შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ზეპირმეტყველების განმავითარებელი რამდენიმე აქტივობა საშუალო საფეხურისთვის

ზეპირმეტყველება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში ერთ-ერთია სამი ძირითადი მიმართულებიდან კითხვასა და წერასთან ერთად.

ზეპირმეტყველების უნარი თვითგამოხატვისთვის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის, სრულფასოვანი, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესია და მისი განვითარების „ვალდებულება” ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სწავლების ყველა საფეხურზე აქვს „ნაკისრი”. ( იხ.ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის, საგნობრივი პროგრამები, თავი XI, საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში);

ამ საკითხზე ბლოგის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მონაწილის ვრცელი სიტყვის მოსმენის შემდეგ, ჩემში „წითელკალმიანი მასწავლებლის” ინსტინქტმა იმძლავრა და გონებაში მოსმენილის „ჩასწორებას” შევუდექი…

ეს მომხსენებელი ჩემი მოსწავლე რომ ყოფილიყო, აუცილებლად შევახსენებდი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც მოსაუბრემ უნდა გაითვალისწინოს აუდიტორიის წინაშე მოხსენების წარდგენისას: მსმენელის „მოთმინების ფიალა” , ყურადღების მარაგი და ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობა უძირო არ არის. შესაბამისად – სათქმელის გადმოცემა მოკლე, მკაფიო, ლაკონიური წინადადებებით გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ერთი და იმავე მოსაზრების სხვადასხვანაირი ფორმულირებით რამდენჯერმე გამეორება. 

მონდომების შემთხვევაში, ის სათქმელი, რისი გადმოცემაც ამ მომხსენებელს სურდა, სულ რამდენიმე წინადადებით შეიძლებოდა გადმოცემულიყო, თუმცა, მან სხვა გზა აირჩია და უცხოური წარმოშობის სიტყვებისა და რთულ-რთული სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით შეეცადა გარკვეული წარმოდგენა შეექმნა მსმენელებისთვის. 

დღევანდელ ბლოგში შევეცდები, ის სავარჯიშოები და აქტივობები მიმოვიხილო, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებაზე მუშაობის დროს გამოადგებათ საგნის მასწავლებლებს. თუმცა, მანამდე დავსვამ დისკუსიის, მსჯელობისა და კვლევების წარმართვისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე კითხვას. პასუხებს ამ კითხვებზე ინტერესით დაველოდები, რადგან მიმაჩნია, რომ კოლეგებს შორის გამოცდილების და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა ცვლილებების საწინდარია. ცვლილებები კი სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია განვითარებისთვის და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის:

საინტერესოა, რა დროს უთმობენ მასწავლებლები ზეპირი მეტყველების უნარების გაუმჯობესებას? 

რა ტიპის სავარჯიშოები, აქტივობები და დავალებებია თავმოყრილი გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ზეპირი მეტყველების პროვოცირებისა და გაუმჯობესებისთვის?

რა აქტივობებს იყენებენ პრაქტიკოსი მასწავლებლები შედეგის მისაღწევად და მათი გამოცდილებით, რა მეთოდი „მუშაობს” სხვებზე უკეთ? 

და ბოლოს –  ხომ არ გვრჩება ეს მნიშვნელოვანი მიმართულება ყურადღების მიღმა საკმაოდ მოცულობითი პროგრამული ტექსტების დამუშავების დროს?

მიმართულება – ზეპირმეტყველება

საფეხური – საშუალო

აქტივობა – „რეფლექსია”

აღწერა – წინა დღეს ჩატარებული გაკვეთილის დეტალური აღწერა/გახსენება/მიმოხილვა.

აქტივობის გამოყენება შესაძლებელია საპროგრამო ნაწარმოების შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე. გაკვეთილის დასაწყისი – საუკეთესო დროა განსახორციელებლად. შესაძლებელია, გაკვეთილის დასასრულს მოვიტოვოთ 5 წუთი ჩანაწერების გასაკეთებლად – მოსწავლე მოკლედ ჩაინიშნავს, რა დაამახსოვრდა მიმდინარე გაკვეთილიდან. მეორე დღეს ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით გაუზიარებს თანაკლასელებს (ზეპირად) თავის შთაბეჭდილებებს.

მითითებები – ორი წუთის განმავლობაში გაიხსენეთ გუშინდელი გაკვეთილი. ( თუ სურვილი ექნებათ, მოცემულ დროში გააკეთონ მოკლე ჩანაწერები გეგმის სახით, გამოიყენონ სქემა, შემოკლებები, მათთვის მოსახერხებელი ნებისმიერი სახის ჩანაწერი).

ამის შემდეგ მოსწავლე აღწერს გაკვეთილის მიმდინარეობას, იცავს თანმიმდევრულობას ( შესაძლებელია გაკვეთილის დასაწყისიდან დასასრულამდე ან პირიქით  დასასრულიდან დასაწყისამდე გახსენება/აღწერა), ცდილობს პაუზის, პარაზიტი ჩანართების გარეშე ისაუბროს, გაიხსენოს მნიშვნელოვანი დეტალები, იმსჯელოს – რა მოეჩვენა საინტერესოდ, რა ვერ გაიგო.

ამ აქტივობის შესრულება შესაძლებელია კიდევ უფრო ზუსტი და კონკრეტული მითითებებით: 

3 რამ…

აქტივობის მიზანი იგივეა. დაკონკრეტებულია სასაუბრო თემა. მოსწავლეებს ეძლევათ მითითება. გაიხსენე და გაგვაცანი:

3 რამ, რაც ყველაზე მეტად მოგეწონა

2 რამ, რაც განსაკუთრებით კარგად დაგამახსოვრდა

1 რამ, რაც უკეთ შეიძლებოდა გაკეთებულიყო( რაც ვერ გავიგე, რაზეც მეტს შევიტყობდი…)

აქტივობა ხელს უწყობს მეტყველების პროვოცირებას. მოსწავლეს არ ევალება ისეთი დავალების შესრულება, რაც მას წინასწარ უნდა მოემზადებინა, რაც ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს ან შესასწავლი ტექსტის შინაარსს ეყრდნობა, შესაბამისად, ის მეტად თავისუფლად გრძნობს თავს.

შესრულებული დავალება არ ფასდება.

მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს კომენტარი ( ზეპირი განმავითარებელი შეფასება);

აქტივობა – თეზისები

აღწერა – შესწავლილი ტექსტის მიხედვით მნიშვნელოვანი თეზისების ჩანიშვნა. ჩანაწერის მიხედვით ზეპირი ხანმოკლე პრეზენტაციის წარდგენა. აქტივობა განსაკუთრებით ეფექტიანია პუბლიცისტური წერილების შესწავლის პროცესში.

წინაპირობა – მოსწავლეს კარგად ესმის, რას ნიშნავს თეზისი ( დასრულებული აზრის მქონე დებულება, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის); ის ასხვავებს ერთმანეთისგან გეგმას ( გეგმის პუნქტებს), ქვესათაურებს ( ეპიზოდების დასათაურებას) და თეზისებს ( ერთგვარ კონცეპტუალურ წინადადებებს);

აქტივობა, ზეპირმეტყველების გაუმჯობესებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ისეთი უნარის განვითარებას, როგორიცაა:  ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით. (ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის, საგნობრივი პროგრამები,ქართ. X. 14)

მითითება – წაიკითხე მოცემული ტექსტის N აბზაცი ( ან თუ დრო ამის საშუალებას გვაძლევს, მთლიანი ტექსტი); თითოეული აბზაციდან ამოიწერე თეზისი; ჩანაწერი გამოიყენე მოკლე ზეპირი პრეზენტაციის წარსადგენად. ისაუბრე ტექსტის მთავარ სათქმელზე. დაიცავი თანმიმდევრობა.
აქტივობა – ბრიფინგი

აღწერა – როგორც ცნობილია, მედიასაშუალებების ან დაინტერესებული პირების მიერ ორგანიზებული ბრიგინგი კონკრეტულ საკითხს ეძღვნება და ამა თუ იმ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ბრიფინგი დროში უფრო შეზღუდული და გაცილებით ოპერატიულია, ვიდრე პრესკონფერენცია. საგაკვეთილო პროცესში ბრიფინგი კარგი საშუალება იქნება შემაჯამებელი გაკვეთილის გასამრავალფეროვნებლად. მოსწავლეები გაიხსენებენ გავლილ მასალას და ისაუბრებენ შესწავლილი საკითხებზე სახალისო და საინტერესო ფორმით.
 განხორციელება – მოსწავლეები იყოფიან „ექსპერტებად” და „ჟურნალიტებად”. სასურველია, „ექსპერტების” რაოდენობა არ აჭარბებდეს 5-ს. მასწავლებელი არჩევს თემას (შესასწავლი საპროგრამო ნაწარმოები, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი…)და სთხოვს ჟურნალისტებს, მოამზადონ კითხვები თემის ირგვლივ. ექსპერტები ამ დროს იმეორებენ შესაბამის მასალას, აზუსტებენ ერთმანეთთან დეტალებს, აჯერებენ თემასთან დაკავშირებით რვეულებში ჩაწერილ ცნობებს. ჟურნალისტები სვამენ კითხვებს, ექსპერტები პასუხობენ ვრცლად და ამომწურავად. მათ შეუძლიათ „შეავსონ” ერთმანეთის კომენტარები ერთი პირობის დაცვით – მომდევნო ექსპერტმა  მოკლედ უნდა ჩამოაყალიბოს წინა გამომსვლელის მთავარი სათქმელი და დაამატოს საკუთარი. ( როგორც უკვე N-მა მოგახსენათ {რამდენიმე წინადადებით იმეორებს მოსმენილს} à ავსებს წინა მომხსენებლის რეპლიკას )

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი