ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„ზაზუნას დღე“ მასწავლებლისათვის

ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მკითხა: „მაინც რა არის ყველაზე რთული მასწავლებლის პროფესიაში?” პასუხის გაცემა გამიჭირდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან, ურთიერთობათა რეგულირებასთან, ორ ცეცხლს შუა დგომასა და თავბრუდამხვევ ტემპთან ერთად ამ საქმიანობის რუტინულ ბუნებასაც დავასახელებდი.
განმარტებითი ლექსიკონი გვამცნობს, რომ რუტინა იმ მოქმედებათა ერთობლიობაა, რომლებიც მეორდება ხშირად და განსაზღვრული თანმიმდევრობით. ჩემთვის კი რუტინა ნიშნავს: მონატრებულ მეგობრებს, განაწყენებულ შვილს (რა ხანია, ერთად არ გაგისეირნიათ), ბედს შეგუებულ მშობლებს (იქნებ „ხვალ” მაინც მოიცალო მათთვის), გაიშვიათებულ კარგ განწყობას და წვრილმანებით – ჟანგიანი ლურსმნებით გამოტენილ დღეებს. ხანდახან, როცა ამ ჯადოსნური წრიდან გაქცევას ახერხებ, ხვდები, რომ ოქტომბერი მართლაც „ლომფერია” და უმიზეზო სიხარულის შეგრძნებით სავსეს, ფოთოლცვენის ცქერაც კი გაბედნიერებს.
რა თქმა უნდა, ამ ქალაქში მარტო მასწავლებლები არ დაიარებიან ჩაშავებული უპეებით, გადაღლილი მზერითა და ჩახლეჩილი ხმით. მაინც რას ვაკეთებთ ასეთს, განსაკუთრებულს?! – კვირიდან კვირამდე წითელ კვალს ვტოვებთ ათობით რვეულსა თუ ტესტში, მანამდე კი ამ რვეულების პატრონთა აზრებს ვალაგებთ. ვცდილობთ, თითოეულ მოსწავლეს თანაბრად ვერგოთ, თვალი დავუხუჭოთ გულგრილობას, ყური შევაჩვიოთ მოსალოდნელ ჭორებსა და უთანხმოებას, სკოლისთვის ჩვეულ გაუსაძლის ხმაურს… თან ამ ყველაფერს ზვარაკად ისე შევწიროთ მთელი სიცოცხლის სამყოფი დრო და ენერგია, საყვედურიც კი არ დაგვცდეს.
აი, რას გვავალებს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი:
უპირველეს ყოვლისა, „მოვიწესრიგოთ ქცევა” და ვიქცეთ ფიზიკური და პროფესიული თვალსაზრისით „მისაღებ კანდიდატურად”; გავხდეთ უებრო ორატორები; განგებამ ურთიერთობათა მართვისა და თანამშრომლობის უნარითაც უნდა დაგვაჯილდოოს; გავუფრთხილდეთ არა მარტო ადამიანებს, არამედ სასკოლო ნივთებსაც და ვაწარმოოთ დოკუმენტაცია, რომელიც გაცილებით მეტ დროს გვართმევს, ვიდრე გაკვეთილების მომზადება და ჩატარება ერთად. ამასთან, გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზეც – დავესწროთ პროფესიულ ტრენინგებსა და გამოცდებს, ჩავებათ მასწავლებლების ახალ საერთო მარათონში და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით გავიხანგრძლივოთ მასწავლებლის სტატუსის ტარების უფლება. იმაზე კი არავინ ფიქრობს, შეუძლია თუ არა ადამიანის ტვინს ამდენი საქმის ერთდროულად კეთება.
არსებობს კი საქართველოში ისეთი სამსახური, რომელიც სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ სახლში არ გამოგვეკიდება მაწანწალა ძაღლივით?! ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მარტო მასწავლებლის პროფესიას არ ეხება. შეიძლება ითქვას, რუტინა ოცდამეერთე საუკუნის სამარკო ნიშნად იქცა, თანაც ისეთივე მოდურია, როგორც სპლინი სიმბოლისტების ეპოქაში.
პირველად, როცა ფილმი „ზაზუნას დღე” ვნახე, ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, კადრის რამდენჯერმე დატრიალებისა და ცხოვრების სწორ გზაზე დაყენების შანსი მართლა რომ გვეძლეოდეს–მეთქი. გავიდა ხანი და მივხვდი, რომ თითქმის იდენტური დღეების გამეორებამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აქციოს ატომურ ბომბად, რომელიც ყველაზე უხერხულ მომენტში აფეთქდება.

კონფუცის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, საკმარისია აკეთო ის, რაც გიყვარს და ცხოვრებაში არასოდეს მოგიწევს მუშაობა. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. თუ სასურველი პროფესიის ტყვედ იქეცი, მალე სიამოვნებას ვერც მისგან მიიღებ.

ადამიანთა უმრავლესობა სამსახურს აუცილებელ, გარდაუვალ ვალდებულებად მიიჩნევს. მათთვის ყოველი დილა ნიშნავს მაღვიძარას ხმაზე გაღვიძებას, ნაჩქარევ საუზმეს და მრუდე ჩრდილს თვალთან, ფეხად გასწრებულ ავტობუსზე დარდს, ტრანსპორტში თითქმის ცალ ფეხზე დგომას და გაღიზიანებული მგზავრების უნებლიე მუჯლუგუნების თმენას. სამსახურში შუადღის დადგომას ვერასოდეს იგრძნობ, საღამო კი დილის გზას ზედმიწევნით იმეორებს, ოღონდ პირიქით – სამსახურიდან სახლისკენ. მრავალი ჩვენგანი ამ მარშრუტს მხოლოდ სიცოცხლისთვის სამყოფი ლუკმაპურის მოსაპოვებლად გადის. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ადრე თუ გვიან რუტინას ეჩვევი, რადგან საკუთარი ცხოვრების გადაწყობას, ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრს, რამის შეცვლას მეტი გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა სჭირდება.

თვითშეფასების ამაღლება მომაბეზრებელ ყოველდღიურობასთან ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი იარაღია, მის ჩამოყალიბებაზე მუშაობა კი სწორედ სკოლიდან იწყება. ისმის კითხვა: მასწავლებელი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვერ გარკვეულა, მოახერხებს მოზარდისთვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას?!

ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება საკმაოდ რთული დავალებაა რუტინაში ჩაბმული ადამიანისთვის. თუ მას სტრესული სამსახურიდან თავის დაღწევის საშუალებას შესთავაზებთ, ის აუცილებლად მოიმიზეზებს მიმდინარე პროექტს, თანაც არგუმენტებით დაგიმტკიცებთ, რომ თავს ვერ გაართმევდა თქვენ მიერ შეთავაზებულ მოვალეობებს. შესაძლოა, ამ ყველაფერს დაერთოს ასაკი, ოჯახური მდგომარეობა ან მარტო ცხოვრების თანამდევი პრობლემები. მოკლედ, დღევანდელი კვერცხის დაკარგვის შიშით ხვალინდელ ქათამს ცოტა თუ წაეპოტინება.

სინდისის ქენჯნა უცნაური რამ არის, მაინცდამაინც მაშინ ახსენდები, როცა სულის მოსათქმელად ყურსასმენებს ან სიზმრებს მიღმა ემალები. მეგობრებთან შერბენის დრო თუ გამონახე, გონება მაინც დასამთავრებელი საქმეებისკენ გაგირბის. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის რუტინულ ყოფაზე აუტანელი სწორედ ეს უცნაური დანაშაულის შეგრძნებაა, გადასარჩენად მოპარული ყოველი წამის გამო რომ გახრჩობს.

ორიოდე სიტყვას ერთფეროვნების ფერხულში ჩაბმული ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზეც ვიტყვი: ეჭვიანობა – ყველგან შეთქმულება ელანდებათ; სენსიტიურობა – ადვილად სწყინთ და იბუტებიან, შესაძლოა, მოულოდნელად ცრემლებიც კი წასკდეთ ან უმნიშვნელო წვრილმანზე აფეთქდნენ; საყოველთაო გულგრილობა – სირაქლემას პოზა, რუტინის უკანასკნელი სტადიით დაავადებულ ადამიანებს რომ ახასიათებთ.

როგორ უნდა განვიკურნოთ ამ ახალი მავნე ჩვევისგან?! უპირველეს ყოვლისა, ხშირად გადავუხვიოთ დასახულ გეგმებს (დასაწყისისთვის შინ სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს დაბრუნებაც კმარა), უარყოფითი ემოციების დასაბალანსებლად კი ხელოვნებასთან დამეგობრებას გირჩევდით (ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტი საყვარელი მუსიკა და ლიტერატურაა).

გაგიკვირდებათ და განტვირთვის ერთ–ერთ საშუალებად თვითგანათლებაც მოიაზრება. საქართველოში ერთდროულად მუშაობა, სწავლა და ოჯახის შექმნა ლამის შეუსრულებელ მისიად ითვლება. მაგრამ თუ ადამიანს რაღაც ძალიან აინტერესებს, თვითგანათლების გზით გასაოცარ შედეგს მიაღწევს. შეგიძლიათ ესტუმროთ ონლაინკურსებს, შეისწავლოთ სასურველი უცხო ენა ან მეცნიერება, წაიკითხოთ თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა… ჩვენი დრო შინიდან გაუსვლელად ცოდნის გამდიდრების საშუალებათა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

მასწავლებლებს რომ თავი დავანებოთ, სასკოლო რუტინა მოსწავლეების არამდგრად, მრავალფეროვნებას მოწყურებულ შემოქმედებით ბუნებას ვერაფრით მოაწონებს თავს. ამიტომ საგანმანათლებლო სივრცე ყველაზე მეტად ინოვაციისადმი კეთილგანწყობილ თანამშრომლებს „იხდენს”. თუმცა ახალი იდეების განხორციელებას კარგი ორგანიზების უნარი და დროის სწორად მართვაც სჭირდება. არადა, დღის ზედმიწევნით დაგეგმვასა და შესრულებას ისევ რუტინულ ყოფასთან მივყავართ…

ჩემი აზრით, დასრულებული საქმეები არ არსებობს და ყველა ორშაბათი წერტილის მძიმედ გადაქცევის დღეა, ამიტომ ხანდახან გვერდზე გადადეთ შესასრულებელი დავალებების სია და გაიქეცით ქარში, წვიმაში, ფილმებში, წიგნში, მეგობრების ცხოვრებაში, საკუთარ თავში, თუნდაც არაფრის გასაკეთებლად. იმედი მაქვს, ერთხელ თქვენს დღიურშიც გაჩნდება „ფანჯარა”, რომელსაც დამატებითი საქმეების მოგვარების ნაცვლად სასურველი დასვენებისთვის გამოიყენებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი