ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სხვა

  ერთხელ, კარგა ხნის წინ, რეზო ადამიას სახელოსნოში მოვხვდი. ჩემი მაშინდელი შეყვარებულის პორტრეტს ხატავდა და გავყევი, მაინტერესებდა როგორი იყო ნამდვილი მხატვრის სახელოსნო და მუშაობის პროცესი. ბ-ნი რეზო მუშაობას რომ მორჩა, შევთავაზე ლუდი ხომ არ დაგველია-მეთქი, კარგიო. იქვე მაღაზიაში გადავირბინე და ვიყიდე. საინტერესო კაცი გამოდგა, დიდხანს ვილაპარაკეთ. რომ გაიგო ლექსებს ვწერდი, გრანელზე დამიწყო საუბარი, მეც მიყვარს გრანელი-მეთქი. გაუხარდა და ტერენტიზე დაწერილი თავისი წერილები გაიხსენა. შენ ის თუ იცი, ტერენტი რომ ხატავდაო. გალაკტიონის გრაფიკული ნახატები ვიცოდი, მაგრამ ტერენტი თუ ხატავდა, წარმოდგენა არ მქონდა. სადღაც პატარა ოთახში გავიდა და ქაღალდის ორი ნაგლეჯი მოიტანა, რომელზეც ტერენტის გრაფიკული აბსტრაქციები იყო. რამდენადაც მახსოვს, კუბიზმის გავლენა იგრძნობოდა. ბ-ნმა რეზომ თქვა ტერენტის ნათესავებმა მომცესო. ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, რომ ხატავდაო და ამაზე წერილიც დავწერე, რომელიც სადღაც უნდა დაიბეჭდოსო. მერე ხელნაწერიც გამოიტანა, სადაც არცთუ დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ გრანელი ისეთივე დიდი მხატვარი იყო, როგორიც პოეტი. მერე ვფიქრობდი, იქნებ დამაჯერებლადაც ამტკიცებდა და ლუდით დაბინდული ჩემი გონება მის არგუმენტებს ვერ ჩაწვდა-მეთქი, მაგრამ წლების შემდეგ გრანელის ნახატები (თან საკმაო რაოდენობით) ისევ რომ ვნახე სადღაც, მივხვდი, რომ ჩემი პირველადი შეფასება მცდარი არ ყოფილა.

დიახ, ტერენტი გრანელი დიდი მხატვარი არ ყოფილა, მაგრამ დიდი პოეტი უდავოდ იყო. ცნობილი ამბავია, რომ ორი ტიპის დიდი პოეტი არსებობს: პირველი, ვინც ტექნიკურ რევოლუციას ახდენს, ცვლის პოეტურ მეტყველებას, ვერსიფიკაციას (აკაკი, გალაკტიონი) და მეორე, ვინც არსებულ ვერსიფიკაციულ მოცემულობაში კომფორტულად გრძნობს თავს და თემატური ნოვაციები შემოაქვს (ბარათაშვილი, სამადაშვილი, კორნაპელი, ბაძაღუა…). ტერენტი სწორედ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება.

ერთგან ბროდსკი ამბობს, რომ დიდი პოეტი არის ის, ვინც გაცვეთილ პოეტურს საზომში თავისი მკვეთრი ინტონაციით იცნობაო. გრანელი სწორედ ასეთია, ყველაზე გავრცელებულ და გაცვეთილ ათმარცვლიანში (რითიც დაწერილია მისი ლექსების უმეტესობა) მკვეთრია მისი ხელწერა, ინტონაცია და პოეტური აზროვნება.

უთქვამთ, რომ გრანელი გალაკტიონის ყველაზე ორთოდოქსი მიმდევარი იყო, უფრო რადიკალურად თქმულიც მსმენია (რომ ტერენტი გალაკტიონს ბაძავდა) და არის ამაში სიმართლის მარცვალი, გრანელის სწორების წერტილი სწორედაც რომ გალაკტიონი იყო და არა, ვთქვათ, ხარიტონ ვარდოშვილი, და სწორედაც ამიტომ იყო დიდი პოეტი. თანამედროვეთაგან ყველაზე მეტად სწორედ ტერენტის ესმოდა გალაკტიონის. თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან მყარი კედლებით არის შემოსაზღვრული გრანელის პოეტური ავტონომია.

წალენჯიხაში, დეიდაჩემის სახლთან ახლოს იყო ტერენტის სახლ-მუზეუმი და როცა დეიდას ვსტუმრობდი, ხშირად გადავდიოდი ხოლმე. პირველი სართულის კარი შენგრეული იყო და წვიმის დროს შიგნით ძროხები, კამეჩები, თხები და ღორები აფარებდნენ თავს. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის (სადაც მოვინათლე) შემოგარენშიც, ბავშვური გულუბრყვილობით, ხშირად მიგრძვნია გრანელის სიახლოვე.

არაერთხელ დამსიზმრებია ეს ტრაგიკული ეპიზოდი ლერი ალიმონაკის შესანიშნავი წიგნიდან “კვირის წირვები”:

“მოდის თავისთვის მარტო, მოდის და ცისფერი, ჩაფერფლილი თვალებით ისე შესცქერის ზეცას, სადაც არის კიბე დაიწყება და ასვლას შეუდგებაო….
ჩუმად, უტყვად ჩაიარა იქ, ”ახალგაზრდა კომუნისტის” მწერლები რომ იკრიბებოდნენ, ოპერის პირდაპირ. უეცრად ფრიდონ ნაროუშვილის გამყინავი ხმა ჩაესმა: გიჟია, სულელია, გვარცხვენს პოეტებს!…”
ციებიანივით შეაჟრჟოლა ტანში. ”გნომიო!” მიაძახა ჩურჩულით და ისე გააგრძელა გზა, უკან არც კი მოუხედავს. ზურგსუკან იგრძნო, ელვისუმალ როგორ მოწყდა ნაროუშვილი ადგილს, ხელიდან წიგნი გააგდებინა და სილა გააწნა; თავბრუ დაეხვა, იქვე ხეს მიეყრდნო და ჩიკეცა, შეებრალა საკუთარი თავი და ჩუმად ატირდა.
ნაროუშვილი კი ისევ შემზარავად გაიძახოდა: ”მათხოვარია, გიჟია, ავადმყოფია, გვარცხვენს პოეტებს!” ”

ხო, კიდევ: რეზო ადამიამ მაშინ მითხრა, რომ მას სიკვდილის პლანეტის არსებობის სჯერა, სადაც გარდაცვალების შემდეგ ადამიანთა სულები სახლდებიან. ეს თუ მართალია, დარწმუნებული ვარ ტერენტი გრანელი იქ არ იქნება, რადგან მან ორი უკიდურესობის – სიცოცხლის და სიკვდილის გარდა მესამე მდგომარეობა აღმოაჩინა, “არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა.”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი