პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ხსნადი სკოლა (ნაწილი II)

ჩვენ საოცარ დროში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილების სწავლების საზღვრები დიდი ხანია გასცდა საკლასო ოთახს. მასწავლებელი აღარ არის ცოდნის ერთადერთი მიმწოდებელი.

როგორ უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ? – ამაზე ანატოლი შპერხი გვპასუხობს – მკვლევარი მასწავლებელი, ოთხი შვილის მამა და უბრალოდ ის ადამიანი, რომელიც რთულ ჭეშმარიტებებზე მარტივად საუბრობს.

 

თუ თქვენ იცით, როგორ მუშაობს კონტენტის ფილტრაციის მექანიზმი საძიებო სისტემაში ან სოციალურ ქსელში, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებით თქვენს ონლაინმოქმედებებს. ზოგჯერ ამის ცოდნა გაიძულებთ მეტად დისციპლინირებული იყოთ.

მაგრამ არსებობს უფრო ეფექტიანი გზა. ინტერნეტინსტრუმენტები მომხმარებლის მოქმედებების საფუძველზე მის ირგვლივ საინფორმაციო „ბუშტს“ წარმოქმნიან. ამ პროცესის აქტიური შესწავლითა და სასწავლო სიტუაციების შექმნით ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეს თვითონვე შექმნას ის შლეიფი, რომელსაც საძიებო სისტემა ინფორმაციის რანჟირების დროს მექანიკურად გაითვალისწინებს.

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები გვაძლევენ  შესაძლებლობას, ბევრი რამ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, რათა შევცვალოთ ჩვენივე თავი და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. მაგალითად, შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი ფოტოგალერეა, ლაშქრობების რუქა და თანაც ისე, რომ საძიებო სისტემა ჩვენს ინტერესებს მოვარგოთ. ეს ობიექტები ჩვენს პირად საინფორმაციო სივრცეს შექმნიან. ეს კი 21-ე საუკუნის ადამიანის განუყოფელი ატრიბუტია. ამ სივრცის ფორმირება შეგვიძლია პროფესიულ კომპეტენციად განვიხილოთ.

„პირადი სასწავლო სივრცის” კონცეფციის შექმნა რადიკალურად შეცვლის დამოკიდებულებას იმ ნეგატიური განწყობის მიმართ, თუ რას აკეთებს მოსწავლე ქსელში. პორტფოლიოდან, სადაც ძირითადი ამოცანები დაკავშირებულია მოსწავლეების შეფასების წესთან, ჩვენ გადავალთ მოდელზე, სადაც მოზარდი უფრო მეტადაა პასუხისმგებელი განათლების წინაშე, თავად აგროვებს და წარადგენს არა მარტო საბოლოო, არამედ მისი საქმიანობის შუალედურ შედეგებს. ამ მოდელის მიხედვით, აქცენტი გადატანილია მოსწავლის სასწავლო გარემოს დამოუკიდებელ ორგანიზებაზე, სადაც ის კომფორტულად მუშაობს. ამავე დროს, მასწავლებლის ამოცანა არ არის ყველაფრის გამარტივება – მან უნდა შეძლოს, თვალი მიადევნოს, მოსწავლის საქმიანობის მრავალფეროვან წახნაგებს.

და ასეთი ერთ-ერთი კომპეტენციაა საკუთარი ქსელური კუნძულის შექმნა, საინფორმაციო წყაროების ქსელის სწორი „ფრენდლენტით“. ქსელში ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც „საბავშვო ბაღში“. აქ უამრავი უაზრო სათამაშო და გასართობია, მაგრამ არის საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზების საშუალებაც. ქსელი მუდმივად გვაწვდის სიახლეებსაც, რომლებიც, თუ გონივრულად მოვიქეცით, ჩვენს თვითგანვითარებას შეუწყობს ხელს.

ფიქრისთვის, მოქმედებისთვის, შენებისთვის, ინტელექტის განვითარებისთვის ყველას გვჭირდება მარტივი ობიექტები და საშუალებები.

ეს „საბავშვო ბაღი“ კი მართლაც მარადიულია – თანამედროვე სამყაროში სწავლებას ბოლო არ აქვს, ის არასოდეს მთავრდება. ეს განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია პიროვნების განვითარების ადრეულ ეტაპზე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც გაჩვენებს და მოგითხრობს სწორ ქცევაზე ქსელში, მის ავკარგიანობაზე. დაგეხმარება უცნობი ამორფული ინსტრუმენტიდან შექმნა საინტერესო საგანმანათლებლო პროდუქტი. სკოლა უბრალოდ ვალდებულია, შემოაბიჯოს სოციალურ ქსელებში და მოზარდის მხარე დაიჭიროს.

მობილობა არ ნიშნავს იმას, რომ სკოლა არის ყველგან, მაგრამ სკოლა უნდა მიჰყვებოდეს მასწავლებელს, უნდა გამოიყენოს მედიასერვისები და საინფორმაციო ნაკადები სასწავლო პროცესებში. მოკლედ, სკოლა არის იქ, სადაც მასწავლებელია და ამაშია მისი როლი.

რატომ არ ჩანს სკოლის მასწავლებელი სოციალურ ქსელში და არ ახდენს გავლენას მოზარდის ინტერესებზე? მე შემთხვევით არ მიხსენებია „სწორად შერჩეული „საფრენდეთი“. ქსელი აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი სატრანსპორტო არხი. ეს ის ადგილია, რომელთანაც მოსწავლეები უწყვეტ კავშირში არიან, დღისითა და ღამით, ბიბლიოთეკებსა თუ სტუმრად ყოფნის დროს. მაგრამ ეს გარემო თავისი რესურსებითურთ შეიძლება ცუდიც იყოს.  გამოცდილი ადამიანი სწორად ირჩევს „ფრენდებს“, თავის სოციალურ სივრცეს საგანმანათლებლო ინსტრუმენტებით ამდიდრებს. როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი?

მე მიყვარს ბავშვები და ვაფასებ ჩვენს შვილებს, მაგრამ გმირობის ტოლფასია, დარჩე მხიარულ და სავსე ენერგეტიკის მქონე პატარა ადამიანად სკოლის დამთრგუნველ ატმოსფეროში. სკოლაში იყო მშრომელი და პატიოსანი, უბრალოდ, მოსაწყენია. მოსაწყენია მთელი დღის განმავლობაში ამოცანების ამოხსნა და ყურადღების გაუფანტავად მერხთან ჯდომა. მოსაწყენია სახელმძღვანელოების ფურცვლა და იმ წესების დაზეპირება, რომლებიც არასდროს იქნება სასარგებლო რეალურ ცხოვრებაში. ბევრი მასწავლებელიც მოსაწყენია. ხანდახან მეჩვენება, რომ ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ბავშვს ღიმილიც კი უნდა დაავიწყდეს, მაგრამ, ცხადია, არსებობს კარგი სკოლები და ბავშვიც იცვლება, როდესაც სკოლის კედლებს ტოვებს… მანამდე კი ის ყველაზე ბედნიერი შესვენებების დროს არის, ინტერნეტში შემძვრალი, თითქოს იქ უნდა იპოვოს თავისუფლება. სკოლის შესვენებაზე ბავშვის ნამდვილი ცხოვრება იწყება. იბმება სოციალური კავშირები. შესვენების დროს გვარდება ყველა გლობალური, სასიცოცხლო პრობლემა.

სინამდვილეში კი, სასწავლო გარემო ჰგავს ეკოსისტემას, რომელიც უწყვეტ განვითარებაშია და შედგება მრავალი ადამიანის ქმედებებისა და ინტერესებისგან.

ჩვენ უნდა ვითამაშოთ ახალი როლები, შევიმუშაოთ ახალი ჩვევები, შევისწავლოთ ახალი ფორმები და საქმიანობის მეთოდები. ეს ცვლილებები მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ იქმნება ახალი ტექნიკური საშუალებები, რომლებსაც ჩვენ თვითონვე ვიგონებთ. გარემო ცვალებადია, ადამიანიც იცვლება, ის უფრო სწრაფად იღებს ახალ ინფორმაციას, კითხულობს პრესას,  უსმენს რადიოს, უყურებს ტელევიზორს – და ამ დროს მსოფლიო ქსელი ამ მოძრაობის დიდ პლატფორმად იქცევა. მისი დახმარებით ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს და ამყარებენ სხვადასხვა ფორმატის ურთიერთობებს.

სწავლება არის გაერთიანების პროცესი – სპეციალიზაციის კვანძებისა და ცოდნის წყაროების დაკავშირების გზაჯვარედინი. სწორედ სოციალური ქსელის დახმარებითაა შესაძლებელი სხვადასხვა ექსპერტთა მოსაზრებების მოსმენა, შედარება და შეჯერება. თუ არა სკოლამ, ვინ უნდა ასწავლოს ეს მოზარდებს? დაუსვით ეს შეკითხვა საკუთარ თავს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი