ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი „ფრენდი“ მასწავლებლები

რას იტყვიო, მეკითხება ცუკერი.

ვიტყვი, რომ მათი ამბები მაინტერესებს და თვალს ვადევნებ. ახლა არდადეგებია. ტრენინგ-სქემა-ტესტირებაგამოვლილები, ცოტა ხნით ისვენებენ. დასვენება და ხალისიანი ცხოვრება მათაც უყვართ. თან თვალი სასკოლო სიახლეებზე უჭირავთ, წერენ, აზიარებენ. ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან.

საინტერესო ჯგუფები და ინდივიდები მხვდება მეგობარ მასწავლებლებს შორის. ზოგიერთს თქვენც გაგაცნობთ. მკაცრი კრიტერიუმებით არ ვაჯგუფებ – არდადეგები იმპროვიზაციის უფლებას გვიტოვებს.

უშვებულბოები – დასვენება არც ახსოვთ. მუშაობენ, ეძებენ, იმუხტებიან, იმუხტებიან, შედეგებს ამოწმებენ, კრედიტებს ითვლიან, ახალს გეგმავენ, გამოცდილებას აზიარებენ. მუშაობენ, მუშაობენ. გადაღლილი, დაძაბული სახეები აქვთ. სულ ვფიქრობ: სასწავლო წელი რომ გაიჭიმება, ეყოფათ ენერგია თუ ეს დაღლილობა უკმაყოფილებაში გადაიზრდება?

მოგზაურები – არდადეგებს მოუთმენლად ელიან, თეთრს თეთრზე აწებებენ და სამოგზაურო ჩანთას ალაგებენ. მიდიან, რომ შთაბეჭდილებები და განცდები დააგროვონ, ნანახი თვალის სარკეში გადაინახონ და მერე სკოლაში გოგო-ბიჭებს გაუზიარონ. ერთი მთას მიელაპარაკება – რომ იტყვიან, აბოდებს იქაურობაზე, მეორე ბერძნულ მიწას აცვეთს ფეხსაცმელს, მესამე აქვე, ბაქოში წასულა… ჰა, ჰა, ჰა… იქაც ტრენინგები, კაცო?!

პრანჭიები – ყოველ დილით სარკეს რომ ღლიან, სანამ მოსწავლეებს ეჩვენებოდნენ. არ ტყდებიან, თორემ მათი ყველაზე დიდი პოდიუმი გაკვეთილია, 20-30 წყვილი თვალის მოსაწონად ახამებენ კაბას და ფეხსაცმელს, ჩანთას და შარფს. დარწმუნებული ვარ, ძილის წინ უკვე იმაზე ფიქრობენ, სასწავლო წლის პირველ დღეს რა ჩაიცვან. საყვარლები! როგორები მოდიან ტრენინგებზე, ხომ ვიცი, რა ღედე-ღუდე აქვთ გამოვლილი, ქუსლების პაკაპუკით შემოვლენ, თმა – დალაგებული, ფრჩხილები – გალაქული. დედაქალაქელი „სვეტსკები“ პრესტიჟული ბრენდების პოსტებს აზიარებენ… მასწავლებელთა სახლის ლიფტთან შემხვდნენ ამას წინათ. სამნი იყვნენ და დაველმდი, რომლისთვის შემეხედა, აღარ ვიცოდი. პირდაპირ მოდების ჟურნალის გარეკანიდან გადმოსულებს ჰგავდნენ.

ემიგრანტები – კარგები, პროფესიონალები, სკოლა რომ ნატრობს, ისეთები. მაგრამ ცხოვრებას თავისი მიაქვს. სამი მცრეწლოვანი შვილის პატრონმა, ბარგი ჩაალაგა და სხვა კონტინენტზე იწყებს ცხოვრების ფაზლის აწყობას. 15 აგვისტოს უფროს გოგონას იქაურ სკოლაში უშვებს. ნეტავი მოეწონებათ იქაური სკოლა? ვთხოვ, გვიამბოს… მეორე ესპანეთშია გადახვეწილი – აქ რომ ემიგრანტი დედების შვილებს უმყუდროებდა სკოლაში, ახლა საკუთარ შვილიშვილს იქიდან ეფერება… აი, კიდევ ერთი. უკვე დიდი ხნის წასულია. მოწოდებით პედაგოგიაო, რომ იტყვიან, ეგ იყო. ახალგაზრდული თავდაუზოგაობით ეჭიდებოდა მასწავლებლობას. წავიდა, ხან მარწყვი კრიფა, ხან – ყვავილები… მოეწია ცხოვრებას, მაგრამ მასწავლებლობის სურვილი არ ასვენებდა და მეგობართან ერთად საკვირაო სკოლა გახსნა ქართველი ბავშვებისთვის. ჩამოვლენ, წიგნებს, რვეულებს მოკრებენ, წაიღებენ… აქაური სიახლეები აინტერესებს. როგორმე სქემაში ვერ ჩავერთვებიო? დაბრუნება მინდა და სკოლა მენატრებაო.

რეტროგრადები – ცოდნა და მონდომება არ აკლიათ. პასუხისმგებლობა – თავზე საყრელად. შრომობენ, საყვედური არ ეთქმით, მაგრამ აშკარაა, მოვლენებს ჩამორჩნენ, მოსწავლეებს უკან ექაჩებიან… თანამშრომლობით მიდგომას არ აღიარებენ, დომინანტობა მოსწონთ თუ შეჩვეულები არიან… ცვლილებები აშინებთ, არადა, შეუძლიათ, ახალი უნარები შეიძინონ, ახალი ჰაერი შემოუშვან ბავშვებისა და საკუთარ ფილტვებში. შეგულიანება, ხელის შეშველება უნდათ, რომ – ბევრი არაფერი – პროფესიული სტანდარტის შესატყვისი გარემო შექმნან.

ფამილარულები – ბევრნი არ არიან, თითებზე ჩამოთვლი. მოსწავლეებთან ზედმეტად გაშინაურებულები და შეხუმრებულები. ფრთხილად, ძვირფასებო, ოქროს შუალედი შეინარჩუნეთ. დღეს თუ „ეეე…“ გახდი, ხვალ საჭირო ფორმატში დაბრუნება გაგიჭირდება, თუ საერთოდ მოახერხე.

ამას კი ჯგუფი ვერ შევუსაბამე. მხოლოდ ვირტუალურად და ერთი მოსწავლის დახასიათებით ვიცნობ: „მკაცრია, მაგრამ სამართლიანი, ამიტომ ყველას ძალიან გვიყვარს მათემატიკის გაკვეთილები, ციფრებსა და მოქმედებებზე ზღაპარ–მოთხრობებსაც გვაწერინებს. ჩემი საყვარელი პერსონაჟი ტოლობის ნიშანია, რადგან ხანდახან მათემატიკიდან იპარება და ცხოვრებაში დახეტიალობს. მასწავლებელმა მითხრა, სხვა პერსონაჟებს არ უთხრა და მეც ძალიან მესიმპათიურებაო“. ამ მოსწავლის გავლენით ტოლობის ნიშანიც შემიყვარდა და ეს მასწავლებელიც. ვცდილობ, გავიცნო და გავიგო, მაინც როგორ ახერხებს, მათემატიკა ასე შეაყვაროს ბავშვებს. მინდა, მერე თქვენც გიამბოთ. ჯერჯერობით თავს მარიდებს.

კიდევ რას იტყვიო, ცუკერი მეკითხება. იმას, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თქვენი მჯერა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი