შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საკითხავები არდადეგებისთვის

ყოველ ჯერზე, როცა ზაფხულობით ბავშვებთან ერთად დასასვენებლად სადმე მივდივარ, ვფიქრობ, რა კარგი იქნება უფროსებსაც ჰქონდეთ არდადეგები, ანუ ბევრი დღე დასვენებისთვის, ბავშვებთან და საკუთარ თავთან ყოფნისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, კითხვისა და აღმოჩენებისთვის, მშვიდად სუნთქვისა და ვალდებულებებზე ფიქრისგან თავისუფალი დღეები, რომელიც არ იქნება ისეთი დათვლადი, როგორიც მომუშავე უფროსებისთვის განკუთვნილი შვებულებაა, რომლის დროსაც უმეტესი ჩვენგანი მაინც ვერ ახერხებს “დასვენებას” კლასიკური გაგებით.

ყოველ ჯერზე, როცა ზაფხული მოდის და დასვენებაზე ვიწყებ ფიქრს, რამდენიმე ამბავი მახსენდება სხვადასხვა დროს წაკითხული წიგნებიდან, რომელიც სწორედ ოჯახურ არდადეგებს აღწერს და ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ როგორ მოყვებოდა ვინმე კარგი მწერალი ჩვენი დასვენების ამბებს. როგორ აღწერდა ახალგაზრდა ოჯახს და მათ ზოგჯერ წარმატებულ და ზოგჯერ წარუმატებელ მცდელობებს, გახადონ დასვენებისთვის განკუთვნილი დღეები ბავშვებისთვის დაუვიწყარი, ამ წარუმატებლობებით განცდილ იმედგაცრუებებს და წარმატების სიხარულებს, ბავშვების შთაბეჭდილებებს, ახალი მთების, ტბების, მდინარეების, ადამიანების, ცხოველების შესახებ და გარშემომყოფებს, რომლებიც ამ ამბებში ეპიზოდურად ან სულაც ინტენსიურად არიან ჩართულები.

წელს პირველი ზაფხულია, როცა ჩემმა უფროსმა შვილმა შედარებით დიდი მოცულობის მქონე წიგნების “წაკითხვა”, უფრო სწორად, “წაკითხება” დაიწყო და ვინაიდან რამდენიმე კარგად ნაცნობმა ამბავმა ჩემთვის მოულოდნელად ჩამითრია, ვიფიქრე, სხვა უფროსებისთვისაც შესაძლოა სასიამოვნო აღმოჩნდეს ბავშვებისთვის განკუთვნილი საკითხავების გულდასმით გადაკითხვა ზრდასრულ ასაკში, ამიტომაც ვეცდები შემოგთავაზოთ საკითხავები არდადეგებისთვის, რომელიც არა ბავშვებისთვის, არამედ მათთან მყოფი დიდებისთვის იქნება განკუთვნილი.

1) ჩვენც სალტკროკელები ვართ – ასტრიდ ლინდგრენის სრულიად გადასარევი ამბავი მამასა და მის ოთხ შვილზე, რომლებიც სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიდიან ზაფხულის გასატარებლად და ყველას, ძია მელკერს, მალინს, იუხანს, ნიკლასს და პელეს იმედი აქვთ, რომ ამ კუნძულზე შესანიშნავ დროს გაატარებენ. ამბავი იმით იწყება, რომ სახლი, რომელიც ზაფხულისთვის მამამ შეარჩია, საკმაოდ შელანძღული აღმოჩნდა, მჭვარტლავი ღუმელით და დაზიანებული სახურავით, საიდანაც წვიმიან დღეებში წყალი ოთახებში თავისუფლად ჩამოდიოდა. მამა იმედგაცრუებულია, ბავშვები კი უმალ უმეგობრდებიან ადგილობრივებს, რომელთან ერთადაც მართლაც საუცხოოდ ატარებენ ზაფხულს.
ამ წიგნს ბავშვობაში უამრავი ადამიანი კითხულობს, თუმცა მშობლების ვნებები, ინტერესთა კონფლიქტები უფროს და უმცროს ბავშვებს შორის, ახალ ადამიანებთან დამეგობრების ბავშვებისეული სტრატეგიები ზრდასრულობისას სხვანაირი სიმძაფრით აღიქმება. ამიტომაც არის სალტკროკაზე გატარებული ზაფხულის ამბავი პირველი, რომელიც მახსენდება ხოლმე, როცა ჩვენს დასვენებაზე ვიწყებ ფიქრს.

2) მუმინების სერია ტუვე იანსონისგან, რომლის თითოული წიგნი პატარა არსებებთან ერთად ჯადოსნური მოგზაურობაა, სადაც უამრავ დრამას შეხვდებით, დაწყებული ბავშვთა სახლში მკაცრი აღმზრდელის ხელში გატარებული ბავშვობით, გაგრძელებული მეგობრობის თანმხლები სევდებითა და სიხარულებით, ოჯახური ამბებით, სიყვარულით, მოგზაურობით, თავგადასავლების წყურვილით და ამ თავგადასავლების ძიებისას სასოწარმკვეთი დაღლილობებით. მუმინტოლები, ჰატიფნატები, ჰემულები და სხვა გმირები ჯადოსნური არსებები არიან, მაგრამ მათი თავგადასავლები ძალიან ახლოს არის ადამიანების ცხოვრებასთან, იმდენად ახლოს, რომ ზრდასრულებსაც გამოდგება ფიქრის საბაბად.
თუკი ამ წიგნებს ბავშვებს ახლა აცნობთ, აუცილებლად მოძებნეთ მუმინების ხეობაში კომეტის გამოჩენის ამბავზე გადაღებული ბოლო ეკრანიზაცია, რომელსაც ბიორკის მუსიკა ახლავს თან და წიგნში აღწერილი ამბების ხარისხიანი ანიმაციაც აჩვენეთ.

3) დედა, მამა, 8 ბავშვი და სატვირთო მანქანა – ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ზღაპრების სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე ზრდასრულობისას აუცილებლად გადასაკითხი ამბავია იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვებს ბედნიერებისთვის იმაზე გაცილებით ცოტა რამ სჭირდებათ, ვიდრე უფროსებს გვგონია ხოლმე და მთავარია გულწრფელობა, სიყვარული და ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭების სურვილი. წვეულება პაწაწუნა ოთახშიც შეიძლება დაუვიწყარი იყოს, დასვენება ტყის ან ზღვის პირასაც შეიძლება მარტივად დაორგანიზდეს, თუ მთელი ოჯახი ერთ მანქანაში ჩასხდება და შერჩეული ადგილისკენ გაემგზავრება, ტანსაცმელი შესაძლოა სხვისი ნახმარი გეცვას და შინაური ცხოველის მოვლასაც ყოველთვის მოახერხებ, თუკი მის ყოლას გადაწყვეტ. უფროსებს ბავშვებივით გვჭირდება ხოლმე, ვინმემ გვითხრას, შენ ეს გამოგივა, შენც შეგიძლია, შენ სწორად ფიქრობ და ვინაიდან ამას ხმამაღლა იშვიათად ვამბობთ, საჭირო ფრაზებსაც იშვიათად ვისმენთ, ანა-კატარინე ვესტლის ამბები კი სწორედ ამ დანაკლისს ავსებს, კითხულობ ნაცნობ ამბებს და ხვდები, რომ ცხოვრება ისეთია, როგორ სახელსაც დაარქმევ, მისი ფორმა დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ კი ალბათ ყველაფერი შეგვიძლია, თუკი ერთმა დედამ და მამამ, რომლებიც 8 შვილზე ზრუნავდნენ, ეს უკვე შეძლეს;

უფროსების საკითხავების გავრცობა უსასრულოდ შეიძლება და გრძელი სია შესაძლოა დაიყოს სკოლამდელი ბავშვების, დაწყებითი კლასების მოსწავლეების, თინეიჯერებისა და ყმაწვილებისთვის განკუთვნილ წიგნებად, რომლებსაც უფროსები მათთან მყოფი ბავშვების ზრდის პარალელურად “გადაიმეორებენ”.

ბავშვების საკითხავების “გადამეორებას” გარდა უფროსების ტკბობისა, მეორე ფუნქციაც აქვს: “დიდებმა” სასურველია იცოდნენ, რას კითხულობს ბავშვი, ესაუბრონ საყვარელ გმირებზე, ყოველდღიურ სიტუაციებში გადმოიტანონ წიგნების სიუჟეტები და ჰქონდეთ საერთო საფიქრალი და საკომუნიკაციო ველი, რაც ნდობის მოპოვებასა და უკეთ გართობას შეუწყობს ხელს.
ასე, ხანგრძლივი არდადეგების ქონის გარეშეც შეიძლება თურმე დრო, რომელსაც ბავშვებისა და დასვენებისთვის მოვიპოვებთ, ბავშვობაში დასაბრუნებლად, ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლებისთვის გამოვიყენოთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი