სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

   ზღვის მიჯნური – ლეო ქიაჩელის  “თავადის ქალი მაია”

ნოველის დიდოსტატ ქართველ მწერალთა შორისაა ლეო ქიაჩელი, რომლის „ჰაკი აძბას“, ასე თუ ისე, იცნობს მკითხველი, მაგრამ სხვა ნოველები და რომანები ნაკლებად ცნობილია. ამჯერად მის ერთ-ერთ საუკეთესო ნოველას, „თავადის ქალ მაიას“, ვურჩევთ წასაკითხად და გასაანალიზებლად პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რომლებიც ბევრ საგულისხმოს, მნიშვნელოვანსა და საინტერესოს ამოიკითხავენ გულისა და გონების „გასანათლებლად“.

ლეო ქიაჩელის ამ ნოველაში საუკეთესოდ წარმოჩნდება  მწერლის ესთეტიკა, თხრობის ხელოვნება და ყველა ის სტილისტური მახასიათებელი, რომლებიც მეტყველებენ მის ორიგინალურ სამწერლო ოსტატობაზე. ამ ნოველაში იხატება ადამიანური ხასიათები, ეპოქა და მათი საშუალებით კი ის ეგზისტენციალური საკითხები, რომლებიც ყოფის რაობას განსაზღვრავენ. მის მიერ დახატული ხასიათები წარმოჩნდებიან კონკრეტულ დროსივრცულ არეალში, მაგრამ, თანვე, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობასაც იძენენ. მწერლის თხრობის სტილი ექსპრესიულია, რაც აღწერილ მოვლენებს სიმძაფრეს მატებს და მკითხველის გონებაში გამოკვეთილ შთაბეჭდილებებად ილექება.

ნოველის (`თავადის ქალი მაია~) პირველივე სტრიქონიდან შემოგვეგებება შავი ზღვა _ ძლიერი, ლამაზი, სურნელდაუკარგავი ლეგენდებითა და ზღაპრებით. მალე იგი უზარმაზარ ფანტასტიკურ მგრძნობიარე არსებად მოგვევლინება, როგორც თავადის ქალ მაიას საბედისწერო მიჯნური. ქალწულობიდანვე ზღვის იდუმალი ტრფობით დაღდასმული  მაია უბედურების საშიშ, მნგრეველ და გამაცამტვერებელ ძალად იქცევა. მისი მშვენიერება სიკვდილს თესავს. ის, ვინც შეემსჭვალება მაიას სიყვარულით, იწირება და იღუპება.  დროთა განმავლობაში სისხლით გაიჟღინთა მაიას გულისკენ მიმავალი გზა. ზღვა მიისწრაფვის მისკენ, როგორც თვითონ შიშველი ვნება და ამ გზაზე ყოველ მეტოქეს აცამტვერებს.

ზღვამ მაია აირჩია იმგვარი, `აუხსნელი~ მიზეზით, რის გამოც ჩიტი ირჩევს ხეს, ქარი _ მთის მწვერვალს, ვარსკვლავი _ ღამის უბეს, თუმცა, მაია და ზღვა, გარკვეული აზრით, ჰგვანან ერთმანეთს, ტოლფერნი არიან: ამაყნი, უდრეკნი, მშვენიერნი, დაუმორჩილებელნი. ზღვამ `იცის~ ეს,  ქალმა – არა. ზღვამ თავისი სატრფო არამიწიერი, ზღვარგადასული ვნებით გამოარჩია. მაია ქვეშეცნეულად განიცდის უცნაურ ლტოლვას ზღვისკენ, გრძნობს, რომ მხოლოდ მას ძალუძს თავადის ქალის სრულყოფილი ალერსი. დიდი ხნის შემდეგ კი მიხვდება კიდეც, რომ არავის არ შეიძლება ეკუთვნოდეს, გარდა ზღვისა, რადგან მხოლოდ მას შეუძლია დაინახოს მისი ნამდვილი, უნიღბო სახე.  `ეს ჩვენი ლანდი თუ ანარეკლი, რომლითაც შეგვიცნობენ და გამოგვარჩევენ, სრული სისულელეა. მის ქვეშ, წიაღში უკუნი წყვდიადია, ის ფართოვდება, უსაზღვროდ ღრმაა, მაგრამ დროდადრო ზედაპირზე ამოვდივართ და სწორედ ესაა, რითაც ადამიანები გვხედავენ და შეგვიცნობენ~,_ წერს ვირჯინია ვულფი რომანში `გზა შუქურისაკენ~.

ნოველაში მწერალი ზღვასთან მაიას შეხვედრის სწორედ უკანასკნელ, გადამწყვეტ და საბოლოო მგზავრობას აღგვიწერს: `შმორის სუნითა და სიცხის ბოლით გაგუდული ციების მთქნარებით გაორთქლილი~ გარემოს ფონზე იკვეთება ზღვის ვრცელი, დაულაქავი და სუფთა სივრცის წყურვილი. რეალობა იცრიცება, ფორმას კარგავს. `სული ეხუთება მეურმეს. თითქო გადადგამს ნაბიჯს თუ არა, ქვეყანაც მყისვე გათავდებაო. წინ ჰორიზონტი არა აქვს, ეჩვენება: მოდის, მაგრამ არაფერს უახლოვდება, უკან რომ მოჰხედავს, ჰგონია, არაფერს არ შორდება. სულ იგივეა, რაც იყო, არც ფერი იცვლება, არც სახე~. ეს ქმნის ირეალობის ფანტასტიკურ შეგრძნებას.  ზღვასთან და სხივთან მისტიკურ კავშირს გრძნობს მშვენიერი მისის რემზიც: `სხივმა უფრო გაანათა მღელვარე ზღვა საღამოს ბინდში. ზღვის სილურჯე აიფოფრა და ლიმონისფრად ალივლივდა ტალღებად, რომლებიც გაფუვდნენ, გაიბერნენ, ადიდნენ და მთელი ძალით შეასკდნენ ნაპირს და ქალის თვალებში ნეტარებამ იფეთქა და აღტაცების ტალღები ნიაღვარივით დაინთქა მისი გონების ფსკერზე~ (ვირჯინია ვულფი `გზა შუქურისკენ~).

მაია თითქოს ამოვარდნილია რეალური სივრციდან. მისი ადგილი ამ ქვეყანაზე არ არის. მწერალი აქ კარგად იყენებს ახალი დროის ნიუანსს, რომელიც მხოლოდ ამძაფრებს ქალის მიწიერი ყოფის აუტანლობას, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული დაბრკოლებაა, მთავარი კი სიღრმეშია, დაფარული და უხილავი. მაიას ბოლშევიკებმა ქონება ჩამოართვეს და მოუსპეს ძველებურად ცხოვრების სახსარი. ამ დეტალს მისი ბუნების წარმოჩენისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. იგი არ  მოუდრკა ამგვარ `შემოტევას~, არ დაკარგა თავადური სიამაყე. ის კვლავ დიდკაცურად ჰპირდება ბონდოს მასთან დარჩენის სანაცვლოდ ცხენ-უნაგირს. მაიას არსების მთავარი წინააღმდეგობა მისსავე სულშია.

მაიას უპირისპირდება კიდევ ერთი `ყაჩაღი~. ეს არის ასაკი, რომელმაც დაუნდობლად შემოაძარცვა მის ტანს მოქნილობა, კანს _ ფერი და თვალებს _ ბრწყინვალება (როგორც გალაკტიონი წერს: `ეჰა, მე ვამბობ, სად შემიძლია, ვებრძოლო ქალთა წყევლას, სიბერეს?~ (`სიბერე~)). მაგრამ მაია ძლიერია, ის შეიძლება მოკვდეს, მაგრამ, არავითარ  შემთხვევაში _ დამარცხდეს. ზღვამ მასში თავისი მსგავსი დაინახა. თავისი სიძლიერით მაია შორეულად გვაგონებს სანტიაგოსაც (ჰემინგუეის მოთხრობიდან `მოხუცი და ზღვა~), რომელიც ამბობს: `მაგრამ ადამიანი დამარცხებისათვის არ არის გაჩენილი, ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია~.

წლებმა ვერ გააფერმკრთალეს, ვერ დააცარიელეს მაიას ქალურობის საწყაული.  ჯერ კიდევ მრავლად აქვს სხეულის მიუგნებელ კუნჭულებში განძეულობა.  `თილისმა უნდა ჰქონდეს ხნიერობის წინააღმდეგ, თორემ რა ხნისაა~, _ ჭორაობენ მასზე ქალები. მაია ძლიერია შინაგანად. იგი ვერ მოდრიკა ვერც მატერიალურმა სიდუხჭირემ და ვერც დრომ. `მაია კი, თითქოს მონადირე უცხო ნადირს თოფს უმიზნებსო, ისე დასცქეროდა კოფოდან მეურმეს და მისი არშიყობის უშნო ხერხებს უთვალთვალებდა~, ამიტომ იყო, რომ ბონდო მაიას `ყველა საიდუმლების დედოფალს~ უწოდებდა.

მაიას სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. `გამიგონია, თითქოს მის კვალზე სიკვდილი დაიარებაო~, _ ჰყვებიან მასზე. სისხლი და სიკვდილი თითქოს მის სახეს მეტ ხიბლსა და იდუმალებას მატებს.  ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ იგრძნობს ქალი, რომ ის არავის მიწიერთაგანს არ შეიძლება ეკუთვნოდეს, გარდა ზღვისა, რომელიც მის მიჯნურად იქცა.  ამგვარი განცდა ნოველის მთელ ამბავს, სიუჟეტურ ხლართსა და ნიუანსებს ერთგვარი მისტიკისა და ფანტასმაგორიის საბურველში ახვევს, რაც დამახასიათებელი იყო მოდერნისტული ესთეტიკისათვის.

`გამიგონია, სისხლი უყვარსო~, _ამბობს ახალგაზრდა გლეხი ამბაკო მაიაზე. თავადის ქალი კი გრძნობს, რომ გარეგნული სილამაზის შემოძარცვა მას თაყვანისმცემლებს, ე.ი. მორიგ მსხვერპლს უკარგავს, ამიტომ არის, რომ საკუთარ თავს ეუბნება: `უბედურო თავადის ქალო, მაია, რა დროება დაგიდგა~. ახალგაზრდა გლეხი არ მიიზიდება მისკენ, როგორც ფარვანა სინათლისაკენ.

ზღვასთან მაიას შეხვედრას მწერალი ნახევრადზღაპრული მითოსური  წარმოდგენებით ავსებს. სწორედ ასეთ მისტიკურ გარემოში უნდა მოხდეს ზღვისა და მაიას ერთად შეყრა, დაწყვილება, `საიდუმლო ჯვრისწერა~. მარიამობის დღესასწაულის წინა ღამეს ათევენ ზღვისპირას. მწერალი საგანგებოდ არჩევს ხალხმრავალ შემთხვევას. ქორწილსა თუ ჯვრისწერას ყოველთვის ახლავს ხმაური და მხიარულება. სოფლის წესისამებრ, ბოროტი სულების დასაფრთხობად ხალხმა თავიანთი კარვების წინ ჯვრიანი ჭოლოკები აღმართა და კოცონები ააბრიალა. იმართება `დევური~ ცეკვა. ხალხი სიმღერას აგუგუნებს. `ამ გუგუნისა და როკვისაგან ბოლოს მიწა შეინძრა და ტყეში ხეები წამოსაქცევად შექანდნენ~. ხდება უჩვეულო, იდუმალი შეყრა ადამიანისა და ბუნებისა _ ზღვისა და მაიასი. ამიტომ მონაწილეობს სამყარო თითქოს ერთიანად _ თავისი ყოველი არსით. ეს სწორედ ამგვარ ვითარებაში უნდა მოხდეს _ კუდიანების ღამეს, როცა ღამისმთავარი _ მენცარი, უბელო კვიცზე გადამჯდარი, კუდიანების ფერხულს მართავს. სასწაული მხოლდ ასეთ ღამეში უნდა დაიბადოს. მაია სულიან-ხორციანად განიცდის ამ ღამეს. მისთვის სამყარო გახსნილია თითქოს. `მგელზე იჯდა მენცარი და ყველაზე უფრო მაღალი ხის წვერს შეჰყურებდა მოუთმენლად. ხის წვერზე ერთი ვინმე მესიაკონი შესკუპებულიყო და ბუს თვალებით გასცქეროდა ზღვის პირად ციხესავით შეკრული ხალხის ცეკვასა და მოძრაობას~. მაია, ჯადოქარივით ძალამიცემული, ეუბნება ამ ღამეს ბონდოს: `კუდიანების ღამეა ეს ღამე, ბონდო, და სთქვი, რა გსურს, რომ აგისრულო? ასე ნუ მოგიწყენია… სანამ როკაპი ტაბაკონას წავიდოდეს და მენცარის მეუფებას ბოლო მოეღებოდეს~. მაია ამ უხილავ, მაგიურ ძალებთან არის თითქოს იდუმალ დაკავშირებული.

ზღვისა და მაიას შეყრამდე  კი კიდევ ერთი მსხვერპლი უნდა შეიწიროს. ქალმა კიდევ ერთხელ უნდა გაიბრძოლოს მიწიერი, ამქვეყნიური ბედნიერების მოსაპოვებლად. ზღვასთან სიახლოვეს მაიას არსებაში სხვანაირი ძალით იფეთქებს ვნება _ ოღონდ ამჯერადაც მოთმინებით იცდის უპირველესი `სატრფო~ _ სიყვარული კვლავ სხვისკენ მიიზიდება. მაიას `სიბრმავის~ მოსახსნელად საჭიროა კიდევ მეტი სისხლი, კიდევ, კიდევ… იხატება შავი ზღვის ლამაზი პეიზაჟი: `შავი ზღვის ნელი სუნთქვა ზაფხულის მიწურულში, ლურჯი ქარგები სამეგრელოს ნაპირებისა და მიბნედილი სიმშვიდე შორეული ჰორიზონტების. საღამოს მოახლოება _ ლურჯი ქვიშა და ლურჯი ზღვა. ლურჯივე ცა და ამ ფერის ტყეები. შორს კიდევ ზმორებით გადმომცქირალი მთების ნისლიანი ლანდები და მათ შორის დაკარგული ზღაპრების Lლურჯი ზმანება~.  ყველაფერი ზღვითა და იდუმალი სილურჯით არის აღსავსე _ ყველგან არის გაწვდენილი ტალღების სუნთქვა. მთელი სამყარო თითქოს ზღვის ხარბი მზერით არის აღვსილი. ზღვამ იცის, რომ მალე დადგება სასურველი წამები  მიჯნურთან შეყრისა. სულ პირველი მეტოქე მისი, აფხაზი თავადი რომ წყალში დაიხრჩო, მას მიჰყვენ სხვებიც. ყოველი მათგანის სიკვდილში თითქოს იდუმალ მისი ხელი ერია.

მაია გრძნობს, როგორ ივსება სიცოცხლითა და სიხალისით ზღვის საიახლოვეს. `აჰ, ზღვა… დიდი, ლურჯი ზღვა! ჩემი საყვარელი ზღვა!~ იმავდროულად, იგი ბონდოსკენ, თავისი უკანასკნელი მიწიერი მეტრფესკენაც მიისწრაფვის. მას უნდა, რომ მისის ბედნიერება აიგოს სამთა კავშირზე: `ვიყოთ სამნი: ზღვა, შენ და მე~.

ზღვა კი ვერ მოითმენს ამჯერადაც ვიღაც `მესამეს~, თანაც, ასე ახლოს. მაია გრძნობს ზღვის დაუოკებელ მისწრაფებას მისკენ, მაგრამ მას, ხორციელ ადამიანს, ჯერ კიდევ დაუშლელს, რა თქმა უნდა, არ ძალუძს იდუმალ ნაგრძნობის გაცნობიერება, მაგრამ მის პოეტურ განცდებში მჟღავნდება დაფარული, ინტუიციური: `შეხედე კარგად, რა წყნარად სუნთქავს დღეს ჩვენი საყვარელი, საოცნებო ზღვა, თითქოს ჩვილ ბავშვს ოდნავ დარწეულ აკვანში ტკბილად სძინავსო… აი, მისი ნაპირებიც, როგორ მეგებებიან ჩუმი ალერსით, და ცის შორეული ტატნობის გაღიმებული სიმშვიდეც როგორ მესალმება თავადის ასულს… ასე მგონია, რომ ნიავის ფარფატი ყურში საიდუმლოდ ჩამჩურჩულებს სიყვარულის საგალობელს და მოწყურებულ ბედნიერებას ჰპირდება ჩემს ესოდენ დაკოდილ გულს~. აქ Qარაცნობიერი შეგრძნებები თითქოს ზედაპირზეა ამოტანილი. მაიამ უკვე იცის, სად ეზიარება წარუვალ, ნამდვილ ბედნიერებას, როგორ დააღწევს თავს მარტოობას, როგორ უშველის სინამდვილისგან უხეშად და სასტიკად `დაკოდილ გულს~.

მაიას ვნება შიშველია და, ერთი შეხედვით, ურცხვი. იგი ეუბნება ბონდოს: `თუ ჩემი ტანის სურნელი აღარ გაგონებს ახლად მოწველილი, გაუწურავი რძის სურნელს, რომელიც ოდესღაც ასე გხიბლავდა, სამაგიეროდ, მას ხომ ძველი ღვინის ძალა აქვს ახლა, რომელიც ნამდვილი ვაჟკაცის სასმელია, ვაჟკაცის ნამდვილი დამათრობელი~. ბონდომ არ იცის და არ შეიძლება იცოდეს მაიას ვნების ძალა. ის ზედმეტად მიწიერია ამისთვის და ამიტომ ახალგაზრდა დაფინოსკენ მიისწრაფვის. მაია დანანებით ეუბნება:  `შენ კიდევ არ იცი ძალა ჩემი სიყვარულისა, თორემ ასე ადვილად მას ვერ დათმობდი~.

მაიამ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და შეეცადა ბონდოს, მიწიერ მიჯნურს, მისი სიყვარული დაეფასებინა, მაგრამ ვერ შეძლო, მაშინ იფეთქა მასში სიამაყემ: `შენ შეურაცხჰყავი თავადის ქალი მაია, რომელმაც პატიება არ იცის. შენ შეურაცხჰყავ სიყვარული, ბონდო~! არ აპატია სიყვარულის შეურაცხყოფა მაიამ და მორიგი მსხვერპლი შეიწირა. მან ბონდოს ადრე ნათქვამი სიტყვები შეახსენა: `გინდა დამარჩენ, გინდა მომკლავ… თავადის ქალ მაიას შენამდე სხვებისგანაც ქონებია ეს უფლება მინიჭებული… და მით უსარგებლია კიდევაც~.

ამ ღამემ მაიას არსება თითქოს მოდრიკა. მან იგრძნო, რომ უნდა აღსრულებულიყო ბედსიწერა. ამჯერად ზღვა თვით მიჯნურის ხელით აწყობს ბოლო `მსხვერპლშეწირვას~. მაია გრძნობს, რომ იგი ვიღაცის სურვილის აღმსრულებელია. იგი განგებას მიჰყვება.  გულგრილ ბედისწერას ცივად მიაქვს სისხლი `შეყვარებულთა~ კარვისკენ გაცხელებული გულის გასაციებლად. ხუთი შეყვარებული იხატება მოთხრობაში: მაია, ბონდო, დაფინო, ამბაკო და ზღვა. დაფინომ და ამბაკომ უნდა შეაგზნონ ცეცხლი მაიასთვის, ბონდო კი უნდა გაიწიროს, როგორც ზედმეტი მესამე, `ასეა გადაწყვეტილი~, _ იცის თავადის ქალმა: `ოჰ, რა დაწყობილია ბედისწერის კანონები~, _ ეუბნება მაია შემთხვევით გამოჩენილ ამბაკოს. მან ხომ სწორედ ახლახან გაუგზავნა კარავში ბონდოს დაფინო, როგორც თავადური საჩუქარი. `ეს უკვე განგება არის, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ~. მოსახდენი მოხდა. დაფინოზე შეყვარებულმა ამბაკომ ბონდო მოკლა.

ეს იყო ირეალური ღამე. დილას კი, `დასავიწყი სიზმრის კოშმარებს ცის მნათობმა უკანასკნელი თვალები ამოსწვა~. `განვლილი ღამის ნაფეხურებში სიცხადე ჩადგა ხმალამოწვდილი~. ზღვა ჩასცქერის მაიას თავისი მრავალი თვალით და შანთავს, აძრწუნებს, აშინებს და, თანვე, საოცარი, აუხსნელი ძალით იზიდავს. ნაპირზე, თეთრ ტილოზე წამოწოლილი მაია დაფინოს ეუბნება: `გესმის, როგორ მემუქრებიან ტალღები? ნუ ხარო ამქვეყანაზე, მეძებენ, მოტაცებას მიპირებენ~. `აი, გაიხედე, როგორ ამოდის ზღვის უფსკრულიდან უცნაური ტალღები, შავები, ლურჯები, შეუპოვრები, შეხედე, ჩემკენ მოდიან, შემომცქერიან. ყური დაუგდე, რა ხმაზე გაიძახიან ჩემს სახელს, კიდით კიდემდე მიხმობენ. მოდი, თავადის ქალო, დროა, ეზიარო არყოფნის მარადიული სიჩუმის საიდუმლოებასო~.

სიცხადის სამანი მოირღვა. მაია პირისპირ დარჩა ზღვასთან: `მაიას წინ ტალღები ყალყზე შედგნენ _ ვინ არის აქ ისეთი, ვინც არ უნდა იყვეს? _კვლავ იკითხეს~. მაია შედის ზღვაში და გრძნობს, როგორ ეზიდებიან ტალღები თავისკენ, როგორ ეფერებიან, როგორ ჰპირდებიან სიმშვიდესა და ბედნიერებას. ზღვამ მაიას ყველა მიჯნური გაახსენა. მის თლილ თითებსა და მაჯაზე მათი ტრფობის კვალი იყო დარჩენილი _ ძვირფასთვლიანი ბეჭდები და სამაჯური. მაიამ ზღვას სათითაოდ `შესწირა~ ყველა. ამ შეწირვასთან ერთად გაცხადებულ აღსარებაში თითქოს სამუდამოდ ჩამოშორდა მის სახელს ყველა მიჯნურის კვალი, წყვდიადში დაინთქა ყოველის ხატება და  მოგონება. თითქოს საგნებმა და მოვლენებმა მის აღქმაში თავიანთი ნამდვილი სახე და ბუნება დაიბრუნეს. მისის რემზიც, დაღლილი გამუდმებული შენიღბვისაგან, `ხედავს, როგორ დაბერავს ქარი მის იალქანს და მაინც, ლამის ყოველგვარი სურვილი გაჰქრობია მოგზაურობის გასაგრძელებლად და წარმოიდგენს, როგორ ჩაიხვევდა ტალღები და ჩაიძირებოდა, და როგორ მოიპოვებდა სამუდამო განსასვენებელს ზღვის ფსკერზე~ (ვირჯინია ვულფი `გზა შუქურისკენ~).

მაია მიდიოდა ზღვის სიღრმეში, შიშველ ტანზე შემოხვეული თეთრი ზეწრით უმანკო `პატარძალივით~. ზღვამ თავის ვრცელ მკლავებში ჩაიხუტა მისი ნატანჯი სული და დაღლილი სხეული. ადამიანებმა არ უწყოდნენ მისი ფასი. ზღვამ დაიბრუნა თავისი ოდესღაც, ვინ იცის, რის გამო, რა ვითარებაში, რა ძალებით ნაპირზე, იდუმალებიდან სიცხადეში გამორიყული განძი და ვინ იცის, კიდევ როდის მოისურვებდა განგება, რომ ზღვის ქაფიდან შობილიყო ახალი აფროდიტე.

მაია სიმბოლურად ამქვეყნად ვერმოხელთებულ ბედნიერებასაც გულისხმობს. სახელი მაიაც ხომ ინდურ მითოლოგიაში მაცდური, ილუზიებისგან ნაქსოვი საბურველია, რომლის არსსაც ბოლომდე ვერავინ ვერასოდეს ჩასწვდება.

1961 წელს ლანა ღოღობერიძემ გადაიღო სამი ნოველისგან შედგარი მხატვრული ფილმი „ერთი ცის ქვეშ“, რომლის ერთი ნოველა სწორედ „თავადის ქალი მაიაა“.  მთავარ როლებს არაჩვეულებრივი ოსტატობით განასახიერებენ  ლიანა ასათიანი (თავადის ქალი მაია), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ბონდო)  და გიული ჭოხონელიძე(ამბაკო).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი