ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კლასის მართვა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა სკოლაში

სკოლის ორგანიზაციული კულტურა დადებითი განწყობებითა და მოსწავლეებისადმი პოზიტიური მოლოდინებით უნდა განისაზღვრებოდეს. ამ ყველაფერს კი ქმნიან მასწავლებელი და სკოლის მთელი კოლექტივი საერთო სისტემის ფარგლებში. დიდი ხანია მიჩნეულია, რომ აღნიშნული მიდგომა კლასის მართვის პრინციპების სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში სასკოლო განათლების ნებისმიერ საფეხურზე ეფექტურობის საწინდარია.

მოსწავლეთა ტიპების მიხედვით კლასის მართვის სტრატეგიებს სამ დონედ ყოფენ. პირველი დონე მოაზრებს უნივერსალურ სისტემას, რომელიც ეფექტურია მოსწავლეების 80-85%-თან. მეორე დონე გათვლილია მცირე ჯგუფებზე და ეფექტურია მოსწავლეთა დაახლოებით 15%-თან, ხოლო 7-8%-თან მხოლოდ ინდივიდუალური ჩარევაა ეფექტური. მეორე და მესამე დონეებზე გაძლიერებულია ინდივიდუალური სასწავლო სტრატეგიების დანერგვა და სასურველია, პროცესში ჩაერთონ სკოლის ფსიქოლოგი და სპეციალური განათლების პედაგოგი, რათა მოხდეს პრობლემური ქცევების ფუნქციური შეფასება და მათი ჩანაცვლება მისაღები ქცევებით.

მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია ზოგადი სტრატეგიების ცოდნა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურად მისაღები ქცევის განმტკიცებასა და სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, შედეგად კი აყალიბებს მოწესრიგებულ გარემოს საკლასო ოთახში და ხელს უწყობს ამ წესრიგის შენარჩუნებას, ამაღლებს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონეს, ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურ და ემოციურ განვითარებას, ამცირებს ნეგატიურ ქცევას და ზრდის საგაკვეთილო პროცესში აკადემიურ ჩართულობას.

გამოყოფენ კლასის წარმატებით მართვისთვის მნიშვნელოვან სამ ბაზისურ პრინციპს:

  1. სკოლაში აქცენტირებული უნდა იყოს მაღალი მოლოდინები მოსწავლეების მიმართ, მათი შესაძლებლობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით;
  2. სისტემა მიმართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ინტენსიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
  3. სასკოლო გარემოში ნათლად იდენტიფიცირებული და განმტკიცებული უნდა იყოს მოსწავლის ქცევები, რომლებიც წარმატების მომტანია მისთვის.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ, ამისთვის კი კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენებას სამ ზოგად კატეგორიად ყოფენ. პირველი კატეგორია შეეხება საკლასო გარემოსა და სტრუქტურის ორგანიზებულობას, მეორე – სწავლისადმი მოსწავლეთა მოტივირებას, ხოლო მესამე – პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას, ქცევის წესების შემუშავებას მათი დასწავლისა და განმტკიცების გზით. გარემოს მოწყობასა და სტრუქტურირებას, ასევე სწავლისადმი მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფენ სკოლა და მასწავლებელი. მნიშვნელოვანად მიიჩნევა მოსწავლის ოჯახის ჩართულობაც. თუმცა ჩვენს სინამდვილეში არცთუ იშვიათია, მეტიც – საკმაოდ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ოჯახის მთლიანობა მორღვეულია, ერთი მშობელი საარსებო წყაროს ძიებაში სხვა ქვეყანაშია გადახვეწილი, მეორე კი ბავშვს არ ჰყავს, ან ჰყავს მაგრამ მას შვილისთვის არ სცალია. ასეთ დროს მოტივატორად და სწავლისთვის შთაგონების წყაროდ მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის კეთილი ნება და ალტრუიზმი გვრჩება და ყოველივე ამის გარეშე ბავშვი უგულებელყოფისა და სასწავლო პროცესიდან გარიყვისთვისაა განწირული. არადა, სავსებით შესაძლებელია ყველა ასეთი ბავშვის სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, თუ მოსწავლის თვისშეფასებისა და მოტივაციის ამაღლებაზე მუმივად ვიზრუნებთ და მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებით იმ ძლიერ კავშირს აღვადგენთ, რაც მოტივაციასა და სასწავლო შედეგს შორის უცვლელად არსებობს.

მთავარია, გვახსოვდეს სწავლაში წარმატების მისაღწევად უმთავრესი ფაქტორები:

  • მოტივაცია ანუ მიზანი (პროცესის მოსალოდნელი შედეგის სარგებლიანობა მოსწავლისთვის);
  • სწავლა პრაქტიკით (როცა სწავლობენ იმით, რასაც აკეთებენ);
  • შეცდომების შესაძლებლობა (მოსწავლეები ხშირად გაურბიან წარუმატებლობის რისკს, რადგან შეცდომისა ეშინიათ);
  • უკუკავშირი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა იმის გასაგებად, რას და როგორ აკეთებენ, რა შედეგს იღებენ მოსწავლეები [ენგი და როუზი, 2012].

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების პრიორიტეტად აღიარებამ მასწავლებელთა უმეტესობა სწავლის უნარის დარღვევების მქონე ბავშვების სწავლების აუცილებლობის წინაშე დააყენა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაინც არაერთი მასწავლებელი თუ დირექციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საჭიროა დიფერენციაცია და სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვების იზოლაცია. ეს სამარცხვინო მიდგომა აისახება სასწავლო პროცესზეც, რომელიც ბავშვებისთვის უსიამოვნო და მოსაწყენ დროის ხარჯვად იქცევა და პროდუქტიული შედეგების მიღწევის მოლოდიიც მინიმუმამდე დადის.

 

განათლების ქართველი მკვლევრები მიუთითებენ, რომ არ არსებობს სკოლა, რომელშიც ერთ ბავშვს მაინც არ ჰქონდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და არ არსებობს სპეციალიზებული საჯარო სკოლა, რომელშიც ყველა ბავშვი თანაბარი შესაძლებლობებისა და საჭიროებებისა იყოს, რომ ინკლუზიური განათლების მოდელი ორიენტირებულია სწორედ განსხვავებული შესაძლებლობებისა და საჭიროებების მქონე ბავშვების ეფექტურ და ხარისხიან სწავლებაზე ერთ გარემოში – ერთ საკლასო ოთახში, რაც მასწავლებლისგან კლასის მართვისა და სწავლების ეფექტური სტრატეგიების ფლობას მოითხოვს, რათა არავინ დარჩეს ადეკვატური მიდგომისა და მოთხოვნების მიღმა. ალბათ, იმ აზრზე შეთანხმებაც სავსებით შესაძლებელია, რომ „არ არსებობს საკლასო ოთახი, სადაც მოსწავლეებს დროდადრო, ზოგს – უფრო ხშირად, ზოგს – იშვიათად, არ ექნებათ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მასწავლებლის მხრივ დამატებით ძალისხმევასა და ქცევის მართვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას მოითხოვს, სანამ მოხერხდება კონკრეტული მოსწავლისთვის ადეკვატური მიდგომის შერჩევა“.

ჩვენში და უცხოეთში განხორციელებული კვლევები თუ სასწავლო პროცესზე დაკვირვებაც აჩვენებს, რომ პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის სტრატეგიის გამოყენებით შესაძლებელია ქცევის სერიოზული პრობლემების შემცირება და, შესაბამისად, სწავლებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. მთავარია, მასწავლებელმა თუ სპეცპედაგოგმა კარგად შეისწავლონ ამა თუ იმ ქცევის წინაპირობა და განჭვრიტონ ამ წინაპირობებით გამოწვეული მოსწავლეთა ქცევის მოსალოდნელი შედეგები. ყოველივე ეს გაწაფული მასწავლებლის ხელში შესაძლოა მართლაც ჯადოსნურ ჯოხად იქცეს და ძირითადი მიზნისთვის უმტკივნეულოდ მიაღწევინოს. მიზანი კი უცვლელია: ვასწავლოთ ყველა მოწაფეს, მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით, კეთილგანწყობილ, უსაფრთხო, ბავშვის კოგნიტიური, სოციალური, პიროვნული განვითარების ხელშემწყობ გარემოში. ამ მიზნით კლასის მართვა ორ ამოცანას ემსახურება:

  1. ის მიმართულია არა მხოლოდ მოწესრიგებული გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისკენ, არამედ სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვისკენაც;
  2. უზრუნველყოფს მოსწავლეთა სოციალურ და პიროვნულ ზრდას. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წესრიგის დამყარება გაკვეთილზე, არამედ ის საშუალებებიც, რომლებსაც მასწავლებელი მიმართავს წესრიგის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად.

კარგად ორგანიზებული საკლასო ოთახის მახასიათებლები:

  • მოსწავლეები ჩართულნი არიან დავალებების შესრულებაში;
  • მოსწავლეებმა იციან, რას ელიან მათგან და აღწევენ წარმატებას;
  • ძალიან ცოტა დრო რჩება არასტრუქტურირებული ან ხელის შემშლელი აქტივობებისთვის;
  • საკლასო ოთახის კლიმატი ორიენტირებულია მუშაობაზე, მაგრამ სასიამოვნო და კომფორტულია.

იმისთვის, რომ საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო ბავშვებისთვის პრობლემური ქცევის გამომწვევი არ გახდეს, მნიშვნელოვანია, მაგიდები, სკამები, დაფა და სხვა სასკოლო ატრიბუტები განლაგდეს იმგვარად, რომ ყველა მოსწავლეს თანაბრად შეეძლოს თავისი ადგილიდან მასწავლებლის დანახვა და მოსმენა. რომელი მოსწავლე სად დაჯდება, მასწავლებელი წყვეტს. ზოგ შემთხვევაში სასარგებლოა, მოსწავლეს მივცეთ შეზღუდული არჩევანი. საკლასო ოთახის კედლებზე გამოკრული მასალა მოსწავლეებს ყურადღებას არ უნდა უფანტავდეს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ კედლებზე სიჭრელეს; სასურველია მერხებს შორის საკმარისი ადგილის დატოვება მოსწავლეთა (განსაკუთრებით _ ეტლით მოსარგებლეთა) დამოუკიდებელი გადაადგილების გასაადვილებლად; გარემოს აკომოდაციის მიზნით საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სკამის ფეხებზე მყარად მივამაგროთ ფართო რეზინი ან სქელი ქსოვილის ლენტი, რომელზეც მოსწავლე ფეხებს შეაწყობს. მიუღებელია სასწავლო პროცესის წარმართვა მეორადი განათების პირობებში. აუცილებელია საკლასო ოთახში ბუნებრივი განათების უზრუნველყოფა და ანარეკლების, მკვეთრი, თვალისმომჭრელი შუქის, ჩრდილებისთვის თავის არიდება. აუცილებლად მიიჩნევა ხმაურის წყაროების მინიმუმამდე დაყვანაც.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რას მოელის მათგან მასწავლებელი სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას, თუმცა გაკვეთილის მიმდინარეობა და სტრუქტურა ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ორიენტირებული იყოს მოსწავლის წარმატებაზე და არა წარუმატებლობაზე. გაკვეთილის დაწყება რეკომენდებულია გამხსნელი აქტივობით, რომელიც ხელს შეუწყობს ყურადღების კონცენტრაციას, დაინტერესებას და ცნობისმოყვარეობის აღძვრას. ასეთია, მაგალითად, გონებრივი იერიში ან აქტივობა შემეცნებითი თამაშის ელემენტებით.

მნიშვნელოვანია, მასწავლებელს წინასწარ ზედმიწევნით ჰქონდეს მომზადებული გაკვეთილის გეგმა, სასწავლო მასალა და საჭირო რესურსები. ორგანიზებულობა და მობილიზება დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა არასასურველი ქცევების შემცირებაზე. გაკვეთილის დაგეგმვის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირების ხანგრძლივობა. რეკომენდებულია გაკვეთილის პირობითად დაყოფა 20–წუთიან მონაკვეთებად აქტივობათა ცვლით და გამამხნევებელი სავარჯიშოების გამოყენებით. მაგალითად, შეიძლება გაკვეთილის პროცესში სკამების განლაგების შეცვლა აქტივობის მიხევით, თუ ჯგუფური აქტივობაა დაგეგმილი.

საკლასო რუტინა წარმოადგენს პროცედურათა თანმიმდევრობას დღის განმავლობაში მოსალოდნელ აქტივობათა შემთხვევაში, მისაღები მოქმედებებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში, მასწავლებლის მხრივ მოსალოდნელი ჩარევის შესახებ. საკლასო რუტინის შემუშავებაში თვითონ მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობენ. შეგვიძლია, მცირე დისკუსია მოვაწყოთ იმის გასაანალიზებლად, რაში გვჭირდება წესები. ასე კი უფრო საინტერესო ხდება სწავლა-სწავლების ორმხრივი პროცესი, რომლის მთავარ პოსტულატებად გამოყოფენ:

  • სისტემატურობას (მიზნის, შინაარსისა და დიდაქტიკური პროცესის ჰარმონიული შერწყმა);
  • მოსალოდნელი შედეგის გარანტიას;
  • უკუკავშირის სისტემას, რომელიც მიზნის ადეკვატურ საკონტროლო დავალებებს გულისხმობს.

მაშასადამე, სწავლა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას და მოქმედებას უკუკავშირით მიღებული შედეგების მიხედვით. შესაბამისად, უკუკავშირის სისტემა ნათელყოფს, რამდენად გამართულად, ხარისხიანად, შედეგზე ორიენტირებულად მუშაობს სასწავლო პროცესის ყოველი დეტალი. უკუკავშირის გარეშე სწავლის პროცესის შედეგს ვერ გავზომავთ, ვერ შევაფასებთ. შედეგის გარეშე კი მთელი პროცესი აზრს დაკარგავს. ინტერაქციული სასწავლო პროცესის დროს უკუკავშირისთვის საკმარისია, მასწავლებელმა იკითხოს, როგორ გაიგეს მის მიერ გაცემული ინფორმაცია. [ენგი და როუზი, 2012]. მთავარია, მოსწავლეს უკუკავშირმა ემოცია აღუძრას და ინფორმაციული ცოდნის დონესთან ერთად კონკრეტული ფაქტისა თუ მოვლენის მიმართ პოზიტიური ემოციური დამოკიდებულებაც ჩამოუყალიბოს. შინაარსისა და პოზიტიური უკუკავშირის ურთიერთშეთანხმებით ასევე ხელს შევუწყობთ ჯგუფის პოზიტიურ მზაობას მოსალოდნელი სამუშაოებისთვის.

 

სასარგებლო რესურსები:

  1. https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL1.6.2&d=HASH01fa2222bb4a8dcc5c7d8237.5.6&gt=1
  2. კნოტ როარ ენგი და რიჩარდ როუზი, შეფასება სწავლისთვის, თბ., 2012
  3. ქცევის მართვა, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის, თბ., 2017

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი