პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ლარს ფონ ტრიერის „იდიოტები“

მეათე და უკანასკნელი „უბიწოების აღთქმა“ „დოგმა 95-ის“ მანიფესტიდან გვეუბნება, რომ რეჟისორის როლი სახალხოდ არ უნდა იქნეს აღიარებული. ეს იმიტომ, რომ ფილმები კოლექტიური შრომის შედეგად იქმნება და მანიფესტი აღიარებს თითოეული ადამიანის წვლილს.

მიუხედავად ამისა, ლარს ფონ ტრიერი „იდიოტების“ რეჟისორია.

დანიაში, სოლეროდის მდიდრულ უბანში გადაღებული „იდიოტები“ ტრიერის „ოქროს გულების“ ტრილოგიის მეორე ფილმია (დანარჩენი ორია „მიაპობს ტალღებს“ (1996) და „წყვდიადში მოცეკვავე“ (2000)).

„იდიოტები“, როგორც სათაურიდანვე მიხვდებით, ცხოვრებით და საზოგადოებით უკმაყოფილო ახალგაზრდების ჯგუფია. თავიანთი იმედგაცრუების კომპენსირებისთვის ისინი ერთად იკრიბებიან ცარიელ სახლში, რათა თავიანთი „შინაგანი იდიოტები“ იპოვონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განზრახ იქცევიან ისე, თითქოს შეზღუდული შესაძლებლობისანი იყვნენ.

ამრიგად, თითოეული მათგანი ირგებს „იდიოტის“ როლს, რომელიც მათ შინაგან ძალასა და სისუსტეებს განასახიერებს. მაგალითად, ჯგუფის ლიდერი, სტოფერი, ცელქი, ბედნიერი ბავშვივით იქცევა. ჯგუფის ექიმი პედი ეტლში ჯდება და გარშემო მყოფებს უგულებელყოფს.

საზოგადოებაში ისინი თავიანთი ახალი სოციალური სტატუსით მანიპულირებენ, მაგალითად, ძვირად ღირებულ რესტორანში ხალხს ეჩრებიან, მდიდარ მეზობლებს დანაშაულის გრძნობას უღვივებენ და მათთვის საშობაო დეკორაციებს აყიდვინებენ და, საზოგადოდ, დასცინიან ადამიანებს. როდესაც ჯგუფად გადიან გარეთ, ერთი მათგანი „ზედამხედველია“ – ევალება, მოუაროს ჯგუფის დანარჩენ წევრებს და ამა თუ იმ სიტუაციაში წინ გაუძღვეს.

კარენი ჯგუფს ბოლოს უერთდება. რეჟისორი თავიდანვე სვამს მასზე აქცენტს. კარენი მთელი ფილმის განმავლობაში მძლავრ ენერგიას ასხივებს, მაშინაც კი, როდესაც საკუთარ აზრებს მშვიდი კილოთი გადმოსცემს, რაც სასოწარკვეთლი ქალის იერს აძლევს. კარენი მისტიკურია. ის დაუფიქრებლად უერთდება ჯგუფს და რჩება მასთან პირადი მწუხარების გამო. ჯგუფი, რომელიც ოჯახზე ახლობელი ხდება მიასთვის, კარენს თბილად იღებს.

ფილმში აღწერილია ჯგუფის ცხოვრების მომდევნო რამდენიმე კვირა, როდესაც ისინი საზოგადოებრივ აუზებზე, პარკებში, ბარებში დადიან. კარენი, ახალი წევრი, ცდილობს მოერგოს მათ, თუმცა საკუთარ თავზე კონტროლს ვერ კარგავს. სწორედ მისი თვალით ვხედავთ სხვების იდიოტიზმს.

ჯგუფისთვის ზღვარი არ არსებობს; ყველაფერი, რისი გაკეთებაც კი რომელიმე მათგანს მოუნდება, მისი „შინაგანი იდიოტის“ ნაწილია. ერთ სცენაში სტოფერს ჯგუფის მეორე წევრი აღვიძებს და უყვება სხვა „იდიოტის“ შესახებ, რომელიც ფარდულის ფანჯრებს აგურებს უშენს. სტოფერი პასუხობს: „ფარდულები ბურჟუათა განავალია“.

არ იქნებოდა ურიგო პასუხი, რომ არა ამ ყველაფრის მსხვერპლი – სტეფერის ბიძა, რომელიც მესაკუთრეა სახლისა, სადაც ახლა ჯგუფის წევრები უსასყიდლოდ ცხოვრობენ და რომელსაც ამ სახლის გაყიდვა უნდა. ასე რომ, სტოფერს მოუწევს, მალევე აიღოს ხელი თავის მსოფლმხედველობრივ დოქტრინაზე და ბიუროკრატიულ მენტალობას თანაუგრძნოს. ასეთი დაძაბულობა, სურვილთა და მოვალეობათა მიმოქცევა ხშირია (ფილმის პერსონაჟების „იდიოტური“ საქციელი შემდგომში დაბალანსებულია ინტერვიუებით, რომლებიც ჩაიწერა ჯგუფის დაშლისა და წევრების დაფანტვის შემდეგ).

„იდიოტები“ რამდენჯერმე ვნახე და ყოველ ნახვაზე ოდნავ განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. ზოგჯერ მრცხვენია, რომ მეცინება, ზოგჯერ კი თანავუგრძნობ პერსონაჟებს. ისინი იმდენად სრულქმნილნი არიან, რომ მიჩნდება გრძნობა, თითქოს მართლა ვიცნობ ამ ხალხს, რადგან ტრიერის რეჟისორული მიდგომის მეშვეობით მაყურებელი საკუთარივით განიცდის პერსონაჟების ჭირსა და ლხინს, მათ დანაკარგსა და იმედგაცრუებას.

შესაძლოა, „იდიოტები“ ჭკუამხიარული გვეჩვენოს, რადგან სოციალური ქცევა ყველაზე მარტივ ფორმამდე დაჰყავს, თუმცა მოგვიანებით სულში რეალობის სევდა გვიძვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც კარენი ვარაუდობს, ჯგუფის წევრები ნამდვილ უნარშეზღუდულებს დასცინიან. მაგალითად, ფილმის პერსონაჟებს, რომლებთანაც ემოციურად ვიყავი გადაჯაჭვული, ერთ ეპიზოდში მოულოდნელად ნამდვილი უნარშეზღუდულების ჯგუფი ეწვევა. „იდიოტებს“ უჭირთ ამ დაპირისპირებასთან გამკლავება – ისინი წყვეტენ „იდიოტურ“ ქცევას და გულთბილად იღებენ სტუმრებს. ძნელი იყო ამ სცენის ყურება, რადგან საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ დავცინოდი მათ; როგორი დამოკიდებულება მქონდა პერსონაჟების მიმართ, რომლებიც ნამდვილ უნარშეზღუდულებს ბაძავდნენ.

ამრიგად, „იდიოტები“ ფილმი–პარადოქსია. სწორედ ამ თვალით უნდა შევხედოთ მას. პერსონაჟებმაც და ფილმის რეჟისორებმაც დაკარგეს კონტროლი, რათა ახალ ტერიტორიებზე ეპოვათ ახალი საზღვრები და ახალი ფანჯრები, რომელებიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს. მაგალითად, როდესაც სტოფერს მათი საქციელის მნიშვნელობაზე ეკითხებიან, ის დამაჯერებლად პასუხობს, რომ „იმ საზოგადოებასთან საბრძოლველად, რომელიც მდიდრდება და არ ბედნიერდება“, „იდიოტი“ უნდა იყო და რომ „იდიოტად ყოფნა ფუფუნებაა“. ჯგუფის წევრებს სჯერათ, რომ შინაგანი „იდიოტის“ გაღვიძებით გასხივოსნდებიან და უფრო მარტივ, პატიოსან ცხოვრებას მოახერხებენ. მაგრამ რაც უფრო მეტად უღრმავდებიან თავიანთ პროექტს, უფრო უკეთ ხვდეიან, რომ სოციალური კონვენციები, რომელთაგანაც თავის დაღწევა სურდათ, კვლავ მათთანაა. მათი მოთხოვნილება, იყვნენ მიღებულნი, სიხარბე, სიყვარული, ჟინი, ურთიერთმეტოქეობა – ყველა ეს განსაცდელი გარდაუვალია.

„იდიოტები“ კამათის საგნად იქცა. ამის მიზეზი გახლავთ ტაბუდადებული ორგიის სცენა, რომელმაც ბევრი აღაშფოთა, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ხალხს ტაბუს დარღვევა არ აბრაზებს. თითოეული მაყურებლისთვის მთავარია საკუთარი ემოციური რეაქცია, ამ შემთხვევაში – ზრდასრული ადამიანების საქციელზე, რომლებიც ამ საქციელის შედეგებზე არ ფიქრობენ. განურჩევლად იმისა, სიცილს გამოიწვევს ეს თუ მწუხარებას, ბევრი დარჩება უკმაყოფილო, რადგან საკუთარ რეაქციას გამართლებას ვერ უპოვის.

„იდიოტების“ სამიზნე სიმართლეა, რომელიც მაყურებელს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და უკანასკნელ კადრამდე ასე ტოვებს. შემდგომ აუდიტორია ფილმის შექმნის პროცესის თანამონაწილე ხდება, ის ურთდება გუნდს „იდიოტიზმის“ შექმნაში.

„იდიოტები“ არის ფილმი ჰუმანიზმის, თანაგრძნობის, მწუხარების, სევდის შესახებ. აქ ბევრა იუმორით სავსე და თბილი ურთიერთობა, თუმცა აქცენტი დასმულია ჩვენს უუნარობაზე, შევიცვალოთ, დავკარგოთ კონტროლი ან ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი