შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სასკოლო ფობია – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ვფიქრობ, სკოლასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანი გამხდარა ისეთი სცენის მოწმე, როდესაც სკოლაში წასვლის წინ ბავშვს იპყრობს პანიკური შიში და ყველანაირ ხერხს მიმართავს გაკვეთილების გასაცდენად და სახლში დასარჩენად. ხშირ შემთხვევაში ბავშვის ემოციური მდგომარეობა და თანმხლები სომატური ჩივილები (თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, გულისრევა) იმდენად ძლიერდება, რომ მშობელი იძულებული ხდება დაყვეს მის ნებას და სახლში დატოვოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ექიმთან ვიზიტი დაარწმუნებს მშობელს, რომ მისი შვილი ჯანმრთელია და არანაირი ორგანული დაავადება არა აქვს, ბავშვი უფროსების დაჟინებული მოთხოვნით და დაძალებით  მიდის სკოლაში, საიდანაც ერთ-ორ საათში  დედას ურეკავენ, ატყობინებენ მისი შვილის ცუდად ყოფნას და ურჩევენ, რომ სახლში წაიყვანოს. აღნიშნული მდგომარეობა ფსიქოლოგიაში ცნობილია სასკოლო ფობიის სახელით. ის ემოციური არამდგრადობის გაცილებით უფრო რთულ ფორმას წარმოადგენს, ვიდრე სასკოლო შფოთიანობა და ნევროზი, მიუხედავად იმისა რომ, შეილება მათ ბევრი რამ საერთოც ჰქონდეთ. სასკოლო ფობია ჩვეულებრივ განისაზღვრება, როგორც სკოლის უმიზეზო, სერიოზული, პანიკური, ინტენსიური შიში, ან უადგილო განგაში, რომელიც აკვიატებულად თან სდევს ზოგიერთ ბავშვს სკოლაში წასვლის წინ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფობია არ არის უბრალოდ ვიღაცის ან რაღაცის შიში. შიში ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობაა,  საბაზისო ემოციებს მიეკუთვნება და ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ის არ განუცდია. შიში აღმოცენდება რეალური ან წარმოსახული საფრთხის შედეგად. როგორც წესი, ის დროებით ხასიათს ატარებს და ადამიანთა უმრავლესობა ახერხებს მის დაძლევას. მაგრამ, თუ დაძლევის ნაცვლად,  ის  იმდენად ძლიერდება, რომ  ადამიანს პამიკაში აგდებს,  ქცევას უმართავს ხდის და მის დეზორგანიზებას იწვევს, ჩვენ შეიძლება ფობიაზე მივიტანოთ ეჭვი. ფობია ინტენსიური და არაადეკვატური შიშია, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს ლოგიკური აზროვნების უნარს. ფობიისთვის ტიპურია ის, რომ ადამიანი ხვდება თავისი შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეუძლია მისი მართვა – ჩვენ ვერ ვმართავთ თავს ფობიის დროს, პირიქით, ის გვმართავს ჩვენ.

როგორც წესი, სასკოლო ფობია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება ბავშვისათვის სასკოლო სწავლების პროცესში. ამდენად, სასურველია, რომ დროულად ვიზრუნოთ მის დაძლევაზე. ამისათვის კი, პირველ რიგში, გამომწვევ მიზეზებში უნდა გავერკვეთ:

  • ჰიპერმზრუნველობით გამოწვეული ძლიერი მიჯაჭვულობა მშობლებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან; ასეთი მიჯაჭვულობის გამო, სახლიდან გასვლა და მათთან ხანმოკლე განშორებაც კი ბავშვს სერიოზულ ემოციურ და ქცევით პრობლემებს უქმნის;
  • მშობლის გადაჭარბებული, ბავშვის შესაძლებლობების არაადეკვატური მოლოდინები მისი სასკოლო წარმატებების მიმართ. ბავშვს ხშირად ეშინია არა იმდენად სკოლის, რამდენადაც იმის, რომ შეიძლება ვერ გაამართლოს მშობლების მოლოდინები;
  • მშობლების მხრიდან სასკოლო სწავლების პრობლემების ზედმეტად დრამატიზირება, რამაც, მათი ნების გარეშე, შეიძლება შთამაგონებლად იმოქმედოს ბავშვზე;
  • მშობლების მიერ, სასწავლო პროცესში, ბავშვისთვის ინიციატივის და დამოუკიდებლობის გამოვლენის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ თავად შეასრულონ ბავშვის საშინაო დავალებები, ან მკაცრად გააკონტროლონ შვილის ქცევა სასკოლო დავალებების შესრულების დროს, შენიშვნებით და საყვედურებით აავსონ თითოეული შეცდომის, ან თუნდაც ერთი ულამაზოდ დაწერილი ასოს გამო;
  • სირთულეები თანატოლებთან ადაპტაციის პროცესში. ხშირად ბავშვში სკოლის ხსენებაც კი პანიკურ შიშს იწვევს იმის გამო, რომ თანაკლასელთა შორის კომფორტულად და უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს. ასეთ სიტუაციასთან ჩვეულებრივ მაშინ გვაქვს საქმე, როცა ბავშვი სკოლას იცვლის. ის ხვდება ახალ გარემოში, სადაც ყველას უკვე თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული და მას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება  თანატოლებში სიყვარულის, პატივისცემის და აღიარების მოსაპოვებლად. არიან ბავშვები, რომლებიც შეუპოვრად და თავგამოდებით იბრძვიან ამისთვის. თუმცა, ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც მაშინვე ფარხმალს ყრიან, ნებდებიან მათთვის არცთუ სასურველ მდგომარეობას და გაურბიან, როგორც თანაკლასელებს, ასევე სკოლას;
  • სასკოლო ფობიის ჩამოყალიბებაში  შეიძლება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გახდეს შიში მკაცრი და ზედმეტად მომთხოვნი მასწავლებლის მიმართ, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი შესაძლბლობების რეალიზებასა და თანატოლთა შორის საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმაროს ბავშვს, მუდმივად საყვედურობს მას, უწუნებს, როგორც ქცევას, ასევე შესრულებულ დავალებას და ხმააწეული და შეურაცხმყოფელი ტონით ცდილობს აუხსნას, თუ რას მოითხოვს მისგან. პედაგოგის ასეთი ქცევა განსაკუთრებით სახიფათო და სარისკოა დაწყებით კლასებში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის აქვეითებს ბავშვის თვითშეფასებას, საკუთარი ძალების რწმენას, არამედ იმითაც რომ, ნებით თუ უნებლიედ, სხვა ბავშვებიც ჩართულები ხდებიან თანაკლასელის დამცირების  პროცესში. ასაკიდან გამომდინარე მათ არა აქვთ შესაძლებლობა, რომ სუსტის დამცველის პოზიციაზე დადგნენ. პირიქით, ასეთ დროს, როგორც წესი, მასწავლებლის პოზიციას იკავებენ,   რადგანაც მათში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ნათელი, ცხადი ზნეობრივი პრინციპები, ნორმები და მათთვის პედაგოგი ყოველთვის და ყველაფერში მართალია. თუ აღნიშნული მგომარეობა სისტემატურად მეორდება, „დაჩაგრულ“ ბავშვს აუცილებლად გაუჩნდება გაკვეთილის ხშირად დატოვების და კლასიდან გასვლის სურვილი, შედეგად კი სკოლისა და სწავლის მიმართ  უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება, რაც, თავის მხრივ, სასკოლო ფობიის აღმოცენების მიზეზი გახდება;
  • სასკოლო ფობიის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე სკოლასთან განშორება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ მაგალითად, ავადმყოფობის ან ხანგრძლივი არდადეგების გამო ბავშვი არ დადიოდა სკოლაში, ახლობლების გარემოცვაში ლაღად, კომფორტულად და თავისუფლად გრძნობდა თავს, დიდი ალბათობაა, რომ მას აღარ მოუნდეს სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა და გაკვეთილებზე ჯდომა;
  • არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ავადმყოფობა ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში სერიოზული დარღვევების მიზეზი ხდება. თუ ოჯახში ვინმე სერიოზულად ავადაა, და, მითუმეტეს, თუ საწოლს არის მიჯაჭვული, ბავშვს აშინებს მისი დატოვება, სახლიდან გასვლა და სტანჯავს იმაზე ფიქრიც კი, რომ უკან მობრუნებულს შეიძლება ის ცოცხალი აღარ დახვდეს. ასეთ დროს ბავშვში სასკოლო ფობიის აღმოცენება, ვფიქრობ არავისთვის გასაკვირი არ იქნება.

რეკომენდაციები სასკოლო ფობიის დასაძლევად:

  • უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ მშობელმა თავად შეინარჩუნოს ემოციური მდგრადობა და წონასწორობა. თუ მას აშინებს და პანიკაში აგდებს შვილის არსებული მდგომარეობა, ადვილი არ იქნება მისთვის ბავშვთან დაკავშირებული პრობლემის დაძლევა, ვინაიდან, სირთულეებთან გასამკლავებლად პატარას სჭირდება ძლიერი საყრდენი მშობლის სახით. მშობლის მომატებული შფოთიანობა აუცილებლად აისახება ბავშვის ქცევასა და ემოციებზე;
  • მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მეცადინეობისა და საშინაო დავალებების შესრულებისას. მოვერიდოთ ასეთ დროს მის გვერდით ჯდომას, მუდმივ კონტროლს, საყვედურებს და შენიშვნებს. ასევე, ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: “შენ დაუშვი შეცდომა! ცუდ ნიშანს მიიღებ!“ „რას იტყვის მასწავლებელი!“ და ა.შ. არ არის ასეთი კომენტარები საჭირო მაშინაც კი, თუ ის ნამდვილად უშვებს შეცდომებს – გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე მაღალი ქულების მიღება.  უკეთესი იქნება, თუ ჩვენ უბრალოდ შევუმოწმებთ შესრულებულ დავალებას, კეთილგანწყობილი და მშვიდი ტონით ავღნიშნავთ, თუ რა გამოუვიდა კარგად და რა საჭიროებს გაუმჯობესებას. შემდეგ კი აუცილებლად შევაქებთ დამოუკიდებლად შესრულებული სასინაო დავალების გამო;
  • დავეხმაროთ ბავშვს თანაკლასელებთან ადაპტაციაში სხვადასხვა სახის ღონისძიებების, ექსკურსიების მოწყობის და მისი დაფარული შესაძლებლობების და უნარების გამოვლენის გზით;
  • მოვერიდოთ ბავშვისთვის იმაზე მეტი მოთხოვნების წაყენებას, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. შევცვალოთ ჩვენი მოლოდინები  მის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მუდმივად ემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში იქნება, რაც მას წარმატების მიღწევის და თვითრეალიზების საშუალებას საშუალებას არ მისცემს;
  • სასკოლო ფობიის დასაძლევად განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებენ პირველკლასელი მოსწავლეები. შემთხვევითი არ არის აღნიშნული პრობლემა ყველაზე ხშირად სწორედ ამ პერიოდში გვხვდება. რამდენადაც სკოლაში წასვლით ისინი მხოლოდ იწყებენ საკუთარ გზას დამოუკიდებელ ცხოვრებაში, ბუნებრივია, მათ შეიძლება გაუჩნდეთ გაურკვევლობის შიში სკოლის მიმართ. კარგი იქნება, თუ პირველ ხანებში პირველკლასელს სკოლის ზღურბლამდე მივაცილეთ, მივიყვანთ მასწავლებელთან, ღიმილიანი სახით ზედმეტი ხვევნა-კოცნის გარეშე დავემშვიდობებით  დავპირდებით,  რომ გაკვეთილების შემდეგ მის წასაყვანად მივალთ. იმის შიშით, რომ არ გამოგვეტიროს, ნუ გავეპარებით ბავშვს. ასეთ დროს ის შეიძლება ჩავარდეს პანიკაში ჩვენი დაკარგვის შიშის გამო. აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მივდივართ, მაგრამ დავბრუნდებით;
  • მივცეთ ბავშვს უფლება, თუ ამის სურვილი აქვს სკოლაში წაიღოს მისთვის საყვარელი პატარა სათამაშო. ის მას დამშვიდებაში დაეხმარება, რადგანაც უფრო დაცულად იგრძნობს თავს.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ სკოლის შიშს ნაკლებად განიცდიან და სასკოლო ფობიებსაც თითქმის არ ვხვდებით საკუთარ თავში დარწმუნებულ, კომუნიკაბილურ, აქტიურ და ცნობისმოყვარე ბავშვებში. ამდენად, კარგი იქნება, თუ აღნიშნული თვისებების გამოსამუშავებლად ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, სკოლამდელ პერიოდში ვიმუშავებთ ბავშვთან.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი