ იქნები არათანმიმდევრული. ეს სრულიად მაბნევს და შენდამი რწმენას მიკარგავს.
14.ნუ მეტყვი, რომ ჩემი შიშები სულელურია. ისინი საშიშად რეალურია და მეტად დამეხმარები, თუ მათ გაგებას ეცდები.
15.ნუ ეცდები დამარწმუნო, რომ იდეალური და უშეცდომო ხარ. ძალზე დიდი იქნება იმედგაცრუება, როცა აღმოვაჩენ, რომ არც ერთი ხარ და არც მეორე.
16.ნუ იფიქრებ, რომ ღირსებას შეილახავ, თუკი ბოდიშს მომიხდი. გულწრფელი ბოდიში შენ მიმართ გასაოცარი სითბოთი მავსებს.
17.ნუ დაივიწყებ, რომ მიყვარს ექსპერიმენტები. მათ გარეშე არ შემიძლია, ამიტომ, გთხოვ, შეეგუე.
18.ნუ დაივიწყებ, რომ სწრაფად ვიზრდები. შენთვის ძნელი იქნება ფეხი ამიწყო, მაგრამ, გთხოვ, ეცადე.
19.არ დაივიწყო, რომ დიდი სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარეშე ვერ გავიზრდები. ამის თხოვნა არ დამჭირდება. ასე არ არის?
20.გთხოვ გაუფრთხილდი საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. მე მჭირდები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი