პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შაქარივით ტკბილი

სტომატოლოგის სავარძელს ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ადრე, მოუხერხებელი სავარძლები ჰქონდათ, ახლა  მამა-პაპურად წამოგაწვენენ  და თუ გინდა დაიძინებ  კიდეც. ადრე პირს ბამბებით გამოგიტენიდნენ და ნერწყვი მაინც ასველებდა. ახლა, ქვედა ტუჩზე პაწაწინა მილუკას ჩამოგკიდებენ და წამში გამოგიშრობს მთელ პირს. ადრე,  ბურღი ისე ღმუოდა, მარტო მისი ხმის მოსმენით დაიზაფრებოდი. ახლა  ჩემი სადარბაზოს კატასავით კრუტუნით მუშაობს და მშვიდად ხარ, დაცულად გრძნობ თავს. ადრე ნერვს დარიშხანით გიკლავდნენ. უფრო სწორედ, ათი დღის განმავლობაში კბილში ჩაგიდებდნენ და შემდეგ მაინც ყველაფერს იგებდი. ის კი არა, ერთხელ,  ერთი  ექიმის სახლში, საგულდაგულოდ მოწყობილ კაბინეტ-ოთახში ცოცხალ რიგში ვიჯექი, როცა სავარძელზე სოლიდური გარეგნობის კაცი დაჯდა. ეს კაცი თავს მაინცდამაინც არავის უყადრებდა, თვით კბილის ბურღსაც კი. ექიმმა რაღაც შეუჩხიკინა, მოუჩხრიკ-მოუსინჯა და უცებ იქაურობა გამაყრუებელმა ღრიალმა დაფარა:

  • ოოოოო, უუუუუ, ააააა, ვააააა…

ასე სოლიდურად მომზირალი პაციენტი ყვიროდა, რომელსაც გაუფრთხილებლად ცოცხალი ნერვი ამოაცალეს კბილიდან. უკვე რამდენიმე წუთში ექიმი აწყნარებდა, ეგ არაფერიო, ყველაფერი უკანააო, ნერვიც ჩემთან არისო.

ახლა უკვე ყველგან გამაყუჩებელ ნემსებს იყენებენ და თან პრეპარატების  ისეთი დიდი არჩევანია, კარგი ექიმის ხელში ალერგიასაც  მოატყუებ.

ჩვენი კბილები საკმაოდ მტკიცე  დენტინისგან შედგება. სიმტკიცეს კალციუმის მარილები აძლევს. დენტინის თითოეული კვადრატული მილიმეტრი 60კგ დატვირთვას უძლებს. ზემოდან დენტინს კბილის ემალი ფარავს. ემალიც ალმასივით მტკიცეა. მისი სიმაგრე 397,6 კგ/მმ2-ია. ემალის შემადგენლობა ასეთია: კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი, დანარჩენ ნაწილს კი აპატიტების ჯგუფის კრისტალები შეადგენენ. ქსოვილების ცილოვანი მატრიქსი კოლაგენისგან და პროტეოგლიკანებისგან  (გლიკოზამინოგლიკანები-ჰეტეროგენული ნახშირწყლები) შედგება.  კოლაგენის ტიპურ მოლეკულაში  სამი პოლიპეპტიდური ჯაჭვია, სადაც თითოეული მარჯვნივ დახვეული სპირალის კონფორმაციაში იმყოფება. ამინმჟავების თანმიმდევრობა დაახლოებით ასეთია: -Gly-X-Y- ყოველი მესამე ამინმჟავური ნაშთი გლიცინია; X – მდგომარეობაში ხშირად გვხვდება ამინმჟავა პროლინი; რაც შეეხება Y- მდგომარეობას, აქ ასევე ხშირადაა პროლინი ან 4-ჰიდროქსიპროლინი. კოლაგენი ასევე შეიცავს 3-ჰიდროქსიპროლინის და 5-ჰიდროქსილიზინის  ნაშთებსაც. ჰიდროქსიამინმჟავების არსებობა კოლაგენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. პროლინის და ლიზინის ნაშთები ჰიდროქსო ჯგუფებს უკვე ჯაჭვში ჩართვის შემდეგ იკავშირებენ. კოლაგენის დაახლოებით 12 ვარიაცია არსებობს, მათ შორის განსხვავება ალფა პოლიპეპტიდური ჯაჭვების სხვადასხვა შეთანხმებაა. კბილის ქსოვილში გავრცელებულ ტიპს შემდეგი მეოთხეული სტრუქტურა აქვს [α1(I)]2α2(I). კოლაგენს მიკროფიბრილების და ფიბრილების წარმოქმნის უნარიც აქვს. უმეტესად 20-500 ნმ დიამეტრის ცილინდრული ფორმის ფიბრილებს წარმოქმნის.

ადრე… როცა,  დედამ პირველად წამიყვანა სტომატოლოგთან, შიშისგან მუშტისხელა გავხდი. ახლა გაბედულად შევაბიჯებ ხოლმე. ოღონდ, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სავარძლის გვერდზე ვინ დაჯდება. ადრე, პირველად ნათელა ექიმთან მოვხვდი. კარიეზი მქონდა სარძევე კბილზე. კარიეზის მიზეზი ის სპეციფიკური ორგანიზმებია, რომლებიც მეტაბოლიზმისას მჟავას წარმოქმნიან და ემალზე ზემოქმედების შედეგად, ეს მჟავა ემალს აზიანებს. სარძევე კბილების კარიესის მკურნალობაც საჭიროა. დიახ, ალტერნატივაც არსებობს, პირდაპირ ამოღება, ბოლოს მაინც ხომ მოსაცვლელი იქნება. ნათელა ექიმი კი ამბობდა, მოსაცვლელი კბილის დროზე ადრე ამოღება არ შეიძლება, რადგან დიდი ალბათობაა,  ძირითადი კბილი  სწორი მიმართულებით არ ამოვიდეს და თანკბილვა არასწორი  იყოსო. მაშინ თანკბილვის მნიშვნელობა ვერ გავიგე და ამიხსნა, რომ გაიცინებ, კარგი ღიმილი, რომ გქონდეს, აი, ეგ არისო. სხვათა შორის, ბოლო კვლევების თანახმად, თურმე ეს მიკროორგანიზმები, ემალის გარდა, სისხლძარღვებსაც აზიანებენ და უყურადღებობის შემთხვევაში ინსულტის ან ინფარქტის წინაპირობასაც ქმნიან. სისხლძარღვებს ზედმეტი შაქარიც აზიანებს, რადგან გლუკოზა ცილის თავისუფალ ამინოჯგუფებთან სპეციფიკურ ნაერთს წარმოქმნის. შედეგად სისხლძარღვი ისე გამოიყურება, თითქოს დაფხაჭნილიაო. ამიტომაც არის, რომ დიაბეტის ღრმად წასულ ფორმებში სისხლძარღვები და თვალის ბადურა ზიანდება (აქაც კაპილარების პათოლოგიის გამო).

უკვე დავწერე, რომ კარიეზს მიკროორგანიზმები იწვევენ, რომლებიც კბილის ემალზე არიან მოკალათებული და თავიანთ სასიცოცხლო ციკლს ანაერობული გლიკოლიზით აწარმოებენ. შედეგად, ორგანულ მჟავებს გამოყოფენ (რძემჟავა, პროპიონმჟავა, ძმარმჟავა, ერბომჟავა), რომლებიც ემალიდან კალციუმის იონებს გამორეცხავს. ბაქტერიული შაქრის მეტაბოლიზმის კიდევ ერთი პროდუქტია დექსტრანები, უხსნადი პოლისაქარიდები. ისინი ბაქტერიებს იცავენ. ბაქტერიები დექსტრანებთან ერთად კბილის ქვის ძირითად მასას წარმოქმნიან.

ეს ყველაფერი კანფეტიჭამია ბავშვებს უფრო აწუხებს და რადგან, მეც კანფეტიჭამია ვიყავი, ნათელა ექიმთანაც  მოვხვდი. ის დალოცვილი ყველა მანიპულაციას ისე აკეთებდა, მართლა ვერაფერს ვიგებდი. ხელიც ტკბილი ჰქონდა და ენაც. დამეთანხმებით, რომ ამ დროს ბავშვს მიფერება და დაყვავება სჭირდება და არა, მაგ. დაღრიალება – თუ პირის გაღება არ იცოდი, აქ რას მოდიოდი, ბავშვოო. ჰო, ზუსტად ასე შემომძახა ერთმა სტომატოლოგმა, რომლის აზრითაც პირი საკმარისად ვერ გავაღე. ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და  ექიმს ვკითხე:

  • ნათელა ექიმო, ხელებზე შაქარი გაქვთ-მეთქი?

არაო, შეწუხდა, შენს მოსვლამდე ჩაი კი დავლიე, მაგრამ ხომ დაინახე, როგორ დავიბანეო. არა-მეთქი,  ჩემივე ნათქვამი შევასწორე, შაქარივით ტკბილი ხელი გაქვთ და მაგიტომ ვიკითხე-მეთქი.

შაქარზე გამახსენდა… შაქარი ხომ კბილს აზიანებს, ზემოთ, რომ ვახსენე იმ მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმსაც  და კარგად ყოფნასაც ხომ  უწყობს ხელს. ჰოდა, რაოდენ სახალისოა, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთმა ამერიკელმა სტომატოლოგმა ბამბის ნაყინის მოსამზადებელი დანადგარი გამოიგონა. ჩაყრი შიგნით შაქარს, რომელიც ლღობის ტემპერატურამდე ცხელდება და შემდეგ უწვრილესი ნახვრეტებიდან შაქრის ძაფები გამოდის და ჯოხზე მათი ერთ დიდ ფთილად შეკრება შეიძლება. ჰო, მანქანა კბილის ბურღის ტრიალის პრინციპით იყო აგებული. ბამბის ნაყინში შაქარი, ოდნავ წყალი და ჰაერია, ამიტომაცაა ასე გაბერილი. საშუალო ზომის პორცია  28 გრამ  შაქარს შეიცავს.

მანამდე, ბამბის ნაყინი მეთხუთმეტე საუკუნის იტალიიდან იყო ცნობილი. ქუჩაში ხელით ამზადებდნენ და ძვირიც ღირდა, რადგან შრომატევადი იყო და შაქარიც ძვირფას პროდუქტად ითვლებოდა. ჰოდა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამერიკელმა სტომატოლოგმა გააიაფა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. მეცინება, სიმართლე გითხრათ. რა მახსენდება იცით? ჩარლი ჩაპლინის ფილმში „ბიჭუნა“, ბიჭი, რომ ფანჯრებს ამტვრევდა, ჩარლი კი სვამდა… ერთი ფეხსაცმლის წმენდავიც იყო, მისი ძაღლი ტალახში თათებს ამოისვრიდა და გამვლელ-გამომვლელს ფეხსაცმელს უსვრიდა. მწმენდავიც იქვე იყო თავისი ჯაგრისებით. ჰოდა, ეს ჩვენი ბამბის ნაყინს მიძალებული ხალხიც სტომატოლოგის პაციენტები ხდებოდნენ… ალბათ…

ახლა ზაფხულია და ყველაზე მეტად ნაყინი, ბამბის ნაყინი და გაზიანი სასმელები იყიდება. არადა, სასარგებლო არც ერთი არ არის. გაზიან სასმელზე აღარაფერს ვამბობ, არაერთხელ დამიწერია. ბამბის ნაყინი ცარიელი შაქარია, აი, ნაყინი კი ჩემთვის ყველაზე მისაღებია, თუმცა სასარგებლოა-მეთქი, ვერ ვიტყვი.

დავინტერესდი, რომელში რამდენი  კალორიაა. ნაყინის ერთი სტანდარტული პორცია (ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ვაფლით) 180 კკალ-ს შეიცავს. ბამბის ნაყინის 100 გრამზე 108 კკალ. მოდის. გაზიანი სასმელის 100 მლ კი 210 კკალ-ს შეგმატებთ.

ახლა თითოეულში შაქრის შემცველობა ვნახოთ.

ნაყინის ერთი სტანდარტული პორცია (ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ვაფლით)-17გრ. შეიცავს. ბამბის ნაყინის 100 გრამზე – 28 გრ. გაზიანი სასმელის 100 მლ კი 58 გრამ შაქარს  შეგმატებთ.

კვლავ გავიმეორებ… ადრე, ბავშვობაში, კანფეტიჭამია ვიყავი. ალბათ, ამიტომაც მიწევდა სტომატოლოგთან სიარული. ტკბილი სასუსნავი ახლაც მიყვარს, ოღონდ ამ სიყვარულს ძალიან ვაკონტროლებ. სტომატოლოგთან მისვლა ახლაც მიწევს.

იმ დღესაც ჩვეულებისამებრ მივედი. სავარძელში მოვკალათდი და პირი გავაღე. ჩემს ექიმს ახალი თანაშემწე გოგო ეხმარებოდა. ეტყობოდა გამოუცდელი იყო, მაგრამ ყველაფერს სწრაფად იმახსოვრებდა და აკეთებდა. ერთ საღეჭ კბილზე ბჟენი ჩამომიტყდა და ექიმმა, როგორც კი დაზიანება დაათვალიერა, თქვა ამჯერად ბურღი არ მჭირდებაო, უბრალოდ ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს და გაიწმინდოსო. ამ პროცესს კი ნატრიუმის პოლიჰექსამეთილგუანიდინის ხსნარი სჭირდებაო. ამ ბოლო დროს ძალიან პატივს ვცემ ამ სითხესო. მერე თან მე მიბჟენდა კბილს, თან ახალბედა თანაშემწეს უხსნიდა რაღაცებს. ისე კარგად უხსნიდა, მეც სიამოვნებით ვუსმენდი.

წამოსვლისას ერთი წამი შევჩერდი, მაგრამ თქმა გადავიფიქრე, მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი.

ახლა კი, წერილის დასასრულ, იმ ბავშვის ენაზე ვეტყვი, ოდესღაც რომ ვიყავი:

  • ეკა ექიმო, იცით, რომ შაქარივით ტკბილი ხელი გაქვთ?…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი