პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები

2012 წელს 100 000 ამერიკელ მოსწავლეს დაესვა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მცდარი დიაგნოზი. ქართულ სკოლებშიც სულ უფრო ხშირად ისმის ეს ტერმინი. ამ სინდრომის რამდენიმე მაჩვენებელი – სირთულეები დავალებებზე კონცენტრირებისას, ყურადღების გაფანტვა, მოუსვენრობა – ერთობლიობაში მოწყენილობის სიმპტომებიცაა, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუ საათობით, ყოველგვარი თვალსაჩინოების, ყურადღების გადართვის საშუალების გარეშე, მონოტონურად ესაუბრებიან მისთვის უინტერესო, გაუგებარ, უმიზნო საკითხებზე. ხშირად სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი, რადგან მათ აქვთ კომუნიკაციისა და ინფორმაციის უწყვეტი და მრავალფეროვანი წყაროები, ცხოვრობენ მოულოდნელობით აღსავსე კონკურენტულ გარემოში, რომელიც კონკრეტული საკითხების ცოდნასთან ერთად (და ზოგჯერ – უფრო მეტადაც) მოითხოვს კარგად განვითარებულ კომპლექსურ უნარებს, ისეთებს, როგორებიცაა დროის მართვა, მოქნილობა, პრობლემის გადაჭრა, კვლევა, ლიდერობა და იმავდროულად გუნდური მუშაობა და სხვ. ჩვენი მოსწავლეები შესანიშნავად გრძნობენ სამყაროს მოთხოვნებს და იმას, რომ საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესი ამ მოთხოვნებს ხშირად არ შეესაბამება.

განათლების განვითარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწვეული რადიკალური ცვლილებები, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის განათლების განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლას, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებას, სწავლება-სწავლის პროცესში ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებას, განათლების ინდივიდუალიზაციას – მოსწავლესა და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. განათლების სისტემაში ცვლილებების წარმატებით განხორციელება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიული განვითარება. 

ნებისმიერი პედაგოგისთვის ნათელია, რომ პრაქტიკის გაუმჯობესების საშუალებას მუდმივი რეფლექსია იძლევა და არა ფრაგმენტული და ქაოსური ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების ტრადიციულ მოდელთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელს. მაშინ როდესაც ტრადიციული მოდელი წარმოადგენს ტრენინგისა და/ან სემინარის ერთჯერად სესიას (საუკეთესო შემთხვევაში – სესიათა ერთობლიობას) და მიმართულია უმთავრესად მასწავლებლის ცოდნისა და ზოგადი უნარების გამოვლენისა და გაუმჯობესებისკენ, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება წარმოადგენს მრავალფეროვანი აქტივობებისგან შემდგარ უწყვეტ პროცესს, რომელიც სასწავლო ჯგუფებში ხორციელდება. მასწავლებლები კვლევითი პროექტების მეშვეობით წყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც არსებითად ცვლის სასწავლო პროცესს და დადებითად აისახება მოსწავლის დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

დაკვირვებებსა და რეფლექსიაზე დაყრდნობით შემიძლია გამოვყო რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დანერგვის საშუალებას იძლევა და  მის ეფექტიანობას განაპირობებს.

ერთ-ერთ გამოსვლაში კენ რობინსონი ამბობდა: „განათლების სისტემაში ცვლილებათა შესატანად არ კმარა, უბრალოდ ვუთხრათ მასწავლებელს, რომ სტანდარტიზებული ტესტების შედეგების გაუმჯობესებაა საჭირო. მან თავად უნდა იგრძნოს ცვლილებების საჭიროება. და ვიდრე არ გაჩნდება ამ საჭიროების გაზიარებული განცდა, ვერც მასშტაბური ცვლილებების განხორციელება მოხერხდება”. ჩემი აზრით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის წარმატებით დანერგვის აუცილებელი, მაგრამ, ბუნებრივია, არასაკმარისი პირობა სწორედ ცვლილებათა საჭიროების გაზიარებული განცდაა – თანამოაზრეობა უზრუნველყოფს თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ცვლილებათა საჭიროების გააზრება – მოქმედებას ცვლილებების განსახორციელებლად. 

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სხვა მექანიზმები თანამშრომლობითი გარემოს განუყოფელი ელემენტებია:

·სამუშაო ჯგუფში ლიდერის – ავტორიტეტული კოლეგის არსებობა, რომელიც თანაბრად ინაწილებს ჯგუფის წევრთა მიერ შესასრულებელ საქმიანობას, ადგენს ამა თუ იმ აქტივობის კონკრეტული საფეხურის დასრულების ვადებს, ყოველთვის თანმიმდევრული და სამართლიანია, კოლეგათა მცირე წარმატებაც კი ახარებს და ეხმარება მათ სირთულეების გამოვლენასა და დაძლევაში; 

·სამოქმედო გეგმის შედგენისას სკოლაში ან/და სამუშაო ჯგუფში არსებული კულტურის გათვალისწინება, რაც ნიშნავს, ზედმიწევნით იგრძნო კოლეგისა თუ კოლექტივის მზადყოფნა შენ მიერ შეთავაზებული სიახლეების გასაზიარებლად და მათში აქტიური მონაწილეობის მისაღებად; 

·საკუთარი და კოლეგების ძლიერი მხარეების გათვალისწინება და გამოყენება პროფესიული განვითარების დაგეგმვისას. 
 
სკოლაში ასეთი მექანიზმების არსებობა განაპირობებს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი პროფესიული ურთიერთობების დამკვიდრებას. მასწავლებელთა მცირე ჯგუფებში ჩამოყალიბებული კულტურა მომავალში იქცევა სკოლის კულტურად, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. განსხვავებული ხედვებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით მასწავლებლები შექმნიან ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც მიუახლოვდება თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ დაინტერესებას და თავიდან აგვაცილებს არასწორ დიაგნოზზე აგებულ სტატისტიკას.  
გამოყენებული ლიტერატურა და დამხმარე რესურსები:

1.მ. ბოჭორიშვილი, მ. ინასარიძე. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. პრაქტიკული გზამკვლევი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2014
2.Sandra H. Harwell. Teacher Professional Development: It’s not an event, it’s a process. CORD, 2003
3.National Advisory Commitee on Creative and Cultural Education. All Our Futures: Creativity, Culture, Education. Report to the Secretary of State for Education and Employment, the Secretary of State for Culture, Media and Sport. May, 1999
4.https://www.youtube.com/watch?v=BEsZOnyQzxQ 
5.https://www.youtube.com/watch?v=aiW0s6_83dw 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი