ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

აზრის ძალა და „ცეცხლი თვალებში“

„ყველას, ვისაც გამარჯვება სურს, უნდა დაწვას ყველა ნავი და მოიჭრას უკან დასაბრუნებელი გზები. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ადამიანმა შეინარჩუნოს გამარჯვების მწველი სურვილი, რომელიც ასე არსებითია წარმატებისთვის.
ნაპოლეონ ჰილი

„ცეცხლი თვალებში”

რატომ ხდება, რომ სხვადასხვა ადამიანის მიერ წარმოთქმული ერთი და იგივე სიტყვა განსხვავებულად ჟღერს და მოქმედებს ჩვენზე? ერთ შემთხვევაში, უინტერესო და არაფრისმთქმელია, სხვა შემთხვევაში – განუსაზღვრელი ძალის მქონე… იმდენად ღრმად აღწევს ჩვენში და ისეთ სივრცეებს ეხება, რომ მყისიერად იწვევს ცვლილებას… რა განსაზღვრავს სიტყვის გავლენას და ძალას?

მეტაფორულად მეორე ტიპის ადამიანზე იტყვიან, რომ „ისეთი ცეცხლი აქვს თვალებში, რომ შეუძლია, სხვაც აანთოს…!”

„თვალებში ცეცხლზე” ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში მოხდა: გამოსაშვებ საღამოზე მიიწვიეს ერთი მილიარდერი, რომელსაც სიტყვით უნდა მიემართა მანტიებით და ქუდებით შემოსილი სტუდენტებისათვის, რომლებიც მეორე დღიდან ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. დღეს ისინი იყვნენ: ლაღები, თავისუფლები, ჯანმრთელები, ბედნიერები… ხვალიდან – წარმატებული ადამიანები და მენეჯერები… დღეს მხოლოდ მეოცნებეები….

მილიარდელმა სიტყვა ასე დაიწყო: ბევრი წლის წინ მეც თქვენსავით ვიყავი სტუდენტი (ყველა ასე იწყებდა თავის გამოსვლას…).  ბევრი წლის წინ – გაიმეორა ორატორმა, – მე ვიყავი სტუდენტი და მე არაფერი მქონდა… ა რ ა ფ ე რ ი…. ბევრ თქვენგანს დღეს უკვე აქვს მზა სამუშაო, ავტომობილი, ჰყავს გავლენიანი მშობლები… მე კი  ა რ ა ფ ე რ ი არ მქონდა… არაფერი! მე მქონდა დიპლომი და ცეცხლი თვალებში. და ეს ცეცხლი შესაძლოა, იმისგან მქონდა, რომ მე არაფერი მქონდა…. გავიდა დრო… ახლა მე მაქვს ყველაფერი და თვალებში ცეცხლი ისევ დამრჩა!

აი, ახლა კი ვდგავარ თქვენ წინ, გიყურებთ და ვერცერთის თვალებში ვერ ვხედავ ასეთ ცეცხლს. თუ თანხებში გადავიყვანთ, ასეთი თვალებით თქვენი შემოსავალი წელიწადში შეიძლება იყოს 100 000 დოლარი. მე მილიარდერი ვარ… რაზე ველაპარაკო ადამიანებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში მხოლოდ 100 000 დოლარით შემოიფარგლება? – არაფერზე! ამიტომ მე გემშვიდობებით და მივდივარ…
ჰო, მართლა… ორგანიზატორებმა მთხოვეს, რომ გამოსვლა პოზიტიურ ნოტაზე დამესრულებინა: წარმატებებს გისურვებთ!
ახალგაზრდებს ეგონათ, რომ ეს ორატორის ტრიუკი იყო, რომ ის ისევ დაბრუნდებოდა და გააგრძელებდა სიტყვას… მაგრამ ეს ასე არ მოხდა… მილიარდერმა თავისი სათქმელი მოკლედ და კონკრეტულად თქვა და სცენა დატოვა…
რას იფიქრებდით, თქვენ რომ იმ გამოსაშვებ საღამოზე ყოფილიყავით? აუცილებლად დაინტერესდებოდით, მაინც რას ნიშნავს ასეთს: „ცეცხლი თვალებში”?
ჯინი, რომელიც ყოველთვის „გისმენთ და გემორჩილებათ…”

რას ნიშნავს პოზიტიურად აზროვნება?  ადამიანებმა რომ იცოდნენ, საკუთარი თავის ანატომია, რომელიც ცხოვრებისეულ მოვლენებს განსაზღვრავს, ალბათ უფრო ფრთხილები და მიზანმიმართულები იქნებოდნენ ფიქრისა და ოცნების დროს. წარმოიდგინეთ, რომ მართავთ მანქანას და მართვის არაფერი გაგეგებათ… ძალიან მალე თქვენ გადაიჩეხებით. ასეა, ადამიანიც მრავალგანზმილებიანი მანქანაა და ჩვენ კი მხოლოდ მისი ზედაპირული მართვა ვიცით. მაგალითად, ის, რომ მანქანის გადასაადგილებლად საჭიროა კვება, ძილი, სექსი და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რომ მას ყოველთვის სასურველ ადგილას არ მივყავართ, უფრო ღრმა მართვის სფეროა.

ზღაპრები, იგავები, მითები – ჩვენი არაცნობიერის ცოცხალი შემადგენელი ნაწილებია. ისინი, გარდა იმისა, რომ რაღაც კონკრეტულზე გვიყვებიან, ყოველთვის უფრო ღრმა აზრის და მნიშვნელობის მატარებელნი არიან. მაგალითად, ყველას გახსოვთ ალადინის და მისი ლამპის ზღაპარი. ფსიქოლოგები ლამპიდან ამოსულ ჯინს არაცნობიერის მეტაფორად განიხილავენ. ეს განხილვა კარგად ხსნის პოზიტიური აზროვნების ძალასა და გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.

ჩვენი ცნობიერის და არაცნობიერის ენა განსხვავებულია. ცნობიერი, ე.წ. დუალისტური სამყაროს მკვიდრია, მან იცის – ჰოც და არაც… მაგრამ არაცნობიერი, რომელიც ყველაფერს ისმენს, სრულიად განსხვავებულად რეაგირებს ჩვენს აზრებზე, სურვილებსა და ემოციებზე. ის ყველაფერს, რაც ცნობიერში მიმდინარეობს, ეუბნება: დიახ… და არა მხოლოდ ეუბნება… ასრულებს მას! სწორედ ამიტომ არის გაიგივებული ჯინი არაცნობიერთან. ის თავის პატრონს  ყოველთვის ეუბნება: „გისმენ და გემორჩილები…”

და როგორ ფიქრობს უმეტესად ადამიანი? რა თქმა უნდა, მისი ცნობიერი გადავსებულია იმით, რაც არ მოსწონს, რაც არ უნდა, რისიც არ სჯერა, რისიც ეშინია…. ანუ ნეგატივით. ამ დროს კი ჯინი, რომელიც ყოველთვის თქვენს მხარზე ზის, თქვენს ნეგატიურ სურვილებს ეხმიანება და ასრულებს… ეს მითების და ზღაპრების ენაზე.

იმავეს ამბობს კვანტური ფიზიკა განსხვავებულ ენაზე: აზრი მატერიალურია, მსგავსი იზიდავს მსგავს ენერგიას. ყურადღების კონცენტრირება (დამკვირვებლის ეფექტი) რაიმეზე სრულიად  ცვლის მას… და, რაც მთავარია, ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნდეთ „სუპერპოზიციაში” და შესაძლებლობათა ოკეანიდან გააკეთოთ ახალი არჩევანი…

ასე რომ, პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში არ შეამჩნიოთ ნეგატივი, ან უსიამოვნო ფაქტი ისე მიიღოთ, როგორც სასურველი… პოზიტიური აზროვნება ნიშნავს დამოკიდებულებას ფაქტისადმი… რომ პოზიტიური  ცვლილებები მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ფიქრობ (საუბრობ და ავრცელებ) სასურველ რეალობაზე და არა იმაზე, რაც არის და არ მოგწონს…

აზრი ყოველთვის ცოცხალია და არსებული… აზრის ფორმები ყოველთვის ვიბრირებს ჩვენ სიახლოვეს და აქვს უნარი მატერიალიზდეს, თუკი თქვენი აზრები იმ ცეცხლით იკვებება, რომელიც ფიქრისას თვალებში გენთებათ.

თუ თქვენ ატარებთ ასეთ აზრებს: რა საშინელია ცხოვრება; ამ ქვეყანას არაფერი ეშველება; ხომ ვამბობდი; ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და ასე შემდეგ… თქვენს მხარზე შემომჯდარი ჯინი, რომლის არსებობის შესახებაც, შესაძლოა, არც იცით, ისმენს ამ ყველაფერს და ნებისმიერ აზრზე გპასუხობთ: დიახ!

ანუ ასეთ შემთხვევაში, მას ჰგონია, რომ თხოვთ იმას, რაზეც და როგორც ფიქრობთ და გისრულებთ… „დიახ… გისმენთ და გემორჩილებით”.

ერთი შეხედვით ძალიან ადვილია: შეცვალოთ ფიქრის ფოკუსი, სხვა არაფერი. და ამის შემდეგ დააკვირდეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება!

ვისთვისაც ზღაპარი მხოლოდ ზღაპარია, მისთვის არაფერი არ შეიცვლება, ხოლო ვინც ჩასწვდება ამ მარტივ ანატომიას, მისთვის რეალობა ზღაპრად გადაიქცევა…

წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი