ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

აზროვნება და განწყობა – ორი სინჯარის ეფექტი

ძველ ჩინეთში რომ გვეცხოვრა და იქაურ სკოლაში შესვლა მოგვენდომებინა, ზღურბლთან ხელში აუცილებლად   წყლით სავსე ორ სინჯარას შემოგვთავაზებდნენ სითხის ერთიდან მეორეში გადაღვრის მოთხოვნით. როგორ გადავღვრიდით? რა დაგვჭირდებოდა არც თუ ისე რთული ამოცანის შესასრულებლად?

უპირველეს ყოვლისა, დაფიქრება და იმის გააზრება, თუ რა ხერხით, რა ოპერაციით შევძლებდით პრობლემის გადაწყვეტას. ყველა მსგავს შემთხვევაში ჩვენს გონებაში მექანიკურად იწყება ინფორმაციის გადამუშავების პროცესი, რომლის მიზანია პრობლემის გადაჭრა, დასკვნების გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ეს არის აზროვნება – შემეცნებითი ფსიქიკური პროცესი, რომელიც შინაგანად, გონებაში მიმდინარეობს, მაგრამ მისი შედეგი ქცევაში ვლინდება. აზროვნებისას ვამყარებთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და მიმართებებს გარე სამყაროს მოვლენებსა და ობიექტებს შორის. ვაზროვნებთ წინარე ცოდნის გამოყენებით და ამ დროს სიტუაციის შესაბამისადაც ვიქცევით.

ფსიქოლოგების თანახმად, აზროვნება თავს იჩენს მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია და ამ ხარვეზების აღმოფხვრა ხდება საჭირო. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება აზროვნება, რომელიც მიმართებათა განცდისა და აღქმის შემდეგ არსებულ შემეცნებით პროცესად გვევლინება და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი მოთხოვნილებით. ადამიანის აზროვნების ფსიქოლოგიისთვის ცენტრალური სწორედ ამოცანის გადაწყვეტის პრობლემაა. „ამოცანა“ ადამიანის აზროვნების ობიექტია და ეს ტერმინი ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლებს შემოუტანიათ აზროვნების ფსიქოლოგიაში.

შეკითხვებზე: როგორ დავიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, მით უფრო მაშინ, როდესაც ის იქ არ იმყოფება? ან როგორ გადავღვაროთ წყალი ერთი სინჯარიდან მეორეში, როდესაც ორივე სავსეა? – პასუხის გასაცემად ყველა ჩვენგანს, როგორც სუბიექტებს, დასჭირდებოდა არამხოლოდ პრობლემის გადაწყვეტა, არამედ თვით პრობლემის სტრუქტურის შეცვლა. ამ და სხვა მსგავსი ტიპის ამოცანის გადაწყვეტის დროს ამოცანის ფსიქოლოგიური და ინფორმაციული სტრუქტურა ერთმანეთს არ ემთხვევა და არც ეს შემეცნებითი პროცესი მიმდინარეობს ნეიტრალურად. ადამიანი მას განიცდის იმისდა მიხედვით, თუ როგორ იგებს ამოცანას, რა დონის მიღწევის მოთხოვნილება აქვს, წარმატებით მიდის წინ თუ სხვადასხვა ტიპის, მაგ., ემოციურ, შეფერხებას აწყდება. ამდენად, აზროვნების თეორიაში ყურადღების გარეშე ვერ ტოვებენ მისი ემოციურ-მოტივაციური მხარის მნიშვნელობას. მით უფრო, რომ, მთელი პროცესის ემოციური შეფასება გარკვეული ინდიკატორის როლს თამაშობს ამოცანის გადაწყვეტაში.

ლეონარდ ბლუმფილდი „ენის“ შესავალში ერთად მოსეირნე ჯეკისა და ჯილის შემთხვევას გვიყვება. ჯილის განწყობა  ღობის მიღმა არსებული ვაშლების მიმართ ჯეკში ახალ ქმედებას ბადებს. იგი ღობეზე ხტება და ჯილისთვის ვაშლს წყვეტს. ამგვარად, ჯილის მიერ თუნდაც ერთი შორისდებულით მიცემული სტიმული ჯეკისთვის ახალი რეაქციის საფუძველია და, იმავდროულად, სააზროვნო ამოცანის წარმატებით გადაწყვეტის იმგვარი გზა, როგორიც შემდგომში ახალი პოზიტიური რეაქციების, ქმედებების საწყისი გახდება.

რამ განაპირობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოცანის გადაჭრის წარმატება? ჯილის ადგილას ვინმე ნილი ან მაქსი რომ ყოფილიყო, იქნებ, ჯეკს  ვაშლებისა და ღობისათვის გულგრილად ჩაევლო. რატომ არის, რომ სხვა ერთნაირ პირობებში (მსგავსი სიტუაცია, ცოდნის ერთი დონე და ა.შ.) ერთნი წყვეტენ პრობლემას, წვდებიან გაუგებარ მიმართებებს, მეორენი კი – ვერა? თანაც ერთი და იგივე პიროვნება ერთ შემთხვევაში წარმატებით ახერხებს პრობლემის გადაჭრას, სხვა შემთხვევაში კი იმავე სიძნელის ამოცანის წინაშე უძლურია?

„ყოველთვის იკვეთება რაღაც, რაც აზროვნებას განაპირობებს და ბიძგს აძლევს. ზოგადად, მოწოდება აზროვნებისკენ, რომელიც არ უკავშირდება წონასწორობის დამრღვევ რაიმე პრობლემას, უაზრობა და აბსურდული რჩევა იქნებოდა“, – ვკითხულობთ აზროვნების შესახებ ჯონ დიუის საეტაპო ნაშრომში (1909). აზროვნების ამ „ბიძგს“, მოტივს თუ საფუძველს ან იმ სუბიექტურ ფაქტორს, რომელიც პიროვნებას ამოცანის გადაწყვეტაში უშლის ხელს და მისი აზროვნების პროცესს აფერხებს ან, პირიქით, ავითარებს, სხვაგვარად განწყობას უწოდებენ.

დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის თანახმად, განწყობა ისეთი არაცნობიერი ფსიქიკური ფენომენია, რომელიც წინ უსწრებს ცნობიერ ფსიქიკურ პროცესებს და მათი აღმოცენების პირობასაც წარმოადგენს. განწყობა სუბიექტის მზადყოფნაა – იმოქმედოს გარკვეული მიმართულებით, რომელსაც, ერთი მხრივ, სუბიექტის აქტუალური მოთხოვნილება და, მეორე მხრივ, სათანადო ობიექტურ სიტუაციას შეადგენს, შესაბამისად, განწყობა არის მიზანმიმართული ქცევის აღმოცენებისა და მიმდინარეობის საფუძველი.

აქტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში ქცევისას შექმნილ დაბრკოლებას, შეჩერების მომენტს, რომელიც პიროვნებისაგან პრაქტიკული დამოკიდებულების ნაცვლად შემეცნებითი დამოკიდებულების დამყარებას ითხოვს, დ. უზნაძე ობიექტივაციის  აქტს უწოდებს. ეს კი ისეთი შეჩერებაა, როდესაც ინდივიდი წყვეტს ქცევას და ცდილობს გაერკვეს, რა უშლის ხელს ამ ქცევის განხორციელებას, სად წარმოიქმნება დაბრკოლება. ამრიგად, იმისათვის, რომ სინამდვილის რაღაც მონაკვეთი აზროვნების საგნად გადაიქცეს, აუცილებელია ამ მონაკვეთის ობიექტივაცია. განწყობის თეორიის თანახმად, ობიექტივაციის აქტი აზროვნების ფსიქოლოგიური პირობაა.

ამრიგად, ზემოთ ნახსენები სინჯარები, ვაშლები თუ კატები სუბიექტებისთვის ის ობიექტებია, რომლებიც კონკრეტულ განწყობებს ქმნიან და ამ განწყობებით ახალ ქმედებებს უდებენ სათავეს. „ყველაფერი, რასაც მასწავლებელი აკეთებს, ისევე, როგორც მისი ქმედებების ინდივიდუალური მანერა, ბავშვს ამა თუ იმ რეაქციისთვის სტიმულს აძლევს, ხოლო თითოეული რეაქცია, თავის მხრივ, მას ამა თუ იმ განწყობას აუფლებს. საგნის მიმართ სიმპათია თუ ანტიპათია ბავშვს იმისდა მიხედვით უჩნდება, თუ რამდენად მოსწონს ან არ მოსწონს მასწავლებელი; თუმცა ცხადია, ამას ვერ აცნობიერებს და საკუთარ განწყობას თავად საგნების სიყვარულითა თუ არსიყვარულით ხსნის“ – ამგვარი დამოკიდებულება საფუძველს აძლევს ჯონ დიუის, დაგმოს ისეთი სასწავლო სივრცე, სადაც დაშვებული ენობრივი შეცდომები, ზერელე და მიფუჩეჩებული დასკვნები, სტანდარტული, არაორიგინალური პასუხების და მსგავსი მოვლენების ყურადღების მიღმა დატოვება ანდა უკომენტაროდ მიღება მავნე ტენდენციების გაღვივებისა და მათი მუდმივ ჩვევებად ჩამოყალიბების პირდაპირი ხელშემწყობია, რადგან აქ არ არსებობს არანაირი განწყობა და აზროვნების მიზანმიმართული მიმდინარეობა დაბრკოლებულია.

აზროვნებაში განწყობის ეფექტი მე-20 საუკუნის სხვა ფსიქოლოგების მიერაც იქნა აღიარებული. ლაჩინსის (1942), ნაიტის (1983) და მათ შემდგომ კვლევებში გამოყენებულია არაერთი სპეციალური ექსპერიმენტული ტექნიკა, მეთოდი თუ ამ მეთოდების მოდიფიცირებული ვარიანტები. ა. ლაჩინსის ცდაში ცდის პირს ეძლევა ჭურჭლის ტევადეობის გასაზომი 10  საგანწყობო ამოცანა, რომელთა გადაჭრა ერთი ხერხითაა შესაძლებელი (B-A-2C). პირველი საგანწყობო ამოცანების შემდეგ ცდის პირებს ეძლევათ საკონტროლო ამოცანები. პირველი ორი ამოცანა კრიტიკულია, მათი გადაჭრა შეიძლება როგორც საგანწყობო ხერხით, ასევე უფრო მარტივად (A+C ან A–C). მესამე საკონტროლო ამოცანა ჩაქრობის ამოცანა, მისი გადაჭრა მხოლოდ მარტივი გზითაა შესაძლებელი (A-C). ორი ბოლო ამოცანა ისევ კრიტიკულია, მათი გადაჭრა შეიძლება როგორც რთული, ასევე, მარტივი ხერხით. აღმოაჩინეს, რომ პირდაპირ საკონტროლო ამოცანების მიწოდებისას ცდის პირები მარტივი გზით წყვეტდნენ მათ. თუკი საკონტროლო ამოცანებს საგანწყობო ამოცანები უძღვოდა წინ, მაშინ ცდის პირები გადაჭრის რთულ ხერხს მიმართავენ. იმ ამოცანას კი, რომლის გადაჭრა მხოლოდ მარტივი გზით იყო შესაძლებელი, ცდის პირთა ¾ საერთოდ ვერ წყვეტდა. ა.ლაჩინსი თვლის, რომ ეს არის „განწყობის ეფექტი“. საგანწყობო ამოცანების ზეგავლენით სუბიექტი ვერ ახერხებს ამოცანის გადაწყვეტის ადეკვატური ხერხის მოძებნას. შემდგომი ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ განწყობის ეფექტი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ, საგანწყობო ცდების რაოდენობაზე, დროში შეზღუდვაზე, შეჯიბრის სიტუაციაზე, პიროვნების ასაკსა და სქესზე, მის შინაგან მდგომარეობაზე. ტერმინს „განწყობის ეფექტი“ ლაჩინსი სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებდა არა მხოლოდ სუბიექტის, არამედ სხვადასხვა ამოცანის შემთხვევაში. მის კვლევებში ყოველთვის ხაზგასმულია ის გარემოება, რომ განწყობის ეფექტი აფერხებს აზროვნების მიზანმიმართულ მიმდინარეობას, ხელს უშლის ამოცანის ადეკვატურ გადაჭრას[1].

პედაგოგები, რომლებიც აზროვნებას განწყობასთან აკავშირებენ, ააქტიურებენ და სწორად წარმართავენ ამ შემეცნებით პროცესს და, ამავდროულად,  მოსწავლეებსა თუ სტუდენტებში ანალიზის, სინთეზისა და შემოქმედების უნარებსაც ბადებენ. ედუარდ დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“ არის მეთოდი, თუ როგორ უნდა ისწავლო აზროვნების ცალკეულ ასპექტებზე ყურადღების მიქცევა ისე, რომ ამ შემეცნებითმა პროცესმა თავის სრულყოფილებას მიაღწიოს. ფერადი თუ მოძრავი სიმულაციები, ბგერითი და ტაქტილური სასწავლო ეფექტები,  აღმოჩენის გზით სწავლება… – არასრული ჩამონათვალია იმ საშუალებებისა, რომლებიც ტექნოლოგიურ ერაში პედაგოგებმა უნდა გამოვიყენოთ მოსწავლეების მასტიმულირებელი სასწავლო განწყობების შესაქმნელად. მით უფრო მაშინ, როცა ეს ჯერ კიდევ შორეულ საუკუნეებში იყო შესაძლებელი წყლით სავსე სინჯარებით, სწავლის წინ ლოცვით თუ თუნდაც კარღია სამისნოებზე მკვეთრი წარწერებით: „სიბრძნე გავა“.

მთავარია, ზღურბლთან მდგომი პატარა ჩინელივით ორიდან ერთი, ძველი სინჯარა აუცილებლად დავცალოთ და მასში ახალი წყალი ჯერ თავად ჩვენვე გადავღვაროთ როგორც სიბრძნე, კეთილგანწყობა და განთლებით ნათელღება იმისათვის, რომ ვიაზროვნოთ და ვააზროვნოთ, განვეწყოთ და განვაწყოთ, რათა  მცირედით მაინც მივუახლოვდეთ შემოქმედების მარადიულ ენერგე(ნ)იას

 

 

[1]დ. უზნაძის განწყობის სკოლაში აზროვნებას ექსპერიმენტულად ნ. ელიავა (1964) იკვლევდა. იგი ცდილობდა განწყობის თეორიის პოზიციიდან აზროვნების ფსიქოლოგიის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების ინტერპრეტაციას, როგორიცაა აზროვნების პროცესში გამოცდილების ჩართვა, გადანაცვლების პრობლემა, ამოცანის გადაჭრის პროცესი, წინათ განმტკიცებული განწყობის მოქმედება ახალ პირობებში და ა.შ (თამარ გაგოშიძის მიერ მომზადებული რიდერებიდან).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი