ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რაძიონოკ

ისტორია შემოინახავს იმ ადამიანის სახელს, ვინც ბიძაჩემ თემურ კვარაცხელიას „გარადსკოი“ დაუძახა პირველად. ავი ენები იმასაც ამბობენ, ეს თიკუნი საკუთარ თავს თვითონვე მოუფიქრაო, თუმცა ფაქტი ერთია: ქალაქელი ბიჭობის თამასა მას დღემდე არ დაუშვია.

ლეგენდასავით მსმენია: ზუგდიდში ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე ჩამოსულა და მასპინძლები, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ეფექტიანი ქორეოგრაფიული ნომრით დახვედრიან. ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთს შუა ცეკვისას თურმე ფაფახი მოძვრა. ბობოლა მასპინძლები რესპუბლიკის პირველ კაცთან თავმოჭრას მეორე ტყუპისცალმა გადაარჩინა, რომელმაც ელვისებური ილეთით აიტაცა სცენაზე უსულოდ დაგდებული ნივთი და ძმას მოხდენილად გადააწოდა…

ცხოვრებამ, ფოლკნერის პერსონაჟებისა არ იყოს, ყველა ხიფათი და სიმწარე დაატეხა ბიძაჩემს, მაგრამ ამის გასაძლებად ჯიუტი ნება და ძლიერი სული მისცა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭს, სოხუმის სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელს, და შემდეგ – როგორც მამას, ლუკმაპურისა და შვილების ჯანმრთელობისათვის მოსკოვურ მრავალწლიან ემიგრაციაში მყოფს, საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა მოუხდა დამდგარიყო.

თუმცა თავის შვილებზე ადრე მას მამობის გაწევა ჩემთვის მოუწია. მამაჩემი, საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში სასწავლებლად მყოფი, პირველი შვილის ნაადრევად დაბადებას ვერ დაესწრო და მხოლოდ ორი თვის შემდეგ მოახერხა უკვე წამოჩიტული ვაჟიშვილის ნახვა. მანამდე კი ბიძაჩემმა იტვირთა ჭირვეული ჩვილის ურიცხვ კაპრიზთა დაკმაყოფილება და ერთი-ორჯერ სამშობიაროს პერსონალიც შემოელანძღა, – დაგბრიდავთ, ბავშვი კოღოებს როგორ დააკბენინეთო!

ცოლი, როგორც იტყვიან, ევროპულ ასაკში მოიყვანა. სოხუმში გაცნობილმა, თორმეტი წლით უმცროსმა გოგომ სამი შვილი გაუჩინა, მის რთულ ხასიათსაც აუღო ალღო და ულევ პრობლემასთან გამკლავებაშიც ქმრის ყველაზე ერთგული თანამებრძოლი გამოდგა.

ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, როცა მამაჩემმა დილაუთენია დამირეკა და აფორიაქებული, ნამტირალევი ხმით მითხრა ტყუპისცალზე, – თემურიმ ინსულტი მიიღო და მიდით, მიეხმარეთო. მეგრული სიტყვა – „ქიმეხვარით“ – თითქოს მე და ჩემს ძმას შანსს გვაძლევდა, ბიძაჩემსაც დავდგომოდით გვერდით და მისი ცხოვრების მთავარი პრინციპიც გაგვემეორებინა – ის ხომ, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ყველა გარშემომყოფს ეხმარებოდა: ზოგს ფულით, ზოგს საკუთარი ჭერით, თანაგრძნობითა თუ თანადგომით.

ინსულტს ღირსეულად დაუსხლტა, მცირედი დანაკარგებით – შაბათ-კვირის საფეხბურთო მატჩებზე ფსონების დადებას უმატა, ჟამიდან ჟამზე გულჩვილობა შემოეპარება ხოლმე და სიმთვრალეში, თუ კარგად დააკვირდებით, კევინ სფეისის ცნობილი პერსონაჟივით (ფილმიდან „ეჭვმიტანილები“) დასთრევს მარცხენა ფეხი.

ერთხელაც, როცა ბიძაჩემმა, ყოველდღიური, მძიმე რეჟიმისა და პრობლემებისგან დათრგუნულს, წუწუნის ტალღაზე გადასვლა შემატყო, პირდაპირ, ენის მოჩლექის გარეშე მითხრა: „ლიუბიშ კატატსია, ლიუბი ი სანოჩკი ვაზიტ“ – სამი ბიჭიც რომ გინდოდა და ცხოვრების ორომტრიალში ყოფნაც, ეს ამბავი ეგრე უბრალოდ არ გამოდისო.

თემური. თეიმუ-რაზი. რაძი. რაძიონოკ… მეორე თუ მესამეკურსელი ბიძაჩემი უცებ ავად გამხდარა და პაემანზე წასვლა ძმისთვის უთხოვია. ეს ნაცადი ხერხი იყო – „გეპეის“ გამოცდებზე ამართლებდა, ლექტორები საეჭვოს ვერაფერს ატყობდნენ. ოპერაცია ჩავარდა – გამიჯნურებული გოგო არ მოტყუვდა და პაემანზე ძმის ნაცვლად მისულ მამაჩემს იოლად მოუგვარა, – შენ ის არა ხარ, ვისაც ველოდი, თემურს ცხვირზე ხალი მარჯვენა კი არა, მარცხენა მხარეს აქვსო.

ღმერთს რომ ბიძაჩემისთვის წერის ნიჭი მიეცა, ერთიმეორეზე უკეთეს წიგნებს დაალაგებდა. მაგრამ ღმერთმა რაძიონოკს ლაპარაკის ნიჭი უბოძა და მის მიერ სუფრაზე თუ თავშეყრის სხვადასხვა ადგილას მოყოლილი ამბები ერთ რამედ ღირს. განსაკუთრებით მისი საფირმო – დიდი ოჯახის – სადღეგრძელო მიყვარს, რომელიც სამ თაობას აერთიანებს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ძლიერი ოჯახის მნიშვნელობაზე, ადამიანური ყოფის უწყვეტობასა და მუდმივობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი