პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჯენ სკოტ კერვუდი – რა ხდება საბავშვო ბაღებში

სკოლამდელ ბაღში ბავშვის შეყვანის ასაკი

კლასიკური შემთხვევა: ხუთი წლის ბიჭუნა, რომელიც ზაფხულში დაიბადა
ბავშვი, რომელიც წინასასკოლო საბავშვო ბაღის დაწყებამდე 8 კვირით ადრეა დაბადებული, ფიზიკური განვითარებითა და აკადემიური უნარებით სავსებით შეესაბამება თანატოლთა შესაძლებლობებს.
კითხვა ასეთია: არის კი მზად ეს ბავშვი ემოციურად და სოციალურად საბავშვო ბაღისთვის (იგულისხმება სკოლამდელი 1 წელი, რომელსაც აშშ-ში საბავშვო ბაღს/Kindergarten-ს ეძახიან და რომელშიც 5 წლის ბავშვები მიჰყავთ – ლ.ა.)?
როგორც მასწავლებელს და პატარა ბიჭის დედას, კარგად მესმის პრობლემის ორივე მხარე. აშშ-ში „ახალგაზრდა ხუთწლიანების” მშობლების დიდი ნაწილი ამჯობინებს, 1 წლით დააგვიანოს საბავშვო ბაღში მიყვანა, მიუხედავად ბავშვის ასაკის შესაბამისობისა.

ამ ბავშვების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ზოგიერთ ოლქში მშობლებს და ბავშვებს სთავაზობენ „გარდამავალ საბავშვო ბაღს” (ინგლ. transitional kindergarten, TK – ლ. ა.). ამ გარდამავალ საფეხურზე ბავშვებს ეხმარებიან პოზიტიურ სოციალიზაციაში, სწავლის ანბანის ათვისებასა და კითხვის უნარის ჩამოყალიბებაში. ამავე დროს, TK-ში ბავშვებს უამრავი დრო რჩებათ სათამაშოდ. „გარდამავალ ბაღში” გატარებული წლის შემდეგ ბავშვი ან ოფიციალურ წინასასკოლო საბავშვო ბაღში მიდის, ან პირდაპირ სკოლის პირველ კლასში აგრძელებს სწავლას – ეს მის მზადყოფნაზეა დამოკიდებული.

სამწუხაროდ, „გარდამავალი ბაღების” პოპულარულობამ 90-იან წლებში ნელ-ნელა იკლო, მაგრამ დღეს განათლების სფეროს სპეციალისტები კვლავ ამჩნევენ მათ მომრავლებას მთელ ქვეყანაში. ეს, როგორც ჩანს, განპირობებულია, ერთი მხრივ, მომატებული „აკადემიური” ზეწოლით ბაღის პროგრამაზე, მეორე მხრივ კი ბავშვების განვითარების საჭიროებებით.
ბაღში შეყვანის დრო
აშშ-ში ბაღში სწავლის დაწყების თარიღად უმეტესად 1-ლი სექტემბერია დადგენილი და ამ დროისთვის ბავშვი 5 წლისა უნდა იყოს.

თუმცა ზოგ შტატში ეს წესი განსხვავებულია. მაგალითად, ინდიანაში ასაკის ასათვლელად 1 ივლისია დაწესებული, ხოლო კალიფორნიაში – 2 დეკემბერი. ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა 5 წლამდეც მოუწიოს საბავშვო ბაღში მისვლა. გამოწვევები, რომლებსაც შესაძლოა შეეჯაახონ ასეთი ბავშვები, მხოლოდ წერა-კითხვისა თუ მათემატიკურ უნარებს არ უკავშირდება. საბავშვო ბაღის ნებისმიერი მასწავლებელი გეტყვით, რომ ამ ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ ნატიფი თუ უხეში მოტორული ან ადეკვატური სოციალური უნარების ათვისება, მაგრამ იიც შესაძლოა, ეს დაბრკოლებები ერთ დღეში გადალახონ. ამ სირთულეების გამო ამერიკელი მშობლების დაახლოებით 10% მომავალი წლისთვის დებს შვილის 5–წლიანებისთვის განკუთვნილ საბავშვო ბაღში შეყვანას. ბიჭებთან ეს 2-ჯერ უფრო ხშირად ხდება.
დროის საჩუქარი

ტეხასელ ელიზაბეთ ლანდის ვერაფრით გადაეწყვიტა, შეეყვანა თუ არა თავისი ბიჭუნა „გარდამავალ საბავშვო ბაღში”: „მას მცირე ასაკში მეტყველების შეფერხება ჰქონდა, ამიტომ სხვა ბავშვებს სოციალურად გაუუცხოვდა. თერაპიის მეშვეობით მეტყველება გამოვუსწორეთ, მაგრამ ახლა იმაზე ვდარდობ, როგორ შეეგუება ჩემი ინტროვერტული ბუნების შვილი საბავშვო ბაღის რეალობას”.

საბოლოოდ მან მაინც გადაწყვიტა ქრისტიანული უნივერსიტეტის „გარდამავალი საბავშვო ბაღის” პროგრამაში შვილის ჩართვა.

„სხვა მშობლებთან საუბრისას ხშირად გამიგონია, რომ მათაც სურდათ ბაღში შვილების მოგვიანებით შეყვანა, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამით რამე დაშავდა”, – ამბობს ელიზაბეთ ლანდი.

მასწავლებელი ემი ვაისბერგი სავსებით ეთანხმება ელიზაბეთს. ორი წლის წინ მან კალიფორნიაში, ტოპანგის დაწყებით სკოლაში, განვითარების საბავშვო ბაღის პროგრამა წამოიწყო. მის სკოლაში სკოლამდელი ბაღის დაწყების მთელ შტატში ერთ-ერთი ყველაზე გვიანი თარიღია დადგენილი. „მინდოდა, ამ „გვიანი” ხუთწლიანებისთვის გამეწია ანგარიში – ასეთი ბავშვებიც ხომ უნდა მივიდნენ რომელიმე ბაღში”, – ამბობს ვაისბერგი.

ადამიანის განვითარების გესელის ინსტიტუტის (Gesell Institute of Human Development, ნიუ ჰეივენი, კონეკტიკუტი, აშშ) კვლევის თანახმად, რომელსაც ვაისბერგი მოწმებს, ძალიან მნიშვნელოვანია იმ განსხვავების ამოცნობა, რომელიც ბავშვის ასაკსა და მისი განვითარების სტადიას შორის არსებობს. ვაისბერგის სიტყვებით, „ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია ბიჭებისთვის, რომლებიც განვითარებით შესაძლოა 6 თვემდეც ჩამორჩებოდნენ გოგონებს”.

ვისკონსინის შტატში, მაკ-ფარლანდის სკოლაში, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად გააკეთონ არჩევანი ჩვეულებრივ ბაღს, გარდამავალ საბავშვო ბაღსა და Just Five კლასებს შორის. Just Five კლასები არსებობის მე-7 წელს ითვლის. მასწავლებელ სარა ევერსონის განმარტებით, ესენი გახლავთ ნახევარდღიანი სასწავლო კლასები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სრულდღიანი საბავშვო ბაღისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად. ევერსონიც და ვაისბერგიც თანხმდებიან, რომ მათი სკოლამდელი ასაკის მოსწავლეთა ნახევარი სკოლის პირველ კლასში შედის, ხოლო ნახევარი ამჯობინებს, კიდევ ერთი წელი გაატაროს წინასასკოლო საბავშვო ბაღში.

ეს ზედმეტი წელი ბავშვებს საშუალებას აძლევს, მოემზადონ სკოლის აკადემიური მოთხოვნებისთვის და, ამავე დროს, აითვისონ ის სოციალური უნარები, რომლებიც სკოლაში მათ წარმატებას წაადგება.
რას გვეუბნება სამეცნიერო კვლევები

„ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ თუ საბავშვო ბაღში კიდევ ერთი წლით დააყოვნებენ შვილებს, სკოლაში უკეთეს შედეგებს მიიღებენ, მაგრამ ტიპობრივია, რომ ეს მიღწევები სკოლის მესამე კლასში ქრება”, – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის განათლების განყოფილების დეკანი, პროფესორი დებორა სტიპეკი. – „უფრო მეტიც: ბავშვების უნარები, განურჩევლად მათი ასაკისა, ძალიან განსხვავდება”.

პროფესორი სტიპეკი გახლდათ ავტორი ანგარიშისა „რა ასაკში უნდა შევიყვანოთ ბავშვი საბავშვო ბაღში? კითხვა პოლიტიკის მკვლევართა და მშობელთათვის” კვლევის თაობაზე. ეს კვლევა „ბავშვთა განვითარების კვლევის საზოგადოებამ” ჩაატარა. მისი ანალიზის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ სკოლაში დაგვიანებით შეყვანას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს დაბალი შემოსავლებისა და ეთნიკური უმცირესობების ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებზე, რადგან მათთვის სასკოლო გამოცდილება მნიშვნელოვანია სწავლაში მიღწევების ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად.

მასწავლებლებმა შესაძლოა იკითხონ: „რაზე ვსაუბრობთ? სკოლისთვის ბავშვის მომზადებაზე თუ სკოლის მზადყოფნაზე ასეთი ბავშვების მისაღებად?”

„მრავალი კუთხით, გარდამავალ საბავშვო ბაღებს ბავშვის განვითარებისადმი უკეთესი მიდგომა აქვთ, რომელიც აქცენტს ბავშვების სოციალურ და ემოციურ საჭიროებებზე სვამს”, – ამბობს ბეთ გრაუე, ვისკონსინის უნივერსიტეტის, ადრეული საბავშვო განათლების პროფესორი, ავტორი წიგნისა „მზად რისთვის?” (ინგლ. Ready for What?) – „საბოლოო ჯამში, ამას მთავარი პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს”.
წონასწორობის აქტი

გახსოვთ ის პატარა ტეხასელი ბიჭი, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ? მოგიყვებით, რა მოხდა: გამოკვლევების ყურადღებით შესწავლისა და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, ის სკოლაში გამეშვა, როდესაც ასაკი მოუწევდა. ქოული კლასში ყველაზე უმცროსი იყო; ფიზიკურად მაღალი და კარგად კოორდინირებული, მაგრამ სოციალურად განსხვავებული. არ მოგატყუებთ – ეს გამოწვევა გახლდათ როგორც ჩემთვის, ისე მასწავლებლისთვის. მაგრამ იცით, რა მოხდა? –ქოული მესამე კლასში გადადის და სავსებით წარმატებულად გრძნობს თავს.

სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება? არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ მივიღე საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც იმ დროს შეიძლებოდა მიმეღო. ეს ის სიკეთეა, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მშობლებსა და მასწავლებლებს.
წყარო: Source:
https://www.scholastic.com/teachers/article/what-happened-kindergarten
ინგლისურიდან თარგმნა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი