ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მიწასთან დაბრუნების გაკვეთილი

დიდი ხანია პროფესია მასწავლებელი საკლასო ოთახში დაფასთან ასვეტილი სათვალიანი დიქტატორის ხატს გასცდა და საკუთარი თავის ძიების პროცესში მრავალი საინტერესო ამპლუით წარსდგა ჩვენ წინაშე. სასკოლო რეალობაში დამკვიდრებულმა თამაშით სწავლების მეთოდმა აუცილებელი გახადა ორატორის როლიდან გამოსვლა და სასცენო ხელოვნების ნიჭის დახვეწა. სხვა საგნების რა მოგახსენოთ და  ქართული ენის გაკვეთილზე ამა თუ იმ ტექსტის ახალბედა მკითხველებამდე სათანადო ემოციით მიტანასა და თანაგანცდის გამოწვევას მართლაც სჭირდება  ,,როლში შესვლა”.

მალე წელიწადის ყველაზე ბარაქიანი სეზონი კარს გაიხურავს და ბუნებაც გაყუჩდება. მაგრამ ვიდრე  ,,შემოდგომის უღელს მზე ხარივით უბია”, მასწავლებელსაც სურს  საკუთარ მოსავალს გაუსინჯოს გემო. ქართული ენის სახელმძღვანელოში ნამდვილად მოიძებნება ტექსტები, რომელიც მიწასთან დაბრუნების საშუალებას გაძლევს,  მაგრამ  მაინც გრჩება განცდა, რომ ქართული შემოდგომის  შესაფერის მოსავალს  თოხის ერთი დაკვრით ვერ აიღებ. ან როგორ უნდა  ახსნა  ვენახის, ყანისა და გუთანი ხარის ,,გადამეტებული სიყვარული” ?!  ე.წ. ასფალტის თაობისთვის ხომ  პური ყოველდღიური მენიუს შემადგენელი ნაწილია, ყურძენი კი –  მხოლოდ  ხილი. მიწიდან ამოჯეჯილებული თავთუხის ხოდაბუნებისა და საწნახელში ჩაჭყლეტილი შემოდგომის  სურნელი  მათთვის ისეთივე უცხოა, როგორც  შორეულ წინაპართა მიერ მიტოვებული კერია პატარა სოფლის ორღობეში.
,,შენ ხარ ვენახი”

წარმოიდგინეთ ორ ჯგუფად გაყოფილი კლასი. მოსწავლეთა ერთი ნაწილი რთველს გამართავს, მეორე ,,კევრს დააბზრიალებს”. იქვე, ტაბლაზე თონის პური და ყურძნის ჯაგანი დევს – გაკვეთილის დასასრულს ,,მოსავლის” დაგემოვნების დროც დადგება…

ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურში მრავლად მოიძებნება ლექსი, რომელიც ხოტბას ასხამს ვაზს, როგორც გამორჩეულ მცენარეს და მისი ნაყოფის  წვენს ღვთაებრივ სასმელად მიიჩნევს. 

ადვილი არაა, თანამედროვე ბავშვს დააჯერო, რომ ვაზი ,,შვილივით ნაზარდია”, რადგან მას არც ყინვისგან დამზრალი ვენახი უნახავს და არც დასეტყვილი მოსავალი გამოუგლოვია.  მსგავსი  დანაკარგის მწარე გემოს მხოლოდ მიწის მსახური თუ იგრძნობს. თანაგანცდის გამოსაწვევად აუცილებელი არაა თოხის ხელში დაჭერა, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდე, რომ ,,მერცხლის ბუდესავით შეკრული მტევანი”  ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოდის და მის გარეშე ვერც ჭკვიანი დაბრძენდება და ვერც ,,რეგვენი წამოჩხუბდება”.

ბავშვებს მოსწონთ ნამდვილი ამბები და სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას  თავგადასავალში, რომელიც უხსოვარ დროს დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. ღვინის ისტორია სწორედ ასეთი თავგადასავალია:
პირველად  ყურძნის მოშენება ეგვიპტეში დაუწყიათ. თავიდან ღვინის მოხმარება  შეზღუდული ყოფილა, მას ძირითადად  რელიგიურ დღესასწაულებზე მხოლოდ დიდგვაროვნები სვამდნენ.  

ბერძნების  გაუზავებელ ღვინოში ჩამბალი ქერის პურით საუზმობდნენ. სტუმრები საერთო ჯამიდან სვამდნენ არომატიზირებულ (თაფლით, დარიჩინით, პიტნით…) ღვინოს.  ვახშმის დასასრულ კი იმართებოდა  სიმპოზიუმი  (თანაწამოწოლა),  რომელშიც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ. ისინი ჭამდნენ ხმელ ხილსა და ცოტა პურს, მაგრამ ღვინოს კი შეუზღუდავად მიირთმევდნენ. 
ღვინის, როგორც ღვთაებრივი სასმელისადმი თაყვანისცემა დიონისეს (ბახუსის) კულტმაც გაამყარა. მისი დაგემოვნების უფლება, ეგვიპტელების მსგავსად, მხოლოდ ბერძენ და რომაელ დიდგვაროვნებს ჰქონდათ, მათი მონები და ჯარისკაცები კი უვარგისი ღვინის, ძმრისა და წყლის ნარევს სვამდნენ. 

საგულისხმოა, რომ რომაელები სქელ ღვინოს ყოველთვის წყლით აზავებდნენ, რადგან სუფთა სახით მისი მიღება ბარბაროსობად  ითვლებოდა. მათრობელა სითხის დალევა მხოლოდ ოცდაათ წელს გადაცილებულ მამაკაცებს შეეძლოთ,  ქალებს კი  მისი მიღება სასტიკად ეკრძალებოდათ.

იმ უძველეს ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვაზის კულტურა დახვეწეს და ჩვენამდე მოიტანეს, საფრანგეთსაც მოიხსენებენ. ამ ქვეყანაში პირველი ვენახის ბაღები ჩვენს ერამდე 600 წელს გაშენებულა. გალები ღვთაებრივი სასმელისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდნენ,  ,,მონასაც კი გაცვლიდნენ ერთ ამფორა ღვინოზე”.
ვაზი რელიგიური თვალსაზრისით დღემდე მნიშვნელოვან მცენარედ ითვლება. გავიხსენოთ წმინდა ნინოს ვაზის ლერწისგან შეკრული ჯვარი. ამასთან, მორწმუნეთა ზიარება დღემდე  პურითა და ღვინით ხდება.  ამ უჩვეულო მცენარეზე  ბევრი ლექსი და საგალობელი დაწერილა.

ბავშვებს ყველაზე მეტად ლეგენდების მოსმენა უყვართ.  ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურში ღვინოზე  რამდენიმე საინტერესო თქმულება მოიძებნება.  ,,ვაზის ჯგუფის” გამოსვლასაც  ერთ-ერთი მათგანით დავასრულებდი: 

,,ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა და არჩევანი იმ მიწაზე შეაჩერა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები. ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა (არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ევრაზიის აფრიკასთან მატერიკულად ერთიანობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლომები მართლაც სახლობდნენ). როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით საამო მოსასმენია. როდესაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება. უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი ღორად  გადაიქცევა”.

,,ხოდაბუნები თავთუხებისა”

,,ხორბლის ჯგუფი” შეეცდება სიტყვის გუთნით მოხნას,  დათესოს და მოიწიოს ყველაზე მთავარი – ,,უფლის კალოზე ნალეწი” პური. მოსწავლეები მსმენელებს ჯერ ქართული ხორბლის შესახებ მოუთხრობენ,  შემდეგ კი  ,,სახემშვენიერი” ნიკორასავით ძარღვიან ლექსებსაც მოუსინჯავენ ქედის სიმტკიცეს:

საქართველოში ველური ხორბალი ჯერ კიდევ ნეოლითისა და ენეოლითის ხანაში ყოფილა გავრცელებული.  ,,ხვარბალი” პირველად კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ჩვენს ქვეყანაში  დღეისათვის რეგისტრირებული და აღწერილია ხორბლის 154-ზე მეტი სახეობა.  მისი უძველესი ჯიშების უმეტესობა (ზანდური, მახა, ასლი, დიკა, თავთუხი, იფქლი, დოლის პური, ხულუგო, ხოტორა…) ჯერ კიდევ მოჰყავთ საქართველოში.  

ხარის თაყვანისცემა სწორედ ხვნა-თესვის რიტუალს უკავშირდება. ეს ცხოველი ქართული ზეპირსიტყვიერების მრავალ ნიმუშში გვხვდება. გავიხსენოთ ზღაპარი  ,,წიქარა”, სადაც ხარი თავგანწირვის ერთგვარ სიმბოლოდ გვევლინება. ქართულ  წარმართულ ცნობიერებაში დიდხანს არსებობდა ხარის კულტი, რაც მას წმინდა ცხოველის ტიტულს ანიჭებს.  

,,ორშაბათობით აშენდა ციხე-ქალაქი ქვაზედა, 
გარს გალავანი არტყია, ცანი დაჰყურებს თავზედა. 
სამშაბათს იყო ყრილობა, დიდი მეუფის კარზედა, 
ხარი და ადამიანი დადგნენ ერთ სამართალზედა. 
ადამიანის დარჩენა ვერავინ იდვა მხარზედა, 
ადგა, ხარმა მოახსენა:  “მე დამიდვია თავზედა”. 
წამოდგნენ ანგელოზები, აკოცეს ორსავ თვალზედა, 
ჩამოქნეს წყვილი სანთელი, დააკრეს ორსავ რქაზედა: 
წადი, ხარო და იხარე ცასა და ქვეყანაზედა, 
ექვსი დღე კი იმუშავე, მეშვიდეს დაწექ მხარზედა, 
ვინც მეშვიდეს შენ შეგაბას, რისხვა მიადგეს კარზედა!” 

პატარა მთესველების გამოსვლას დასასრულად  ყველასათვის ცნობილი ბიბლიური იგავი  მოუხდებოდა.

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში ღვინის სამშობლოში სტუმრობის დაგეგმვაც შეიძლება. თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, მაშინ  თბილისის ეროვნული მუზეუმს ეწვიეთ, სადაც თქვენს აღსაზრდელებს ქართული ვაზისა და ხორბლის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს მოუყვებიან…

რა თქმა უნდა, მიწასთან დაბრუნება მხოლოდ ამ გზით არ ხდება. მე მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი გაკვეთილის მოსავალი ,,გაგასინჯეთ”.  ვინ იცის, იქნებ თქვენკენ  უკეთესად  ,,დაისხას”…  ბარაქა მოგცეთ ღმერთმა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი