შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კვლევაი საკვირველი

TALIS-ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევამ, რომლის შესახებაც ინფორმაცია edu.aris.ge-ზე ვნახე, საოცარი სურათი დადო. „კვლევა სკოლის პედაგოგების მომზადებასა და პროფესიულ განვითარებას, მუშაობის ფორმასა და უკუკავშირს, მასწავლებელთა შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს, ასევე, სწავლებისა და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ თვითშეფასებებს შეისწავლის. TALIS ასევე იკვლევს მასწავლებლების მიერ საკუთარი ეფექტიანობის სამუშაოთი კმაყოფილების მაჩვენებელს; აფასებს სკოლასა და საკლასო ოთახში არსებულ ატმოსფეროს”, – წერს ჟურნალისტი.

 კვლევა ოცდათხუთმეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდა. გასაკვირი აქ შემდეგია, რომ ქართველი პედაგოგების თვითშეფასების მაჩვენებელი უსწრებს წარმატებულ ქვეყნებში მომუშავე პედაგოგების შეფასებებს და ეს ქვეყნებია ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი, სინგაპური. იმავე წყაროდან მოვიყვან ციფრებს, რომ უფრო ნათელი გახდეს ზემოთქმული.


· ქართველი მასწავლებლების 92% ამბობს, რომ ხშირად ან ყველა გაკვეთილზე ამოწმებს ყველა მოსწავლის სავარჯიშო რვეულს – მაშინ, როცა ყველას სხვა ქვეყანაში ამ კუთხით საშუალო მაჩვენებელი 72%-ია, ფინეთში კი – 67%;

· ჩეხეთში 32%, სინგაპურში 21%, ფინეთში 37%, იაპონიაში კი 22% პედაგოგებისა ამბობს, რომ მოსწავლეებს, რომელთაც დავალების შესრულება უჭირთ, განსხვავებულ დავალებას აძლევენ – იმავე კითხვაზე დადებითი პასუხი ქართველი მასწავლებლების 67%-მა გასცა;

· ქართველი მასწავლებლების 67% ამბობს, რომ თითქმის ყველა გაკვეთილზე მუშაობს მოსწავლეების მცირე ჯგუფებთან. მაშინ, როდესაც იმავეს აცხადებს ფინელი მასწავლებლების მხოლოდ 37%, სინგაპურის 33% და აშშ-ის 55%;

· თუ გაკვეთილზე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ფინელი მასწავლებლების 18%, სინგაპურელი პედაგოგების 30%, და ინგლისელი პედაგოგების 36% იყენებს, ამ კუთხით ქართველი მასწავლებლების პროცენტული მაჩვენებელი ორმაგი და ხშირად სამმაგია;

· აძლევენ თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებს საშუალებას, შეაფასონ საკუთარი წინსვლა? – კვლევაში მონაწილე ქართველი მასწავლებლების 71% აღნიშნულ შეკითხვაზე დადებით პასუხს სცემს. იმავე შეკითხვაზე დადებითად პასუხობს ფინელი პედაგოგების მხოლოდ 27%; სინგაპურელი მასწავლებლების 32% და ესტონელი პედაგოგების 29%;

· თუ ქართველი პედაგოგების 58% ამბობს, რომ ყველა გაკვეთილზე იყენებს სტანდარტიზებულ ტესტებს – იმავე კითხვაზე დადებით პასუხს კანადელი პედაგოგების 18%, ფინელი 28%, ავსტრიელი 32%, რუმინელი 20% და ხორვატი 23% სცემს;

· მოსწავლის დაფასთან გამოყვანის პრაქტიკას ქართველი პედაგოგების 61%. ფინეთში მხოლოდ 11%, ისლანდიაში 5%, ჰოლანდიაში კი 14% იყენებს;

· ქართველი მასწავლებლების 88% ამბობს, რომ იყენებს სხვა პედაგოგებთან ერთად მუშაობის პრაქტიკას. მაშინ როდესაც ერთ კლასში გუნდური მუშაობის პრაქტიკა ფინეთში 68%, ავსტრალიაში 65%, ჰოლანდიაში 31%, ხოლო კანადაში 50%-ს შეადგენს.



ორის ორზე გამრავლება უფრო რთული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე იმის მიხვედრა, რომ ეს ციფრები აბსოლუტურად არარეალურია. რა თქმა უნდა, კვლევას არ ვაყენებ ეჭვქვეშ, მაგრამ სხვა რა რჩება?.. რჩება ის, რომ მასწავლებლების უმეტესობამ ან უბრალოდ იცრუა პასუხის დაფიქსირებისას, ან მას მართლა ჰგონია, რომ იყენებს სხვა პედაგოგებთან ერთად მუშაობის პრაქტიკას, ყოველდღიურად ამოწმებს ყველა მოსწავლის საშინაო დავალების რვეულს, მუშაობს მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მათ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული გეგმის მიხედვით.

ეს კვლევა ასე დარჩება, მაგრამ რა შევცვალოთ სამომავლოდ?.. გასაგებია, კარგია ზოგჯერ საკუთარი სისუსტეებისა და შეცდომების არდანახვა ადამიანებისთვის, მაგრამ რა შედეგს მოიტანს ეს სკოლებში?.. თუ მასწავლებლები დაშორებული არიან თვითკრიტიკას, თვითშეფასებას, ადვილი მისახვედრია, რომ ასევე იქნებიან მოსწავლეებიც. ვის ვატყუებთ; მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას, მოსწავლეებსა და მშობლებს თუ საკუთარ თავს?.. მოკლედ, კითხვები ძალიან ბევრია, პასუხებიც შესაძლოა ამდენივე იყოს, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია და რადიკალური შემობრუნება ჰქვია. შემობრუნება საკუთარი ხედვის, პოზიციის, ცხოვრების წესის.


საქართველოში დღეს ყველაზე მეტად შინაგანი მონოლოგის, ფიქრის ნაკლებობაა. რატომ განვითარდა დასავლეთი? რატომ გაჩნდა დასავლურ ლიტერატურაში ასეთი ტიპის პიროვნული თუ სოციო თვითგამორკვევით – ცნობიერების ნაკადით დატვირთული ტექსტები?.. ამ ყველაფერმა აიყვანა განვითარებული ქვეყნების განათლების თუ სხვა სისტემები კარგ ნიშნულებზე. ფიქრი და შეფასება – ესენია, რაც დღევანდელ საზოგადოებებსა და მათ წევრებს აკლიათ საქართველოში და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათ შორის არიან მასწავლებლებიც, რომელთაც ეს შინაგან მოთხოვნილებად უნდა ჰქონდეთ, რომ არაფერი ვთქვათ ვალდებულებაზე.


არ არის მთავარი, იცის თუ არა მოსწავლემ მტკვრის სანაპიროს რომელ ადგილას ჯდებოდა ბარათაშვილი ფიქრის დროს, უფრო მეტად საჭიროა, ვასწავლოთ აზროვნება. დამოუკიდებელი აზროვნება. ფიქრი, რომელიც ყველაფრის საწყისია. დეკარტის „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება არსებობას ამტკიცებდეს. ის, რომ მხოლოდ აზროვნება ამტკიცებს შენს არსებობას, ნამდვილ არსებობას, შეიძლება ითქვას, მეტად კატეგორიული მიგნებაცაა. შენ ხარ შენ, ვინც გეგმავ, აფასებ, ახორციელებ ყველა საკუთარ იდეას და გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდები პიროვნება. ყველა დანარჩენი კი წინა გამოცდილებების, ტრადიციების ან შეხედულებებისა თუ კლიშეების ნარევია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ მესთან.


საბჭოთა წყობის დანგრევასთან ერთად დაინგრა რაღაც სტერეოტიპები, აზრები, შეხედულებები და პიროვნებათა კულტ-აჩრდილები, მაგრამ მათ ნაცვლად სხვები წამოიმართნენ. და რას ჰგავს ეს?.. ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტი სივრცე და თვალსაწიერი მოგვცემოდა პირველი დანგრევის შემდეგ და თავისუფალ, მოაზროვნე ადამიანებად ჩამოვყალიბებულიყავით, ახალი კედლები ავაშენეთ. საბოლოოდ კი ამ კვლევის სასაცილო ციფრებამდე მივედით.


ძალიან მიყვარს ბეკეტის „მოლოი”, რომელსაც ზოგჯერ მთელი კაცობრიობის სახედ აღიქვამენ, ზოგჯერ კი – დღევანდელი საზოგადოებებისა. მთავარი კი ჩვენს შემთხვევაში ისაა, რომ მოლოიმაც კი, რომელიც აბსოლუტურად შეშლილია, ძალიან ზუსტი თვითშეფასება აქვს, გააჩნია თვითირონია და თვითკრიტიკა და მუდმივად წინ მიდის. კი, ზოგჯერ საწუწნი კენჭების შესაგროვებლად ჩერდება, ზოგჯერ ჩასვრილი დადის ან უცნობის სახლშია გამოკეტილი, მაგრამ არასდროს კარგავს უნარს, აკონტროლოს საკუთარი თავი, ჩაიწეროს, ჩაინიშნოს ყველა სისულელეც კი და საბოლოოდ იქამდე მიდის, რომ მისი მონოლოგი უფრო თანმიმდევრული და ლოგიკური ხდება, ვიდრე ამ პატიოსანი კვლევის შედეგები.




კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი