პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ემპათია ბავშვებში

უკანასკნელ ხანს უფროსები ხშირად გამოთქვამენ საყვედურს, წუხილს და გულისტკივილს ბავშვების ემპათიურობის თაობაზე. აღმზრდელთა აზრით, თანამედროვე ბავშვები, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში იზრდებიან, ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ, არ შეუძლიათ თანაგრძნობა, თანაგანცდა. ამ შეხედულების მომხრენი ამტკიცებენ, რომ დღევანდელი ბავშვები ინტელექტუალური განვითარებით 20-30 წლის წინანდელ ბავშვებზე გაცილებით წინ არიან, მაგრამ ემოციური განვითარებით ძალიან ჩამორჩებიან მათ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ემპათია, თანაგანცდა – სხვა ადამიანის ემოციების როგორც საკუთარის შეგრძნების და გაგების უნარი – თანდაყოლილია და ყველა ადამიანს აქვს, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ემპათია ხელს უწყობს ადამიანში ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა თანაგრძნობა, სიბრალული, წუხილი სხვისი გასაჭირის გამო. ემპათია გვეხმარება ურთიერთობაში, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში, მათ მორალურ დახმარებაში. სწორედ ემპათიურმა ადამიანმა იცის, რას განიცდის მის გვერდით მდგომი.

ამრიგად, ემპათია სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის გაგებაა თანაგანცდის და მის სუბიექტურ სამყაროში შეღწევის საშუალებით მისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ემპათია მოიაზრებს საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილას დაყენების, თანაგანცდის, ჩვენთან ურთიერთობის მქონე ადამიანის შინაგანი სამყაროს ემოციური და აზრობრივი შეფერილობის შენარჩუნების უნარს. ვფიქრობ, საინტერესოა, რომ ემპათიას ემოციურობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს – არიან ადამიანები საკმაოდ განვითარებული ემპათიის უნარით, მაგრამ სრულიადაც არ არიან ემოციური. თუმცა ემპათიის განვითარებას, ჩვეულებრივ, ემოციურობის განვითარებაც მოჰყვება. ემპათია მეტ შესაძლებლობას იძლევა გრძნობებისა და ემოციებისათვის. ამიტომაა, რომ ემპათიურ ადამიანს ხშირად ემოციურად მიიჩნევენ, თუმცა სინამდვილეში ის უბრალოდ მგრძნობიარე და გულისხმიერია.

როგორც უკვე ითქვა, ემპათია თანდაყოლილია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება განვითარება, რათა გამოვლინდეს. მისი განვითარების საუკეთესო პერიოდი კი ბავშვობაა. თუ დროულად არ ვიზრუნეთ ემპათიურობის განვითარებაზე, ჩვენს თვალწინ შეიძლება ჩამოყალიბდეს ემოციურად ბრმა და ემოციურად ყრუ ადამიანი. ადამიანი, რომელიც უყურებს, მაგრამ ვერ ხედავს და ისმენს, მაგრამ არ ესმის.

ბავშვები საკმაოდ ადრეულ ასაკში ამჟღავნებენ სხვის ემოციებზე ადეკვატური რეაგირების უნარს. ძალიან პრიმიტიული სახით ის უკვე ჩვილ ასაკში შეინიშნება – გაბრაზებული ადამიანის სახის დანახვაზე ბავშვი ტირილს იწყებს, გახარებულის დანახვა კი მასაც მხიარულ განწყობაზე აყენებს. ორი წლის ბავშვს უკვე შესწევს უნარი გაიგოს, რომ ადამიანი ცუდადაა და შეიძლება თავისი სათამაშო გაუწოდოს დასამშვიდებლად. პატარას „დახმარება“ უნდა, მაგრამ არ გააჩნია ცოდნა და უნარ-ჩვევები მხარდაჭერისთვის. მხოლოდ 6-7 წლის ბავშვს შეუძლია, გააზრებულად დააყენოს საკუთარი თავი სხვის ადგილას და დაფიქრდეს იმაზე, როგორი მოქმედება იქნება უფრო შესაფერისი კონკრეტული სიტუაციისთვის. იმის გაგებას, როგორ გრძნობენ თავს ადამიანთა განსაზღვრული სოციალური ჯგუფები, მოზარდი უკვე გარდამავალი ასაკიდან იწყებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არ ხდება, ამ უნარს განვითარება სჭირდება. განვითარებისთვის კი ეს პერიოდი ხელსაყრელია, რადგან გარდამავალ ასაკში იღვიძებს ფსიქოლოგიური აზროვნების, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის უნარი. თუ ჩვენს განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს არ უგულებელვყოფთ და გონივრულად გამოვიყენებთ, ბავშვი მგრძნობიარე ადამიანად გაიზრდება.

ალბათ საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა შეიძლება გავაკეთოთ ბავშვში ემპათიურობის განვითარებისთვის:

  • უპირველეს ყოვლისა, ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი გრძნობებისა და ემოციების სიტყვიერად გამოხატვა. კარგი იქნება, თუ ამის მოდელირებას თავად მოვახდენთ. მაგალითად, თუ ბავშვი ჩვენი თხოვნით პატარა ძამიკოს ან დაიკოს დაეხმარა დავალების მომზადებაში, რამაც ძალიან გაგვახარა, სიხარული შეგვიძლია სიტყვიერად ასე გამოვხატოთ: „ძალიან მიხარია, რომ შენს უმცროს ძმას დაეხმარე დავალების შესრულებაში“; ან პირიქით, გვეწყინა, რომ სიმართლე დაგვიმალა/მოგვატყუა. ამ შემთხვევაშიც უკეთესი იქნება, თუ არ დავმალავთ ჩვენს გრძნობებს და სიტყვიერადაც გამოვხატავთ: „ძალიან მეწყინა, რომ სიმართლე დამიმალე/ტყუილი მითხარი“. კარგი იქნება, თუ ბავშვს მის გრძნობებზეც დაველაპარაკებით და მათ სიტყვიერ ფორმულირებაშიც გავუწევთ დახმარებას. მაგალითად, თუ ვამჩნევთ, რომ ბავშვი ძალიან წუხს სკოლის შეცვლის გამო, შეგვიძლია ვუთხრათ: „ვხედავ, რომ ძალიან გაწუხებს სკოლის შეცვლა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახალ სკოლაში მალე შეიძენ მეგობრებს“.

ბავშვთან ჩვენს გრძნობებზე საუბრის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი რამ – გულწრფელობა. თუ სინამდვილეში არ ვწუხვართ, მაგრამ ბავშვს ვეუბნებით, რომ შეწუხებული ვართ, ან არ გვიხარია, მაგრამ ვუცხადებთ, რომ გვხარია, აუცილებლად დავკარგავთ ბავშვის ნდობას, რადგან ბავშვებს უფროსებისთვის ყველაზე მეტად სიყალბის პატიება უჭირთ.

  • კარგი იქნება, თუ ბავშვს ვასწავლით სხვისი, განსაკუთრებით კი ოპონენტის პოზიციიდან მოვლენის ან სიტუაციის შეფასებას. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ თანატოლებთან გართულებული ურთიერთობა. თუ ბავშვი თანაკლასელთან კონფლიქტში აღმოჩნდება ჩათრეული, ვთხოვოთ გაჩერდეს, დაფიქრდეს, რას იგრძნობდა ოპონენტის ადგილას და იმსჯელოს პრობლემაზე მისი პოზიციიდან. თუ ბავშვი პატარაა, სასარგებლო იქნება მსგავს სიტუაციაში თოჯინების გამოყენება, ამასთან, თითოეული თოჯინა უნდა წარმოადგენდეს კონფლიქტის რომელიმე მონაწილეს. ასეთი აქტივობა ძალიან უწყობს ხელს ემპათიის განვითარებას.
  • რეაგირების გარეშე ნუ დავტოვებთ ბავშვის გულგრილ დამოკიდებულებას გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. თუ ბავშვი არაკეთილგანწყობას ამჟღავნებს, გამოვიყენოთ ეს როგორც შესაძლებლობა მის დასახმარებლად, გახდეს უფრო მგრნობიარე სხვა ადამიანის მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ. შევეცადოთ, ბავშვის ყურადღება მივმართოთ იმისკენ, რა გავლენა მოახდინა მისმა მოქმედებამ სხვა ადამიანზე: „შენ ტელევიზორი სხვა არხზე გადართე მულტფილმების საყურებლად ისე, რომ არ ჰკითხე ბებიას, ხომ არ უნდოდა იმ გადაცემის ბოლომდე ნახვა, რომელსაც უყურებდა. რას იგრძნობდი, შენ რომ მოგქცეოდნენ ასე?“
  • თუ ვხედავთ, რომ ბავშვი ამჟღავნებს თანაგრძნობას, თანაგანცდას, სიბრალულს ვინმეს მიმართ, ის აუცილებლად შევაქოთ და მოვიწონოთ მისი საქციელი, რათა მომავალშიც გაუჩნდეს ასე მოქცევის სურვილი.
  • იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ჩვენი მოსმენა, ჩვენი თხოვნის, ჩვენი ემოციების გაგება, თავად უნდა ვიყოთ კარგი მსმენელი. მოვუსმინოთ და გავიგოთ არა მხოლოდ ის, რაც ითქვა, არამედ ისიც, რაც ბოლომდე ვერ თქვა და რაც დაფარულია მის ინტონაციაში, ჟესტებში, მიმიკაში.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი იზრდებოდეს კეთილგანწყობის, სიკეთის, გარშემო მყოფთა მიმართ თანაგანცდის ატმოსფეროში.
  • გვახსოვდეს, რომ ბავშვი სარკესავით აირეკლავს მასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მშობლების ქცევას, ამიტომ ვიზრუნოთ ჩვენს სულიერ განვითარებაზე და ჩვენთან ურთიერთობაში მყოფი პატარაც გაიზრდება ჩვენს კვალდაკვალ.

დაბოლოს, ბავშვებთან ურთიერთობის და მათთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ვფიქრობ, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ბავშვები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც, მიუხედავად ყველაფრისა, გამოირჩევიან ემპათიურობის ისეთი საოცარი უნარით, რომ ცალკეულ შემთხვევებში ალბათ ჩვენ, უფროსებს, ამ მიმართულებით უფრო მეტის სწავლა შეგვიძლია მათგან, ვიდრე მათ – ჩვენგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი