პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ორდღიანი არდადეგები

გადაიარა მცხუნვარე, ხანძრებიანმა ზაფხულმა. ვისთვის მხიარულმა და საინტერესომ, ვისთვის გაუსაძლისმა და „ჯერ ასეთი ცუდი არაფერი მქონია“-სტატუსიანმა. არცერთი სხვა სეზონი, მგონი, არაა ისეთი გამჭვირვალე, ისეთი მყიფე და ადვილად დასასათაურებელი, როგორც ზაფხული – ის მზის და პეპლების ფრთებით შემოდის სამყაროში და ამ ფრთებითვე აცლის მას მთელი წლის დაგროვილ მტვერს, ჩრდილს, ყოფის ნამცეცებს; ამჭვირვალებს ადამიანის თვალწინ ყველას და ყველაფერს და, აბა როგორ გინდა თვალი მოარიდო, რამე გამოგრჩეს, ან უსახელოდ დატოვო – დგას შენ წინ აბრეშუმის ნიავში და სიცოცხლეს გთავაზობს!

დავეხსენი ყოფის საგიჟეთებს ორი დღით და შევხსენი ჩემი ყველაზე გემრიელი ზაფხულის კარი. ჩემს მშობლიურ სოფელში ამოვყავი თავი, სადაც ბავშვობის ბედნიერი დღეები გავატარე, მთების და მდინარეების საიდუმლოებები შევიტყვე, უღალატო მეგობრები გავიჩინე, ყოველი წლის ახალ და ახალ საზაფხულო სიყვარულში გავიხარჯე… სადაც ის ვიცხოვრე, რასაც, იმ ყველაფრისგან ძალიან შორს მყოფი და გაუცხოებულიც, ცალი კუზიდან სინათლის რძედ დღემდე ვიცოხნი.

ზემო იმერეთი. საჩხერე. სოფელს ჭალა ჰქვია. საბა ამბობს, რომ ჭალა წყლისპირა, ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ სახელს ექვსი სოფელი ატარებს, ანუ ექვსი მდინარისპირა სოფელი.

მათგან ერთი, ყვირილას ნაპირებზე გაშენებული, ჩემი ჭალაა – დილით ლურჯი, შაბიამნისფერი, მზის ჩასვლისას შვინდივით შეფაკლული სოფელი.

ახლა, ეს ჩემი გულაჩუყება და მეტაფორები ვინმეს გააცინებს კიდეც – ბოლოს და ბოლოს, ყველას თავისი საყვარელი სოფელი აქვს (ყველას თუ არა, ბევრს ხომ მაინც), ენაც ყველას თუ არა, ბევრს უჭრის. მაგრამ მე ისეთი რამ უნდა ვთქვა, რაზეც ის ჩემი გაცინებული მოპაექრეც თავს ჩაღუნავს და თავისი სოფლის ამბავი ჩააფიქრებს.

ჩავედი, ჩავქანდი გულგატიტვლებული. მართალია, არც ბებია-ბაბუა მყავს და აღარც სიბერეში სოფელში გადასაბარგებლად ჯერ კიდევ ჩემს გაჩენამდე მზადმყოფი მამა, ანუ ვინმე, იქაური, მკვიდრი გამომგებებელი, მაგრამ მათი სიყვარული ხომ ახლა ჩვენს დიდ სახლში, ეზოში, იმ მიდამოებში, იმ საყვარელ, ათასჯერ გადაჩხრეკილ და გადაკითხულ ადგილებში განზავდა, რომლისკენაც მივიჩქაროდი! თან, მახსოვს ძველი ზაფხულები, მდინარის პირი და უთვალავი ხალხი – დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად, მანქანებით, უმანქანოდ, ძაღლით, ცხენით ჩამოსული და ჩამოთხლეშილი ნესტიანი ხვატისგან მდინარეში გასაგრილებლად; მახსოვს ის გაუთავებელი ზუზუნი, მდინარიდან რომ ამოჰქონდა საღამოობით ნიავს – იმ ხალხის, დამსვენებლების თუ ადგილობრივების თავშეუკავებელი მხიარულება და უწყინარი ღრიანცელი, ყველაზე მეტად სწორედ ზაფხულს რომ უხდება და მეტიც, აბა ზაფხული და  სოფელი რა არის უამღრიანცელოდ!

ჩავფრინდი ჩემს სოფელზე ფიქრით თავგამოტენილი. გზაში მაღალ ნიშანზე დაგეშილი ბავშვივით გონებაში სულ სხაპასხუპით გადავიმეორე მისი ისტორია. რა ვიცი რისთვის, არც არაფრისთვის, ჩემთვის ალბათ, იმ სიძვირფასის განცდა რომ გამეძლიერებინა, რომლითაც იმ ჩემსას, ჩემს კუთხეს, მიწას, ჰაერს ვეკუთვნი, ან ის მეკუთვნის, ვინ გამიჯნა ან ვინ იანგარიშა ჩემი-შენი წილი…

ჭალის აუზში პალეოლითის დროიდან ისმის ადამიანის ხმა. ამას მოწმობს არა მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების, არამედ, ჩვეულებრივი სამეურნეო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნივთები, წერილობითი წყაროები. სწორედ ისინი გვიამბობენ იმაზეც, რომ აქაურ მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა შავი ზღვის სანაპიროზე მოსახლე ბერძნულ კოლონიებთან. მე-8 საუკუნიდან ამ ტერიტორიაზე აფხაზთა მეფის ხელისუფლება ვრცელდებოდა, თამარ მეფის დროს კი რაჭის საერისთავოს დაექვემდებარა. აღმოსავლეთ საქართველოსთან სიახლოვის გამო, ქართველი მეფეები ამ მხარეს სატრანზიტო გზად იყენებდნენ და ჯარითაც ხშირად ჩერდებოდნენ. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელმა სწორედ ამ გზით გადაიყვანა აღმოსავლეთში ყივჩაღები.

ჭალის ისტორია აბაშიძეების გვარის გარეშე ნაკლულია. ამ გვარმა დიდი ღვაწლი გასწია ამ სოფლის კეთილშობილებისათვის. რამდენი დიდებული ამბავი, დიდებული სტუმარი უკავშირდება ჭალის აბაშიძეებს და მათ დახვეწილ, არისტოკრატ, განათლებულ ოჯახობას! იოანე ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ გვარის პირველი მკვიდრნი აბაშიდან, ანუ სამეგრელოდან მოვიდნენ, მათი სათავადო კი იმერეთში ჩამოყალიბდა.

იყვნენ ასეთი აბაშიძეები – ანტონი და ქეთინო, რომლებთანაც სტუმრობა ჰყვარებიათ მარჯორი და ოლივერ უორდროპებს. ქეთინო აბაშიძის სახლის ხშირი სტუმარი იყო ასევე აკაკი წერეთელიც, რომლის ნაჩუქარი ვერცხლის კოვზი ქეთინომ სხვიტორის მუზეუმს გადასცა. მისსავე ეზოშია გადაღებული კადრები ფილმიდან „სამანიშვილის დედინაცვალი“.

აბაშიძეებს მეფეებიც ხშირად სტუმრობდნენ – მაგალითად, იოველ აბაშიძის სახლის ხშირი სტუმარი იყო სოლომონ II.  ამ ოჯახში ყოფილა ციხე, რომლის შიგნით იყო სათავსოები, ალყის შემთხვევაში შეხიზნულ მოსახლეობას რომ თავი გაეტანა, მათ შორის, 365-ფუთიანი ჭური და ციხის ერთი კედელი დღესაც შემორჩენილია.

და არის კიდევ ერთი სახლი ჭალაში,  სილამაზით და  წარსულით გამორჩეული, სადაც, არც მეტი არც ნაკლები, რამდენიმე ხნით  უცხოვრია ინგლისელ მეცენატს ჩემბერსს. როდესაც ღენტორ აბაშიძე გარდაიცვალა, ჩემბერსმა დიდი პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად სპეციალურად დაამზადებინა იტალიაში ანგელოზის თეთრი მარმარილოს ქანდაკება მისი საფლავისთვის. ამ ქანდაკების ნახვა დღესაც შეგიძლიათ აბაშიძეების საგვარეულო სასაფლაოზე.  ქანდაკებას თან სდევს წარწერა, რომლის ავტორი ღენტორ აბაშიძის ოჯახის ნათლია – აკაკი წერეთელია.

რამდენი ხუროთმოძღვრების ძეგლია, ზოგი გაუქმებული, ზოგიც ახლადაღდგენილი, ზოგი, რესტავრაციის მოლოდინში – ჭალის ჩვილი მთების კალთებზე ჩამწკრივებული!.. ვფურცლავ მათ ისტორიებს. აბა რა გასაკვირია, რომ მათ შორის ერთი, ჩემი სახლის თავზე, მთავარანგელოზის სახელობისა, ყველაზე მეტად რომ მიყვარს – 1990-იანი წლების მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა, ქვა ქვაზე არ დატოვა, ისევე, როგორც სხვა ეკლესია-მონასტრები საჩხერეში. ამაზე ამბობდნენ – ამ ტაძრებმა თავიანთ თავზე იტვირთეს სტიქიის საშინელებაო, ადამიანები დაიფარესო. გინდ ისე თქვით და გინდ ასე, ფაქტია, იმ საზარელი მიწისძვრის დროს ერთი კაციც არ დაღუპულა საჩხერეში. ტაძრები, ტაძრები დაინგრა…

ცოტა ხნის წინ აღადგინეს ჩემი საყვარელი პაწაწინა „მთავარანგელოზი“, როგორც ბებიაჩემი ეძახდა – ყოველ დილით მისკენ რომ აიხედავდა და პირჯვარს გადაიწერდა, მისთვის ყველაზე აუცილებელ შემთხვევებში კი, უჩუმრად გაიპარებოდა ძღვნით (მრგვლად მოხარშული ქათამი, ცხელი ხაჭაპურები, მისივე ხელით ჩამოქნილი სანთელი, ხელადით ღვინო). რას ითხოვდა მთავარანგელოზისგან შვილებით და შვილიშვილებით ბედნიერი ბებია, ან იქნებ არც არაფერს და მხოლოდ მადლობის სათქმელად მიცურავდა მზეში ალაპლაპებულ აღმართზე, ასე ჩანდა შორიდან მისი დინება…

კიდევ მახსოვს, რომ ერთ წელიწადს, უკვე ყელში რომ უჭერდა „პოსტპერესტროიკის“ ეპოქა ჩვენს მშობლებს და მათი ფორიაქი ჩვენზეც გადმოდიოდა, სოფელში არდადეგებზე ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი იქაური მეგობრები დიდ მაძიებლობაში ჩაკარგულიყვნენ. ყვირილას ზედა წელში, შენაკადის სათავეებთან ვიღაცას გიშრის მადანი აღმოეჩინა. მუჭებით ყრიაო, ქალაქში გავასინჯინეთ და ნაღდი გიშერიაო, კაი ძვირადაც იბარებენ და არიქა ავშენდებითო – დაძრულიყო მთელი საბავშვეთი გიშრის მოსაპოვებლად. ცხადია, ჩემი უხეირო უნარებით მაინც ავეკიდე და ვერაფრის პოვნის სიმწარეც ვიგემე. სამაგიეროდ, ჩემი ბიძაშვილების წყლისგან ფორმაშეცვლილ ხელისგულებზე აბრწყინებული გიშრის ნამცეცების ყურება რად ღირდა, წივილ-კივილით რომ გამოექანებოდნენ ხოლმე და ფარული ჯიბრით, მაგრამ მაინც ალალად და ბედნიერად მახარებდნენ ახალაღმოჩენილი განძის შესახებ!

სად წავიდა ის ჩვენი გიშრები.. ან ის ტყვიის ჯვრები, აფხაზეთის ომში ნაომარმა და  დევნილად ქცეულმა, ერთი ჩვენი მეზობლის ძმამ რომ ჩამოგვისხა ყველას, უბნის ბავშვებს. სათითაოდ, მთელი თვე თავი მაგით შეიქცია. ომის და მიტოვებული სახლის ბოღმას მაგით იქარვებდა ალბათ. გადაადნო რაც ტყვია ებადა, შეურია მგონი თუთიაში კიდევ და ჩამოგვიქნა უსწორმასწორო ჯვრები. ჩვენც ჩამოვიკონწიალეთ ყველამ და ვიცნობოდით იმ ზაფხულს ამ ნიშნით – ტყვიის ჯვრების რაინდებივით…

ცარიელი დამხვდა ჩემი უბნის გაჩერება, ადრე 6-7 კაცის გარეშე რომ არ იქნებოდა ეგ „ბირჟა“. ცარიელი და ჩუმი, უადამიანო იყო გზაც, ვიდრე სახლამდე ორღობეს მივუყვებოდი. ადრე ისიც – ბავშვების ჟრიამულიანი, ძროხებისგან აბღავლებული, ქათმებისგან აკრიახებული…

ჭალა მაღალმთიან სოფლად არ ითვლება, ზღვის დონიდან სულ რაღაც 560 მეტრზე მდებარეობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წესით და რიგით და იმ ბუნებრივი პირობების, გარემოს, პოტენციალის გათვალისწინებით, რაც სოფელს აქვს, დაცლისთვის ის არასოდეს უნდა გაიწიროს. აბა რისთვის ჰქვია „ჭალა“ – მარტო მდინარისპირა სავარგულებია იმდენი, რომ იმათი დამუშავებით, კულტურების ცვლით, მოსახლეობა შეძლებს თავი გაიტანოს, ზამთარი გადაატაროს. იქ კი, მდინარიან სოფელში, წყალი არა აქვთ სახლებამდე შეყვანილი, აბა რა ვიცი, ვისი უნიათობის – იქაური მთავრობის თუ თავად იქაურების – გამო!

ვისხედით იმ საღამოს მე და ჩემი ნათლიდედა, ჭალის სკოლის პედაგოგი, კეთილშობილი და განათლებული, ნანა ჭიტაძე და ვსაუბროდით სწორედ ამ სატკივარზე – რატომ დაიცალა ეს „სანაპირო“ სოფელი? რა ეშველება? რა მოაბრუნებს იმ ხალხს, იმ კაცებს, ვინც კაი ხნით, სარჩოს საშოვნელად სხვა ქვეყნებში ან დედაქალაქში გადაიხვეწნენ? ან იმ ბავშვებს რა პერსპექტივები აქვთ, ვინც ჭალაში, გნებავთ მთელ საჩხერეში იბადებიან? ვისაც ნანა მასწავლებელი მომავლის გეგმებზე ესაუბრება და ზრდის იმისთვის, რომ ყველამ თავისი ოცნება აიხდინოს. ეს ოცნებები კი, აღარც ამ ბავშვების სოფელში ეტევა, აღარც ამ კუთხეში…

ადრეო, ჭალაში რომ გავთხოვდი და ზამთარში სკოლაში წასასვლელად გავემზადებოდი, ყველაზე ადრე ვდგებოდიო, სკოლამდე მისასვლელ გზაზე ფეხდაუდგმელი თოვლი რომ შემხვედროდა, სხვების ნავალით არ ყოფილიყო გადაგლესილი და მენახა ბოლომდე ის თოვლიო, – მითხრა ნანა მასწავლებელმა, – ახლა კიდე, ისე გავივლი მთელ ამსიგრძე გზას, ხანდახან ერთი წყვილი ნაფეხური არსად შემხვდება. მივდივარ, მივკვალავ უღრან თოვლს და ვნატრობ, ვინმემ დამიძახოს, მომესალმოს, გამომელაპარაკოსო…

ჩემი სოფლის ანგელოზებო, აი მაგ ჩვილ მთებში რომ ხართ შეყუჟული ბებერ საყდრებში და სალოცავებში, ტყეებში და მდინარის წკირებში! თქვენგან მონაბერი ჰაერით არ იბრუნებდა გულს მთელი ამდენი უხსოვარი ხანი ეს კუთხე და ალაგი?! ისევ თქვენ უნდა გთხოვოთ, ყველაზე უხილავებს, ვისთვის ძნელად სარწმუნოებს, ვისთვის სულაც არარსებულებს, მე ხომ ვიცი, რომ ხართ – ამ სოფელში ჩადენილი ყველა სიკეთე და ნაცხოვრები სიყვარული – ეს თქვენ ხართ, თქვენი ხორცია ის იმდენი ნაბრძოლი და ნაწვალები სიცოცხლე, ამ სოფლის მიწაში რომ ჩაიკრიფა; თქვენი ფრთებია ის იმდენი ნალოცი და სულშებერილი ოცნება, ფიქრი, სული – ამ მთებისა და მინდვრების ნისლებმა რომ აიტანეს ზევით; ზევით, საიდანაც ბოლოს ყველაფერი სამყაროს თარგზე სწორდება… ისევ თქვენ უნდა გთხოვოთ – არ წაართვათ ჩემს სოფელს ადამიანი, არ გაწიწკნოთ როგორც დედისგან შვილი, არ მოატყუებინოთ თავი ადამიანს, რომ ის რაიმეა თავისი ფესვის, თავისი მიწის და ჰაერის გარეშე; არ დატოვოთ ეს სოფელი და მიეცით ისევ ადამიანებს ლურჯთვალა რწმენა საკუთარი თავისა და იმ ყველაფრისა, რაც მას, დაღლილსა და დაქანცულს, საკუთარ თავთან მარტომყოფს, ისევ ადამიანად აქცევს!..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი