შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სასკოლო ღონისძიებები

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სკოლიდან დამირეკეს, მოდი და შენი ლექსები წაიკითხეო. აღმოჩნდა, რომ მსმენელები მესამე კლასელები უნდა ყოფილიყვნენ. ავუხსენი, რომ, ჯერ ერთი, მათთვის გაუგებარი იქნება საერთოდ ყველაფერი, რასაც წავიკითხავ და, მეორე, თუ გაიგეს, მით უარესი, რაიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებენ ბავშვები-მეთქი. ეგ კიდევ არაფერი. თურმე მანამდე მოხუცთა თავშესაფრიდან ჰყოლიათ ადამიანები მიწვეული და ისეთი კარგი ღონისძიება გამოსულა, აქეთ ბავშვები ტიროდნენ, იქით მოხუცები.
სკოლაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა დღეს ის არის, რომ განსაკუთრებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, რომლებიც ლიტერატურულ ღონისძიებებსა თუ კონცერტ-სპექტაკლებს მართავენ, ვერ აღწევენ თავს იაფი რომანტიზმის ხიბლს და მთელ ამბავს შეადგენს უგემოვნოდ დადგმული ღონისძიება, ცრემლის ღვრა და პათეტიკურად წაკითხული ლექსები თუ ფრაზები მოთხრობებიდან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა მასწავლებელს აქვს მოტივაცია და სურვილი, რომ რაიმე დამატებითი ღონისძიება დაგეგმოს, ჩაატაროს და ამისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ზოგჯერ ეს ქმედებები უფრო უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებზე, ვიდრე საერთოდ არჩატარება.
სასწავლო პროცესმა, პირველ რიგში, მოსწავლეს უნდა განუვითაროს კრიტიკულად აზროვნების, ინფორმაციის მოძიებისა და სხვა უნარები. ხდება კი ჩვენს სკოლებში ასე?.. ამის მაგივრად ვხვდებით დაზუთხულ ამონარიდებს ლექსებიდან, მოთხრობებიდან. დადგენილ კლიშეებსა და ახსნებს სხვადასხვა მხატვრული ტექსტის დედააზრისა თუ მოქმედი პერსონაჟების შესახებ.
გრიფირებულ წიგნებში შეტანილია ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, ჯემალ ქარჩხაძის, მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტები. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად კარგად სწავლობენ მათ შინაარსს და იმახსოვრებენ მოქმედ გმირებს. მაგრამ ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა დავსვათ შეკითხვა – რაში დაეხმარება სამომავლოდ ამ ტიპის ცოდნა მოსწავლეს? – იცოდე სტროფები „ვეფხისტყაოსნიდან” ან რა საჭმელი უყვარდა ლუარსაბს, თუმცა არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდეს მათ მეორე, უფრო მთავარ მხარეზე.. გამოდის ისე, რომ მხატვრული ლიტერატურის ტექსტები, რომელთაც წესით ყველაზე მეტი მიმზიდველობა უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესში, როგორც საკვლევ, სადისკუსიო მასალას, მოსწავლეებისთვის დისტანცირებული და უარყოფითად აღქმული ობიექტები ხდებიან.
დაკვირვება უმთავრესი ქმედებაა საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები თითქმის ყველა სკოლაში ატარებენ ხოლმე, ე.წ. გამოსაშვებ ღონისძიებას. თუ რამდენიმე სკოლაში მოგიწევს ადამიანს მისვლა და მათი ნახვა, ჯერ დეჟა ვიუზე გიჩნდება ეჭვი, შემდეგ ხვდები, რომ ეს რაღაც მოჯადოებული წრეა. უბადრუკობის და არაკრეატიულობის ზეიმი და არა იმ ახალგაზრდების მიერ დადგმული ღონისძიება, რომელთაც წესით ამ ასაკში ყველაზე მეტად უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრების, იდეების გამოხატვის მოთხოვნილება და სურვილი. მე მახსოვს, ჩემი კლასის ასეთივე ღონისძიება, სადაც პიონერებივით ჩამწკრივებულები ვუმღეროდით სამშობლოს, მეგობრობას, სხვა რაღაც უმაღლეს ფასეულობებს, ისე, რომ ერთი მათგანიც კი არ გვქონდა გააზრებული, ანუ ეს ღირებულებები ჩვენი ფიქრის, დისკურსის, ჩვენი პირადი გამოცდილების გარეთ იდგნენ. მთელი ღონისძიება კი უგემოვნო მანჭვა-გრეხა, პოლიტიკოსების შარჟი და აურაცხელი მადლობები იყო მასწავლებლებისადმი.
მე თითქმის ათი წლის წინ დავამთავრე სკოლა და რა შეიცვალა მას შემდეგ? – არაფერი. იმიტომ, რომ უცვლელია მასწავლებლების დიდი ნაწილის მიერ ამ სურათის აღქმა და გააზრება. არ შეიძლება საჭიროებებისა და სხვა სიკეთეების პირდაპირ მორგება. ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის წევრების შესაძლებლობებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი