პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კვანტურობა და ადამიანი, ანუშექმენით სასურველი რეალობა

სემიოტიკური ხედვა გულისხმობს განსხვავებულ სისტემებს შორის საერთოს მოძებნას. თუ ღმერთმა არაფრისგან შექმნა რაობა, თანამედროვე ფიზიკოსების წარმოდგენით, ყველაფერი იქმნება სიცარიელისგან. ამ სიცარიელემ მიიღო სახელწოდება: „კვანტური ველი”, „ნულოვანი ველი”, „მატრიცა”. 

სიცარიელე შეიცავს ენერგიას, რომელიც შეიძლება მატერიალიზდეს. ქაოსიდან ვარჩევთ და ვაერთებთ ელემენტებს, ვქმნით მატერიას. მატერია – ეს არის კონცენტრირებული ენერგია. 

საოცარი ის არის, რომ მაკრო და მიკროხედვები სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ვუყურებთ რაიმე საგანს, რომელსაც ფორმა და სიმყარე გააჩნია, მაგრამ თუ ჩავალთ ატომების დონეზე, ვნახავთ, რომ ატომი არ შეიცავს მყარ ნაწილაკებს. მართლაც რომ ოქსიმორონია: საგნები შედგებიან ატომებისაგან, მაგრამ რატომ არიან საგნები მყარი? ან კიდევ: ნამდვილად არიან საგნები მყარი? სიმყარეს შეხებით შევიგრძნობთ, მაგრამ რა ქმნის სიმყარის შეგრძნებას? როგორ რეგისტრირდება ეს „შეხება” ჩვენს თავის ტვინში? საბოლოოდ, ხომ ეს ყველაფერი იმპულსებია…? გავდივართ თუ არა ტვინის საინფორმაციო ველიდან…? დაბოლოს, ნამდვილად ვარსებობთ თუ ილუზიაა ეს ყველაფერი?

მთელი სამყარო ემორჩილება რეზონანსის კანონს… მსგავსი მსგავსს იზიდავს და მსგავსი იზიდავს განსხვავებულსაც… ესეც ოქსიმორონია… თუ ადამიანს და მის აზრებს განვიხილავთ, როგორც გარკვეული სიხშირის ობიექტებს, სავარაუდოდ, ადამიანები (აზრები) ერთმანეთს სწორედ ამ სიხშირეებით იზიდავენ.

ნებისმიერი სახის ურთიერთობისათვის აუცილებელია სიხშირული რეზონანსი. ამას ადვილად გავიგებთ შემდეგ მაგალითზე: ფანარს თუ მივანათებთ კედლებს, სინათლეს შეაკავებს კედელი, მაგრამ მობილური ტელეფონის სიგნალი ადვილად გააღწევს კედლის მიღმა. ყველაფერი დამოკიდებულია სიხშირეზე. 

ვიდრე ამ ტექსტს ვწერთ ან ვისმენთ, უამრავი გამოსხივება და სიხშირე კვეთს ჩვენს სხეულს: მობილური ოპერატორები, ელექტრომოწყობილობები…. კოსმოსიდან წამოსული სიგნალები… ამ ყველაფერს ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, რადგან ვხედავთ მხოლოდ სინათლეს, გვესმის ხმა (არა ყოველგვარი სიხშირის)… ვერ შევიგრძნობთ ყველა სიხშირეს, რადგან, საბედნიეროდ, ჩვენი თავის ტვინის ანტენები არ არიან ყველა ტიპის სიხშირეზე მომართული… ასე რომ იყოს, ალბათ 2 წუთი საკმარისი იქნებოდა, რომ შევშლილიყავით.

მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა რეზონანსი მყარდება, ჩვენ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ. მაგალითად, როდესაც თქვენ გახსენდებათ ახლობელი ადამიანი და ამ დროს ის გირეკავთ… ან სიზმარში ძველ მეგობარს ხედავთ და მეორე დღეს გესტუმრებათ… ვფიქრობ, რომ ასეთი ინტუიციური შემთხვევები ყველას ჰქონია.

სამყარო შედგება ინფორმაციისგან და ენერგიისგან. აინშტაინი წერდა: “ერთადერთი რეალობა, რომელიც სამყაროში არსებობს, არის „ველი”. როგორც ტალღები არის ზღვის ქმნილება, ასევე იქმნება ველისგან – ორგანიზმები, პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკა…

და როგორ იქმნება მატერია? 

კვანტური ფიზიკის შემქმნელი, მაქს პლანკი, ნობელის პრემიის მიღების დროს წარმოთქმულ სიტყვაში ამბობდა: „ყველაფერი სამყაროში იქმნება და „ძალის” წყალობით არსებობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალის უკან დგას „ცნობიერი გონი”, რომელიც წარმოადგენს ყოველგვარი მატერიის მატრიცას…

მატერია იმართება ცნობიერების მიერ. ყველაფერი წარმოიშობა არაფრისგან, სიცარიელისგან, ყველაფერი იმყოფება მოძრაობაში. საგნები – ილუზიაა, მატერია შედგება ენერგიისაგან, ყველაფერი იქმნება აზრით”.

კვანტური ფიზიკის ეს აღმოჩენა ახალი არ არის, მისტიკოსებმა და ბრძენებმა იციან ამის შესახებ. ცოტა ჩვენც ვიცით, მაგრამ ალბათ, ძალიან ცოტა…

ეს კანონები კი ნამდვილად უნივერსალურია:

Øსამყარო სავსეა ენერგიით და სამყარო რეაგირებს აზრზე. 
Øენერგია მიჰყვება ყურადღებას…
Øრაზეც ფოკუსირდები, ის იწყებს ცვლილებას…

ეს აზრი განსხვავებული ფორმულირებით მოცემულია ბიბლიაში, ძველ გნოსტიკურ ტექსტებში, მისტიკურ სწავლებებში. ამ ცოდნას ფლობენ ახალი ტექნოლოგიების გამავრცელებლებიც, რომლებიც რეალობის მართვას ცდილობენ. 

ამ წუთიდან ეს საიდუმლო ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ძალიან ცოტას შეუძლია მისი რეალიზება… რატომ? ამაზე ფიქრი ღირს…

ჩვენი სხეული – ეს არის ენერგიის, ინფორმაციისა და გონების ველი, რომელიც იმყოფება გარემომცველ სამყაროსთან მუდმივ ურთიერთქმედებაში.

კვანტური ცნობიერება – ეს არის ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც შესაძლებლობათა ერთდროულობაში გამოიხატება. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ავსტრიელი ფიზიკოსის, ერვინ შრიოდინგერის ექსპერიმენტი, ეწ. „შრიოდინგერის კატა”, სუპერპოზიცია, რომელშიც კატა ერთდროულად ცოცხალიც არის და მკვდარიც.

ამ ვრცელი შესავლის შემდეგ მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თუ გინდათ შექმნათ სასურველი რეალობა, ჯერ კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ თუ არა და შემდეგ გააგრძელეთ ფიქრი… რადგან ერთ მშვენიერ დღეს, თქვენი ფიქრის წყალობით და ძალით, ოცნება რეალობად იქცევა….

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი