პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!“

დაკვირვებიხართ თქვენს მეტყველებას…? მაგალითად, ერთი დღის განმავლობაში რაზე საუბრობთ, რა თემებს ირჩევთ და განსაკუთრებით იმას, თუ როგორ საუბრობთ…? მაგალითად, როგორ გამოთქვამთ აზრებს, როგორი წინადადებებია თქვენს მსჯელობაში…? და იქნებ არც არასდროს გაგიანალიზებიათ, როგორ გავლენას ახდენს თქვენ მიერ გამოთქმული აზრები თქვენსავე მომავალზე? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა და ახლავე დაიწყეთ!

 

მეტყველება არასდროს არ არის უბრალოდ მეტყველება. ეს არის ფორმა ჩვენი შინაგანი აზრების და არა მხოლოდ აზრების, ჩვენი მსოფლხედვის – როგორ არის მოდელირებული სამყარო ჩვენს ცნობიერებაში და როგორ გადმოედინება სიტყვების მეშვეობით. ამიტომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეტყველებაზე დაკვირვებით სწავლობენ ადამიანს. მაგალითად, სოკრატე, რომელიც ამბობდა: ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო!

ადამიანი, როდესაც სხვას ახასიათებს ან რაიმე საგანს აღწერს, უფრო მეტად თავად ჩანს… რადგან ყველაფერი სუბიექტურია. ჭიქა, რომელშიც ნახევარამდე ახსია წყალი, ერთისთვის – ნახევრად სავსეა და მეორესთვის – ნახევრად ცარიელი…. გააჩნია, ვინ უმზერს მას: ოპტიმისტი თუ პესიმისტი.

ცოდნა საკმარისზე მეტი დაუგროვდა ადამიანს და ახლა შეუძლია, „სოკრატეს გამოძახების” გარეშე დააკვირდეს საკუთარ მეტყველებას და დიაგნოსტირებაც შეძლოს, ხოლო ამის შემდეგ „მკურნალობა” თავად დაუნიშნოს საკუთარ თავს…

აზრი გამოითქმის რამდენიმე განსხვავებული ფორმით და მათ შორის წამყვანია: ნეგატიური ან პოზიტიური გამოთქმა:


თუ თქვენი მეტყველების დიაგნოსტირების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ დიდი პროცენტი მოდის: ნეგატიურ გამოთქმაზე, შეფასებაზე, კრიტიკაზე და ასე შემდეგ… დროა გადაერთოთ „სხვა სიხშირეზე”. ამაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ პრობლემის შინაგანი და ღრმა გააზრება, მაგრამ შეგიძლიათ დაიწყოთ უბრალო „სავარჯიშოებითაც”, რომელთა რეგულარული გამოყენება გამოგიმუშავებთ პოზიტიურ უნარებს და ჩამოგიყალიბებთ სასარგებლო ჩვევებს.

პოზიტიურ ენერგიას აძლიერებს რამდენიმე მიმართულება:

პოზიტიური მტკიცება – ეგრეთ წოდებული, აფირმაციები;

პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ;

პოზიტიური აზროვნება – სამყაროს აღქმა პოზიტიური რაკურსით;


პოზიტიური მტკიცება – ეგრეთ წოდებული, აფირმაციები


„იმედი გქონდეთ საკუთარი თავის და არა – ჩემი, რადგან თქვენშია დამალული ის ძალა, რომელიც თქვენ განგკურნავთ. ჩემი როლი მხოლოდ იმაშია, რომ გასწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ეს ძალა”

ემილ კუე

მსჯელობაც ორი სახისაა: მტკიცებითი და უარმყოფელი. მტკიცებითი ფორმით ჩამოყალიბებული მსჯელობა არის პოზიტიური მსჯელობა, რადგან ის არ უარყოფს არაფერს, ყველაფერს უშვებს, აზრი მსუბუქად გამოითქმის, არ ქმნის კონფლიქტს არც აზროვნებაში და არც მეორე ადამიანში, რომელსაც ელაპარაკებით; ხოლო უარმყოფელი მსჯელობა თავიდანვე განწირულია კონფლიქტისთვის, როცა რაიმეს უარყოფ, უკვე ჩიხია, უკვე კონფლიქტია.



რა არის და როგორ შევადგინოთ აფირმაცია? ეს არის მტკიცებითი გამონათქვამი იმის შესახებ, რა სურს ადამიანს…

ამ მეთოდის შემოქმედი იყო ფრანგი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი ემილ კუე. როდესაც იგი ფარმაცევტად მუშაობდა და წამლებს ჰყიდდა, პაციენტებს ყოველთვის ეუბნებოდა: „მალე თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ”. ამ სიტყვების მაგიური ძალა ემილ კუემ მალე აღმოაჩინა, პაციენტთა უმრავლესობა თავს მალე მართლა ძალიან კარგად გრძნობდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ უბრალო წყალსაც კი შეეძლო ადამიანის განკურნება, თუკი კუე გამოჯანმრთელებაში დაარწმუნებდა მათ. ამ მოვლენამ კუე დააფიქრა და შეიმუშავა სპეციალური მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა „გაცნობიერებულ თვითშათაგონებას”.

აფირმაციებში ყოველთვის პოზიტიური აზრია და აწმყოზეა ორიენტირებული. იმის მიხედვით, რა გვაწუხებს და რისი შეცვლა გვინდა, ან ჩვენ თვითონ ვადგენთაფირმაციებს ან უკვე შექმნილებს ვიყენებთ. მაგალითად: მე დღითი-დღე უფრო ვჯანმრთელდები (მე ვარ ვარ, თავს ცუდად ვგძნობ..), ყოველი დღე ჩემი ახალი ბედნიერების დასაწყისია (უბედური ვარ, ღმერთი არ მწყალობს), ჩემი შემოსავალი ყოველდღიურად იზრდება (ღარიბი ვარ, ფული არაფერში მყოფნის)

აფირმაციათა ხშირი გამეორება ფიქსირებულს ხდის გამოთქმულ აზრს და აზრი ცნობიერიდან გადადის არაცნობიერში, სადაც უარყოფით კონსტრუქციებს (პროგრამებს) ანაცვლებს პოზიტიურით, ამის შემდეგ და ამის წყალობით უკვე აზრი ავტომატურ რეჟიმში თავად იწყებს მოქმედებას და პოზიტიური შედეგები ძალიან ჰგავს ჯადოქრობას…

პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ, ამყარებს აფირმაციებით გამოთქმულ აზრს და უფრო სწრაფად ასრულებადს ხდის. ემოციური განწყობა ის სიხშირეა, რომელიც მსგავს სიხშირეს იზიდავს და აძლიერებს პოზიტივს. ბედნიერი ვიქნები კი არა (მომავალში არასდროს არ უნდა გადაიტანოთ განწყობა), არამედ ბედნიერი ვარ, სიხარულს განვიცდი… ყველაფერი აქ და ახლა ხდება, განწყობა უნდა შეიქმნათ შედეგამდე და ეს განწყობა არასდროს დაგტოვებთ, არც შედეგის შემდეგ და არც ახალ შედეგამდე.

პოზიტიური აზროვნება – ადამიანების, ფაქტების და მოვლენების აღწერა პოზიტიური რაკურსით. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ან ვერ აღვიქვამთ ნეგატივს. ეს ნიშნავს, რომ აქცენტს ვაკეთებთ პოზიტიურ გამოთქმაზე.

ეს შეეხება ისეთ მარტივ სიტუაციებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, სტანდარტული სიტუაცია: მამაკაცი ელოდება ქალბატონს და კითხულობს: _ მალე გამოხვალ, ძვირფასო? თქვენ გაქვთ ორი განსხვავებული რაკურსის პასუხი: _ არა, ვერ გამოვალ და მეორე, რომელიც პოზიტიურად ასე ჟღერს: _ დიახ, გამოვალ… ნახევარ საათში…

არჩევანი გაქვთ…

წარმატებებს გისურვებთ სამყაროში, რომელშიც თქვენ ყოველ დღე სულ უფო და უფრო დიდი ბედნიერება და წარმატება გელოდებათ!


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი