ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

იულია ტ.-ის მკვლელობის ამბავი

აგვისტოს ყველაზე ცხელ დღეებში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ შედგენილი და გამოცემული წიგნი ვიკითხე: „დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“. გასული საუკუნის პირველი ნახევარი, საბჭოთა 30-იანები, სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული და გამართლებული ტერორი, თავზარდამცემი ამბები უდანაშაულო ადამიანების შესახებ, რომლებსაც „არასწორი“ ეროვნება, პოლიტიკური შეხედულებები თუ ცხოვრების თანამგზავრი აღმოაჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წიგნი არ იყო, რომელსაც საბჭოთა ეპოქის საშინელებების შესახებ ვკითხულობდი, მოგონებებისა და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამ კრებულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უფრო მკვეთრ შუქში, უფრო მკაფიოდ დავინახე სურათი, რომლისთვის თვალის გასწორებაც ყოველთვის მიჭირდა.

ქალები ისე უბრალოდ ჰყვებოდნენ ყოველდღიურ გმირობაზე, თითქოს სიკვდილთან თამაშზე ჩვეულებრივი არაფერი ყოფილიყო, თითქოს ყველას შეძლებოდა მშვიდად გავლა ბაგირზე, რომლის ბოლოც გაურკვევლობის წყვდიადში იკარგებოდა. სიკვდილით დასჯის მუდმივ მოლოდინში შიში საბოლოოდ გაუქრათ – ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე მოჩანდა. უფრო მნიშვნელოვანი ყოველი ახალი დღის გადატანა იყო, შიმშილისა და სიცივის, დამცირებისა და იძულებითი ფიზიკური შრომის გაძლება.

წიგნის კითხვის დაწყებისთანავე გამახსენდა ერთი გოგოს ამბავი, რომელიც ბავშვობიდან მესმოდა – მამაჩემის დაბადებამდე, გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს რომ არ გარდაცვლილიყო, იულია მისი მამიდა იქნებოდა. გორთან ახლოს, სოფელ პატარა გარეჯვარში მცხოვრებ მიხეილ ტაველიძესა და ეკატერინე კოპაძეს თერთმეტი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ცხრა სხვადასხვა ვირუსულმა ინფექციამ შეიწირა. სრულწლოვანებას მხოლოდ ორმა მიაღწია: იულიამ და არჩილმა, მამაჩემის მამამ. რამდენადაც ჩემი ოჯახის წევრებიდან იულია ვერავის მოესწრო, მის შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცით: მაღალი, ლამაზი გოგო ყოფილა, წელამდე ნაწნავით; ყოჩაღი და მხიარული, დაუზარელი და ხელმარჯვე.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მიხეილ ტაველიძე შეძლებულ გლეხად მიიჩნიეს და მიწების დიდი ნაწილი ჩამოართვეს. თვალი მის ქალიშვილსაც დაადგეს. ერთმა ადგილობრივმა ბოლშევიკმა, რომლის ხელშიც იმხანად სოფლის თითოეული მოსახლის ბედი იყო, ოჯახს შეუთვალა: გოგო მომათხოვეთ, თორემ ციმბირი უკან დაგრჩებათო. „გაკულაკებისა“ და ასევე იმის შიშით, რომ უარის შემთხვევაში თავზეხელაღებული შურისმაძიებელი იულიას გააუპატიურებდა, მშობლებმა შვილის დათანხმება სცადეს. საქმეში სამეზობლო და სანათესაოც ჩაერია – ერთხმად ურჩევდნენ გოგოს, ცოლად გაჰყოლოდა საქვეყნოდ ცნობილ არამზადასა და ბოროტმოქმედს, ასაკით ბევრად უფროს კაცს, რომელიც ყველას გასაგონად იმუქრებოდა: არ გამომყვება და მხოლოდ მაგას კი არა, ძმასაც გავაუბედურებო.

შეეშინდათ. თავისა და შვილების გადასარჩენად მშობლებმა დათანხმება არჩიეს. იულია ბოლო წუთამდე წინააღმდეგი იყო – ტიროდა, ჭამაზე უარს ამბობდა, დედას და მამას ემუდარებოდა, ყველას ეუბნებოდა, მაგ კაცთან ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნიაო. მაინც შეუდგნენ საქორწილო სამზადისს. მაინც დაკლეს საკლავი და შოთ-ლავაშის ცხობა დაიწყეს. თვალცრემლიანი, ფერდაკარგული გოგო პურის მცხობლებთან მისულა და უთქვამს: ღმერთს ვთხოვ, ერთ კვირაში ჩემი ქელეხის პური დაგეცხოთო.

ისტორიის ეს ნაწილი ყოველთვის მანადგურებდა – მკაფიოდ ვხედავდი სასოწარკვეთილ გოგოს, მის წყლიან თვალებსა და სიმწრით დაკბენილ ტუჩებს. ვხედავდი მეზობელ-ახლობლების მოღუშულ სახეებსაც, აკანკალებული ხელებით გათხელებულ ლავაშებს, ავად მოელვარე ნაკვერჩხლებს თონის სიღრმეში. ვერასდროს ვახერხებდი წინაპრების გამართლებას – ქალიშვილის გაწირვა რომ ყველაზე სწორ გამოსავლად მიიჩნიეს. ალბათ ეგონათ, რომ გაუძლებდა, წარმოდგენას შეიცვლიდა, ყოველდღიური ყოფის სიმწარეს შეეგუებოდა. მერე იქნებ დროც შეცვლილიყო…

ქორწილიდან ზუსტად სამი კვირის თავზე მოკვდა იულია – ძალიან ახალგაზრდა, ყოველმხრივ გულმოკლული, კოშმარულ ჩიხში მომწყვდეული. სიკვდილის მიზეზად ვერაფერს ასახელებდნენ. იქნებ არაფერს ჭამდა? იქნებ განგებ დალია ან შეჭამა რაღაც ისეთი, რაც გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევდა? იქნებ მოძალადისთვის წინააღმდეგობის გაწევისას მიიღო ისეთი ტრავმა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა? საბჭოთა ეპოქის ერთგული შვილი, ძალაუფლებით თავბრუდახვეული და ყოვლისშემძლეობის განცდით გაამაყებული, ცხადია, ოფიციალურად არავის დაუდანაშაულებია. მეორედ დაქორწინდა, შვილებიც შეეძინა და მოხუცებულობასაც მიაღწია.

იულიას ძმა, არჩილ ტაველიძე, 1942 წელს მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.

იულიას დედა, ეკატერინე კოპაძე, რომელსაც თერთმეტივე შვილი მოუკვდა, სიცოცხლის ბოლო წლებში ჭკუიდან გადავიდა. სახლის წინ საგარეოდ ჩაცმულ-დახურული იჯდა და გამუდმებით ელოდებოდა საბარგო მანქანას, რომელსაც სადღაც უნდა წაეყვანა.

ჩემთვის იულიას დარქმევა უნდოდათ, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს – ბედი არ ჰქონდა საბრალო გოგოს და ვინ იცის, იქნებ არც იყოს კარგი, მისი სახელი რომ ერქვასო.

დრო, ბედი – უპიროვნო დამნაშავეები.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი