შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პოეზიის აფთიაქი: კალიგრამები ანუ  „მე ლექსებს არ ვწერ, – მე ლექსებს ვხატავ“

ვახტანგ ჯავახაძის ეს ახსნა ყველაზე უკეთ შეესაბამება პოეზიაში იმ მიმდინარეობას, რომელსაც ვუწოდებთ კალიგრამებს, ვიზუალურ პოეზიას, გრაფიკულ პოეზიას, კონკრეტულ პოეზიას და სხვა…

ასეთ პოეზიაში ვერბალური და ვიზუალური გამოხატვა ერთდროულადაა… დიახ, ეს არის ხატვა სტრიქონებით. ნახატი ხშირად გამოხატავს ტექსტის იდეას, ხშირად აცილებულიცაა, გააჩნია, რა ჩანაფიქრი აქვს ავტორს. ნახატი არის ტექსტის გაგების ერთი ასპექტი, შესაძლოა, ძალიან მარტივად გამოხატული, მაგრამ მაინც საინტერესო. განსაკუთრებით, როდესაც ტექსტი მექანიკურად კი არ ეწყობა რაიმე გრაფიკაზე (რაც ყველას შეუძლია), არამედ ქმნის მასთან „დიალოგს“  და ერთმანეთში გადადის. ტერმინი „კალიგრამი“ შემოიტანა ფრანგმა პოეტმა, გიიომ აპოლინერმა. „ნახატებით წერა“ ან „ნაწერით ხატვა“ კი უფრო ადრეულია… აპოლინერისათვის ეს ჟანრი მისი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა,  “პოეტი სვამს ალკოჰოლს, როგორც თავის ცხოვრებას და სვამს თავის ცხოვრებას, როგორც ალკოჰოლს. სამყარო კონცენტრირებულია ღვინოში, ხოლო ღვინისადმი მიდრეკილება სიმბოლოა სამყაროს შეცნობისა”. ასეა კალიგრამიც… ერთმანეთში გარდამავალი ვერბალური და ვიზუალური ნიშნები, სრულიად განსხვავებული სემიოტიკური სისტემები, რომლებშიც დამოუკიდებლად თავისთავად შეიძლება გამოითქვას აზრი განსხვავებულ პარამეტრებში. ვერბალური ტექსტი ერწყმის გრაფიკას და გრაფიკა აგრძელებს ვერბალურ ტექსტს…

არის სხვა შემთხვევებიც, მაგალითად, თუ ავიღებთ პოეტურ ტექსტს, რომელსაც არ ახლავს გრაფიკული, ვიზუალური მხარე, მისი წაკითხვით ჩვენს ცნობიერებაში შეგვიძლია, რომ წარმოვიდგინოთ, დავინახოთ,  სიტყვებით ისე ვიზუალურად შეიძლება იყოს გამოთქმული რაიმე… მაგალითად, ბასიო მაცუოს ასეთი ჰაიკუ:

„ალუბლის თვალწინ,

ღრუბლის კვამლში,

ჩაიძირა ეული მთვარე…“

ეს ტექსტი რომ გრაფიკულად გაეფორმებინათ, გარკვეულ მონახაზს გაჰყვებოდა ტექსტი და ის გრაფიკაც იქნებოდა ჩვეულებრივი ვიზუალური ნიშანი. წარმოსახვის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. თუ გრაფიკას ყველა ისე აღიქვამს, როგორც მიაწოდეს, წარმოსახვის შემთხვევაში, ერთი და იგივე პეიზაჟის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენი მკითხველიცაა. მაგალითად, ბასიოს ამ ჰაიკუს თუ „გავაცოცხლებთ“ და „დავინახავთ“, ალუბალი, ღრუბლის კვამლი და ეული მთავრე – კონკრეტული სახეების მიუხედავად, სრულიად ინდივიდუალურ ელფერს მიიღებდა.

აპოლინერის ცნობილი კალიგრამები კი ასე გამოიყურება:

 

როგორც ხედავთ, გრაფიკა დამოუკიდებლადაც  შეგვიძლია გავიაზროთ და ტექსტთან კავშირში კი ახალ გამომსახველობას იძენს.

ყველაზე პოპულარული გრაფიკული პოეზიის ნიმუში ქართული პოეზიიდან ვახტანგ ჯავახაძის ლექსებია. მაგალითად, „პირამიდა“:


ვა
შენე
პირამიდა
დიდზე დიდი
პირამიდა. ახლა
ვეღარ გამოვდივარ
პირამიდის სპირალიდან.
რად მინდოდა პირამიდა, დიდზე
დიდი პირამიდა, შუა კედელს ვეჯახები,
მე კი განაპირა მინდა. მზეო, დედამიწასავით
გაანათე პირამიდა, გზა მასწავლე, შენთან მოვალ
დიდი შესაწირავითა. ვისაც უნდა იმას ჰქონდეს დიდზე დიდი
პირამიდა, – აღარ მინდა უკვდავება, – აღარც პირამიდა მინდა.

 

ვახტანგ ჯავახაძის ეს ტექსტი მხოლოდ ვერბალურ-ვიზუალურის კავშირი არაა. ბგერებით იქმნება განსაკუთრებული რიტმი, მუსიკალობა და თავს თითქოს ისე გრძნობ, როგორც ამ სტრიქონში:

ახლა
ვეღარ გამოვდივარ
პირამიდის სპირალიდან.

ანუ ეს ლექსი ვერბალურ-ვიზუალურ-აუდიალურის კავშირი და ერთობაა. ოღონდ მუსიკას აქ ბგერა და რიტმი ქმნის, ვიზუალური კი – დამოუკიდებლად არსებობს.
უნდა ითქვას, რომ კალიგრამების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებებია. ერთნი ამბობენ, რომ კალიგრამა – ეს არის კრიზისული პერიოდის ექსპერიმენტი, ხოლო მეორენი თვლიან, რომ კალიგრამა – ეს არის საზღვრების დარღვევა ვერბალურ და ვიზუალურ ხელოვნებას შორის. მაგრამ ეს დარღვევა არ არის უბრალოდ დარღვევა… ეს უფრო შერწყმაა, როცა ორი განსხვავებული ფორმა აგრძელებს და აერთიანებს  ერთ აზრს. აზრის გამოხატვას კი მრავალი ფორმა აქვს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ვერბალური ტექსტი თავის თავში შეიძლება ქმნიდეს ვიზუალურ, აკუსტიკურ ხატებს და პირიქითაც შეიძლება მოხდეს… ვფიქრობ, რომ შემოქმედებითად და მხატვრულად გადაწყვეტილი ექსპერიმეტი უკვე საინტერესოა და უნიჭობა თუა, არც ვერბალური ტექსტია საინტერესო, არც ვიზუალური ხატი და არც ვერბალურ-ვიზუალურის კომბინაცია.

 

გრაფიკული პოეზიის შესახებ ვახტანგ ჯავახაძემ მიხო მოსულიშვილთან ინტერვიუში თქვა: „გურამ ასათიანმა დაწერა: „პოეზია ვერ ძლებს უცნაურობის გარეშეო“. მე ძალიან მიყვარს მხატვრობა და ვერ ვხატავ. ამიტომ ვიყენებ ისეთ ფორმებს, რომლებიც ლირიკისა და გრაფიკის საწყისებს შეიცავენ. ვიზუალურმა პოეზიამ საერთაშორისო აღაიარება მოიპოვა. ნურც ჩვენ ჩამოვრჩებით.“

 

ეს კი ვახტანგ ჯავახაძის „ავტორპორტრეტია“

 

ძალა ჰქონია ავტოპორტრეტს – ანდამატისა,

ბევრი ხატავდა, – ბევრის გვარი გამიგონია:

გოგენი,                                            გოგენი,

კურბე,                                               კურბე,

მონე,                                                   მონე,

მარკე,                                                 მარკე,

მატისი,                                            მატისი,

გვარდი,                                          გვარდი,

რუბენსი,                                       რუბენსი,

ვერონეზე,                                   ვერონეზე,

დეგა, გოია;                                დეგა, გოია;

კანო, დომიე,                           კანო, დომიე,

რუსო, რუნგე,                         რუსო, რუნგე,

დორე, პუსენი,                     დორე, პუსენი,

ჯოტო და ვატო,                  ჯოტო და ვატო,

რემბრანდტი და                 რემბრანდტი და

ტულუზ-ლორტეკი,       ტულუზ-ლორტეკი,

 შემომცქერიან – სარკეებთან მოფუსფუსენი,

 აოცებთ ჩემი – გალექსილი ავტოპორტრეტი.

 

აპოლინერისა და ვახტანგ ჯავახაძის კალიგრამები კი თქვენთვის, მკითხველებო, პოეზიის აფთიაქიდან.

ვფიქრობ, ყველას შეუძლია ამ აბის მიღების შემდეგ საკუთარი ავტოპორტრეტი შექმნას ვერბალურ-ვიზუალური თამაშით და ამით სიამოვნება მიიღოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი