აგვისტოს დღეები

აგვისტოს დღეები დაწყებულ და ვერდამთავრებულ წიგნებს გულისხმობენ. დიდი დაზარებაა აგვისტო. უნებისყოფობის მწვერვალებს ლაშქრავ. ალბათ ამიტომაც დგება მაშინ ფერისცვალება – თითქოს სხვა სიცოცხლეში გადასაბარგებლად ემზადები. ნაბიჯებს იქით სექტემბერია. ადამიანებს გვეშინია ფერიცვალების –  მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების უცხოს და რთულის შიშს. ამიტომაც ბევრი აგვისტოში რჩება და სხვა ყველა თვეც აგვისტოა მისთვის – უძრაობის და სიცოცხლისგან თვალის მორიდების დრო.

წყალში ყინული ჩავარდა დღეს – იტყოდნენ და საბანაოდ წასვლა ძნელდებოდა. გაპარვები და ტყუილები კი ჭრიდნენ და ის წყლები – ბჟუჟი, სუფსა, ნატანები თუ გუბაზეული – ამ საქმედ ღირდა, მაგრამ თვალი და გონება იოლად გრძნობდა დასასრულის გემოს. ჩამოსულები წასასვლელად იბარგებდნენ. მდინარის ნაპირზე მიგდებული ასე ძვირფასი კოკა-კოლას ორიოდ ქილა, ბარემ გაზაფხულამდე რომ ძლებდა იქ, როგორც ქალაქის საკრალური და მიუწვდომეული სიმბოლო – იყო ამის უტყუარი დასტური. ზაფხული მთავრდებოდა. სტუმარი ნათესავის დატოვებული ჩუსტები და მისი შვილის დაფუშული საცურაო რგოლი უკვე უხმაურო სახლში – ღირს ეს დასასრული მსოფლიო სევდათა ათეულში მოსახვედრად.

ამ დღეებში ჭრიჭინებიც უჩვეულოდ მღერიან. თითქოს გემშვიდობებიან და არ იმჩნევენ. ან შენ არ იმჩნევ. სად ქრებიან ჭრიჭინები და ან ციცინათელები? ვინ ესწრება ამ ჩემი ბავშვობის უსათუო თანამდევების სიკვდილს? ან ეგებ არც კვდებიან, ეგებ ხეების ტანში იმალებიან გვიან გაზაფხულამდე. არავინ იცის.

მიწა ნელ–ნელა იცვამს მეორად ტანსაცმელს. ფოთლებს, ადრე სხვებს რომ მოსავდნენ. ჰეჰ, მეორადი ტანსაცმელი. სულ ბოლოს მომისწრო, სკოლას რომ ვამთავრებდი. ძონძები – ასე ერქვა. ჰოლანდიური ფუთა ფასობდა ყველაზე მეტად –  მით უფრო, რომ ვიღაცამ ერთი შარვლის ჯიბეში იქაური ფულიც კი ნახა. გარეცხილი, მაგრამ თქვა ლარში გადამიცვალესო და ჰა! მერე ხმები დაყარეს – მკვდრებს ეცვაო ეს ტანსაცმელი. ასეთი ჭორები ადვილად იპყრობდა გულებს. უფრო ადრე  ჯინსებზე თქვეს, ეგ ამერიკაში უკანასკნელ მუშებს აცვიათო, მერე სათამაშო გამოძვრა ასეთი – ცისარტყელა ერქვა, ყველას გვინდოდა და ცოტა თუ ყიდულობდა, მაგრამ მკვახე ყურძნის ამბავში კარგად მოგვისწრო ახალმა ხმამ – გიჟებს აწყნარებენ გერმანიაში ეგრეო. მოკლედ. ჰოდა, თვის შუიდან მიწა უკვე პალიმფსესტივით იკითხებოდა – ფოთლების დაწერილ ამბებს ქვემოთ იყო.

აგვისტო არის მარიამობა, ანუ მარიობა. ეს დრო ზაფხულს აღარ ეკუთვნის. ამიტომაც მეფობს ალბათ მკაცრი ლეგენდა – ზღვა ადამიანს ითხოვსო და ძნელად თუ ვინმე ეკარებოდა. საერთოდ, ზღვის შიშზე ადრეც მოგითხრეთ – სულ მიკვირდა ამ შიშის, მაგრამ ვიზიარებდი კი. დახრჩობას როდი ვუფრთხოდით, მგონია, რომ სივრცე უფრო გვაშინებდა. მე მგონია, მეც და თქვენც დღემდე გვაქვს ეს შიში და ძალიან გვაფერხებს. ზღვას მეგობრობა სჭირდება. გადაცურვა. ახლის დანახვა და შენახვა. უცხოს გაცნობა და შეცნობა. ბოლო-ბოლო სექტემბერი მოდის – სხვა დაბადების თვე.

 

 

 

კომენტარები

comments