პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რიცხვების სემიოტიკა

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ წარმოშვა ვიზუალური კულტურის ეპოქა, რომელშიც ვერბალურ ინფორმაციაზე დიდი მნიშვნელობა ვიზუალურ ინფორმაციას ენიჭება. ვიზუალური სახის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს კი ციფრებითა და რიცხვებით გადმოცემული ინფორმაცია შეადგენს.

ციფრების საშუალებით ინფორმაციის ვიზუალიზების საკითხს მრავალი მკვლევარი შეეხო. ჯერ კიდევ 1970 წელს სამეცნიერო ჟურნალის „Communications” ფურცლებზე დაიბეჭდა ჟაკ დურანის ნაშრომი „რიცხვის რიტორიკა“ („Rhétorique du nombre“). ავტორი  განიხილავდა  იმ დროისთვის დამკვიდრებულ ორ ძირითად მოსაზრებას: ერთნი მიიჩნევდნენ, რომ რიცხვი არაფერს აღნიშნავდა და ამგვარად, მეტყველების ნაწილს არ წარმოადგენდა; მეორეთა აზრით, რიცხვი იყო ნიშანი, რომელსაც მხოლოდ დენოტაციურ დონეზე ჰქონდა მნიშვნელობა და ამდენად, არ წარმოადგენდა რიტორიკის შესწავლის საგანს. ჟ. დურანი კი თვლიდა, რომ განსაკუთრებით მასკომუნიკაციაში გამოყენებულ რიცხვს გააჩნდა მრავალი ექსპრესიული ნიშან-თვისება. ამ მოსაზრების თანახმად, ციფრებითა თუ რიცხვებით გადმოცემულ ინფორმაციას მართებულად მიიჩნევდა რიტორიკული ანალიზის წყაროდ.

იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთების კვლევის საფუძველზე ჟ. დურანმა დაასკვნა, რომ რიცხვების გამოყენებით მედიატექსტი, მოცემულ შემთხვევაში ბეჭდვითი მედიატექსტი, მიმართავს ისეთ სპეციფიკურ რიტორიკულ ხერხებს, როგორებიცაა:

  • გამეორება – მაგალითად „5 დღე: 555 ფრანკი“ (განცხადება ეარაფრიკა. 1967), რომელმაც მკითხველში უნდა მოახდინოს „ბედისწერის იდეის“ გენერირება;
  • ანტითეზა („დაპირისპირება“) – რომელიც მხატვრულ ლიტერატურასა და ორატორულ ხელოვნებაში სტილისტიკური ხერხია, რაც მდგომარეობს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებათა შეპირისპირებაში და გამოიყენება შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, უმეტესწილად, ხდება მცირე და დიდი რიცხვების შეპირისპირება;
  • პლეონაზმი ვიზუალური ხერხებით ილუსტრირებული რიცხვი (მაგალითად, პერსონაჟი თითებით გამოსახავს რიცხვს). (Durand, 1970, 128-129)

დასასრულ, ავტორი აღნიშნავს, რომ რიცხვითი სახელი, ციფრებით თუ სიტყვით გამოსახული, როგორც მეტყველების ნაწილი, წარმოადგენს კოდს, რომელიც არის ნაწილობრივ ექსპლიცისტური, ხოლო იმპლიცისტური კოდები დატვირთულია კონოტაციური აღსანიშნით.

თანამედროვე ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე ხშირად ვხვდებით ისეთ კრეოლიზებულ მედიატექსტებს, რომელშიც არავერბალური კომპონენტი გადმოცემულია დიაგრამის  გრაფიკული მრავალსახეობით, როგორიცაა: ცხრილი, სფერო, სქემა, დიაგრამა, რუკა… ინფორმაციის ვიზუალიზების აღნიშნული სახის არსებობა, რა თქმა უნდა, განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით.

ინფორმაციის ციფრებით გადმოცემას თითქმის ყველა სფეროში ვხვდებით, თუმცა მაინც უნდა გამოვყოთ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სპორტული დისკურსი, რადგან მეტი აქტიურობით სწორედ აღნიშნულ დარგებში გამოიყენება სტატისტიკური მონაცემები. მკვლევრები პ. ბაკო, დ. დესმარშელიე და ს. რემი-ჟირო  ნაშრომში „პოლიტიკაში ციფრების მეტყველება“ („Le langage des Chiffres en politique“), რომელიც 2012 წელს  სამეცნიერო ჟურნალის „Mots. Les langages du politique” მეასე ნომერში დაიბეჭდა და სრულად მიეძღვნა პოლიტიკურ დისკურსში ციფრებისა და რიცხვების შესწავლას, აღნიშნავდნენ: „სადაც არის სტატისტიკა, იქ სახელმწიფოცაა“ (ბაკო, et al., 2012, 5). ამიტომაც, მათ საკითხის შესწავლა დაიწყეს შემდეგ კითხვაზე: ყოველთვის რატომ არის პოლიტიკურ დისკურსში წარმოდგენილი რიცხვები? –  პასუხის მოძიებით.

თუკი ციფრები და რიცხვები წარმოადგენს ისეთი დისციპლინის საბაზისო კონცეფციას, როგორიც არის მათემატიკა, მათი გამომხატველი სიტყვები და სიმბოლოები გვხვდება ნებისმიერი სახის დისკურსში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ციფრებს აქვს ერთდროულად დენოტაციური და კონოტაციური ღირებულება.

ხოლო რაც შეეხება მათი გამოხატვის  მრავალფეროვან ვიზუალურ ხერხებს, (ცხრილი, სქემა, დიაგრამა, სფერო…), ზემოთ დასახელებული მკვლევრების თანახმად, ისინი სემიოტიკური ტრანსფორმაციის მეორე დონეს მიეკუთვნებიან. რადგანაც თავად ციფრი ქმნის ინფორმაციის იკონურ გამოსახვას, სემიოტიკური ტრანსფორმაციის პირველ დონეს.  გრაფიკულად გამოსახული ციფრული მონაცემის გასაფორმებლად უმეტესწილად მიმართავენ ფერებს, რაც ავტორთა აზრით, რეალობის შემცირების დამატებით  დონეს წარმოადგენს, ხოლო ამ დასკვნამდე საკითხის შემდეგი  კუთხით გაშუქებით მივიდნენ.

პ. ბაკო, დ. დესმარშელიე და ს. რემი-ჟირო  სტატისტიკურ მონაცემებს შემდეგნაირად განიხილავენ: „რიცხვებით გამოსახულ რაოდენობრივ ინფორმაციას ქმნიან ექსპერტები, სოციოლოგები, დარგის სპეციალისტები. თუმცა,  მონაცემთა საზოგადოებაში გავრცელებას თავად იშვიათად ეწევიან.  აღნიშნულ ინფორმაციას,   პირველწყაროსთან მეტ-ნაკლებად მიმსგავსებულს, ავრცელებენ სხვადასხვა ინსტიტუციები: პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული, კულტურულ-სპორტული, რეგიონალური, ეროვნული, საერთაშორისო და სხვა მრავალი. მათ მიერ გავრცელებული რაოდენობრივი ინფორმაცია მრავალმხრივ ფორმაშეცვლილი და მედიატიზებულია“ ( ბაკო, et al.,  2012, 9). ერთგვარად პარადოქსულია, რომ ციფრები, რომლებიც მიჩნეულია ზუსტ, ობიექტურ და ნეიტრალურ ინფორმაციად, მანიპულირების კარგ საშუალებას იძლევა, ამიტომაც მას ხშირად მიმართავენ რიტორიკული, არგუმენტაციური და პოლემიკური ხასიათის პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მიზანი მსმენელის დარწმუნებაა.  

მსგავსი ტიპის ინფორმაცია განსაკუთრებულად მატულობს წინასაარჩევნო პერიოდში.  ციფრების, როგორც „ზუსტი და ობიექტური“ ინფორმაციის, მოხმობა ხელს უწყობს პოლიტიკოსის დადებითი იმიჯის შექმნას. არისტოტელესეული დარწმუნების სამი ხერხიდან პირველი – ეთოსი, ანუ სანდოობის მოპოვება ორატორის პიროვნულ თვისებებზე  აპელირებით – სრულად ვლინდება სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრისას. საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, რიცხვებით გადმოცემული რაოდენობრივი ინფორმაცია ხელს უწყობს ადრესანტს, შეიქმნას სერიოზული,  არაზედაპირული, საკითხის ზედმიწევნით მცოდნის იმიჯი.

ამრიგად, ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე  სტატისტიკური მონაცემების ხშირი  გამოჩენა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად მედიასაშუალების იმიჯის შექმნასაც ემსახურება.

ბიბლიოგრაფია

Bacot, P. Desmarchelier, D. et Remi-Giraud, S. (2016 წლის 23 05). Mots. Les langages du politique.მოპოვებული Le langage des chiffres en politique: https://mots.revues.org/20977-დან

Durand, J. (1970). Rhétorique du nombre. Communications.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი