პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„სიმღერით“  გადათქერილი ბოსტანი…

ერთ საინტერესო გარემოებას დავაკვირდი: სტუდენტთა უმრავლესობა (ოღონდ ყველა არა) რას აღარ მიმართავს, რომ არ ისწავლოს. მთავარი საგანში კრედიტის აღებაა, თორემ თავში ცოდნა გრჩება თუ უბრალოდ კრედიტის აღმნიშვნელი რიცხვი, მაგას ყურადღებას არავინ აქცევს.

ზემოთ დავწერე – „ოღონდ ყველა არა-მეთქი“, და მართლაც, ეს ყველა სტუდენტს არ ეხება. მათი უმრავლესობა (ყოველ შემთხვევაში, ჩემთან) ბეჯითად იქცევა და კრედიტიც ღირსეულად მიაქვს. ოღონდ, იმ უმცირესობას რა ვუყოთ, ვინც მართლაც რომ გამომგონებლობით არის დაკავებული… რა გამოიგონოს ისეთი, რომ დაგაჯეროს, დაგარწმუნოს.

საგამოცდო პერიოდი  საოცარი დამთხვევების ჟამია. სტუდენტთა ნათესაობა ზუსტად ამ პერიოდს ამთხვევს… დიახ, რაც იფიქრეთ, იმას. ოპერაციებიც ამ პერიოდში იგეგმება.  სიმღერა-ცეკვის რეპეტიცია-ფესტივალებიც და სამსახურების „ბოროტი“ დირექტორებიც მაინც და მაინც ამ დროს არ უშვებენ სტუდენტებს უნივერსიტეტში.

არადა, ისინი ხვალინდელი სპეციალისტები არიან. თეორიულად, ლოგიკაც რომ მოვიშველიოთ, ხომ არიან? ჰოდა, სულ მაინტერესებს, ასე ცოდნის გარეშე, რანაირად ივარგებენ ან საკუთარი თავისთვის, ან პოტენციური სამსახურისთვის, ან ქვეყნისთვის.

ახლა სხვა კითხვას დავსვამ: თანამშრომლისთვის რა თვისებებია აუცილებელი –  ცოდნა თუ პატიოსნება? წარმოიდგინეთ, ძალიან მცოდნე და ზერელე, ნელ-თბილად, რომ უყურებს თავის მოვალეობებს. ან, სულ პირიქით რომ იყოს საქმე და ძალიან პატიოსანი,  თანამშრომელი, ოღონდ… საქმე რომ არ იცის. აი, მთელი გულით საქმის ერთგულია, მაგრამ რა როგორ გააკეთოს, არ იცის და მოკალით.

რა ამის პასუხია და ერთი იგავი მახსენდება. ერთ კაცს  ულამაზესი ბოსტანი ჰქონდა, რა აღარ ედგა შიგ. ხეებიც – მსხმოიარე ხილით. ამის შესახებ თაგვებმაც იცოდნენ და სულ იმის მცდელობაში იყვნენ, რა მოეპარათ, რა დაეღრიტნათ, რა გაეფუჭებინათ. კაციც ყველანაირად ცდილობდა თაგვების მოგერიებას. ერთ დღესაც გადაუდებელ საქმეზე ქალაქში გახდა წასასვლელი. იფიქრა, ჩემს არყოფნას თაგვები ნამდვილად შეამჩნევენ და ბოსტანს გამიჩანაგებენო. თავის ერთგულ ვირუკას უხმო და უთხრა:

  • ქალაქში მივდივარ, საღამომდე არ ვიქნები და უნდა მომეხმარო. მთელი დღე იხმაურე, იმღერე. თაგვები შენს ხმას გაიგებენ, შეეშინდებათ და ბოსტანს ახლოს არ გაეკარებიანო.

ვირუკას პატრონი უყვარდა და ბუნებით საოცრად პატიოსანი იყო. კაცს დაპირდა, შენს ბოსტანს ერთი თაგვიც კი ვერ გაეკარება ახლოსო. მთელი დღე ბოსტანში ირბინა და იჯლიგინა, იყვირა და იყროყინა. ერთხელაც  არ დამჯდარა, მუხლი არ ჩაუხრია, ლუკმა არ გადასვლია პირში.

საღამოს, დაბრუნებულ პატრონთან მიკუნტრუშდა და უთხრა, მთელი დღე ისე ვიხმაურე და ვირბინე, გულგახეთქილი თაგვები სოროში გასუსულები იყვნენო. პატრონმაც  შეაქო, მაგრამ ბოსტანთან რომ მივიდა და შეხედა, ღიმილი პირზე შეაშრა. ბოსტანი აღარ იყო…

ვირუკამ მთელი დღე ისე ითქარუნა, რომ დაბლა არც კი დაუხედავს, ჰოდა ყველაფერი გადათქერილ-განადგურებული იყო.

არადა, იმ ბოსტანში რა აღარ ხარობდა. სულ დასაწყისში გარგარის და ატმის ხეები იდგა. რომელი უფრო გიყვართ?

მე ერთიც და მეორეც, თუმცა ერთმანეთს რომ გავაჯიბროთ გარგარი გაიმარჯვებს.

ორივე ყვითელი ფერის არის, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვიტამინ A-ს წინამორბედ ბეტა-კაროტინს შეიცავენ. გარგარი მისი დღიური ნორმის 39%-ს, ატამი კი დღიური ნორმის მხოლოდ 7%-ს.

ყვითელი შეფერილობა ასკორბინის მჟავის, იგივე C ვიტამინის შემცველობაზეც მიგვანიშნებს. ეს ვიტამინი ვიტამინ A-სთან ერთად ახალგაზრდობის ვიტამინად ითვლება. გარდა იმისა, რომ ის იმუნიტეტისთვის არის აუცილებელი, ცილების-კოლაგენის და ელასტინის სინთეზში მონაწილეობს, რაც ელასტიური კანის და სისხლძარღვების გარანტია. გარგარში C ვიტამინის დღიური ნორმის 17%-ია, ატამში კი მხოლოდ 11%.

ადამიანი უცნაურია, სულ საკუთარი თავის მავნებელ რაღაცეებს სჩადის და თან გულწრფელად სჯერა, რომ თვითონ და მისი ოჯახი არ დაზარალდება. მაგალითისთვის პესტიციდები ავიღოთ. ზრდის პროცესში  ხეებს უხვად აყრის, ფიქრობს, რაც მეტი, მით უკეთესიო. არადა, ხეები პესტიციდებს ნაყოფში აგროვებენ და შემდეგ თქვენც მიირთმევთ, თქვენი შვილებიც და ჩვენც. ატამი 62%-მდე აგროვებს, გარგარი კი მხოლოდ 33%-ს.

ახლა, კალორიულობასაც მივხედოთ. მარტივ შაქარს რომელიც შეიცავს, კალორიულიც ის არის. გლიკემიური ინდექსი (არაერთხელ დამიწერია ამის შესახებ) რომელსაც მაღალი აქვს, კალორიულიც ის არის. ამ შემთხვევაში, ეს გარგარი ბრძანდება, მარტივი შაქრის შემცველობა 48%-ია, ატამში კი 39%.

დაბოლოს, ფიტოსტეროლებზე (ფიტოსტერინზე) თუ გსმენიათ რამე? ისინი სტეროიდული სპირტების ჯგუფს მიეკუთვნებიან და დიდი რაოდენობით გვხვდება მცენარეებში. წყალში არ იხსნებიან, იხსნებიან სპირტში. ქოლესტეროლის ანტაგონისტებს წარმოადგენენ და სისხლძარღვების კედლებზე მიმაგრებული ქოლესტეროლის ფოლაქების „ამოყრით“ არიან დაკავებული.  ანუ, სისხლძარღვებში ქოლესტერინს ჩაანაცვლებენ და ამით ათეროსკლეროზისგან გვიცავენ. ატამი 18%-ს შეიცავს, გარგარი კი მხოლოდ 10%-ს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სალათის ფურცლები და მწვანილის ყველა სახეობა ფიტოსტეროლს დიდი რაოდენობით შეიცავს.

ბოსტნის მარჯვენა მხარეს ბადრიჯანი ხარობდა.

ბადრიჯანი გიყვართ? ნაკლებკალორიულია, უხეშ ბოჭკოებს შეიცავს, მათი დღიური ნორმის 14%-ს. თუმცა მომზადების წესს გააჩნია. მაგ. შემწვარი ბადრიჯანი ნაკლებკალორიული ვერაფრით იქნება, რადგან იმდენ ზეთს ისრუტავს, რომ… ბადრიჯნისგან დამზადებული, ე.წ. ხიზილალა, ასევე ვერ იქნება ნაკლებკალორიული, რადგან მისი მომზადების წესი ბევრ მარილს ითვალისწინებს. ის კი სისხლძარღვების კედლებზე რჩება და იწყება შემდეგ… წნევამ ამიწია, გული მიფრიალებს…

ყველანაირად მომზადებული ბადრიჯანი შეიცავს მაგნიუმს, რომელიც მეტალდამოკიდებული ფერმენტების ერთ ჯგუფს ააქტიურებს და სხვა მრავალ კარგ საქმესთან ერთად, ძვლოვანი ქსოვილის გაძლიერებას უწყობს ხელს. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, მის კალციუმით გამდიდრებას.  ასევე ანტიციანიდებსაც შეიცავს, რომლებიც ანტიოქსიდანტებია და კარცეროგენებისგან უნდა დაგვიცვან, ოღონდ… ისევ და ისევ მომზადების დროს მათი დიდი ნაწილი უბრალოდ იკარგება. ამიტომ, ავიცენა ბადრიჯანს უმად მიირთმევდა (იხ. ჩემი ადრინდელი სტატია https://mastsavlebeli.ge/?p=13469) და სხვებსაც ამას ურჩევდა. მეც არაერთხელ მინახავს, უცხოეთში საერთაშორისო კონფერენციების ფურშეტებზე უმ ბროკოლისთან ერთად შემოთავაზებული უმი ბადრიჯნის თხლად დაჭრილი ნაჭრები. ჯერ არ გამისინჯავს, ფსიქოლოგიურ სამზადისში ვარ.

ბოსტანში ბადრიჯნის უკან გოგრა იზრდებოდა.

გოგრა გიყვართ?

მოყვითალო-მოყავისფროა, რაც ნიშნავს, რომ ვიტამინ A და C-ს შეიცავს. 8 000 წლის წინ მექსიკაში გამოიყვანეს. მის ოჯახს ეკუთვნის საზამთროც, ნესვიც, ყაბაყიც და კიტრიც. ანტიოქსიდანტს წარმოადგენს და ესეც სჯობს უმად მივირთვათ. ავიცენა და თანამედროვე ექიმები ასე გვირჩევენ. მე ჯერ უმად არც ეს გამისინჯავს, ფსიქოლოგიურ სამზადისში ვარ-მეთქი.

რა აღარ მწიფდა ვირუკას მიერ გაჩანაგებულ ბოსტანში. ვირი პატიოსანი და ერთგული იყო, მაგრამ ცოდნა არ ეყო, როგორ გაეყარა მინდვრის თაგვები ბოსტნისთვის უსაფრთხოდ.

წლების წინ „ქიმიის ისტორიის“ შესავალ კურსზე სტუდენტი მყავდა. ბევრს აცდენდა. სემესტრის ბოლოს გამოჩნდა და მითხრა, რომ ფეხბურთელი იყო, „გაყიდვას“ უპირებდნენ და ამიტომ  ფაქტობრივად „სბორებზე“ უწევდა სიარული. მთხოვა, შანსი მომეცით, რომ ყველაფერი ჩაგაბაროთო. გულში გამეცინა (თავად მას ეჭვიანად შევხედე), მაგრამ ჩაბარების ნება დავრთე.

ვკითხე, მიპასუხა. კიდევ ვკითხე, კიდევ მიპასუხა. შემდეგ უფრო დაწვრილებით ვკითხე და ჰმ… იმათზეც პასუხი ჰქონდა. აზარტში შევედი და ძალიან, ძალიან წვრილმანებს მივყავი ხელი… ესეც მიპასუხა!!

  • ნუთუ, ვერ უნდა „გამოვიჭირო“-მეთქი – ბოროტად კი არა, უბრალოდ ისე, როგორც აზარტში შესულს შეჰფერის, გავიფიქრე.

არა ბატონო, ყველაფერი იცოდა, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი!!!

ვკითხე, კი მაგრამ „სბორებზე“ თუ დარბოდი, ეს საიდანღა ისწავლე-მეთქი და იცით, რა მიპასუხა?

  • თქვენი ვიდეოლექციები ჩამოვტვირთე და ვარჯიშის დროს ყურსასმენებით ვუსმინე და ვუსმინეო.

ჰოდა, აქ „ქიმიის ისტორიის“ კურსის ცოდნაში კი არ არის საქმე. საქმე საქმისადმი დამოკიდებულებაშია, პასუხისმგებლობის გრძნობასა და პატიოსნებაში.

ეს სტუდენტი თავის ნამდვილ სპეციალობასაც ისე მიუდგება, რომ საქმის ერთგულიც იქნება და მცოდნეც.

ჰოდა… რა ვქნა… ყველა ასეთი, საქმისადმი სწორი დამოკიდებულების  სტუდენტი მინდა მე!…

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი