პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ამბები ქართულ კინოზე

ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ საქართველო ღვინისა და ოქროს საწმისის ქვეყანაა, ახლა კი დროა გაიგოთ ისიც, რომ საქართველო კინოს ერთ-ერთი სამშობლოც არის და ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიო კინოს, განსაკუთრებით კი ევროპული კინოს განვითარებაში.

 

პირველი კინოსეანსი თბილისში პარიზში გამართული ჩვენებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა, მაყურებელს ლუმიერების ფილმები უჩვენეს.  ეროვნული კინემატოგრაფი სათავეს კი 1908 წელს იღებს. 1912 წელს კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა ფირზე დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის მოგზაურობისა და პოეზიის სახალხო დღესასწაულის ცოცხალი და შთამბეჭდავი სურათები აღბეჭდა, “აკაკის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში”, თავისი თემატიკით, მეტრაჟითა და მხატვრული დონით, იმდროინდელ მსოფლიო კინემატოგრაფში ანალოგი არ მოეძებნება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მსოფლიოს პირველი კინოვარსკვლავი ფლორენს ლოურენსი იყო, ევროპის მასშტაბით არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ქართველი ნატო ვაჩნაძე, რომლის კინოდებიუტიც 1923 წელს შედგა და ათწლეულების განმავლობაში ქართული კინო მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მასალაზე მუშაობისას მრავალი ავტორი სცოდავდა ყალბი რომანტიკულობითა და ეგზოტიკურობისაკენ სწრაფვით, მათი ფილმები მაყურებელთა მოწონებით სარგებლობდა, რასაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ამ ფილმებში სწორედ ნატო ვაჩნაძის მონაწილეობამ, რომლის ბუნებრივ მომხიბვლელობას, 1923 წლიდან მოყოლებული 50-იან წლებამდე, დაპყრობილი ჰქონდა ეკრანი. ვაჩნაძე წარმატებულად ჩაანაცვლა დიდმა ქართველმა კინოვარსკვლავმა ლეილა აბაშიძემ, რომელიც 1941 წელს, 8 წლის ასაკში გამოჩნდა ეკრანზე და მალევე იქცა ქვეყნის ეროვნულ საგანძურად. როგორც ხშირად ამბობენ, ლეილა აბაშიძე ქართული კინოსათვის ყოველთვის იყო ერის ხასიათის, რწმენის და ეროვნულობის სახე.

ქართულ კინოს არსებობის 100 წლის მანძილზე გამარჯვებებიც ჰქონდა და წარუმატებლობაც. განსაკუთრებულ წარმატებას ქართულმა კინომ 1960-1970-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები აშკარად გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. ტოტალიტარული სისტემა კინოხელოვნებას იდეოლოგიური პროპაგანდის ძლიერ იარაღად მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე, საბჭოთა კინორეპერტუარში დიდი ადგილი ეთმობოდა რევოლუციური თემატიკისა და პატრიოტული ჟღერადობის ფილმებს.

რეჟისორების ახალი ტალღა საქართველოში 60-იანი წლებიდან გამოჩნდა, რომლებიც მკაცრი ცენზურის პირობებში მაინც ახერხებდნენ თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდისთვის და შეხებოდნენ აქტუალურ სოციალურ პრობლემებს და გაეკრიტიკებინათ არსებული სისტემა.

ასე იყო თუ ისე, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად ქართულმა კინომ თვითმყოფადობა შეინარჩუნა და როგორც ბერლინის, კანის, ვენეციის, სანდენსისა და სხვა კინოფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო. ამ ტალღის სათავეებში კი ქართველი ქალი რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და რუსუდან ჭყონია მოექცნენ.

 

ნანა ექვთიმიშვილმა, რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად, საკუთარი კინოსცენარით გადაიღო ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები“, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე გაიმარჯვა, მათ შორის ბერლინის, ჰონგ-კონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესისა და ტოკიოს ფესტივალებზე. ფილმი 20-ზე მეტ ჯილდოს ფლობს. 2013 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრძელი, ნათელი დღეები“ ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონგ-კონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს “ქართული კინემატოგრაფიის ხელახალი აღორძინების ნიმუში” უწოდა.

წელს ქართულ კინოს მნიშვნელოვანი წელი ჰქონდა იმ მხრივაც, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკმაოდ საინტერესო პროგრამით წარდგა. მაგალითად, აღსანიშნავია უკვე ხსენებული რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის ახალი ფილმი – „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიტყვა უკვე თქვა, თუნდაც იმით, რომ ფილმის გლობალურად დისტრიბუციის უფლება ნეტფლიქსმა იყიდა, კინოკრიტიკოსებმა კი ის წლის ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ ფილმად შეაფასეს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ გამორჩეულად სევდიანი ფილმია, სადაც, მცდელობების მიუხედავად, იუმორის ადგილი აღარ რჩება და მელანქოლია უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ნანა და სიმონი ბრწყინვალედ ახერხებენ, ეტაპობრივად მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა არის ოჯახი, რა არის და სად არის ბედნიერება. თუმცა, ამას დამრიგებლური ტონით არ აკეთებენ. “ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორი რთულია შენი პასუხი იყოს “დიახ”, როცა გინდა, თქვა – “არა”, – წერდა კინოკრიტიკოსი ენდრიუ კრამპი.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ნანასა და სიმონის ფილმმა ოდესის ფესტივალის ორი ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისურისა და სამსახიობო ანსამბლისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროპის კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებას FIPRESCI-ს თხოვნით მიმართა, დაესახელებინა წლის 10 საუკეთესო ფილმი. FIPRESCI-მ კი ათეულში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დაასახელა.

ამავდროულად, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს, საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა, ფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა. მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

გარდა ამისა, ბერლინის კინოფესტივალზე მისულ მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ენახა რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“, რომელიც 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. ფილმზე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კინოკრიტიკოსმა, ანტონ დოლინმა დაწერა, რომ „მძევლები“ ჩვენი ქვეყნის სახელით აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ოსკარზე – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად, რადგან შანსები რეალურია.

გაცილებით კრიტიკული აღმოჩნდა ქართველი მაყურებელი. ქართულმა პრესამ ერთხმად დაიწუნა კინოსურათი და წერდნენ, რომ „მძევლები“ იდეისგან დაცლილი ფილმია, სადაც რეჟისორმა ვერ მოახერხა, ეჩვენებინა ის, რისი თქმაც, სავარაუდოდ, სურდა.

ბერლინში, ერთ-ერთ სექციაში აჩვენეს დიტო ცინცაძის „ბედნიერების ღმერთიც“, სადაც რეჟისორი აღწერს, თუ რა მარტივად ნადგურდება იმედებით სავსე გზა, როდესაც ემიგრანტები მათთვის უცხო კულტურაში თავის დამკვიდრებას ცდილობენ.

ქართული ფილმების ჩვენებამ წარმატებით  ჩაიარა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზეც, სადაც გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი“ ხიბულა“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“ უჩვენეს. ამ უკანასკნელმა კი პრიზიც დაიმსახურა.

 

რაც შეეხება „ხიბულას“, მიუხედავად იმისა, რომ ოვაშვილი ხელცარიელი დარჩა, ეს დანაკლისი თამამად შეუძლია ამოავსოს გავლენიანი გამოცემების დადებითი რეცენზიებით. პრესამ ერთხმად აღიარა, რომ „ხიბულა“ პოეტური და სულისშემკვრელი ფილმია.

ბოლო პერიოდში გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია, ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“. ეს არის ამბავი,  რომელიც ხდება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, ქალაქში, დედამიწაზე, როცა პეიზაჟი ნისლშია გახვეული, როცა ქალაქში ზღაპარი დგება და როცა არ გეშინია იტირო იმდენი, რამდენიც დაგჭირდება, გრძნობ გმირებთან და ისტორიასთან სიახლოვეს. რეჟისორი ზედმიწევნით კარგად იცნობს იმედგაცრუებულ, დეპრესიულ 90-იანელთა “დაკარგულ თაობას”, როცა უფროსი თაობის მაგალითი ავადმყოფურად გადამდები ხდება, როცა გზა არსაით მიდის, ხოლო თინეიჯერები სკოლის მერხებიდან პირდაპირ “დაკაცების” გაკვეთილებზე გადადიან და როცა მშობლები შვილებს კოშკში კეტავენ, შვილი კი მოუთმენლად ელის იმედს, ხსნას და გადარჩენას, რომელიც არავინ იცის მოვა თუ არა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონში  კინოგადაღებისათვის მნიშვნელოვანი ადგილია.  საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით შეიმუშავა წამახალისებელი პროგრამები კონკრეტული ინდუსტრიების განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სფეროების ხელშეწყობისათვის. შესაბამისად, საქართველოში გადაღებების წარმოება სასიამოვნოსთან ერთად მომგებიანი პროცესიც გახდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პროდიუსერებს საშუალება მიეცათ, პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში წამახალისებელი,  ე.წ cash rebate მექანიზმის დახმარებით აინაზღაურონ გადაღებებზე გაწეული ხარჯების 20 პროცენტი.

 

მიუხედავად ქვეყნის მცირე ფართობისა, საქართველო მსოფლიოში მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. აქ შეგძლიათ შეხვდეთ სუბტროპიკულ სარტყელს, ალპურ ზონასა და ნახევარუდაბნოებს. ერთდროულად შეგიძლიათ დააკვირდეთ თოვლს მთებზე, სიმწვანეს, გაზაფხულის ყვავილობას და უღრუბლო ზაფხულს ზღვის სანაპიროზე.

 

რა თქმა უნდა , ერთ სტატიაში სრულად ვერც ქართული კინოს ისტორიას მოვყვებოდით და ვერც ახალი თაობის კინორეჟისორებზე შევძლებდით ვრცლად მოგვეთხრო. მაგრამ მთავარია ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ქართული კინემატოგრაფი, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გადალახა, ერთ-ერთი მოწინავე და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ევროპულ ბაზარზე. აქ შეხვდებით ბულინგს, პიროვნების დაკნინებას, უიმედობას,  ოჯახურ პრობლემებს, ქუჩას, სკოლას, აუხდენელ ოცნებებს, გზააბნეულობას, რომელიც ნაივური ცინიზმითა და ახალგაზრდული ენერგით არის კინოფირზე გადმოტანილი, რომელიც ერთდროულად ანაყოფიერებს და განდევნის ჩვენს უიმედობას, რომელიც რაღაცით ჭაობში ჩაფლული კაცის მდგომარეობას ჰგავს, რომელსაც სჯერა, რომ მალე გზა გამოჩნდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი