ხელოვნება ჩვენს ხელში

ხელოვნების ნიმუშების სანახავად დღეს არსად წასვლა აღარ არის საჭირო – ტექნოლოგიებისა და თავად თანამედროვე ხელოვნების მოქნილობის წყალობით  ხელოვნებასა და ადამიანების ყოველდღიურობას შორის საზღვრები თითქმის წაიშალა. შეგვიძლია, გვეცვას ტანსაცმელი, რომელზეც ჩვენი საყვარელი ილუსტრატორის ნამუშევარია დატანილი, ერთი საქმიდან მეორემდე ვაფერადოთ კლასიკოსების ნახატები, ვუსმენდეთ მუსიკას როგორც ტიხარს ინფორმაციებს შორის, რეკლამის ფონად, ფილმის საუნდტრეკად, მაღაზიაში, კაფეში, ტრანსპორტში, ვკითხულობდეთ ტექსტებს, რომლებსაც სხვადასხვაგვარი ეფექტის მოხდენა შეუძლია… ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად იქცა, არაფერი განსაკუთრებული.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თანამედროვე ხელოვნებამ გააკეთა, სწორედ ამ საზღვრების წაშლაა. როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ხელოვნება ჩვენს ხელში, ამაზე დღეს უამრავი მუზეუმი, გამომცემელი, კურატორი და ხელოვანი ფიქრობს. გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებულ პროექტს, რომლებსაც სწავლების პროცესშიც გამოიყენებთ და იმ მეთოდებზეც შეგიქმნით წარმოდგენას, რომლებსაც იყენებს თანამედროვე სამყარო ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის საზღვრების წასაშლელად.

  1. 2016 წელს ნიუ–იორკის მედიცინის მუზეუმმა წამოაყენა ინიციატივა, მის არქივში დაცული არტეფაქტების ნაწილი გასაფერადებლების ფორმატში გადაეკონვერტებინა და მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ყოველდღიური ნივთები, რომლებიც მათ ინტერესს და მუზეუმში წასვლის სურვილს აღუძრავდა. ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა და მას მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სახელოვნებო დაწესებულება შეურთდა. კოლექცია, რომელიც 50-მდე მუზეუმის, არქივისა და ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, აერთიანებს არქიტექტურას, კლასიკურ მხატვრობას, წიგნებს მხატვრობის შესახებ, მოდის ისტორიულ ჩანახატებს, რუკებს და მასში ნებისმიერი ინტერესების მქონე ბავშვი თუ ზრდასრული იპოვის მსუყე საკბილოს.

არქივის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულზე, საიდანაც, სურვილისამებრ, ნებისმიერ გასაფერადებელს გადმოიწერთ ამოსაბეჭდად, რათა საკუთარ თავზე გამოცადოთ მათი ეფექტი.

http://library.nyam.org/colorourcollections/

 

  1. კომიქსების ციფრულმა მუზეუმმა კომიქსებით დაინტერესებული პირებისთვის ღია გახადა გასული საუკუნის დასაწყისიდან 60-იან წლებამდე შექმნილი კომიქსების სერიების სრული ვერსიები, რომლებზე წვდომისთვისაც საჭიროა მხოლოდ საიტზე რეგისტრაცია და ინტერესი სუპერგმირების ისტორიებისა და მათი მორალის მიმართ. კომიქსების მოყვარულები ამბობენ, რომ გრაფიკულ რომანებს მოზარდებზე მრავალმხრივი გავლენა აქვს, დაწყებული წარმოსახვის უნარის განვითარებით, დამთავრებული თავდაჯერებით, უკეთესი მომავლის რწმენით და საკუთარ თავში სუპერძალების აღმოჩენის სურვილით.

 

  1. ბოსტონის საბავშვო მუზეუმის ვებგვერდზე შეგიძლიათ ვირტუალური ტური მოაწყოთ და შინიდან გაუსვლელად ნახოთ, რა ექსპოზიცია გელით მუზეუმში. 360–გრადუსიანი კამერა სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის მიმდინარე გამოფენაზე. შიში, რომ ამგვარი ტურები ბავშვებს რეალურ მუზეუმში ვიზიტის სურვილს გაუქრობს, უსაფუძვლო აღმოჩნდა. თანამედროვე ბავშვები სხვადასხვა მედიუმს სიამოვნებით იყენებენ კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად.

ვირტუალური ტურის მოწყობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.bostonchildrensmuseum.org/museum-virtual-tour

 

  1. შეგიძლიათ, ვირტუალური ტური მოაწყოთ სიქსტის კაპელაშიც და თითოეული დეტალი იმდენჯერ დაათვალიეროთ, რამდენჯერაც გაგიხარდებათ. გამოსახულებას თან ახლავს ინფორმაციული აუდიოჩანაწერიც. სიქსტის კაპელას შინიდან გაუსვლელად შემდეგ ბმულზე მოინახულებთ: http://www.vatican.va/various/cappelle/sistina_vr/index.html

 

  1. სან–ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მასწავლებლებისთვის შეიმუშავა სასწავლო პროგრამა, რომლის გამოყენებაც გაკვეთილზეა შესაძლებელი. ინტერესების, ბავშვის ასაკისა და ხელოვნების დარგების ეფექტური ფილტრაციით ადვილად იპოვით კონკრეტულ სქემებს ხელოვნების გაკვეთილებისთვის, სადისკუსიო საკითხებს და საკითხავ მასალას.

https://www.sfmoma.org/teacher-resources/

კომენტარები

comments