ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პირველკლასელთა ადაპტაცია სკოლასთან და სასკოლო სწავლება

ყველა იმ პრობლემას შორის, რომელსაც შეიძლება სასკოლო ცხოვრების დასაწყისში წავაწყდეთ, სკოლასთან პირველკლასელის ადაპტაცია სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მისთვის სკოლა და სწავლა.
გავრცელებული განმარტებით, ადაპტაცია – ეს არის შეგუება, „ჩაწერა” რაიმე გარემოში. ადაპტაციის პერიოდი 2-3 კვირიდან ნახევარ წლამდე გრძელდება. ერთხელ ერთმა პედაგოგმა შეწუხებულმა შემომჩივლა: „უკვე ერთი თვე გავიდა, ადაპტაციის პერიოდმა გაიარა, მაგრამ გიორგი მაინც ვერ შეეგუა სკოლას, არც სწავლა უნდა და თავისი ქცევითაც ბევრს აწუხებს”. უნდა ითქვას, რომ ადაპტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ამასთან, არ არსებობს მზამზარეული რეცეპტები, რომლებიც ყველასთვის საერთო იქნებოდა და ამ საფეხურზე მყოფი ნებისმიერი ბავშვისთვის ეფექტური აღმოჩნდებოდა. თუმცა შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის ხასიათსა და ხანგრძლივობაზე.

სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები

·ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი, ტემპერამენტი აჩქარებს ან ანელებს ადაპტაციის პროცესს.

·სასწავლო დაწესებულების ტიპი ასევე თავისებურ გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის მიმდინარეობაზე. კლასში ბავშვების სიმრავლე საკმაოდ ართულებს აღნიშნულ პროცესს. ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა კერძო სკოლებში, სადაც კლასში ბავშვების რაოდენობა ათ-თხუთმეტს არ აღემატება, თუმცა ასეთ სკოლებში დამკვიდრებული დღის რეჟიმი, ბავშვების მთელი დღის განმავლობაში სკოლაში ყოფნა ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის ხასიათზე.

· საგანმანათლებლო პროგრამების სირთულის ხარისხი. ექვსწლიანთა ფსიქოფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია, სასწავლო წლის პირველ ნახევარში მათ დღეში მხოლოდ სამი გაკვეთილი უტარდებოდეთ, თუმცა იმის გამო, რომ პირველკლასელთა სასწავლო პროგრამები საკმაოდ გადატვირთულია, სამის ნაცვლად მათ ოთხი, ხშირად კი ხუთი გაკვეთილიც უტარდებათ. უფრო მეტიც: იმისთვის, რომ წლის ბოლოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს მიაღწიოს, პედაგოგი პატარებს არცთუ იშვიათად საშინაო დავალებებითაც ტვირთავს. ყოველივე ეს კი უფრო მეტად ართულებს და ახანგრძლივებს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს.

· სკოლისათვის ბავშვის მზაობის დონე. როგორც წესი, მიზეზთა გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისათვის მზაობის დონით. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობაც. ხშირად პედაგოგისთვის სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა არა მხოლოდ ის, რომ ცალკეულ ბავშვებს ასაკის შესაფერის დონეზე არ აქვთ განვითარებული ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვა ფსიქიკური პროცესები, არამედ ისიც, რომ მათ უმრავლესობას არ გააჩნია თვითმომსახურების ჩვევები – არ შეუძლია დამოუკიდებლად სასწავლო ნივთების ამოლაგება, ჩალაგება, დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა. პირველკლასელების ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე განუვითარებელი აქვს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. მაგალითად, მასწავლებლის მარტივი ინსტრუქცია: „გადაშალე რვეული პირველ გვერდზე, გადათვალე მარცხნიდან მარჯვნივ ორი უჯრა, ზემოდან ქვემოთ ორი უჯრა და დასვი წერტილი”, – ბავშვმა შესაძლოა ვერ შეასრულოს. ასეთ დროს მასწავლებელი იძულებული ხდება, ყველა ბავშვს სათითაოდ მოუნიშნოს რვეულში მითითებული ადგილი, რაც მას 35–წუთიან გაკვეთილზე უამრავ დროს აკარგვინებს და სასწავლო პროცესსაც საკმაოდ უშლის ხელს. სისტემატური მარცხი და წარუმატებლობა ბავშვს სასწავლო მოტივაციასაც უქვეითებს, სკოლასთან პირველკლასელთა წარმატებული ადაპტაციისთვის კი სასწავლო მოტივაცია აუცილებელია.
ალბათ, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვისაც საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ სკოლასთან ადაპტაციის პროცესი დასრულებულად და წარმატებულად.
სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნები

·ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
·სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;
·სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
·დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
·მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
·დღის ახალი რეჟიმი მისთვის კომფორტულია (არ ტირის დილაობით, არ უჭირს ღამით ჩაძინება და ა.შ.);
·არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.
 
სკოლასთან დეზადაპტაციის ნიშნები

·ბავშვი სწრაფად და ხშირად იღლება;
·შესაძლოა, უჩიოდეს თავის ტკივილს, უმადობას;
·უჭირს საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება;
·ხშირად საყვედურობს, ემდურის თანაკლასელებს;
·წუწუნებს მასწავლებლის მოთხოვნებზე;
·აქვს შინაგანი პროტესტის განცდა, ისეთ სიტუაციებშიც კი ჭირვეულობს, სადაც ადრე სიმშვიდით გამოირჩეოდა;
·უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ იცავს სასკოლო წესებს.

წესისამებრ, ასეთ ბავშვები განიცდიან სირთულეებს და აქვთ პრობლემები სასწავლო საქმიანობაში.
ვინაიდან სკოლასთან ადაპტაციის პროცესში წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მშობლებზე, კარგი იქნება, თუ ისინი გაითვალისწინებენ ქვემოთ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ამით ისინი დიდ დახმარებას გაუწევენ როგორც შვილებს, ისე მათთან მომუშავე მასწავლებლებსაც, რაც, თავის მხრივ, სასწავლო პროცესში წარმატების გარანტად შეიძლება იქცეს.
რეკომენდაციები მშობლებისთვის სკოლასთან ადაპტაციის ხელშესაწყობად
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ვაჩუქოთ შვილს, ჩვენი ყურადღებაა;

მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან, მასწავლებლებთან გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს;

აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში დავეხმაროთ ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების, საკუთარი შესაძლებლობების;

სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია დღის ძილის ორგანიზება. საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღისას. გარდა ამისა, ბავშვს უნდა რჩებოდეს დრო მულტფილმების საყურებლად, სასეირნოდ და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშებს. პატარები ყველაზე დიდი გატაცებით მოძრაობით თამაშებს თამაშობენ. შემთხვევითი არ არის, რომ პირველკლასელებისთვის საგაკვეთილო პროცესში ყველაზე სასიამოვნოა წუთშესვენებები, როდესაც ისინი სხვადასხვაგვარ ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებენ. ერთხელ, როდესაც გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ბავშვებს სთხოვა ეთქვათ, რა მოეწონათ გაკვეთილზე ყველაზე მეტად, პატარა ლუკამ დაუფიქრებლად წამოიყვირა: „წუთშესვენება, მასწავლებელო!” თუმცა, სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად, გაკვეთილებზე დამკვიდრებული წუთშესვენებების მიუხედავად, ბავშვის მოძრაობითი აქტივობა შესამჩნევად მცირდება, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისი ზრდისა და განვითარებისთვის, უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის იმუნიტეტსა და გუნება-განწყობაზეც. ფიზკულტურის გაკვეთილები, რომლებიც სასკოლო პროგრამით არის გათვალისწინებული, ამ ასაკის ბავშვისთვის საჭირო მოძრაობითი აქტივობის 10%-საც კი ვერ ანაზღაურებს. ამდენად, აუცილებელია, ბავშვი სკოლის გარეთაც იყოს დაკავებული მოტორული აქტივობებით და თამაშებით. განვავითაროთ ბავშვის მოძრაობითი აქტივობა, ვინაიდან ამტანი ბავშვი, რომელიც შეჩვეულია ფიზიკურ დატვირთვას, ადაპტაციას უფრო იოლად ახერხებს, ვიდრე სუსტი და ნაკლებად მოძრავი ბავშვი;

სასკოლო ცხოვრების დაწყებით ეტაპზე სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. აუცილებელია შევამციროთ თვალის დატვირთვა – ბავშვმა რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატაროს ტელევიზორსა და კომპიუტერთან. საწერი მაგიდა დავუდგათ ფანჯარასთან. ოთახი, რომელშიც ბავშვს უწევს მუშაობა, კარგად უნდა იყოს განათებული. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როგორ ზის ბავშვი – მანძილი თვალსა და წიგნს ან რვეულს შორის მკაცრად უნდა იყოს დაცული;

ანგარიში გავუწიოთ სათამაშოებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას. ხშირად პირველკლასელები სათამაშოს სკოლაში წაღებას ითხოვენ. ამის აკრძალვა ნამდვილად არ ღირს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება დიდი ზომის სათამაშოებს, კონსტრუქტორებს, ბარბის სახლებს; თუ სათამაშო პატარაა, შეიძლება, დავრთოთ ბავშვს მისი სკოლაში წაღების ნება, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ გაკვეთილზე სათამაშოს ადგილი არ არის და თამაში მხოლოდ შესვენებაზე შეიძლება. გავითვალისწინოთ, რომ სათამაშო იმ კომფორტული და ნაცნობი გარემოს ნაწილია, რომელსაც ბავშვი სახლში ტოვებს. ამდენად, სათამაშოს გვერდით ყოფნა პატარას უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს თავს;

ხელი შევუწყოთ ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ვასწავლოთ მას სასკოლო სირთულეებისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევა;

ეცადეთ უპასუხოთ ბავშვის ყველა კითხვას, ვინაიდან ცნობისმოყვარეობას ამ ასაკში საზღვრები არ გააჩნია;

ნუ გაგაღიზიანებთ ბავშვის წარუმატებლობა. ეცადეთ, მისი სასწავლო საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეაფასოთ, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მიღწეული წარმატება საკმარისი არ არის. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მის მარცხს, რადგან პატარა მტკივნეულად განიცდის მშობლის განაწყენებას. ნუ ეჩხუბებით იმის გამო, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგო ან ვერ გააკეთა;

დაეხმარეთ ბავშვს თანატოლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. გამოიჩინეთ ინტერესი სკოლისა და კლასის მიმართ, რომელშიც სწავლობს თქვენი შვილი. კარგი იქნება, თუ მას უბრალოდ მოუსმენთ. ეს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს;

ნუ გააკრიტიკებთ თქვენს პატარას, მაშინაც კი, თუ ცუდად წერს, ნელა ითვლის, აკლია სიფაქიზე. კრიტიკა, განსაკუთრებით – უცხოს თანდასწრებით, მხოლოდ გაამწვავებს მის პრობლემებს;

გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი. აქტიურ ბავშვებს უჭირთ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, დინჯი ბავშვებისთვის კი რთულია სასკოლო რიტმთან შეგუება;

წაახალისეთ ბავშვი დადებითი კომენტარებით, გამოხმაურებებით, და არამხოლოდ სასწავლო წარმატებების გამო. უფროსების მხრივ მორალური სტიმულირება, მხარდაჭერა ეხმარება ბავშვს, ამა თუ იმ საქმიანობაში თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს;

არასოდეს არავის შეადაროთ საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დავაკარგვინოთ და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ ბავშვის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან;

გვახსოვდეს, რომ ბავშვების პრობლემები უფროსების პრობლემებზე მარტივი არ არის. კონფლიქტი მასწავლებელთან ან თანატოლთან ემოციური დაძაბულობითა და შედეგებით შესაძლოა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ოჯახის უფროსი წევრების კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან სამსახურში.

დაბოლოს, სკოლასთან ადაპტაციის პროცესში ბავშვის ქცევაში აღმოჩენილი სირთულეების გამო მშობლებს ხშირად უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა და ამას არც ბავშვთან მალავენ, რაც პატარას შფოთვას და შიშს უძლიერებს – იმის შიშს, რომ მშობლებს ის ადრინდელივით აღარ უყვართ, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ართულებს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს. ამიტომ მუდამ გვახსოვდეს აღზრდის ოქროს წესი: ბავშვს ჩვენი სიყვარული ყველაზე მეტად მაშინ სჭირდება, როცა ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ამას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი