სისხლიანი სპორტი

მასწავლებლებისგან ნაჭამი ალიყური აბა ვის არ გვახსოვს. ორი სკოლა გამოვიცვალე და ამ მიმართულებით საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა. წესრიგის დამრღვევი მოსწავლისადმი ტრადიციული და ინდივიდუალურ შტრიხებს მოკლელბული ფიზიკური ანგარიშსწორება (პანჩურის ამორტყმა, სახეში გაშლილი ხელის გარტყმა, ქოჩორის მოწიწკვნა) იმდენად გავრცელებული იყო, რომ გახსენებადაც არ ღირს. მე მინდა გავიხსენო საუკეთესო ხუთი მეთოდი, რომელიც გამოირჩეოდა უზადო ტექნიკით (ათწლეულების მანძილზე ყოველდღიური (შაბათ-კვირის გამოკლებით) პრაქტიკის გამო) და, რაც მთავარია, ეფექტურობით (მრავალჯერად გამომიცდია საკუთარ ტყავზე ხუთივე). არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მეთოდები სხვა სკოლების მასწავლებლების გონებაში სრულიად დამოუკიდებლად დაბადებულიყო, ბოლოს და ბოლოს ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ და მიხეილ კალატოზიშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდნენ კინოში ინდივიდუალური კამერის გამოყენების მეთოდამდე. ადამიანები ვართ.

ჩემს ტოპ ხუთეულს დავიწყებ ბოლოდან:

 

  1. ვახტანგ მასწი.

მისეული მეთოდი არავითარ გამომგონებლურ უნარებს არ ეფუძნებოდა, ოდენ ფიზიკური დეფექტით იყო შთაგონებული, მაგრამ მტკივნეულობის ხარისხით მომდევდო ოთხს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ვახტანგ მასწი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ (მგონი ტყვედაც ჩავარდა), ერთ-ერთი შეტაკების დროს მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითში ტყვია მოხვდა. თითი მართალია ამპუტაციას გადაურჩა, მაგრამ სამუდამოდ გაუქვავდა (“გაუხმა”, როგორც სოფელში ამბობდნენ) და მოხრითაც ვერ ხრიდა, ცხადია. თანაც მუქი და საოცრად პრიალა იყო, რატომღაც. სახიფათო იარაღად ქცეულ სხეულის ნაწილს რომ ფლობდა ვახტანგ მასწმაც იცოდა, ამიტომ მას მხოლოდ კინკრიხოზე სამჯერ ურტყამდა მოსწავლეს, თანაც საქმის დიდი ცოდნით, რადგან ხელი ოდნავ რომ აცდენოდა და არმატურის ნაჭრად ქცეული თითი საფეთქელში რომ მოეხვედრებინა ბავშვისთვის, შეიძლებოდა დიდი ტრაგედია მომხდარიყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგ მასწი ღრმა სიბერემდე ასწავლიდა სკოლაში და მიზნისთვს (კინკრიხოსთვის) არასდროს აუცილებია.

 

  1. თინა მასწი.

მისეული მეთოდი საფეთქლიდან და კეფიდან თმის ერთდროულ, სწრაფ აქაჩვაში მდგომარეობდა, მის ხელს ინსტინქტურად ზევით მიჰყვებოდი, სანამ ხელს არ გაგიშვებდა, ცერებზე იდექი და ხელს ჰაერში ასავსავებდი, რომ გულის შეღონების შემთხვევაში რამეს ან ვინმეს (რა თქმა უნდა, არა თინა მასწს) მოპოტინებოდი. ამაზე მტკივნეული და, ამავე დროს, შეურაცხმყოფელი არაფერი მახსოვს, რადგან ტკივილს მედგრად ვიტანდი, მაგრამ ცრემლები თავისით მოდიოდა თვალებიდან. ძირგასისხლიანებული თმის ბღუჯები ორპირ ქარს ხშირად დაჰქონდა მერხებს შორის წინ და უკან ჩვენს საკლასო ოთახში.

 

  1. ირა მასწი.

მისეული მეთოდი მეტწილად ცბიერებას და მოთმენის უნარს (რაც, სიტუაციის გათვალისწინებით, მეტად რთული უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა მასწავლებლებისთვის არასდროს შემინიშნავს, ამიტომ უნიკალურ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს) ეფუძნებოდა. როცა წესრიგს არღვევდი, ის იმავე წამს ადასდროს მოდიოდა ანგარიშის გასაწორებლად, სიტყვიერად, ზრდილობიანად გაჩუმებდა, ხოლო სიბრაზეს გულში ინახავდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ხელსაყრელი მომენტი კი  წერის დრო იყო, როცა თავი რვეულისკენ გქონდა დახრილი. ამ დროს ირა მასწი მშვიდად დადიოდა მერხებს შორის, მოგეპარებოდა და ისე, რომ შენ სრულიად არ ელოდი, გაშლილ ხელს კეფაზე ისეთი ძალით გირტყამდა, მერხზე გაშლილ რვეულს ცვირ-პირით ეხეთქებოდი. ხშირად ვიცვლიდით სისხლით მოთხვრილ რვეულებს.

 

  1. სვეტლანა მასწი.

მისეულ მეთოდს საფუძვლად სიზარმაცე ედო. გაკვეთილის დაწყებისთანავე სვეტლანა მასწი ცელქ ბავშვებს თავისი მაგიდის ახლოს სვამდა. ჩანთიდან ორ მნიშვნელოვან ნივთს იღებდა და მაგიდაზე გვერდიგვერდ დებდა, როგორც ოპერაციის წინ ქირურგი – სამედიცინო იარაღებს. ერთი ნივთი იყო დაახლოებით ოცდაათსანტიმეტრიანი, გალაქული ხის (სავარაუდოდ ბზის ან კაკლის) მძიმე ჯოხი, ხოლო მეორე იყო რადიომიმღების ამოსაწევი ანტენა. მსუბუქ ცელქობათა შემთხვევაში სვეტლანა მასწი ამოსაწევ ანტენას ამოსწევდა (ვეჭვობ სპეციალურად იყო დამზადებული, რადგან იმ სიგრძე ანტენა არასდროს მინახავს) და ადგილიდან დაუშენდა წესრიგის დამრღვევს. ხოლო მძიმე ცელქობათა შემთხვევაში დამნაშავეს თავისთან იხმობდა,
მაგიდაზე თითებს გააშლევინებდა და გალაქულ ჯოხს გამეტებით ურტყამდა. საშინლად მძულდა ოთხშაბათი და პარასკევი, რადგან ამ დღეებში გქვონდა რუსული, რომელსაც სვეტლანა მასწი გვასწავლიდა. სვეტლანა მასწს ორცხობილა და ჩაი უყვარდა.

 

1.ამირან მასწავლებელი.

მისეული მეთოდი ძალის, საქმის ცოდნის და გამჭრიახობის ნაზავი იყო და ამიტომაც შევაუკეთესე, როგორც შალიკო ხვინგიაძე იტყოდა. უნდა დამდგარიყავი თავდახრილი, ხელები უკან უნდა დაგეწყო, მარჯვენა ფეხი კი წინ წაგედგა. ამირან მასწი, რომ არ გაქცეულიყავი, გამოწეულ ფეხზე მარცხენა ფეხს გაბიჯებდა და ლოყაზე გაშლილ ხელს გილაწუნებდა, დარტყმის რაოდენობა დანაშაულის მისეულ კვალიფიკაციაზე იყო დამოკიდებული. თავს უკან თუ გადაწევდი, ამირან მასწი შუათითის ზედასახსარგამოწეულ მუჭს სადღაც კუჭის თავსა და ღვიძლს შორის ისე ამოგარტყამდა (საშურად იცოდა ანატომია, თუმცა ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა), რომ ეგრევე წინ იხრებოდი და კარგახანს სუნთქვა გეკვროდა.

ეს ის ხუთეულია, რაც საკუთარ თავზე გამომიცდია. ვიცნობდი მასწავლებელს, რომელიც დასჯილ მოსწავლეს მუხლებით სიმინდის და მუხუდოს მარცვლებზე აყენებდა, თუმცა ის მე არ მასწავლიდა. იყო შემთხვევა, როცა მოსწავლის მამა მივიდა სიმკაცრით (ანუ მოსწავლეთა ცემით) ცნობილ მასწავლებელთან და თავისი შვილისთვის ჭკუის სწავლება სთხოვა, მეორე დღეს სახედასიებული და სასტიკად ნაცემი ბავშვი ძლივს მიიყვანეს სახლში. ვიღაც ღვთისნიერმა ამ საქმეში პოლიცია ჩარია, მაგრამ ბავშვის მამამ თქვა მე ვაცემინეო და პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ.

რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც (უფრო ახალგაზრდები), რომლებსაც მოსწავლეებთან ურთიერთობის ცივილური და, შესაბამისად, უფრო ეფექტური მეთოდები ჰქონდათ, ძველი თაობის მასწავლებლებში კი ასეთი ლიბერალიზმი სამარცხვინო სისუსტედ ითვლებოდა.

პ. ს. ვერაფრით მოვიფიქრე, რა დამერქმია ამ ბლოგისთვის, სანამ შემთხვევით “იმედზე” არ გადავრთე ტელევიზორი, სადაც გადიოდა ფილმი “სისხლიანი სპორტი”, ჩემი ბალღობის კუმირის ჟან-კლოდ ვანდამის მონაწილეობით. ჟანმა პირველად მაშინ მიშველა, როცა უკანა სოფლელ (ჩემი დაჩაგვრის მოსურნე)  უფროს ბიჭს ჟანის ფილმებიდან ნასწავლი მავაში-გერი ყბაში მოვდე და ღელეში თავით ჩავამხე, ხოლო მეორედ – ახლა, რისთვისაც დიდი მადლობა მას!

 

კომენტარები

comments