ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

 გეოგრაფიული ნომენკლატურის შესწავლა ჯგუფური მუშაობით

ჯგუფური მუშაობა მოიცავს მოსწავლეთა მცირე ჯგუფების მიერ  როგორც სხვადასხვა, ისე ერთი და იმავე დავალების შესრულებას, რომელიც მთავარი დავალების ნაწილია. ამ დროს, მოსწავლეები ინდივიდუალურ დახმარებას იღებენ, როგორც პედაგოგისგან და აგრეთვე  მეგობრებისგან. ეს ეხმარება როგორც სუსტ მოსწავლეს, ასევე ძლიერსაც, რადგან მისი ცოდნა აქტიურდება და მყარდება ახსნისას.

ამ დროს მასწავლებელი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას:

  • აკონტროლებს მუშაობის პროცესს ჯგუფებში;
  • პასუხობს კითხვებს;
  • არეგულირებს კამათს;
  • არეგულირებს სამუშაო წესრიგს და საგანგებო სიტუაციებში ეხმარება ცალკეულ მოსწავლეებს ან მთლიანად ჯგუფს.

გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობის ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას თითქმის ყველა ძირითადი დიდაქტიკური ამოცანის გადაჭრისას, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისას, დისკუსიებისა და დებატების მოწყობისას, ტექსტების დამუშავებისას და ა. შ.

გეოგრაფიის ცოდნის ხარისხი მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ მასალას, არამედ რუკის ცოდნასაც. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და გააზრება გეოგრაფიული აზროვნების ჩამოყალიბება სივრცეში ორიენტაციის გარეშე წარმოუდგენელია. მთავარია, არ შემოვიფარგლოთ გეოგრაფიული ნომენკლატურის დაზეპირებით და ეს რუტინული შრომა სახალისო გავხადოთ. ამ პრობლემის გადაჭრაში ჯგუფური მუშაობა დაგვეხმარება.

I დავალება. კონტინენტის კონტურები

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს კონვერტებს, რომელშიც კონტინენტების დაჭრილი კონტურებია განთავსებული. მოსწავლეებმა უნდა ააწყონ კონტინენტები.

II დავალება. გეოგრაფიული მახასიათებლები

თითოეული ჯგუფი იღებს ბარათებს, რომლებსაც სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის სახელი აწერია. მოსწავლეებმა სახელწოდებები მსოფლიოს კონტურულ რუკაზე კონტინენტების მიხედვით უნდა განათავსონ.

III დავალება. იცით თუ არა რუკა?

ჯგუფები მიიღებენ კონვერტებს ბარათებით, რომლებზეც გეოგრაფიული ობიექტების  მცირე ფრაგმენტებია გამოსახული. მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ყველა გეოგრაფიული ობიექტი რუკაზე.

IV დავალება. დარწმუნებული ხართ?

ჯგუფები მიიღებენ კონტურულ რუკებს, რომლებზეც რიცხვებით შეცდომებით მითითებულია გეოგრაფიული ობიექტები. მოსწავლეებმა უნდა იპოვონ შეცდომები და გაასწორონ. ამ დავალების შესრულება შესაძლებელია მე-8, მე -9  და მე -10  კლასებში საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიული ობიექტების შესწავლისას.

თამაშის მეორე ვარიანტია, როდესაც მოსწავლეები თავად ადგენენ კონტურულ რუკებს, სადაც შეგნებულად უშვებენ შეცდომებს. შემდეგ ჯგუფები ნამუშევრებს ცვლიან და შეცდომებს ასწორებენ.

V დავალება. საქართველოს ფიზიკური და ეკონომიკური ნომენკლატურა (მე -9 კლასი). ჯგუფები იღებენ კონვერტებს დავალებებით. მოსწავლეებმა რუკის ფრაგმენტების საშუალებით საქართველოს  ფიზიკური ობიექტების (მდინარეები, ტბები, მთის სისტემები) იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ.

VI დავალება. მსოფლიოს ქვეყნები (მე -10 კლასები)

ჯგუფები მიიღებენ კონვერტებს რუკის ფრაგმენტებით. მათ უნდა განსაზღვრონ, მსოფლიოს რომელი ქვეყნის ფრაგმენტია მოცემული. აგრეთვე, შესაძლებელია გეოგრაფიული ობიექტების (მდინარეები, ზღვები, ოკეანეები) ამოცნობა.

VII დავალება. საყოფაცხოვრებო გამოცდილება (მე -9 კლასი)

გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსწავლეები იღებდნენ საშინაო დავალებას, იმ პროდუქტების ნუსხას, რომლებსაც ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში იყენებს. გაკვეთილზე ხდება ამ პროდუქციის სიის დამუშავება: თავდაპირველად ახარისხებენ  მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის მიხედვით, შემდეგ კი განიხილავენ წარმოების გეოგრაფიას. ეს ამოცანა ხორციელდება მრეწველობის გეოგრაფიის შესწავლისას.

კიდევ ერთი თამაში, რომელიც კონტინენტების შესწავლის დასრულების შემდეგ ნომენკლატურის დამახსოვრებაში დაეხმარება მოსწავლეს.

ავსტრალიის „სერპანტინი“.

თამაშის წესები:

თამაში შედგენილია დიდ ფურცელზე. სათამაშო მოედანს აქვს კონტინენტის ფორმა. კიდეებზე კითხვები და პასუხებია, რომლებიც მიმაგრებულია ცალკე „ფერადი ფურცლებით” და ერთმანეთს უკავშირდება. სათამაშო მოედანზე რიცხვი შეესაბამება შეკითხვის ნომერს. გუნდები სიმბოლოებად ფერად ალმებს ირჩევენ. როდესაც სწორი პასუხი მიღებულია, „ფერადი ფურცელი” იხსნება და მოსწავლე რწმუნდება, რომ სწორად უპასუხა (ბავშვები დამოუკიდებლად თამაშობენ).

პირველი გუნდის კაპიტანი თავისი გუნდიდან ერთ წევრს იწვევს. მოსწავლე აგდებს კამათელს სათამაშო მოედანზე. მასწავლებელი კითხვას წაიკითხავს. მოსწავლე პასუხობს. თუ პასუხი, კაპიტნის აზრით, სწორი არ არის, მაშინ მას შეუძლია შეცვალოს ან შეავსოს იგი. იგივე ქმედება ხორციელდება შემდეგ გუნდებშიც. ისინი თამაშობენ „წრეში”, სათამაშო მოედანზე გუნდის წევრები რიგის მიხედვით გამოდიან. თუ მოსწავლე სწორად პასუხობს, მაშინ გუნდის სიმბოლო ალამი პასუხზე რჩება, თუ პასუხი არასწორია, მაშინ – ძველ ადგილს უბრუნდება. სათამაშო მოედანზე გამოიყენება შემდეგი სიმბოლოები: +2 ნაბიჯი, – 2 ნაბიჯი, დავუბრუნდეთ 1-ს, წასვლა 27-ზე. თუ პასუხი უკვე არსებობს (სხვა გუნდის მიერ), მაშინ მიგვაჩნია, რომ პასუხი სწორია. გამარჯვებულია გუნდი, რომლის ალამიც პირველად კვეთს კონტინენტს.

თამაშის კითხვები:

  1. რას ნიშნავს სიტყვა “ავსტრალია” ლათინურ ენაზე? (სამხრეთს);
  2. კონტინენტის უკიდურესი სამხრეთ წერტილი. (სამხრეთ-აღმოსავლეთის კონცხი);
  3. კონტინენტის უკიდურესი ჩრდილოეთ წერტილი. (კეიპ იორკის კონცხი);
  4. კონტინენტის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი. (კონცხი ბაირონი);
  5. კონტინენტის უკიდურესი დასავლეთი წერტილი. (კონცხი სტიპ პოინტი);
  6. მსოფლიოს უდიდესი მარჯნის რიფი, რომელიც გადაჭიმულია ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. (დიდი ბარიერული რიფი);
  7. ჰოლანდიელი მოგზაური, რომელმაც 1642 წელს კუნძული ტანმასია აღმოაჩინა.

(აბელ ტასმანი);

  1. რომელმა ინგლისურმა მოგზაურმა დაამტკიცა, რომ ავსტრალია დამოუკიდებელი კონტინენტია? (ჯეიმს კუკი);
  2. დაბალი მთები, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. (დიდი წყალგამყოფი ქედი);
  3. დაბლობი, რომელიც მდებარეობს ავსტრალიის ცენტრში. (ცენტრალური);
  4. უმაღლესი მწვერვალი ავსტრალიაში. (მთა კოსცუშკო, 2228 მეტრი);
  5. სიდიდით მეორე კუნძული მსოფლიოში, რომელიც ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობს. (კუნძული ახალი გვინეა);
  6. რა ქვია შრობად მდინარეებს? (კრიკი);
  7. ყველაზე დიდი მდინარე. (მდინარე მურეი);
  8. ავსტრალიაში ყველზე დიდი მდინარის უდიდესი შენაკადი. (მდინარე დარლინგი);
  9. ყველაზე დიდი ტბა. (ტბა ეირი);
  10. პრიმიტიული ძუძუმწოვრები, რომლებიც ცხოვრობენ მხოლოდ ავსტრალიაში. (იქედნე, იხვნისკარტა);
  11. ჩანთოსანი დათვი, რომელიც ცხოვრობს ხეებზე. (კოალა);
  12. ჩანთოსანთა ოჯახი, რომლებიც მხოლოდ ავსტრალიაშია გავრცელებული. (კენგურო);
  13. ჩამოთვალეთ ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ავსტრალიაში. (ავსტრალიის კავშირი);
  14. ავსტრალიის კავშირის დედაქალაქი. (ქალაქი კანბერა);
  15. ეროვნული ენა. (ინგლისური).

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი