პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები… ანუ როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები

ერთი კვირის წინ ჩემმა ლეპტოპმა სიურპრიზი მომიწყო: ჩამუქებულ ეკრანზე  რამდენიმე წინადადება იკითხებოდა, საიდანაც მხოლოდ ის გავიგე, რომ, თუ სასწრაფოდ არ მივხედავდი D დისკს, ყველა ჩემს დოკუმენტს სერიოზული ზიანი მიადგებოდა. არადა, როგორც მსოფლიოს საქმიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მეც კომპიუტერს მაქვს მინდობილი არაერთი ინფორმაცია, მას რომ უკურნებელი სენი შეეყაროს, არ ვიცი, როგორ აღვადგენ ან პროექტისთვის დამუშავებულ ვეებერთელა მასალას ან ციფრულ ფორმატში შენახულ იმ მასალას, რომელიც მოუცლელობისა და გულმავიწყობის გამო ჯერ კიდევ ვერ გადავიტანე სხვა ფორმატში. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე გადავრჩი. თუმცა ჭკუა ვისწავლე, შიშნაჭამმა თავი დავიზღვიე და ყველა დოკუმენტის ასლი გავაკეთე. არადა, ხომ ვიცოდი, რომ კომპიუტერის ნდობა არ შეიძლებოდა?! 

     საუკუნეების წინ მსგავსი პრობლემა იწინასწარმეტყველა ჩემმა საყვარელმა ფილოსოფოსმაც: პლატონის „ფედროსში” სოკრატე ჰყვება, თუ როგორ მივიდა ციფრების, გამოთვლის, კამათლის და სხვა სასარგებლო გამოგონებათა ავტორი – ეგვიპტური მითოლოგიის პერსონაჟი თოთი – ფარაონ თამუსთან და ეგვიპტელი ხალხის მეხსიერების წამალი, ანბანი შესთვაზა. თოთის აზრით, ანბანი გააუმჯობესებდა მეხსიერებას, ხოლო ფარაონმა ამ წამალში საწამლავი (ბერძნულ ენაშიც ორივე ეს სიტყვა ერთი ძირიდან მომდინარეობს) დაინახა და იწინასწარმეტყველა, რომ ანბანზე მინდობილი ხალხი გულმავიწყი გახდებოდა – მეხსიერების გავარჯიშების ნაცვლად, მთლიანად მიენდობოდა ამბების ჩაწერას, რაც მხოლოდ მათი მეხსიერების დაჩლუნგებას გამოიწვევდა. რა თქმა უნდა, ანბანის წყალობით უამრავი რამ გადაურჩა დავიწყებას, თუმცა, მეორე მხრივ, ანბანზე მინდობილი ადამიანები აღარ იმახსოვრებდნენ იმას, რასაც მანამდე აუცილებლად დაიხსომებდნენ. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ქაღალდზე დაწერილი კომპიუტერზე აკრეფილმა და ელექტრონულ სივრცეში განთავსებულმა მასალამ შეცვალა. დღეს უკვე ჩვენი წამალი, სახელწოდებით Google, Google effect ანუ გუგლის ეფექტის სახელით ცნობილ საწამლავად შემოგვიბრუნდა.   

     სწორედ მეხსიერებას შეიძლება მიეძღვნას ერთი ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის ჩატარებაც დამოუკიდებლად ერთ მასწავლებელსაც შეეძლება, თუმცა სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა თანამშრომლობაც მისასალმებელია. პირადად მე ამ თემის არჩევის შემთხვევაში ასეთ აქცენტებს დავსვამდი:

     როდესაც ავთანდილი როსტევან მეფის ნებართვის გარეშე ტარიელთან შესახვედრად გაიპარება, ანდერძს დატოვებს, რომელშიც სხვა ყურადღებამისაქცევ დეტალებთან ერთად ამგვარ სიტყვებსაც ამბობს: „შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არასმქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები”. განმარტების მიხედვით, „მომიგონებენ” და „მოვეგონები” ორივე სიტყვა „გახსენებას” უკავშირდება, თუმცა აქ არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ ამ ერთი სიტყვის ორ მნიშვნელობაზე. თუკი ორი სხვადასხვა მნიშვნელობისა და წარმოშობის მქონე სიტყვას ერთნაირი ბგერითი შემადგენლობა აქვს, მას ომონიმი ჰქვია. აღიარებულია, რომ მაშინ, როდესაც სინონიმები ენის ლექსიკურ სიმდიდრეზე მეტყველებს, ომონიმები ენის „ხარვეზს” წარმოადგენს. „მოგონება” გახსენებასაც არის და „მოგონება” ფანტაზიაც არის. მაგრამ ამ სიტყვებს ომონიმებად ვერ ჩავთვლით, რადგან, მიუხედავად ერთნაირი ბგერითი შემადგენლობისა, მათი წარმოშობა ერთია არა მხოლოდ ეტიმოლოგიურად, არამედ – ფილოსოფიურადაც. ნებისმიერი მოგონება რომ რაღაც დონეზე ფანტაზიის ნაყოფიცაა, ამაზე დიდიხანია, რაც მკვლევარები საუბრობენ. ამის გამოხატვა ენობრივად ქართულმა ენამ მოახერხა და ასახა, რომ ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანთათვის ეს ფენომენი კითხვასაც არ აღძრავს იმ შემთხვევაში, თუკი ამ სიტყვით ვისარგებლებთ, ხოლო, თუკი წარსულის აღდგენა ფანტაზიის შეულახავად გვინდა, მაშინ ამ პროცესს სხვა სიტყვით გამოვხატავთ. ავთანდილს შესანიშნავად ესმის, რომ მასზე მოგონებების რაღაც ნაწილი სიმართლე იქნება, ხოლო დანარჩენი – უბოროტო ფანტაზიის ნაყოფი. ამგვარი ფანტაზია უკვე იმდენად გადაეჯაჭვება ხოლმე წარსულის ამბებს, რომ მთქმელი ვეღარც კი აცნობიერებს, რა დონეზეა მისი ნაამბობი სიმართლე და წარსულის ზუსტი რესტავრაცია და რა დონეზეა იგი უნებლიე ფანტაზიით დაბინძურებული. 

     აქ არ შეიძლება მხატვრობაც არ გაგვახსენდეს. როდესაც მხატვარი ტილოზე  ნატურის გადატანას ცდილობს, მან თუნდაც რამდენიმე წამით/წუთით უნდა მოსწყვიტოს თვალი ნატურას და კონცენტრირდეს საკუთრივ ნახატზე. შესაბამისად, დროის ამ მცირე მონაკვეთის გამო იგი მეხსიერებას უნდა მიენდოს.

     და ბოლოს, მეხსიერებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ისტორიას. ისტორიის მამებმა, ჰეროდოტემ და თუკიდიდემ, თავიანთი საისტორიო ნაწერებისთვის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგია შექმნეს. ჰეროდოტე ხშირ შემთხვევაში წყაროდ სხვათა მონათხრობს იყენებს, შესაბამისად, მის „ისტორიაში” მოგონებისა და ფანტაზიის გამიჯვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუკიდიდემ კი სპარტელთა და ათენელთა ომის დაწყებისთანავე გადაწყვიტა ჩანაწერები გაეკეთებინა, შესაბამისად, მისი ნაწერი თვითმხილველის მონათხრობია. თუმცა თუკიდიდე ნაწარმოების დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ იმ ამბებს აღწერს, რასაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. სწორედ ეს – დამახსოვრებისას მნიშვნელოვანის გამორჩევა – ხდის მონათხრობებზე, თუნდაც თვითმხილველისაზე, დაფუძნებულ პირველად და მეორად წყაროებს მიკერძოებულს და არასანდოს (რა თქმა უნდა, ისტორიკოსებმა არაჩვეულებრივად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში, რომ მათი დარგი, რომელიც რაღაც თვალსაზრისით არასანდო ამბებზეა აგებული, არასანდო მეცნიერებად არ იქცეს და ამაში მათ ანალიზი და შედარება ეხმარებათ).  არასანდოა თვითმხილველის მონათხრობი მაშინაც, როდესაც მას ვრცელი ამბის დამახსოვრება უხდება. მაგალითად, თუკიდიდე ხან ელჩების სიტყვებს, ხანაც პოლიტიკოსთა გამოსვლებს გვთავაზობს. ერთი ასეთი გამოსვლა, ბრძოლის ველზე დაცემულ ათენელ გმირთა საფლავზე პერიკლეს მიერ წარმოთქმული სიტყვა, ქრესტომათიულად იქცა. ამ გამოსვლაში ათასზე მეტი სიტყვაა, ეს რომ ქაღალდზე გადავიტანოთ, რამდენიმე გვერდი გამოვა (როდესაც ინტერნეტიდან ქართული ტექსტი, რომელიც 1269 სიტყვას ითვლიდა, Word-ის ფაილად ვაქციე, Sylfaen 10-ით სამი გვერდი გამოვიდა. ინტერნეტში ამ სიტყვის აუდიოვერსიის მოსმენაცაა შესაძლებელი ინგლისურ ენაზე და ის 18:28 წუთს გრძელდება. შემეძლო, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და მენახა, რა დრო დასჭირდებოდა ბერძნულ ენაზე ტექსტის წაკითხვას, მაგრამ არა მგონია, ამის აუცილებლობა არსებობდეს). როგორი კარგი მეხსიერებაც არ უნდა ჰქონოდა თუკიდიდეს, ერთი მოსმენით ამსიგრძე სიტყვის დამახსოვრება, მაინც წარმოუდგენელია, ამიტომ დგება კითხვა, ტექსტის რა ნაწილი ან რომელი ძირითადი დებულებები ეკუთვნის პერიკლეს და რომელი თუკიდიდეს. 

    ამ წერილში ძირითადად მეხსიერების ნაკლოვან მხარეზე გავამახვილე ყურადღება, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგი მეხსიერება კომპლიმენტად ითვლება, ჩვენ მაინც არაჯეროვნად ვაფასებთ მეხსიერების როლს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ენის შესწავლა, წესებისა და ფორმულების დამახსოვრება, ის უამრავი რამ, რაც მიღებული ინფორმაციას ცოდნად აქცევს, სწორედ რომ მეხსიერებას ეფუძნება. ამიტომაც, როდესაც ინტეგრირებულ გაკვეთილს ჩაატარებთ, არ დაგავიწყდეთ მეხსიერების ამ ორივე მხარის – დადებითისა და უარყოფითის – თანაბრად განხილვა, მე კი ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებელ ასეთ გეგმას შემოგთავაზებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გეგმაში ნებისმიერი ცვლილება შეგიძლიათ მოახდინოთ. და ერთიც, შეეცადეთ, ისეთი შეკითხვები დასვათ, რომ მოსწავლე პასუხამდე თვითონ მივიდეს ანუ აღმოაჩინოს ის, რაც თავისთავად ცხადია. ჩემი შემდეგი წერილი კი სწორედ აღმოჩენაზე იქნება… 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი