ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბამბაზიის სამოთხის შიში და იმედი

ესმა კოკოსკერიას, პირველ აფხაზ ქალს, ვინც გავიცანი ომის შემდეგ

 

„იქნება იმის დედაი

ჩემზე მწარედა სტირისა…“

             ლექსი ვეფხისა და მოყმისა

 

 

აფხაზეთი დედაჩემის ფოტოებში მაქვს ნანახი _ სტუდენტობის და იმის მერე ცხოვრების ყველა ზაფხულს სოხუმში, ახალ ათონში ატარებდა და ის ადგილებია იმ ფოტოებზე აღბეჭდილი _ სოხუმის სანაპირო, რამდენიმე ქუჩა, რიწის ტბის შავ-თეთრი, თუმცა ბუნების თუ განგების ჯადოსნობის გამო, მაინც მომწვანო-ზურმუხტისფერი ხედები, პალმების და ე.წ. ბათუმური ვარდების მწკრივები და, ბოლოს, სამახსოვრო და ლამის აუცილებელი ფოტო-სესია დათვის ფიტულთან, რომელიც, ჩემს ბავშვურ თვალში ძალიან საშიშად კი გამოიყურებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ფოტო მიზიდავდა _ გახევებული ვეებერთელა მხეცის აწეული თათის ქვეშ მომღიმარი დედაჩემი, თან უცნაურად მხიარული და თან აშკარად სევდიანი, უფრო კი იდუმალი წამი _ ერთ კადრში მოხელთებული.

ჩემმა მშობლებმა ვერ მოასწრეს და ვერასდროს წამიყვანეს აფხაზეთში, ვიდრე ის საშინელი ომი დაიწყებოდა. ხოლო როცა ომი დაიწყო, მე უკვე 12 წლისა ვიყავი და, ეს კი ის დრო აღმოჩნდა ჩემთვის, როცა ისედაც ყველაფერი თავზე მემხობოდა _ ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა მქონდა, სამყაროს ამოტრიალების, გიგანტური ნგრევის და ზანზარის, რომელშიც ეკლიანი ყვავილივით ამოიზარდა ეს ახალი, სისხლით და სიცოცხლით სავსე სიტყვა _ ომი.

მალე ამ სიტყვამ ყველაფერი სხვა დაჩრდილა, სათითაოდ ყველა კარი შეაღო და შინაურის სრული უფლებით დაიკავა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენივე სიცოცხლით და სისხლით სავსემ, ამორფულმა, მახინჯმა, მაგრამ მუდმივმა, და ამ მუდმივობით გამაძღარმა და წელგამართულმა…

1992 წლის 1 დეკემბერს ბიძაჩემი ჩაეწერა თბილისის ბატალიონში და იმავე დღეს წავიდა აფხაზეთში. 7 დეკემბერს 7 ტყვიით დაფლეთილი ჩამოასვენეს. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ აფხაზეთთან მეც ჩემი წილი სამუდამო ძაფი გავაბი, მთელი ძალ-ღონით ამ ძაფს ჩავეჭიდე და, ისედაც ხომ გული მიკანკალებდა, ისე მინდოდა ამ ჩემი უჭკუო თავით სანიტრად მაინც ფრონტის ხაზზე მოხვედრა, ჰოდა, გავყევი ბიძაჩემის შვიდი ტყვიით შედუღებული ძაფის გორგალს წარმოსახული ბრძოლის ველზე, ოღონდ არა აფხაზების, არამედ ჩვენი საერთო მტრისთვის, იმ დიდი და ვერაგი მტრისთვის პასუხის გასაცემად…

სინამდვილეში, ეს ძაფის გორგალი ჩემს ოთახში იწყებოდა და იქვე ბოლოვდებოდა _ საჯაროდ გადავკეტე ყველა სხვა შესასვლელ-გამოსასვლელი.  ჩემს იზოლირებულ, ნებაყოფლობით კარცერში, სადაც ყველაზე მეტად იმ დღეებში და იმ წლებში გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები მამხნევებდა, უნებართვოდ შემოსვლა არავის შეეძლო.

სამყარო, თავის ომებიანად, ჩემს ფიქრში განაგრძობდა ზანზარს და სუნთქვაშეკრული ველოდი ამ ფიქრშივე დაძრულ ახალ ამბავს აფხაზეთიდან, იმედის, ნუგეშის, გამარჯვების ამბავს, როგორც მე მაშინ ეს იმედი და ეს გამარჯვება წარმომედგინა…

და ერთ დღესაც, ჩემი კარცერის კარზე მამამ დააკაკუნა. ამასობაში წვერი მოეშვა და ბარე ათი წლით დაბერებულიყო. შემოვიდა. წინ დამიჯდა. თვალებით მუხლებამდე ძლივს ამომწვდა, თავი არც აუწევია, ისე მითხრა: ბოდიში რომ მე ვერ წავედი ომში. თქვენ გამო ვერ წავედი. გაიზრდები და გაიგებ.

ეს სიტყვასიტყვით ამას ნიშნავდა: ბოდიში, რომ მე ვერ მოვკვდი ომში. ცოცხალი რომ ვარ, ბოდიში.

და ახლა, როცა მამას ამ ბოდიშს ვიხსენებ, როცა იმ ომიდანაც ლამის ოცდაათი წელია გასული და მამაც აღარაა ამ სამყაროში, უფრო და უფრო მედრიკება თავი მისი იმდღევანდელი პასუხისმგებლობის გრძნობის, მისი უწყინარი სისუსტის თუ უძლურების, მისი კარგიკაცობის წინაშე. და როცა ჩვენს საბჭოთა დროში ნაცხოვრებ მამებს ხელაღებით ამუნათებენ ხოლმე, ლანძღავენ და ყველა ტიპის კონფორმიზმში ადანაშაულებენ, მინდა რომ ვუყვირო მათ: ყველა დანაშაული, რაც ჩვენს მამებს, ნებით თუ უნებლიეთ, ჰქონიათ, თავიანთი სიცოცხლით უკვე გამოისყიდეს _ ამ მამებს ნემსით დახვრეტილი ბუშტებივით დაუსკდათ გულები, ომშიც და იმის მერეც, სულ ერთმანეთის მიყოლებით, ბათქაბუთქით გადაფრინდნენ სხვა სამყაროში, ვერმიღწეულის თუ ვერშემდგარის თუ ვერშემქნილის დარდით გულგახეთქილები, რადგან მათ სწორედ ის აღმოაჩნდათ ყველაზე მეტი და საბედისწერო, რაც სიცოცხლეს ამხელა ძალას სძენს _ არტერიებსაც უხეთქავს _ პასუხისმგებლობა!

ეს კი ისეთი რამეა, ისეთი კონკრეტულიც და თან მრავალფესვგადგმული _ ცნობიერშიც და ყოფაშიც, რომ თავისთავად განაპირობებს სამყაროს წესრიგს, ცხოვრების კანონებს.

ეს პასუხისმგებლობაა, რომლის ნაკლებობამ თავის დროზე აფხაზეთი და აფხაზები დაგვაკარგვინა, რომლის ნაკლებობის გამოც, ასეთი მუდმივია ეს საზარელი სიტყვა: ომი…

არადა, ერთი შეხედვით როგორი მარტივია თუ მოინდომებ _ შენდობა და სხვისი შენდობის მიღება, მით უფრო, თუ ეს სხვა შენივე სისხლი და ხორცია, საუკუნეებით, კულტურით, ტრადიციებით, მიწით ხარ გადაჯაჭვული, ახლა კი სხვა რეალობას იცოხნით ორივე, უდაბნოს ხვატში გარინდებული აქლემებივით და ერთმანეთის ნათქვამი ყოველი სიტყვა ყალბად გეჩვენებათ, მორიგ სპეკულაციურ მონაჩმახად, ტყუილი ემოციით გატენილ  გულზემჯიღისბრაგუნად…

პირველი ეთნიკური აფხაზი, ვინც ცოცხლად ვნახე და გავიცანი, ესმა კოკოსკერია იყო, 2007 წელს, ჩემი მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „ბამბაზიის სამოთხეზე“ მუშაობისას.

ეს სპექტაკლიც ჩემთვის იმ შვიდი ტყვიით შედუღებული ძაფის გორგალის გაგრძელება აღმოჩნდა, 1992 წელს სამუდამოდ რომ დამაკავშირა აფხაზეთთან და თავის ნებაზე შეცვალა ჩემი წილი ცხოვრების რამდენიმე კანონი.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, რეჟისორმა (მაშინ მსახიობიც იყო) იოანე ხუციშვილმა, „ბამბაზიის სამოთხე“ რომ წაიკითხეს, სურვილი გაუჩნდათ, პიესად გადაეკეთებინათ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობაში აფხაზეთის თემა მთავარი თემა არც ყოფილა. მოთხრობა ერთ მარტოხელა მასწავლებელზეა, რომელსაც შვილი აფხაზეთში მოუკვდა და ახლა მის სახლსაც და სულსაც, რომ იტყვიან, ეშმაკები დაპატრონებიან.

გიორგი სიხარულიძე ახალი დანიშნული იყო ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და, მისი პირველი პრემიერაც, საუკუნენახევრის ტრადიციების მქონე თეატრში, სწორედ ამ პიესით შედგა.

2007 წლის 26 მაისს ვითამაშეთ პირველი სპექტაკლი და მას შემდეგ, ყოველი ახალი თატრალური სეზონი, ყოველ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, „ბამბაზიის სამოთხით“ იხსნება. ყველა ჩენებაზე დღემდე ანშლაგია და უკვე ათასჯერ ნანახ სპექტაკლს ისევ მდუღარე ცრემლით უყურებენ ხოლმე, რაც, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ ის აფხაზეთს ეძღვნება, ადამიანებს კი ისევ ენატრებათ და, რაც მთავარია, სტკივათ აფხაზეთი.

„ბამბაზიის სამოთხის“ მთავარი გმირები ქართველი და აფხაზი დედები არიან, ქართველს შვილის საფლავი იქ, აფხაზეთში დარჩა, ოღონდ არ იცის სად, მთელი ეს წლები მის ძებნას შეალია. და აი, იპოვის კიდეც, მიაგნებს ერთი მიცვალებულებით მოვაჭრე აფხაზის წყალობით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მისი შვილი მისგანვე მოკლული აფხაზი  ბიჭის დედას დაუმარხავს, თავისი  შვილის გვერდით და ასე, წლებია უვლის ორ საფლავს _ თავისი შვილისას და მისი მკვლელისას და ელოდება დღეს, როცა იპოვის ამ მკვლელის დედას, დააყენებს ამ საფლავებთან და ყველაფრისთვის პასუხს მას მოსთხოვს…

სპექტაკლი რომ ემოციური იქნებოდა, ეს თავიდანვე ჩანდა, რადგან ის რეალურ ფაქტებზეა აგებული და გულწრფელ განცდას ნამდვილი ამბავი უფრო იწვევს, ვიდრე გამოგონილი. თუმცა, ჩვენი მიზანი არც ვინმეს დამატებითი ემოციით დამუხტვა და გულაჩუყება ყოფილა, არც ერთგვარი სამოქალაქო რევერანსი „კარგად გაყიდვადი“ და მუდმივად აქტუალური თემის _ აფხაზეთის მიმართ. ძალიან გულახდილად რომ ვთქვა, ჩვენი მიზანი იყო ისეთი სიმართლის თქმა, რომლის ჩვენებაც აფხაზებისთვის იქნებოდა შესაძლებელი. ეს გამოგონილი სიმართლე არ იყო, ეს ჩვენს გულებში დიდი ხნის წინ დაძირკვული სიმართლე იყო და არის დღემდე, და რა უნდა მოხდეს, რომ რამემ ან ვინმემ გადაგვარწმუნოს _ ჩვენ აფხაზეთის დაბრუნება კი არა, აფხაზების დაბრუნება გვინდ(ოდ)ა!

ესმა კოკოსკერია თბილისში ცხოვრობს, ქართველი ქმარ-შვილი ჰყავს, ომის დროს დედამისს ძალით გამოუგდია ალმოდებული ქალაქიდან ორ ცეცხლს შუა მყოფი შვილი _ სადაც შენი ქმარ-შვილია, შენი სახლიც იქ უნდა იყოსო. თუმცა, დღემდე შეუძლია წელიწადში ერთხელ სოხუმს ესტუმროს და თავისები მოინახულოს. ესმა არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული ადამიანია _ ღრმა, ნამდვილი, პროგრესული, ცინცხალი და პრინციპული, და რაც მთავარია, სულ ხუთი თითივით იცის, რას ფიქრობენ მისი (ჩვენი) აფხაზები მის ქართველებზე, რა მოსწონთ და რა ვერ აუტანიათ. ესმა დაგვეხმარა „ბამბაზიის სამოთხის“ აფხაზურად თარგმნაში, მე ის დღეებიც მახსენდება, როცა აფხაზის როლისთვის საჭირო ფრაზებს მთელი მონდომებით სწავლობდა მისგან მსახიობი გიორგი ზანგური და ისე მოიხიბლა ესმას მოყოლილი, ესმას მიერ დახასიათებული აფხაზური ხასიათით, ტრადიციებით, მოკლედ _ ესმას აფხაზეთით, რომ ლამის ტირილით ეხვეწებოდა, გადამიყვანე როგორღაც აფხაზეთში, ჩემი თვალით მაჩვენე იქაურობაო.

გიორგი ვერა, მაგრამ ესმა კოკოსკერიამ მოახერხა და, სპექტაკლის ვიდეო-ვერსია, დვდ-დისკით, სოხუმში მართლა გადაიტანა. ორი კვირით იყო წასული. ეს ორი კვირა გულისკანკალით ველოდით _ რას იტყოდა, რა ამბავს ჩამოიტანდა.

ჩამოვიდა და მოგვიყვა _ შევკრიბე დედაჩემის სახლში 30-მდე აფხაზიო, აი, ისეთები, სიტყვა რომ ეთქმით და აზრი მოეკითხებათო, ჩავურთე ეს დისკიო. თავიდან ყველა ამრეზით იყო _ მორიგი სპეკულაცია ჩამოვიდა თბილისიდან, ისევ ცრემლები და ვაიუშველებელიო ამბობდნენ (უკვე ძალიან აღიზიანებთ მსგავსი რაღაცები და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ქართველების მიმართ ნდობას უფრო აკარგვინებთო, ესმამ), დაიწყო სპექტაკლი და დაიწყეს თურმე ამათაც ყურება, ჯერ ზრდილობის გამო, მერე ინტერესის, მერე, ცოტა შუაგულისკენ, ესმამ შეამჩნია, რომ ერთმა ფრთხილად და ფარულად საჩვენებელი თითის ზურგით ცრემლი შეიკავა თვალში, მერე მეორემ და, იფიქრა ესმამ _ აჰა, გაჭრა გულწრფელმა სათქმელმა და გალღვა ამათი გულებიც და, ეს ზუსტად ის ენაა, რა ენაზეც ამის მერე მოგვიწევს დიალოგი, რომ… ფინალი! ფინალში, შვილის და შვილის მკვლელის საფლავთან მდგომი ქართველი დედა, ამდენი წელი მხოლოდ იმაზე რომ ოცნებობდა, თავისი შვილის ძვლები ეპოვა, წამოეღო და სადმე თავისთან ახლოს დაემარხა, უარს ამბობს შვილის საფლავის გათხრაზე და ძვირფას ძვლებს აფხაზ ქალს უტოვებს _ ეს რატის მიწაა, ისევ შენ მოუარე, ვიდრე მე დავბრუნდებიო… ჰოდა, ეს ფინალი, სამწუხაროდ, ჯერაც მიუღებელი აღმოჩნდა იმ 30 აფხაზი მაყურებლისთვის. დაბრუნება _ ეს სიტყვა და მისი წარმოდგენა, როგორც ჩანს, ჯერ ისევ გადაულახავ შიშს ბადებს მათში, პანიკურ შიშს და, ამ შიშს ვერაფერი ერევა…

ესმამ სიმართლე გვითხრა _ რაც არის და როგორც არის _ შეულამაზებელი, გაუყალბებელი. ჩვენ ის მივიღეთ, მაგრამ ჩვენ-ჩვენი წილი იმედი მაინც არ დაგვიკარგავს. არც ჩემი ძაფის გორგალი გაჩერებულა და ისევ გორავს ამ სიმართლის, ამ ფიქრების, ამ ოცნებების გავლით და მათ მიღმა ერთდროულად…

სად არის აფხაზეთი, მოჭრილი კიდურივით რომ გვაკლია და დღემდე არასრულყოფილების მწარე განცდით გვაცხოვრებს?! სად არიან ის აფხაზები, ვისი დაბრუნებაც გვინდა, თვალის გასწორება, ყველაფრის მოსმენა და ყველაფრის თქმა, ვინც მოგვენატრა და ვინც ჩვენს ძმებად მიგვაჩნია, დღემდე ჯიუტად არ ვუშვებთ ხელს და გვინდა ვანიშნოთ, დავიფაროთ, რომ ისინიც არ შთანთქას დიდმა და ვერაგმა იმპერიამ, არ ჩაყლაპოს ამ უთვალავ ფერად შექმნილი სამყაროს ერთი ფერი _ აფხაზები?!..

სად და, პასუხისმგებლობაშია ეს აფხაზეთი, თავისი ადამიანებით, ამ ძალიან კონკრეტულ და უმასშტაბურეს სიტყვაში, ცხოვრების ამ კანონში, სამყაროს ამ წესრიგში _ პასუხისმგებლობაში: რომ ყოველი ადამიანის, ყველა ეთნოსის თავისუფლება ხელშეუხებელია, და ჭეშმარიტი თავისუფლებაც იქ იწყება, სადაც შენი მოყვასის თავისუფლების საზღვარი ძევს; რომ სიცოცხლე ყველაზე მშვენიერი თვისებაა ადამიანში და, ადამიანი კი იცნობა მის ყველა გამოვლინებაში _ ენაში, კულტურაში, ყოფაში, რწმენაში; რომ ეს ქვეყანა, ეს ბებერი და ყველა კბილივით მარადისობამოცვლილი ქვეყანა მხოლოდ პირადი მისწრაფების კი არა, რაღაც უფრო ბევრის და მნიშვნელოვანის ასპარეზია, საკუთარი თავის შეცნობიდან რომ იწყება და სამყაროს შეცნობამდე იგრძელებს გზას, და თუ ამაში ისტორიაც ჩაერია და თავის წიგნში ჩაგწერა!…

მჯერა, რომ ერთ დღეს, მე და ესმა კოკოსკერია ერთად ჩავალთ სოხუმში და ესმა დაწვრილებით ამიხსნის ყველაფერს _ აქ ეს ქუჩაა, აქ ეს სახლი დგას, აქ ის ცხოვრობდა… დავლევთ ქვიშაზე მოდუღებულ ოქროსფერ ყავას ზღვის სანაპიროზე, გავიცნობ ესმას ნათესავებს და მეგობრებს და სიტყვასაც არ დავძრავ „ბამბაზიის სამოთხეზე“, პირიქით, აღარც არასდროს გავიხსენებ მას, როგორც ივიწყებენ ხოლმე დროებითი ეფექტის მქონე წამლებს, ერთ კონკრეტულ კრიზისულ მომენტში რომ უშველათ ოდესღაც… ერთადერთ რამეს ვკითხავ მხოლოდ ჩემს ახლადგაცნობილ აფხაზ მეგობარს, გოგოს ან ბიჭს: იცი, ყველაზე მეტად რით ვგავართ ერთმანეთს? და თუ ვერ მიპასუხა, მე თვითონ ვეტყვი: გამძლეობით.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი