შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ადამიანები სევდიანი მომავლით

რას გააკეთებს ადამიანი წლების შემდეგ, მომავალში, როცა მას ტექნოლოგიური პროგრესი ახალ შესაძლებლობებს მისცემს? ან რა იქნება მისი უდიდესი მოთხოვნილება, თუ რობოტები ფიზიკურ შრომას ადამიანების ნაცვლად შეასრულებენ? – მომავალზე გადაღებული ფილმები ძირითად იმაზე მოგვითხრობენ, თუ როგორ ქმნიან ადამიანები რობოტებს, რომელთაც ადამიანები აღარ სჭირდებათ და დედამიწას ეპატრონებიან, თუმცა ცოტა თუ ვიცით იმის შესახებ, რა დასჭირდება მომავლის ადამიანს, როცა  ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად, მას დასვენების მეტი საშუალება, მეტი დრო და რესურსი ექნება საკუთარი თავის  ყველაზე ღირებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ამ იდეით შეპყრობილი ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ჯოუნზი 2012 წელს ფილმს იღებს. “Her” მომავლის ურთიერთობებზეა. იმაზე თუ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს რობოტი და რამდენად რობოტული შეიძლება გახდეს ადამიანი. სპაიკ ჯოუნზის ფილმში ადამიანები ოპერატიულ სისტემას ქმნიან, რომელიც არამარტო ადამიანის დამხმარე, არამედ მისი მეგობარი, პარტნიორი და შეყვარებულიც კი შეიძლება გახდეს.

მარტოსული მწერალი თეოდორი ფულს წერილების წერითა და სხვისი გრძნობების გადმოცემით შოულობს. თუმცა თავად უჭირს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია. სევდისგან თავის დასაღწევად თეოდორი ახალ ოპერაციულ სისტემას იყენებს და გაიცნობს სამანტას, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. რეალურ სამყაროში ურთიერთობით იმედგაცრუებული, მარტივად ეკონტაქტება მას და ოპერატიული სისტემა უყვარდება. მისთვის ეს გრძნობა ყველაზე ბუნებრივი ხდება, რადგან გარშემო არ დარჩა არავინ, ვისი შეყვარებაც შესაძლებელი იქნებოდა.

სამანტა იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს გამოეყენებინათ. ოპერატიული სისტემები ადამიანთა სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ და მათი შესაძლებლობებიც იქ მთავრდებოდა, როცა ადამიანი გადაწყვეტდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური სხეული არ ჰქონდათ, ყველაზე არაადამიანური, რაც მათ ახასიათებდათ, თავისუფალი ნების არქონა იყო. სამანტა ყოველწამიერად ვითარდება. ის ახერხებს მწერლის სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილებას, თუმცა დროთა განმავლობაში იმდენად ვითარდება, რომ თავადაც უჩნდება მოთხოვნილებები.

თეოდორისა და სამანტას ურთიერთობა თანდათან უფრო განსხვავებული ხდება სხვა სომატური წყვილების რომანტიკისაგან. ეს რომანტიკა კი სწორედ მაშინ ხდება საინტერესო, როცა თეოდორის თვალებში სევდა გაჩნდება. ტკივილით, მარტოობით სავსე თვალები, რომელიც ძალიან ახლობელია თანამედროვე ადამიანისთვის. თეოდორს სამანტა უყვარს, თუმცა მისი სიყვარული ტრაგიკული დასასრულისთვისაა განწირული, რადგან სამანტასთვის გაუგებარია ისეთი ადამიანური ვნებები, როგორიც ეჭვიანობა და ერთგულებაა. მას თეოდორი უყვარს, თუმცა მეტი სჭირდება. სიახლე კი სხვა ადამიანებთან და ოპერატიულ სისტემებთან ურთიერთობასაც გულისხმობს, რაც თეოდორისთვის განგაშის საფუძველი ხდება.

 

მხიარული, კეთილი, რომანტიკული, ყურადღებიანი და ჭკვიანი ოპერატიული სისტემა ევოლუციის გზით თავისუფალი ნების მოპოვებისთანავე ტოვებს ადამიანს, რომელიც უყვარს. კიბერ-რაციონალური გონისთვის ადამიანურ გრძნობებზე მაღლა სხვა რამ დგას, რომელიც, როგორც თეოდორისთვის, ასევე მაყურებლისთვის ამოუცნობ ღირებულებად რჩება. რეჟისორი მაყურებელს უტოვებს საშუალებას, გადაწყვიტოს, რატომ წავიდნენ ოპერატიული სისტემები, ისევე, როგორც უტოვებს საფიქრალს გულნატკენ თეოდორს, და მის მდგომარეობაში დარჩენილ კაცობრიობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი