შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ტიპური შეცდომები ოჯახურ აღზრდაში

 ის, რომ ოჯახის როლი და მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში განუზომელია, დავას ნამდვილად არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან ტრადიციულად აღზრდის მთავარ ინსტიტუტს სწორედ ოჯახი წარმოადგენს. იმას, რასაც ბავშვი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ოჯახში იძენს, მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. ოჯახის, როგორც აღზრდის ინსტიტუტის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ აქ ბავშვი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს ატარებს. სწორედ ამიტომ, ბავშვზე ზემოქმედების ხანგრძლივობით, აღზრდის ვერცერთი სხვა სოციალური ინსტიტუტი მას ვერ შეედრება. სწორედ ოჯახში იწყება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი და ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მშობლების პიროვნული მახასიათებლები და ხასიათი გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, შფოთიანი დედების შვილები თავადაც შფოთიანები არიან. პატივმოყვარე მშობლები ისე თრგუნავენ შვილებს, რომ თავისდა უნებურად, მათში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების ხელშემწყობნი ხდებიან. თავშეუკავებელი მამა, რომელიც უმნიშვნელო მიზეზითაც კი გამოდის წონასწორობიდან, ქცევის მსგავს ტიპს, ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარ შვილებშიც აყალიბებს. ასე რომ, ოჯახი, აღზრდის პროცესში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი  ფაქტორის როლში შეიძლება მოგვევლინოს. არცერთ სხვა სოციალურ ინსტიტუტს არ შეუძლია ბავშვის აღზრდის პროცესისთვის იმდენი ზიანის მიყენება, რამდენიც ოჯახს. ეს ხშირად ხდება მაშინ, როცა ბავშვის აღზრდის პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, როგორ მოვიქცეთ, რომ აღზრდის პროცესში ოჯახის დადებითი გავლენა გავაძლიეროთ, უარყოფითი კი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამისათვის აუცილებელია კარგად გავაცნობიეროთ  და გავაანალიზოთ ის შესაძლო და მოსალოდნელი შეცდომები, რასაც ბავშვის აღზრდის პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მართალია, ყველა ოჯახი თავისებური და განსხვავებულია, ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი, ინდივიდუალური, გამორჩეული სტილი აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიკვეთოს ის ტიპური შეცდომები, რომლებიც, როგორც წესი, ბევრ ოჯახში გვხვდება.

     ოჯახურ აღზრდაში მშობლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა ჰიპერმზრუნველობაა. არცთუ იშვიათად, შეიძლება ის გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე მზრუნველობის და ყურადღების დეფიციტი. ჰიპერმზრუნველობა ეს ზრუნვის არაბუნებრივი, მომატებული დონეა. ის გამოიხატება მშობლების სურვილით მუდმივი ყურადღების ქვეშ ჰყავდეს ბავშვი, ყოველთვის დაიცვას ის, აკონტროლოს, თვალყური ადევნოს მის ყოველ ნაბიჯს. ასეთი მშობლების ტიპური გამონათქვამებია: „ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ჩემი შვილისთვის ვაკეთებ”; „ჩემი შვილი ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მთავარია”; „ჩემი შვილის გამო მე ბევრ რამეზე მომიხდა უარის თქმა ცხოვრებში”;  „მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემს შვილზე, მის საქმეებზე, ჯანმრთელობაზე” და ა.შ. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ბავშვს უჩნდება სურვილი მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს და უარს არაფერზე ეუბნებოდნენ. ისინი ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, უვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი და ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის შიში. ასეთი ბავშვები ჭირვეულობით გამოირჩევიან, აკლიათ დამოუკიდებლობა, რის გამოც რეალურ ცხოვრებაში ხშირად განიცდიან წარუმატებლობას და მარცხს. არ შეუძლიათ მობილიზება რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები ჰიპერმზრუნველობას საკმაოდ დიდხანს აგრძელებენ, რის გამოც საკუთარ მოზრდილ შვილს თანატოლებთან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. ერთ-ერთი ქალბატონი შეწუხებული იყო იმით, რომ მისი 22 წლის ვაჟი მეგობრის აგარაკზე თანატოლებთან ერთად რამდენიმე დღით აპირებდა წასვლას. “როგორ უნდა გავუშვა, იქ ისინი მარტო, უფროსების გარეშე იქნებიან”, – შეშფოთებას ვერ მალავდა დედა. ის მხოლოდ მაშინ დანებდა და წავიდა დათმობაზე, როცა შვილისგან ასეთი სიტყვები მოისმინა: „დედა, მინდა რომ მენდობოდე, მე რომ რაიმე ცუდის გაკეთება მინდოდეს, ამას აქ, შენ გვერდით მოვახერხებდი”.

     ბავშვის პიროვნულ განვითარებაში უარყოფითი შედეგების მომტანი ხდება ასევე ჰოპერმზრუნველობის საწინააღმდეგო პოზიცია – ავტორიტარიზმი – მკაცრი, სისასტიკემდე მისული ძალაუფლება ბავშვებზე, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. ავტორიტარული სტილი ხასიათდება უზომო სიმკაცრით და მომთხოვნელობით. დაშინება, იძულება, დასჯა აღზრდის ამ სტილის მთავარი საშუალებებია. ბავშვებში ის იწვევს შიშის, დაუცველობის გრძნობას. როცა ბავშვი სკოლიდან კარგი ნიშნებით ბრუნდება, მას არ აქებენ. ნაცვლად ამისა, უკითხავენ მორალს, თუ რისკენ უნდა ისწრაფოდეს ცხოვრებაში. დაბალი ნიშნების მიღების შემთხვევაში კი – სჯიან. ბავშვთან ურთიერთობაში ხშირად ადგილი აქვს ირონიას, დაცინვას. ასეთ ოჯახებში ბავშვებს არა აქვთ ემოციური უსაფრთხოების განცდა. მათ უჩნდებათ უნდობლობა ადამიანების მიმართ, თავს არიდებენ მათთან ურთიერთობას. ასეთი ბავშვები მოზრდილობაში ხდებიან სასტიკები, უხეშები, მატყუარები, ფარისევლები, უნებისყოფოები, მხდალები, ზარმაცები, გაბოროტებულები და შურისმაძიებლები.

     ბავშვის პიროვნების ფორმირებისათვის არანაკლებ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ემოციურად გულგრილი დამოკიდებულება მშობლების მხრიდან. ისინი ხშირად, საკმაოდ ადრეული ასაკიდან, სრულ თავისუფლებას ანიჭებენ ბავშვს. მშობლების ასეთი პოზიციის მიზეზი შეიძლება იყოს მათი დაკავებულობა საკუთარი საქმეებით და პრობლემებით, გულგრილობა ბავშვების მიმართ, ასევე სურვილი ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ ბავშვი დამოუკიდებლობას. ამგვარი დამოკიდებულების შედეგად ბავშვს უჩნდება სიმარტოვის და უსუსურობის განცდა ისეთი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისას, რომელთაც, მშობლების მხარდაჭერის შემთხვევაში ადვილად გაართმევდა თავს. მშობლიური სითბოსა და ყურადღების დეფიციტის  პირობებში შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას  ბავშვის ინტელექტუალურ და ფსიქიკურ განვითარებას. გარდამავალ ასაკში ასეთმა ბავშვებმა შეიძლება თავი მიანებონ სწავლას დ მოხვდნენ არაკეთილსაიმედო გარემოში. სწორედ ამიტომ, მშობლების უმთავრეს ამოცანას ბავშვისთვის კეთილგანწყობილი და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნა უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია სიყვარულის სწავლება. მხოლოდ მშობლებთან მჭიდრო კონტაქტმა შეიძლება აგრძნობინოს ბავშვს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ. მშობლების მხრიდან ყურადღების, ზრუნვისა და სიყვარულის დეფიციტის პირობებში მყოფი ბავშვები ხშირად ავადმყოფობასაც კი ნატრობენ, რომ იქნებ მაშინ მაინც მოიცალონ მშობლებმა და გარვეული დრო დაუთმონ მას. ალბათ ბევრისთვის საყურადღებო იქნება ერთი მეშვიდეკლასელი გოგონას სიტყვები; მან ჩემ მიერ მიწოდებულ დაუსრულებელ წინადადებას – „მე რომ დედა ვიყო…” – ასეთი გაგრძელება მოუძებნა – „მე რომ დედა ვიყო, ჩემ შვილს პირველ რიგში სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი”. გოგონას ყველაფერი ჰქონდა, რასაც მოისურვებდა. ერთადერთი, რის დეფიციტსაც განიცდიდა, დედის სითბო, სიყვარული და ყურადღება იყო. ამ ბავშვის დედის მსგავსად, ბევრი მშობელი თავის უყურადღებობას შვილის მიმართ სამსახურში დაკავებულობით ხსნის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბავშვისთვის ხშირად დედასთან ათწუთიანი ურთიერთობაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს მის სიყვარულში დასარწმუნებლად. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხარისხი და არა იმ დროის ხანგრძლივობა, რასაც ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა მოიცავს.

     ხშირად, აღმზრდელობითი თვალსაზრისით,  დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არათანამიმდევრულობა ბავშვთან დამოკიდებულებაში. როდესაც მშობელი, საკუთარი გუნება-განწყობილებიდან გამომდინარე, ხან სჯის და ხან ხმას არ იღებს ბავშვის ერთსა და იმავე ქცევაზე. ასეთი მშობლები არაპროგნოზირებადი ემოციური რეაქციებით გამოირჩევიან. ბავშვმა არ იცის, რას უნდა ელოდოს მშობლისგან, ვინაიდან ერთი და იმავე საქციელის გამო მას ხან სჯიან და ხან ეფერებიან. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება დაურწმუნებლობის განცდა, ეჭვი ეპარება მშობლის სიყვარულში. მოზრდილობის ასაკში ისინი ძალიან არასტაბილურები არიან პიროვნებათა შორის ურთიერთობებში, აკლიათ სიმტკიცე, სიმყარე და თანმიმდევრულობა ადამიანებთან ურთიერთობაში.

     ოჯახური აღზრდის პრობლემები კიდევ უამრავი სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც იმას ამტკიცებს, რომ ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესი ოჯახში საკმაოდ რთული დ მრავალფეროვანია. საჭიროა ბავშვთან დამოკიდებულებაში მოიძებნოს ის „ოქროს შუალედი”, რომელიც ბევრ პრობლემას აგვაცილებდა თავიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი