სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, გახდეს წარმატებული

ვფიქრობ, ძნელად იპოვით მშობელს, რომელსაც არ სურს, მისი შვილი წარმატებული იყოს. უფროსები, წესისამებრ, ადრევე იწყებენ ამაზე ზრუნვას და ძალას, ენერგიას, მცდელობას არ იშურებენ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ მცირეწლოვანი შვილის წარმატებით გაიხარონ. თუმცა ხშირად, მიუხედავად მშობლების ძალისხმევისა, ბავშვი წარუმატებლობის მსხვერპლი ხდება. ალბათ, საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ასეთი შედეგი და რა უნდა გააკეთოს მშობელმა შვილის წარმატების ხელშესაწყობად, რითაც თავადაც გაიხარებს და საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს, ვინაიდან წარმატებული და რეალიზებული ადამიანების სიმრავლე ქვეყანაში ფსიქოლოგიურ კლიმატს სასიკეთოდ ცვლის.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ ბავშვის წარმატება-წარუმატებლობა არა მხოლოდ ოჯახზე, არამედ სკოლასა და საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პიროვნების ჩამოყალიბება ოჯახში იწყება და სწორედ მშობელი განსაზღვრავს, რა მიმართულებას მიიღებს ეს პროცესი, ვფიქრობ, მისი როლის გამოკვეთა და მასზე ყურადღების გამახვილება ღირს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ განსაზღვრულ დრომდე ყველაზე დიდი ავტორიტეტი ბავშვისთვის მშობელია. სწორედ მისი აზრია პატარასთვის განსაკუთრებით ფასეული. ხშირად – იმდენად მნიშვნელოვანიც კი, რომ, თუნდაც გარშემო მყოფები ერთხმად აღიარებდნენ მის მიღწევებს, თუ მშობლის კმაყოფილება და მოწონება ვერ იგრძნო, თავდაჯერებას კარგავს. ამას მოწმობს პატარა გიოს შემთხვევაც, რომელმაც ერთ-ერთი საკონცერტო ნომრის შესრულებით აღაფრთოვანა მსმენელი. დარბაზში დიდხანს ისმოდა მოწონების შეძახილები. ბავშვი სიხარულს ვერ მალავდა, მაგრამ როგორც კი დედის უკმაყოფილო სახეს მოჰკრა თვალი, ღიმილი სახეზე შეაცივდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გიოს მუსიკოსი დედიკო არასოდეს რჩებოდა კმაყოფილი შვილის გამოსვლით, აძლევდა შენიშვნებს და უფრო და უფრო მეტს მოითხოვდა მისგან. მშობლის ასეთი დამოკიდებულების გამო გიო მოკლებული იყო წარმატებით განცდილ სიხარულს და მოუთმენლად ელოდა იმ დღეს, როდესაც დედის სახეზეც დაინახავდა მოწონების გამომხატველ ღიმილს. რაკი ამას ვერ მიაღწია, მოგვიანებით, როცა დედისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, უარი თქვა მუსიკალურ განათლებაზე და მუსიკალურ სასწავლებელში სიარულს თავი დაანება, რითაც ძალიან გაანაწყენა მასწავლებლები, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.

მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ გიოს დედისნაირი მშობლები იშვიათად გვხვდებიან. ჭარბობენ ისეთები, რომლებიც შვილის მცირედ წარმატებასაც კი აღფრთოვანებით ხვდებიან და გარშემო მყოფებისგანაც მოითხოვენ ბავშვის „უნიკალური ნიჭის“ აღიარებას. ვერც პირველ, ვერც მეორე შემთხვევაში უფროსები ვერ უქმნიან ბავშვს სათანადო პირობებს, რათა მან მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, წარმატებულობის განცდა დაეუფლოს და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს.

მაინც რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, როგორ იპოვოს ის ოქროს შუალედი, რომელიც წარმატებული, რეალიზებული და ბედნიერი პიროვნების აღზრდაში დაეხმარება?

* ცნობილია, რომ ადამიანი მაშინ გრძნობს თავს ბედნიერად და წარმატებულად, როცა მისთვის საინტერესო და საყვარელ საქმეს აკეთებს. ამდენად, კარგი იქნება, თუ ზედმეტად არ ჩავერევით ბავშვის არჩევანში და მივცემთ საშუალებას, თავად გაერკვიოს, რას გააკეთებდა სიყვარულით და სიამოვნებით.

*  პატივი ვცეთ ბავშვის არჩევანს, მაშინაც კი, თუ ის ჩვენს გეგმებსა და სურვილებს ეწინააღმდეგება.

* ნუ მოვითხოვთ ბავშვისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ამ შემთხვევაში მუდმივი მარცხი მას საკუთარი ძალების რწმენას დაუკარგავს და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სერიოზულ დაბრკოლებად ექცევა.

* არ იქნება გამართლებული, მოვთხოვოთ ბავშვს, ყველაფერში პირველი და შეუდარებელი იყოს. ამან შესაძლოა უარყოფითი განცდები აღუძრას, რაც წარმატების მიღწევაში ნამდვილად ვერ დაეხმარება.

* გავითვალისწინოთ, რომ წარმატება შეფარდებითი ცნებაა. ის, რაც ერთს წარმატების განცდის საფუძველს აძლევს, მეორისთვის შესაძლოა მარცხის მომასწავებელი აღმოჩნდეს. როცა ვხედავთ, რომ ბავშვი მაქსიმალურად იყენებს თავის შესაძლებლობებს, უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ მის მონდომებას და თითოეული მიღწევა აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შესაძლოა მინიმალური ძალისხმევით ახერხებდეს იმავეს.

* წარმატებული მშობლებისთვის უფრო ადვილია წარმატებული პიროვნების აღზრდა. ადამიანი, რომელმაც მიზეზთა გამო ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების რეალიზება, შვილისგან მოითხოვს იმას, რაც თავად ვერ შეძლო. ამით ის საკმაოდ მძიმე ტვირთს ჰკიდებს მხრებზე პატარას და წარმატებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში ხელს უშლის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი არ არის ბავშვის აღზრდის პროცესის ისე წარმართვა, რომ მან თავისი შესაძლებლობების ზედმიწევნით რეალიზება მოახერხოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, რომ ყველას თავისი გზა აქვს და არ არის სასურველი სხვისი, თუნდაც მშობლების გაკვალული გზით იაროს, გაგვიადვილდება იმ აზრთან შეგუება, რომ არ უნდა გადავახვევინოთ ბავშვს განვითარების საკუთარი გზიდან. პირიქით, ჩვენი თანადგომით დავეხმაროთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, თვითაქტუალიზებასა და წარმატების მიღწევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი