ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, გახდეს ყურადღებიანი

პირველ რიგში, ყურადღების მრავალი განმარტებიდან ერთ–ერთს შემოგთავაზებთ: გონების რაღაცისადმი მიმართვის აქტი ან მდგომარეობა.

ახლა კი, იმის შესახებ, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ყურადღების განვითარებაში.

1.ვუსმენთ ზარს.
დარეკეთ ზარი და სთხოვეთ წრეში მჯდომ ბავშვებს, მოუსმინონ ზარის ვიბრაციას. უთხარით, ჩუმად ისხდნენ და ხელი მხოლოდ მაშინ ასწიონ, როცა ზარის ხმა შეწყდება. სთხოვეთ, კიდევ ერთი წუთი ისხდნენ ჩუმად და ყური დაუგდონ სხვა ხმებს, რომელსაც ზარის შეწყვეტის შემდეგ გაიგებენ. ჩამოუარეთ ბავშვებს და სთხოვეთ ისაუბრონ იმ ხმების შესახებ, რომელიც ამ ერთი წუთის განმავლობაში მოესმათ. ეს სავარჯიშო არა მხოლოდ სახალისოა და ბავშვებს გამოცდილების გაზიარების გამო მოსწონთ, არამედ ნამდვილად ეხმარება მათ დააკავშირონ აწმყოს კონკრეტული მომენტი და მათეული აღქმის მგრძნობელობა.

2. ცხოველები სუნთქავენ

დაურიგეთ თითოეულ ბავშვს რბილი სათამაშო (ან ნებისმიერი მცირე ზომის საგანი). თუ ოთახში საკმარისი ადგილია, სთხოვეთ ბავშვებს დაწვნენ იატაკზე და რბილი სათამაშოები მუცელზე დაიდონ. უთხარით, რომ ერთი წუთის განმავლობაში ჩუმად იყვნენ, ყური დაუგდონ საკუთარ სუნთქვას, დააკვირდნენ როგორ მოძრაობენ რბილის სათამაშოები ზევით–ქვევით, ასევე მოუსმინონ საკუთარ სხვა გრძნობებსაც. სთხოვეთ წარმოიდგინონ, თითქოს მათ თავებში მოსული ფიქრები ბუშტებად გადაიქცნენ და გაფრინდნენ. რბილი სათამაშოს მუცელზე დადება ამ სავარჯიშოს ხალისს მატებს და საშუალებას აძლევს ბავშვებს დარწმუნდნენ, რომ აუცილებელი არ არის ხალისიანი გასართობი აქტივობა მუდამ ხმაურიანი და ქაოსური იყოს.

3. დაჭიმვა და რელაქსაცია

იატაკზე დაწოლილ ბავშვებს სთხოვეთ დახუჭონ თვალები და სხეულის ყველა კუნთი შეძლებისდაგვარად მაგრად დაჭიმონ. უთხარით დაჭიმონ ფეხის თითები და ტერფები, კუნთები ბარძაყებზე, თეძოები, მუცელი, შეკრან მუშტი, წამოსწიონ მხრები იატაკიდან, ისე რომ თავი უმოძრაოდ ჰქონდეთ. სთხოვეთ რამდენიმე წამის განმავლობაში ასეთ დაჭიმულ მდგომარეობაში იყვნენ, ხოლო შემდეგ მთლიანად მოდუნდნენ. სხეულისა და გონების „მოდუნების” ეს სახალისო აქტივობა ბავშვებს „არსებობის” ხელოვნების გააზრებაში ეხმარება.

4. უსუნე და თქვი

გადაეცით ბავშვებს რაიმე სურნელოვანი, მაგალითად, ფორთოხლის ან ვაშლის ნაფცქვენი, ლავანდის ან ჟასმინის ყვავილი. სთხოვეთ დახუჭონ თვალები და მთელი ყურადღება მხოლოდ საგანზე გადაიტანონ. არომატი (სხვა საგნებთან ერთად!) მართლაც შეიძლება იყოს შფოთვისგან თავდაღწევის მძლავრი ინსტრუმენტი.

5. შეხების ხელოვნება

მიეცით თითოეულ ბავშვს რაიმე საგანი, მაგალითად, ბურთი, ბუმბული, რბილი სათამაშო, ქვა და ა.შ. სთხოვეთ დახუჭონ თვალები და პარტნიორს აღუწერონ, მათი აზრით, რას გრძნობს საგანი. შემდეგ სთხოვეთ, რომ პარტნიორებმა ადგილები გაცვალონ. ეს და წინა სავარჯიშო მარტივი, თუმცა საიმედო გზაა ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი და სხვისი განცდების გამიჯვნა და განსხვავებული გამოცდილებისადმი დადებითი დამოკიდებულება.

6. გულისცემა

სთხოვეთ ბავშვებს ერთი წუთის განმავლობაში ადგილზე იხტუნონ. შემდეგ დასხდნენ და ხელები გულთან მიიდონ. უთხარით დახუჭონ თვალები, იგრძნონ საკუთარი გულისცემა, სუნთქვა და დააკვირდნენ სხეულის სხვა ცვლილებებს.

7. გულახდილი საუბარი

დაჯექით ბავშვებთან ერთად და სთხოვეთ, ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზე. რას გრძნობენ? როგორ ხვდებიან, რომ სწორედ „ამას” გრძნობენ? სხეულის რომელი ნაწილით გრძნობენ? ჰკითხეთ, ყველაზე მეტად რომელი გრძნობები მოსწონთ.

ჰკითხეთ, რა შეუძლიათ გააკეთონ, რომ თავი უკეთ იგრძნონ, თუ არასასურველი გრძნობები ეწვევათ. გაახსენეთ, რომ ყოველთვის შეუძლიათ უსიამოვნო ფიქრების ბუშტებად გადაქცევა, დაჭიმვისა და მოდუნების სავარჯიშოს გამოყენება სიმშვიდის დასაბრუნებლად, საკუთარი სუნთქვისა და გულისცემის მოსმენა, თუკი მოდუნება სურთ.

იმედი მაქვს, რომ ყურადღების დასწავლის ამ სავარჯიშოებს ბავშვები ნებისმიერ დროს გამოიყენებენ, როცა დამშვიდება, დასვენება დასჭირდებათ და თავს უკეთ იგრძნობენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი დედამიწაზე ყველა ბავშვი ამ ინსტრუმენტებს გამოიყენებს. თუნდაც ერთი თაობის რა საოცარი ცვლილების მოწმე გავხდებით!

წყარო: https://www.mindbodygreen.com/0-18136/7-fun-ways-to-teach-your-kids-mindfulness.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი