პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საბჭოთა მრავალფეროვნება

ბევრს გაუკვირდება, როდესაც საბჭოთა სისტემის მრავალფეროვნების ფენომენთან დაკავშირების მცდელობას აღმოაჩენს. თითქმის ყველა თანხმდება, რომ ბოლშევიკური რეჟიმების მთავარი მიზანი საზოგადოების გაერთგვაროვნება გახლდათ. ისინი ვერ იტანდნენ განსხვავებულ ადამიანებსა თუ იდეებს, მიდგომებსა თუ სტრუქტურებს. ისნის საფეიქრო მრეწველობის ფაბრიკაც კი ხანდახან მხოლოდ და მხოლოდ ორმოცდაერთ ნომერ ფეხსაცმელს აწარმოებდა, თუ განსხვავებული ზომის ფეხი გქონდათ, საჭირო საქონელი ჟიგულის მთებს გადაღმა უნდა მოგეძებნათ. თუმცა, დრო ყველაზე მყარ სისტემებსაც კი თავის დაღს ამჩნევს. მრავალფეროვნებას სივრცის უზომოდ გაფართოებაც განაპირობებს.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კომუნისტური ბლოკის გავლენა თითქმის ნახევარ დედამიწაზე გავრცელდა. მოსკოვის ჰეგემონიას დაექვემდებარნენ უმდიდრესი გამოცდილების მქონე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიც და სამხრეთ აზიის ფეოდალურ ეპოქაში ჩარჩენილი ტერიტორიებიც. ცხადია, განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად, მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთნაირი ტიპის კომუნისტური მმართველობის დამყარება ვერ მოხერხდა. სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე განსხვავებული საბჭოთა სისტემები აღმოცენდნენ. ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების ზოგიერთ მასწავლებელს შეიძლება გამოადგეს ცნობები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმების მრავალფეროვნებაზე მიანიშნებენ. აღნიშნული მრავალფეროვნება შეიძლება იყოს პასუხი კითხვაზე: რატომ განვითარდნენ კავკასიურ სახელმწიფოებზე მეტად ბალტიის ქვეყნები? რას ეფუძნება ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის უპირატესობა სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან შედარებით?

თავდაპირველად, ისტორიულ გამოცდილებაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იარსება, ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო მალევე აღმოჩნდა ოკუპაციის მსხვერპლი. პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიის ქვეყნები კი ომთაშორის პერიოდში თავისუფლად ცხოვრობდნენ, ატარებდნენ კენჭისყრებს, ირჩევდნენ მრავალპარტიულ მთავრობებს, გამოსცემდნენ ათასგვარი მიმართულების გაზეთებს და ა.შ. ისინი „წითელ საპყრობილეში“ მხოლოდ ომის შემდგომ გამოამწყვდიეს. ბუნებრივია, სხვადასხვა საბჭოთა რეჟიმს შორის არსებული ოცწლიანი „ჩამორჩენის“ აღმოფხვრა სტალინისტური წყობისთვისაც კი დაუძლეველ ამოცანას წარმოადგენდა. შესაბამისად, კომუნისტურ ბანაკში მოგვიანებით გაწევრიანებული რესპუბლიკები ავტორიტარიზმითა და ჩაგვრის ხარისხით ვერასდროს გაუთანაბრდნენ მოწინავეებს.

რეჟიმთა მრავალგვარობა დაკავშირებული გახლდათ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების დონესთანაც. ბოლშევიკური წესრიგი ძნელად დასამკვიდრებელი აღმოჩნდა იმ ქვეყნებში, სადაც გადატრიალებამდე უკვე არსებობდა გამართული სავაჭრო-სამრეწველო კომპლექსი, მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა ქალაქის მოსახლეობა, მაღალი იყო ინდუსტრიალიზაციის დონე, მოწოდების სიმაღლეზე იდგა სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი. ბოროტმოქმედთა პოპულიზმმა ადვილად მოიკიდა ფეხი განუვითარებელ, ღარიბ სოფლებად დაქუცმაცებულ, ერთიანი და გამართული ადმინისტრაციის არმქონე საზოგადოებებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის შინაარსს განსაზღვრავდა, თავად კომუნისტთა პოლიტიკური წონა გახლდათ. ზოგიერთ სახელმწიფოში კომუნისტები კარგად ორგანიზებულ და მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილების მქონე ძალას წარმოადგენდნენ. ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუნდობლად გაუსწორდნენ თავიანთ ძველ ოპონენტებს. რამდენიმე ქვეყანაში მოულოდნელად ხელისუფლებაში მოსულმა, სუსტად ორგანიზებულმა კომუნისტებმა ოპოზიციონერებთან შეთანხმება გადაწყვიტეს და მოწინააღმდეგეთა გადაბირებით გავიდნენ ფონს. ძველი აგრარული ქვეყნები სამოქალაქო ომებსაც კი ვერ გადაურჩნენ.

საბოლოოდ, მეცნიერებმა საბჭოთა რეჟიმის სამი ძირითადი ზოგადი ფორმა გამოარჩიეს.

პატრიმონალური კომუნიზმის პირობებში ძალაუფლება ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელშია თავმოყრილი. ისინი ძლიერი და კარგად ორგანიზებული იერარქიის საშუალებით აკონტროლებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. წარმატების შანსი მხოლოდ ვერტიკალის სათავეში აღმოჩენილ პირებთან დაახლოებულ მოქალაქეებს აქვთ. ბიუროკრატია მთლიანად და უპირობოდ შეზრდილია ერთადერთ პარტიასთან. დისიდენტების დევნა და რეპრესიები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პატრიმონალური კომუნიზმის საუკეთესო მაგალითად საბჭოთა კავშირს, რუმინეთსა და ბულგარეთს მიიჩნევდნენ.

გამოყოფენ განსაკუთრებული ადგილობრივი თავისებურებების მქონე საბჭოთა სისტემებსაც (ხშირად მას მოიხსენიებენ, როგორც national-accommodative communism-ს). ამგვარი სისტემა პარტიისა და ბიუროკრატიის, კომუნისტებისა და ადმინისტრაციული მოხელეების ერთმანეთისგან გამიჯვნას უზრუნველყოფს. სისტემა თავისუფალია მოსკოვის სრული და ყოვლისმომცველი კონტროლისაგან. ასეთი ქვეყნების პარლამენტებში ხშირად მრავალპარტიულობის პრინციპიც კი გახლდათ დაცული, გარკვეულ დონეზე უზრუნველყოფილი იყო ადამიანის უფლებების რეალიზების შესაძლებლობაც. უნგრეთსა და პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და იუგოსლავიაში სხვა საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით რბილი გახლდათ რეპრესიებიც. დროდადრო,  თავისუფლებისკენ მიდრეკილი სატელიტების დამორჩილების მიზნით, კომუნისტურ ბლოკში მათ დასატოვებლად კრემლს სამხედრო ინტერვენციების განხორციელებაც უწევდა.

საუბრობენ ბიუროკრატიულ-ავტორიტარულ საბჭოთა სახელმწიფოზეც, სადაც ეკონომიკის სფეროში გადამწყვეტი სიტყვა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, ტექნიკურ ინტელიგენციას და პროფესიონალებს ეთქმოდათ. სანამ კომუნისტები ქვეყანაში პარტიული „რკინის დისციპლინის“ საფუძველზე სრულ სიმშვიდესა და ერთფეროვნებას ამკვიდრებდნენ, ექსპერტები საბჭოთა ქვეყნებს შორის მოწინავე ეკონომიკას აშენებდნენ, სადაც „ფუფუნების საგნებიც“ კი ხელმისაწვდომი იყო. ბებიაჩემი ყოველთვის ოცნებობდა „გედეერის ავეჯზე“ და წლები იდგა რიგში, რათა აღმოსავლეთ გერმანიიდან გამოწერილი უბრალო, მაგრამ სხვებთან შედარებით ხარისხიანი, ავეჯი მოეპოვებინა.

ჩვენ საბჭოთა სისტემაშიც კი არ გაგვიმართლა, სამოცდაათი წლის განმავლობაში სამიდან მმართველობის უარეს ფორმას ვუძლებდით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი