ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

თეორიები სააზროვნო-შემეცნებითი პროცესების შესახებ

ვითვალისწინებთ მკითხველის ინტერესს და გთავაზობთ წერილს სააზროვნო-შემეცნებითი (კოგნიტური) პროცესების შესახებ არსებულ თეორიებზე

შემეცნების პროცესს არაერთი მეცნიერი იკვლევდა და იკვლევს. თემა საკმაოდ ვრცელია და ერთი ბლოგის ფარგლებში ვრცლად მისი მიმოხილვა შეუძლებელია, ამიტომ თავიდანვე განვსაზღვრავ სტატიის მიზანს – მიმოვიხილავთ ლევ ვიგოტსკის განვითარების უახლოესი ზონის თეორიას და ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიას.
ლევ ვიგოტსკი: „პედაგოგიკა ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვის განვითარების არა გუშინდელ, არამედ ხვალინდელ დღეზე”

მოსწავლის სააზროვნო-შემეცნებითი უნარები მოწმდება ასაკის მიხედვით საგანგებოდ ამისთვის შედგენილი ტესტებით, თუმცა, ლევ ვიგოტსკის აზრით, ამ გზით მხოლოდ იმის დადგენაა შესაძლებელი, რა შეუძლია/რა იცის მოსწავლემ მოცემულ მომენტში. სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის ეს საკმარისი არ არის და ვერც იქნება, რადგან „აქტუალური მომწიფების დონე” განვითარების მდგომარეობას ვერ განსაზღვრავს. აუცილებელია „განვითარების უახლოესი ზონის” დადგენაც, რადგან „პედაგოგიკა ორიენტირებული უნდა იყოს არა გუშინდელ, არამედ ხვალინდელ დღეზე… ყოველთვის უნდა განვსაზღვროთ ქვედა ზღურბლი, მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება – ჩვენ უნდა შეგვეძლოს სწავლების ზედა ზღურბლის განსაზღვრაც. მხოლოდ ამ ზღურბლებს შორის იქნება სწავლება ნაყოფიერი… სწავლება მხოლოდ მაშინაა კარგი, თუ ის წინ მიუძღვის განვითარებას…” (ლევ ვიგოტსკი).
როგორ განმარტავს მკვლევარი მოცემულობას – „განვითარების უახლოესი ზონა”

ლევ ვიგოტსკის აზრით, განვითარების უახლოესი ზონა – ესაა „განვითარების პროცესში არსებული, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ძალებისა და უნარების სარბიელი. ეს ძალები მალე – ხვალ-ზეგ მომწიფდებიან”. განვითარების უახლოესი ზონა არის ერთგვარი წარმოსახვითი სივრცე ბავშვის განვითარების რეალურ და პოტენციურ დონეებს შორის, სხვაგვარი ფორმულირებით – „რის გაკეთება შემიძლია ახლა და რის გაკეთებას შევძლებ უახლოეს მომავალში”.
როგორ განვსაზღვროთ განვითარების უახლოესი ზონა

თუ მოსწავლე დამოუკიდებლად უმკლავდება დავალებებს, დაუხმარებლად, მითითების, დაზუსტების გარეშე ასრულებს სავარჯიშოს, ე.ი. მოცემული ტესტი აჩვენებს მის ამჟამინდელ/არსებულ განვითარებას.

თუ მოსწავლე მიმანიშნებელი კითხვების, დაზუსტების, ამოცანის დასაწყისის ერთობლივად შესრულების შემდეგ ახერხებს მოცემულ დავალებაზე მუშაობას, ე.ი. მივაგენით განვითარების პოტენციურ დონეს და სასურველი შედეგის მისაღწევად სწორედ ამ დონის ინტელექტუალურ სამუშაოში უნდა ჩავრთოთ ის სწავლების პროცესში.

მეცნიერის თვალთახედვით, ეს დინამიკური, უსრული პროცესია და განვითარების უახლოეს ზონაში მოქცეული შესაძლებლობების დაუფლების შემდეგ ეს ზონა არ ქრება. მოგვიანებით მის ადგილს მომწიფებადაწყებული ახალი ძალები იკავებენ.

მასწავლებლის ამოცანაა, არ შეაფერხოს ეს დინამიკა და ხელი შეუწყოს აზროვნების განვითრების პროცესს.
ჟან პიაჟე – ასიმილაცია და აკომოდაცია

შვეიცარიელი მეცნიერი მთელი თავისი სამეცნიერო კარიერის განმავლობაში ინტერესდებოდა შემეცნებითი პროცესებით და იკვლევდა ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნების სხვადასხვა სტადიას. კვლევის ძირითად ინსტრუმენტად ის დაკვირვებას მიიჩნევდა. იყენებდა ტესტებს და თავისივე შედგენილ კითხვარებს, თუმცა მათზე გაცემული სწორი ან არასწორი პასუხების ანალიზზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა თავად პასუხის გაცემის პროცესი: მსჯელობისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების რა ფორმებს იყენებდა ბავშვი, როგორ, რა გზით მიდიოდა სწორ (ან მცდარ) პასუხამდე, რაგვარ ინტერპრეტაციას აძლევდა დავალების პირობას, რა ორიგინალურ ხერხს მიმართავდა პასუხის ძიებისას… ამ მოცემულობებზე დაყრდნობით და ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ჟან პიაჟემ ჩამოაყალიბა კოგნიტური განვითარების თეორია.

ამ თეორიის თანახმად, ადამიანის აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება შემდეგი პროცესების მეშვეობით ხორციელდება:

საწყის ეტაპზე ვითარდება კოგნიტური სტრუქტურები, (ლიტერატურაში გვხვდება დასახელება „მენტალური რუკები”, სქემები, ურთიერთდაკავშირებული ცნებები (networked concepts), სხვაგვარად – ამა თუ იმ ქცევის განხორციელებისთვის აუცილებელი სქემა, მონახაზი, შესაძლებლობა (მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს ტაცების, წოვის ინსტინქტი (რეფლექსური ქცევები). ამ ქცევების განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე უწოდებს სქემას).

პიაჟეს თეორიის თანახმად, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება ეს მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის ახორციელებს მარტივ ქმედებებს, მაგრამ ზრდისა და განვითარების კვალდაკვალ ეს სქემები რთულდება – როგორც სტრუქტურულად (მყარდება ახალი კავშირები, იქმნება ახალი, რთული სქემები), ისე შინაარსობრივადაც (ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა).

განვითარების მომდევნო ეტაპებზე ბავშვი ამ მზა სქემებს ახალი საგნების, მოვლენების შესასწავლად, სხვადასხვა მოცემულობის აღქმისა და გაგებისთვის იყენებს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. ამის მიხედვით პიაჟე ერთმანეთისგან განასხვავებს ასიმილაციასა და აკომოდაციას.

ასიმილაცია გულისხმობს კოგნიტური პროცესების წარმართვას ადამიანის გამოცდილებაში უკვე არსებული სქემის (სტრუქტურების, ინფორმაციის) ფარგლებში. უფრო მეტად თუ დავაკონკრეტებთ, ასიმილაციის დროს მოსწავლე ცდილობს გაუმკლავდეს მოცემულ დავალებას ისე, რომ მოარგოს ის უკვე არსებულ სქემას. ერთ-ერთ ინტერვიუში პიაჟე ასიმილაციის თვალსაჩინო მაგალითად, ერთგვარ ილუსტრაციად, ასახელებს საჭმლის მონელების პროცესს – ადამიანი იღებს გარემოდან საკვებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კი ეს საკვები მუშავდება იქ არსებული „წესებისა და კანონების” თანახმად. ეს ცალმხრივი, „მიმღები” პროცესია და ასეთ დროს მხოლოდ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება ხდება პირადი გამოცდილების შესაბამისად. „ბაჭია, რომელიც კომბოსტოს ჭამს, ვერ გახდება კომბოსტო. თავად კომბოსტო გახდება ბაჭიის შემადგენელი ნაწილი – ესაა ასიმილაცია”, – განმარტავს მკვლევარი ამავე ინტერვიუში.

ასიმილაციის პროცესის მეშვეობით, პიაჟეს თანახმად, ძნელი, ხშირად კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის მიღება და გაგება, რომელიც ვერ ექცევა უკვე არსებული გამოცდილების ფარგლებში, ანუ აქვს სრულიად ახალი შინაარსი და ფორმა. აქ საქმეში ერთვება აკომოდაცია, რომელიც არსებული გამოცდილების/სქემების/სტრუქტურების გართულების, შეცვლის, გამდიდრების შესაძლებლობას იძლევა. პიაჟეს აზრით, სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი ინტელექტუალური განვითარებისთვის, განსაკუთრებით – ბავშვობის ასაკში.

„არ არსებობს ასიმილაცია აკომოდაციის გარეშე… სქემები უნდა შეიცვალოს სპეციფიკური სიტუაციის მიხედვით, აკომოდაციის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნებოდა. შეხედეთ ახალშობილს, რომელმაც ახლახან აღმოაჩინა, რომ შეუძლია საგნის ტაცება. საგნისა, რომელსაც ხედავს. ამიერიდან ნებისმიერი საგანი, რომელიც მისი თვალთახედვის არეში მოხვდება, „ტაცებისთვის” განკუთვნილი საგანია. ის ხელს იწვდის იმისკენ, რასაც ხედავს. მოგვიანებით ის უკვე განსაზღვრავს შორეულ და მახლობელ საგნებს და ყველაფერს არ წაეპოტინება. კიდევ უფრო მოგვიანებით მას ეცოდინება, როგორ მოიქცეს დიდი (მის ასაღებად დასჭირდება ორივე ხელი) ან ძალიან პატარა საგნის (დასჭირდება მხოლოდ თითები) დანახვისას. ის შეცვლის თავის რეგულაციებს. სწორედ ამას ვუწოდებ აკომოდაციას”.

საინტერესოა, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე ტენდენციები და მეთოდები ჟან პიაჟეს კვლევის მეთოდს ჰგავს. ამ ტენდენციებისა და მეთოდების თანახმად, მასწავლებელი მოსწავლეთა ცოდნის დონეს ან აზროვნების შედეგს (მაგალითად, დამახსოვრებულ ფაქტებს, შინაარსებს, თარიღებს) კი არ უნდა ამოწმებდეს მხოლოდ, არამედ აზროვნების პროცესზე უნდა იყოს ორიენტირებული.

პასუხის სისწორის დადგენაც არ არის საკმარისი მოსწავლის განვითარების დონის შესამოწმებლად (ამაზე ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში „სწორი პასუხების ტყვეობაში” უკვე ვისაუბრეთ). მეტად საინტერესო და საჭიროა იმ გონებრივი პროცესების გაანალიზება, რამაც მოსწავლე სწორ ან არასწორ პასუხამდე მიიყვანა.

მომდევნო ბლოგში შემოგთავაზებთ ბენჯამინ ბლუმის სწავლის მიზნებისა და შედეგების სისტემის მიმოხილვას სათანადო მეთოდური (პრაქტიკული) მითითებებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი