ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეცნიერება ახლოს და შორს

სალექსიკონო განმარტებას თუ მოვიხმობთ, მეცნიერება ადამიანის საქმიანობის სფეროა, რომლის მიზანიც გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაციაა. ამავე განმარტების თანახმად, მეცნიერული ცოდნის დაგროვება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდით შესწავლის შედეგად ხდება.

ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისება ცნობისმოყვარეობაა. გარემოს შესწავლისკენ სწრაფვა თან სდევდა მის არსებობას, თუმცა შესწავლის ფორმები და მეთოდები კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიების განვითარებისა თუ ცხოვრების აჩქარებული რიტმის გამო ადამიანთა უმეტესობას ღრმა და საფუძვლიანი კვლევების წარმოებისთვის აღარ სცალია (ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენება), მეცნიერება იმ ფორმით, როგორითაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, გამოწვევების წინაშე დგას და იძულებულია, ახალი გზები ეძებოს, რათა არ ჩაიკეტოს და მეცნიერთა მხოლოდ ვიწრო წრისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს.

მახსოვს, სტუდენტობისას, როცა იმაზე ვფიქრობდი, სად შეიძლება მემუშავა და როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ყველაზე ნაკლებსასურველი სამეცნიერო საქმიანობა ჩანდა. საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებები ძირითადად პათეტიკური ტექსტების ან თანამედროვე კონტექსტისთვის ნაკლებად საინტერესო თემების გარშემო ტრიალებენ და უჭირთ, ახალგაზრდებისთვის მიმზიდველები გახდნენ. თავს ცოტა რეალისტური ხუმრობის უფლებას თუ მივცემთ, შესაძლოა გამოვკვებოთ გონივრული ეჭვი, რომ მითები ქართველთა განსაკუთრებულობის შესახებ და მძაფრი ნაციონალისტური აქცენტები ჩვენს ცნობიერებაში სათავეს სწორედ ქართული ისტორიისა და ლიტერატურის შესახებ დაწერილი სამეცნიერო ლიტერატურიდან იღებს.

ჩემი სტუდენტობის შემდეგ დრო გავიდა და ვინაიდან მეტ-ნაკლებად ჩემთვის საინტერესო საქმიანობას მივყავი ხელი, „გადარჩენილის“ პოზიციიდან ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, რომ კვლევებში მეტი ახალგაზრდა ჩაებას, მოჯადოებული წრე გაირღვეს, მეცნიერებამ თანამედროვე გამოწვევებს ჩახედოს თვალებში, ჩვენს ირგვლივ არსებული რთული კითხვების შესაძლო პასუხები მოხაზოს, გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღებაში დაგვეხმაროს, სწორი ორიენტირები მონიშნოს და, შესაბამისად, მეტი ადამიანისთვის გახდეს საჭირო და საინტერესო.

მეცნიერებაზე საუბრის წამოწყების მიზანი პირადი და არცთუ დადებითი გამოცდილების გაზიარებაზე მეტად იმ კარგი სამეცნიერო პროექტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება იყო, რომელიც ჰუმანიტარული საკითხებით დაინტერებული მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიძლება კარგი დამხმარე რესურსი აღმოჩნდეს სწავლისა და სწავლების პროცესში, მაგრამ ვინაიდან უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე მოგონებები ამოტივტივდა, იყოს ამ ტექსტის ნაწილი, როგორც ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მკვლელ ფაქტორებზე ფიქრის საბაბი.

 

ახლა კი – პროექტების შესახებ:

1)         საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა, რომელიც ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტმა შექმნა და მეოცე  საუკუნის საქართველოს შესახებ ინტერნეტსივრცეში არსებული ყველაზე დიდი რესურსია (20 000-მდე პირი, 12 000-მდე ფაქტოიდი, 3 500-ზე მეტი წყარო). ბაზაში დოკუმენტირებულია 1918-1921 წლების პერიოდიკა, საქართველოს სახელმწიფო არქივისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დოკუმენტები, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი არქივები.

 

პროსოპოგრაფია არის ისტორიული მეცნიერება, რომელიც ცალკეულ პირთა ბიოგრაფიების საფუძველზე შეისწავლის ისტორიული ჯგუფის საერთო მახასიათებლებს. პროსოპოგრაფიის მთავარი მიზანია ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფისთვის დამახასიათებელი სოციალური თუ სხვა მარკერების გამოვლენა. დაბადების და გარდაცვალების თარიღები, ინფორმაცია ქორწინების და ოჯახის წევრების, სოციალური წარმომავლობის, საცხოვრებელი ადგილის, განათლების, საქმიანობის სფეროს, აღმსარებლობის შესახებ. ამ და სხვა ამ ტიპის მონაცემების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე დაკვირვება და ისტორიის რეკონსტრუქცია.

 

2) საქართველოს ეროვნული არქივის დიგიტალიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ფონდებში დაცული ფოტო–, ფონო–, კინო– და წერილობითი დოკუმენტების, საქართველოსა და კავკასიის რუკებისა და მიკროფილმების გაციფრულება, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ინტერნეტი და ინტერესი.  არქივში ჩხრეკამ კი გატაცება იცის, ერთხელ თუ იპოვე ხელჩასაჭიდი მასალა, მერე მიჰყვები და ახალი აღმოჩენებით იწყებ ცხოვრებას.

 

3) თბილისი – ცვლილებათა არქივი“ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტია, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების ფარგლებში. ცვლილებათა არქივი საზოგადოების ტრანსფორმაციის პროცესის სხვადასხვა კუთხით შეფასების და წინააღმდეგობრიობათა დადგენის მცდელობაა და ეძებს პასუხს კითხვაზე, ვინ ან რა განსაზღვრავს ქალაქების ცვლილებებს და აძლევს ფორმას მომავალს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი