ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ანტინაცისტი მხატვარი

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში მსოფლიოს მთავარმა ნაცისტურმა გაზეთმა პროპაგანდის განყოფილებაში ვრცელი და კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. „სახალხო ზედამხედველი“ დაუნდობლად განსჯიდა კომპოზიციას, რომელზეც რაიხში მცხოვრები ქალი ომისგან გაუბედურებულ, გაწამებულ, შვილმკვდარ მშობლად გახლდათ წარმოჩენილი. „მადლობა ღმერთს, სინამდვილეში გერმანელი დედა ასე არ გამოიყურება“ – წერდა რასისტული გამოცემის რედაქტორი. მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით, ცენტრალური ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეები ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშზე უბედნიერეს, ულამაზეს და მოწესრიგებულ ოჯახად უნდა ყოფილიყვნენ გამოსახულნი. ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაციის გადმოცემა დანაშაულად და ღალატად იყო გამოცხადებული. მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ ღირსებისა და თავისუფლების შენარჩუნებას, რაც ხშირად სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ.

„სახალხო ზედამხედველის“ რისხვის ობიექტი ქეთე კოლვიცი გახლდათ, მხატვარი, რომელმაც მთელი ცხოვრება უთანასწორო ბრძოლაში გაატარა.

ვის წინააღმდეგ მოქმედებდა დევნილი შემოქმედი?

კოლვიცი პრუსიელი მხატვარი იყო. მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ბერლინთან არის დაკავშირებული. ბერლინში გადმოსახლებისთანავე გრაფიკოსისათვის თვალსაჩინო გახდა იმპერიის დედაქალაქში არსებული უმძიმესი სოციალური პრობლემები. გერმანიის ხელოვნების აკადემიის პირველი ნამდვილი ქალი წევრი და ბერლინის სამხატვრო სკოლის პროფესორი ყოველ ნაბიჯზე ამჩნევდა მთავარი ქალაქის გაუბედურებულ მოსახლეობას. მეოცე საუკუნის დასაწყისის ინდუსტრიულ დასახლებებში კვლავ უმწვავესად იდგა შიმშილის პრობლემა. ხშირად დედები თავს იკლავდნენ ხოლმე, რადგან შვილების გამოკვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. უმუშევრობისგან დაღდასმული და გარიყული მამაკაცები ალკოჰოლიზმითა თუ კრიმინალურ დაჯგუფებებში მონაწილეობით ცდილობდნენ საკუთარი დარდის გაქარწყლებას. კოლვიცის პოპულარულ სერიებში სწორედ ამგვარი სოციალური ფენების ყოფა იყო გადმოცემული.

პროფესორის შემოქმედებითმა საქმიანობამ კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა პირველი მსოფლიო ომის დროს შეიძინა. 1914 წელს მისი ვაჟი, პეტერი აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლის დროს დაიღუპა. ომის მიმდინარეობისას კოლვიცის ნამუშევრებში მშვიდობის თემაც წამყვან საკითხად იქცა. კოლვიცს არ ესმოდა, თუ რას შეეწირა თავისი ვაჟი. მას არ სწამდა, რომ ომი გერმანელი ხალხისა და ევროპაში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების ინტერესებს ემსახურებოდა.

სოციალურად დაუცველთა გამოქომაგების სურვილითა და ომის საწინააღმდეგოდ ბრძოლის იდეით მოტივირებული მხატვრისთვის განსაკუთრებით მძიმე ნაციზმის დაწინაურების ეპოქა აღმოჩნდა. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები ყველა საშუალებით ცდილობდნენ აღიარებული მხატვრის გარიყვასა და შევიწროვებას. მასზე თავდასხმები ყველა მიმართულებიდან წარმოებდა. თავდაპირველად, იგი აკადემიიდან გააგდეს. მოგვიანებით კი პროფესორის სტატუსიც ჩამოართვეს. ოცდაათიანი წლების ოპოზიციონერები მხატვრის დევნის მიზეზად მიიჩნევდნენ 1934-35 წლებში შექმნილ ლითოგრაფიების სერიას, რომელსაც კოლვიცმა „სიკვდილი“ უწოდა. თავისი ნამუშევრებით პირველი ქალი აკადემიკოსი პირდაპირ მიანიშნებდა, რომ სიკვდილს ნაცისტური რეჟიმი განაპირობებდა. ამასთანავე, ყოფილი პროფესორი თამამად სვამდა აქცენტს იმაზეც, რომ მოქალაქეების მასობრივი ხოცვა სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა მესამე რაიხსაც. ჰიტლერული რეჟიმის მოწინააღმდეგეები პრუსიელის კომპოზიციებს ხშირად და ეფექტიანად იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვის. 1930-იანი წლების გერმანიაში, ყველა მთავარი ქალაქის ქუჩებში შეხვდებოდით პლაკატებს, რომლებზეც ლოზუნგებთან ერთად დევნილი ოჯახისა და პაციფისტი მეომრის კოლვიცისული გრავიურები იყო გამოსახული. ხელისუფლების განმტკიცებისთანავე გებელსმა შვილმკვდარი დედის ნამუშევრები დაბლოკილი ნიმუშების სიაში შეიტანა.

ნაციზმთან ბრძოლას კოლვიცის ოჯახის არაერთი წევრი შეეწირა. მხატვარი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო რეჟიმის დასრულებას. სიკვდილის შემდეგ ბერლინიდან გახიზნული შემოქმედის დროებით თავშესაფარში მთელი მისი  სიმდიდრე აღმოაჩინეს. მრავალწლიანი ბრძოლისა და შრომის შემდეგ კოლვიცს მხოლოდ თავისი დღიური და გოეთეს ბიუსტი დარჩა.

ცოტა ხნის წინ უდიდესი პატივი მხვდა წილად – ვილი ბრანდტის სახლში ამ შესანიშნავი ქალის გამოფენას დავესწარი. გამოფენის მასპინძელმა მითხრა, რომ გერმანელებს კიდევ მრავალი წელი დატანჯავთ სინდისის ქენჯნა ნაცისტური ბოროტების გაღვივების გამოო. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ისინი ამაყობენ ჰიტლერის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვლენილი ძალისხმევითაც. ხელოვნების ფრონტზე ნაცისტურ წინააღმდეგობას სწორედ ქეთე კოლვიცი და მისი სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ. მათ საკუთარი ქვეყნის უბედურებაში არასდროს დაუდანაშაულებიათ ღარიბი და ვარამს გამოქცეული მიგრანტები.

კოლვიცის ნამუშევრებიდან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა სურათმა, რომელსაც „პურს” უწოდებენ. ნაშრომი შიმშილისა და სოციალური უსამართლობის თემაზეა შექმნილი. მასზე გამოსახულია ქვრივი დედა, რომელსაც ნაშიმშილარი ბავშვები კალთებს ახევენ და კბენენ. ნახატის ქვედა კუთხეში კი შეხვდებით წარწერას „პური“.

ვფიქრობ, ეს კომპოზიცია უზუსტესად გამოხატავს თანამედროვე საქართველოს გასაჭირს. ნებისმიერი მარში შიმშილისა და გაჭირვების პრობლემის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. ღარიბი მიგრანტები და უნიჭო საჯარო პირების ხაფანგში გაბმული, გადარჩენისთვის მებრძოლი ადგილობრივები ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი