პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დროულად ამეტყველებაში

 

მშობლისთვის შვილის განვითარებაში მომხდარი მცირედი ცვლილებაც კი მნიშვნელოვანია, ხოლო პირველ სიტყვებს ის განსაკუთრებულ მოვლენად აღიქვამს და მოუთმენლად ელის, თუმცა ხშირად პროცესი ჭიანურდება და 2-2,5 წლის ბავშვი ერთ სიტყვასაც ვერ წარმოთქვამს გამართულად, რაც, ბუნებრივია უფროსების შეშფოთებას იწვევს.

ბავშვებში მეტყველების განვითარების პრობლემა ჩვენს დროში აქტუალურია როგორც არასდროს. სულ უფრო ხშირად გვხვდებიან პატარები მეტყველების განვითარების შეფერხებით და ამა თუ იმ დარღვევით. დღეს უკვე ვეღარავის გავაკვირვებთ იმით, რომ სამი წლის ბავშვი თითქმის არ ლაპარაკობს, ან ლაპარაკობს, მაგრამ მისი მხოლოდ დედას ესმის. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს, ავტეხოთ განგაში და სპეციალისტებს მივმართოთ დახმარებისთვის თუ დაველოდოთ? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, სასურველია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მეტყველების განუვითარებლობა ან ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა. მეტყველების დარღვევა სერიოზული, თუმცაღა გამოსწორებადი დეფექტია, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებითაა გამოწვეული. აღნიშნული საკითხი ცალკე განხილვას იმსახურებს და მას სხვა სტატიაში შევეხებით. მეტყველების განუვითარებლობა, ჩამორჩენა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ბავშვის აღზრდისა და ცხოვრების პირობებთან. წინამდებარე სტატიაში სწორედ მეტყველების განუვითარებლობის, ჩამორჩენის საკითხსა და ბავშვის დროულად ამეტყველების ხელშემწყობ პირობებზე გვექნება საუბარი.

მეტყველების განვითარება საკმაოდ რთული პროცესია. სრულყოფილად ამეტყველებამდე ბავშვს განსაზღვრული ეტაპების გავლა უწევს. მშობელი, ბუნებრივია, მშვიდად ვერ იქნება, როდესაც ხედავს, რომ მეზობლის ერთი წლის პატარა უკვე ლაპარაკობს, მისი ორი წლის შვილი კი ორიოდე სიტყვას თუ წარმოთქვამს, ისიც – გაჭირვებით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ ბავშვს განვითარების პროცესში საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ასაკობრივ კანონზომიერებთან ერთად არც ინდივიდუალური თავისებურებები უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. მრავლადაა შემთხვევა, როდესაც ბავშვი ორ წლამდე დუმს, სამი წლის ასაკში კი ეწევა და უსწრებს კიდეც განვითარებით მათ, ვინც ენა 10 თვის ასაკში ამოიდგა. ის ფაქტი, რომ ბავშვი არ ლაპარაკობს, ყოველთვის არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მეტყველება არ ვითარდება. შესაძლოა, ამ დროს ის სიტყვას პასიურად ეუფლებოდეს (მეტყველების გაგება), აქტიური დაუფლება (ლაპარაკი) კი გვიან დაიწყოს. ასეთი ბავშვების მშობლები გაოცებით აღნიშნავენ, რომ მათ შვილს ყველაფერი ესმის, მაგრამ ლაპარაკს არც კი ცდილობს. გადის რამდენიმე თვე და იგივე მშობლები სიხარულს ვერ მალავენ, რომ მათმა „მუნჯმა“ ერთბაშად ამოიდგა ენა.

ასე რომ, ნუ ინერვიულებთ – თუ პატარას ესმის მისკენ მიმართული მეტყველება და ჩვენც ყოველგვარ პირობას ვუქმნით ნორმალური განვითარებისათვის, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად ალაპარაკდება. რამდენად ადრე ან გვიან მოხდება ეს, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, უპირველეს ყოვლისა – მშობლებზე. ამიტომ, ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა უშლის ხელს ბავშვს დროულად ამეტყველებაში და როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარას ამ სირთულის დროულად და უმტკივნეულოდ გადალახვაში.

 

  • ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ მეტყველება მხოლოდ მეტყველებითი ურთიერთობის პროცესში შეიძლება განვითარდეს. ამდენად, მეტყველების განვითარებაში ჩამორჩენის პირველი და უმთავრესი მიზეზია ბავშვის არასაკმარისი ურთიერთობა გარშემო მყოფ ადამიანებთან, უპირველეს ყოვლისა –მშობლებთან. ჩვენს დროში ბევრ მშობელს შვილებთან ხანგრძლივი ურთიერთობის არც დრო აქვს და არც სურვილი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა, თუ ის საგნებით, სათამაშოებით არ იქნა გაშუალებული, ბევრს ვერაფერს შემატებს მეტყველების განვითარებას. საჭიროა არა უბრალოდ ლაპარაკი ბავშვთან, არამედ თამაში და საუბარი თამაშის პროცესში. ასეთი საგნობრივი თანამშრომლობის დროს უფროსი ბავშვის წინაშე აყენებს სამეტყველო ამოცანას, რომელიც მოითხოვს მისი ქცევის მთლიანად გარდაქმნას. იმისთვის, რომ გაუგონ, მან უნდა წარმოთქვას განსაზღვრული სიტყვა გარშემო მყოფებზე გავლენის მოსახდენად. სამეტყველო ამოცანის არსი ის არის, რომ აღუძრას ბავშვს ამა თუ იმ სიტყვის აქტიური გამოყენების სურვილი. თავდაპირველად ბავშვს არავითარი მოთხოვნილება არ აქვს, წარმოთქვას ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელი სიტყვა. ასეთი მოთხოვნილება მას მხოლოდ უფროსთან ურთიერთობამ შეიძლება აღუძრას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი ყველაფერს, მათ შორის – ლაპარაკსაც, მიბაძვით სწავლობს, ამიტომ ჩვენი მეტყველება გასაგები უნდა იყოს მისთვის, თითოეული ბგერა მკაფიოდ, გარკვევით უნდა წარმოვთქვათ, გამოვიყენოთ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ბავშვისთვის გასაგებია. ამასთან, აუცილებელია, პატარასთან ჩვენს მეტყველებით ურთიერთობას ემოციებიც ახლდეს. ნუ დავივიწყებთ ღიმილის მნიშვნელობას, თვალებით კავშირს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ მეტყველების დაუფლების პროცესში ბავშვისთვის აუცილებელია მოლაპარაკე ადამიანის ყურება, მისი ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვება, რაც მოწმობს, რომ ბავშვს არა მხოლოდ ესმის, არამედ „ხედავს“ კიდეც საჭირო სიტყვას. პატარას უნდა ჰქონდეს დაკვირვების საშუალება იმის აღსაქმელად, როგორ წარმოითქმება ესა თუ ის ბგერა ან სიტყვა.
  • ბავშვის გვიან ამეტყველების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად მიიჩნევა ტელევიზორსა და კომპიუტერზე მიჯაჭვულობა. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ადამიანებთან ურთიერთობა ბევრისთვის კომპიუტერსა და ტელევიზორთან ურთიერთობამ ჩაანაცვლა. შესაძლოა, დაგებადოთ კითხვა: ბავშვს ხომ ტელევიზორიდანაც ესმის ლაპარაკი, რატომ არ შეიძლება, ეს ამეტყველებაში დაეხმაროს? საქმე ის არის, რომ ტელევიზორში მოსმენილი საუბარი ბავშვზე სათანადო ზემოქმედებას ვერ ახდენს. ბავშვი ვერ აღიქვამს მას როგორც პირადად მისკენ მიმართულს, არ არის ჩართული მის პრაქტიკულ აქტივობაში, ამიტომაც რჩება მხოლოდ ეკრანზე მოციმციმე მხედველობითი სტიმულების ფონად. დადასტურებულია, რომ ასეთ დროს პატარები ვერ გამოყოფენ ცალკეულ სიტყვებს, არ ესმით დიალოგები. საუკეთესო ტელეგადაცემებსაც კი არ შეუძლია მშობლების შვილთან ურთიერთობის ჩანაცვლება. მეტყველების დაუფლების პროცესში მყოფი ბავშვისთვის ნამდვილად არ არის სულერთი, ვინ და როგორ წარმოთქვამს სიტყვას. მეტყველებითი ურთიერთობის დროს მთავარია არა ინფორმაციის მიღება, არამედ რაღაც სხვა – თვალებში ყურება, დაინტერესებული მზერა, საპასუხო ღიმილი, ემოციური გამომხატველობა. ბავშვისთვის ამ ყველაფრის მიცემა მხოლოდ ახლობელ და ძვირფას ადამიანს შეუძლია.
  • ხშირად ბავშვის დაგვიანებით ამეტყველება იმის ბრალია, რომ გარშემო მყოფ უფროსებს მისი უსიტყვოდაც ესმით, მისი ყველა სურვილის ამოცნობას ახერხებენ და სათანადოდ რეაგირებენ. ამ შემთხვევაში ბავშვი მეტყველების არავითარ საჭიროებას არ განიცდის და არც რაიმე ძალისხმევას იჩენს ამის გასაკეთებლად. ასეთ გარემოში მოხვედრილი ზოგიერთი პატარა დიდხანს იყენებს უფროსისთვის ნაკლებად გასაგებ „ბავშვურ სიტყვებს“. კარგი იქნება, თუ ასეთ დროს ვაგრძნობინებთ, რომ არ გვესმის მისი და ამით მივცემთ სიტყვების სწორად წარმოთქმის სურვილს ჩვენთან ურთიერთობის გასაგრძელებლად.
  • მეტყველების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს მოტორული განვითარების არასათანადო დონე. რა უცნაურიც უნდა მოგვეჩვენოს, მეტყველების განვითარება პირდაპირ კავშირშია მოტორულ, განსაკუთრებით კი – ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებასთან. პრაქტიკა მოწმობს, რომ თუ ეს უკანასკნელი შეესაბამება ასაკს, მეტყველების განვითარებაც ნორმის ფარგლებშია, მაგრამ თუ ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებაში შეფერხება შეინიშნება, ჩამორჩება მეტყველების განვითარებაც. მეტყველების განვითარების დონის განსაზღვრისთვის შეიძლება ერთი წლის ბავშვს ვთხოვოთ, გვიჩვენოს ერთი თითი, შემდეგ – ორი ან სამი თითი („გააკეთე აი, ასე“, – ვეუბნებით პატარას და ვუჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთოს). ბავშვები, რომლებიც ახერხებენ თითების იზოლირებულ მოძრაობას, „მოლაპარაკე“ ბავშვები არიან, მაგრამ თუ პატარას თითები დაჭიმული აქვს ან ყველას ერთად ხრის და შლის, მას აუცილებლად ექნება შეფერხება მეტყველების განვითარებაში. სანამ თითების მოძრაობა თავისუფალი არ გახდება, მეტყველების განვითარებაში წარმატებას არ უნდა ველოდეთ. თითების დიფერენცირებული მოძრაობის განვითარების კვალდაკვალ ბავშვი იწყებს პირველი სიტყვების წარმოთქმას. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების შესაბამისად ვითარდება მეტყველებაც. ამდენად, კარგი იქნება, თუ უკვე 6-7 თვიდან ჩავუტარებთ ბავშვს მტევნისა და თითების მასაჟს. სათამაშოების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთს, რომელიც პატარას საერთო განვითარებას და კერძოდ ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. კარგია, მაგალითად მსხვილი ხის მძივი, ხის ასაწყობი პირამიდა. მოგვიანებით საჭიროა, ბავშვი ძერწვას და ფანქრებით ხატვასაც მივაჩვიოთ. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თამაშის, ძერწვისა და ხატვის პროცესში პატარას უფროსი გვერდით ყოფნა და მასთან მეტყველებითი ურთიერთობა სჭირდება.

ამრიგად, მეტყველების განვითარების შემაფერხებელი არაერთი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მისი დროული და ნორმალური განვითარებისთვის ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია ბავშვისა და მოზრდილის შინაარსიანი ურთიერთობა. თუმცა ხდება ისეც, რომ მშობლების ძალისხმევას სასურველ შედეგამდე არ მივყავართ და ბავშვი 3 წლის შემდეგაც აგრძელებს დუმილს, გაურბის მეტყველებით ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ჯობს მივმართოთ სპეციალისტს: ლოგოპედს, ბავშვის ფსიქოლოგს, ნევროპათოლოგს. ნუ დავივიწყებთ, რომ მეტყველება ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია, რომ მასში აისახება ბავშვის ყველა მიღწევა და პრობლემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი