პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვრცელი ტექსტები სკოლაში

21-ე საუკუნე მოკლე შეტყობინებებისა, მორბენალი სტრიქონების, მოკლე ტექსტების მოყვარული საუკუნეა. მსოფლიოში მასწავლებლები თუ ლიტერატორები, განათლების ექსპერტები შიშით უყურებენ და აღიარებენ ფაქტს, რომ თანამედროვე მოსწავლეებს ძალიან უჭირთ გრძელი ტექსტების კითხვა და გაგება. კომპიუტერიზაცია, ცხოვრების დაჩქარებული ტემპი და ყოველ დღიურად კი არა, ყოველ წამიერად ზღვა ინფორმაციის მიღება უმთავრეს მიზეზებად განიხილება.

მაგრამ ამ არასახარბიელო რეალობის გამოსასწორებლად ექსპერტები სულაც არ გვთავაზობენ, რომ გრძელ ტექსტებს უნდა ავარიდოთ ახალგაზრდები. არამედ, პირიქით, გავაათკეცოთ ძალისხმევა, მრავალგვარი მეთოდი უნდა ვცადოთ და შეუძლებელი შევძლოთ, რადგან არაფერი ისე არ ავითარებს სააზროვნო უნარებს, როგორც ტექსტზე მუშაობა.

სხვა საკითხია, ალბათ, რამდენად გრძელი ტექსტები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. მე, პირადად, სკოლაში რომანების სწავლებას, რაც უნდა გენიალური იყოს, ეჭვის თვალით ვუყურებ. ამას თავისი მიზეზები აქვს. მოზარდების ინტერესის შენარჩუნება ძალიან რთული საქმეა და ეს ბევრად უფრო რთულდება, როცა მასწავლებელი იძულებულია, მისი ყურადღება დიდი ხნის განმავლობაში შეაჩეროს ერთ ნაწარმოებზე, რაც უნდა საინტერესო და ღირებული იყოს ის. ბავშვებს უყვართ დინამიკა, მუდმივი ცვლილება და სიახლეები, ახალი თემები, ახალი პერსონაჟები და სახეები.

დავუბრუნდეთ ისევ მასწავლებლის მცდელობას, წააკითხოს და გააგებინოს ვრცელი ტექსტი და თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღევანდელი განათლების სისტემა ერთნაირად სთხოვს მოსწავლეს ფაქტობრივ ცოდნასა და გააზრებას. ამიტომ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ტექსტის სწავლების სხვადასხვა ეტაპს გულისხმობს და შესაბამისად, ბლუმის ტაქსონომიის სხვადასხვა დონეს შეესაბამება.

  • მარკერული კითხვა ( წინასწარ მიცემული მითითებების მიხედვით მოსწავლეები ხაზავენ ტექსტში გარკვეულ მონაკვეთებს და აუცილებლად მიაწერენ კომენტარებს );

იმისთვის, რომ მოსწავლემ კრიტიკულად გაიაზროს ნაწარმოები, გაანალიზოს და იფიქროს, აუცილებელია, კარგი ფაქტობრივი ცოდნაც ჰქონდეს. ამიტომ, რასაც ვავალებთ, პირველ რიგში, არის მარკერული კითხვა. ეს ძალიან სასარგებლო ჩვევაა, როცა ბავშვი კითხვის დროს ხაზავს და აწერს კომენტარებს, ვიზუალური მეხსიერებაც ერთვება ამ პროცესში და ბევრად უფრო კარგად იმახსოვრებს. ახარისხებს, ანალიზისთვის საჭირო მონაკვეთებს ადვილად პოულობს თავისი კომენტარების წყალობით. მასწავლებელი ნაწარმოების დაწყებისთანავე მიუთითებს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რაზე აიღონ ორიენტირი. მაგალითად: პერსონაჟთა დახასიათებები, ეპოქის მარკერები, მინიშნებები ნაწარმოების იდეაზე, ავტორისეული ჩართვები და ა.შ.

  • მოსწავლეები გამოყოფენ ქვესათაურებს, ასათაურებენ თავებს;

ეს გამოცდილი მეთოდია, მაგრამ ხშირად მასწავლებლები მხოლოდ დაწყებით საფეხურზე მიმართავენ ხოლმე ამ ხერხს. არადა, მხოლოდ დარქმეულ სათაურებსა და ქვესათაურებზე რომ ილაპარაკონ ბავშვებმა, ახსნან,რატომ აირჩიეს ეს სათაური და ერთმანეთის განსხვავებული ვარიანტებიც შეაჯერონ, ძალიან ბევრ რამეს უნდა შეეხონ ტექსტიდან, ბევრ რაიმეზე დაფიქრდნენ და თვითონ ეპიზოდებსაც უკეთესად იმახსოვრებენ. გავიხსენოთ ილიას ,,ოთარაანთ ქვრივი“  და მისი ცალკეული თავი. რა მრავლისმთქმელია მისი სათაურები და ამ სათაურებზე ფიქრი რამდენ საკითხზე ამახვილებინებს ყურადღებას მკითხველს. მაგალითად, ბევრს ფიქრობენ და მსჯელობენ ბავშვები სათაურებზე: ,, პილილმოყრილი მადლი“, ,, მხილებაა თუ კადნიერება?!“… ამიტომაც, როცა დასათაურებას ვთხოვ, სწორედ ,,ოთარაანთ ქვრივის“ ბევრისმთქმელ სათაურებს ვახსენებ მათ.

 

  • საკვანძო მონაკვეთებს მოსწავლეები გამოხატავენ სქემატურად, ქმნიან ასოციაციურ რუკებს;

სქემების შექმნა, რა თქმა უნდა, სცდება ბლუმის ტაქსონომიის ცოდნა-გაგების დონეებს და გამოყენების დონეა უკვე, რადგან მოსწავლემ უნდა გაიაზროს ესა თუ ის საკვანძო საკითხი და სქემატურად გამოსახოს ისე, რომ ნათელი გახდეს სხვისთვის პრობლემის არსი, პერსონაჟის სახეცვლილება, პერსონაჟის ფიქრთა მიმდინარეობა. მაგალითად: შეუძლია, შეკრიბოს და სქემაში გადმოიტანოს, რას ფიქრობენ არსაკიძე და ფარსმანი ხელოვნებაზე. ან თუნდაც ვენის დიაგრამით ასახოს ნახუცარი ივანესა და თეიმურაზის საუბრები, რაში ეთანხმებიან ერთმანეთს და რომელ საკითხზე განსხვავდება მათი შეხედულებები რადიკალურად.

 

  • ამუშავებენ ცალკეულ მნიშვნელოვან ეპიზოდს მხატვრული თვალსაზრისით;

ყველაზე მეტად მხატვრულ მხარეზე მუშაობა უჭირთ და არ უყვართ მოსწავლეებს, მაგრამ მათ უნდა გაიზრონ, რომ მხატვრული სახეებზე ფიქრი ნაწარმოების იდეაში გარკვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. თითოეული მეტაფორის, ეპითეტის, შედარების საშუალებით იხსნება პერსონაჟის ხასიათი, პრობლემა და საფიქრალი. როცა ვრცელია ნაწარმოები, რთულია მისი მხატვრული მხარის სრულყოფილად დამუშავება, მაგრამ თუ რამდენიმე ეპიზოდს ავირჩევთ და ამ ეპიზოდებზე იქვე, გაკვეთილზე, ვამუშავებთ ბავშვებს, წარმოდგენა შეექმნებათ მწერლის სტილსა და ნაწარმოების მახასიათებლებზე.

  • აპირისპირებენ პერსონაჟებს, რომელთა მსგავსებაგანსხვავებებს გზადაგზა ავსებენ (ვენის დიაგრამა, შედარების მატრიცა, T სქემა).

პერსონაჟებს ნაწარმოების დასრულების მერე კი არ ადარებენ ერთმანეთს, არამედ ნაწარმოების სწავლის პერიოდში. დასაწყისიდანვე ირჩევენ  პერსონაჟთა წყვილებს ან სამეულებს და მათთვის სასურველი კოგნიტური სქემებით ადარებენ ერთმანეთს. გზადაგზა არჩეული კოგნიტური სქემა ივსება და მრავალფეროვანი ხდება. ნაწარმოების დასრულების შემდეგ კი ნებისმიერი ტიპის თხზულების დაწერა გაუადვილდებათ უკვე გამზადებული სქემების მიხედვით. და სულაც არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც ე. წ.  ,,შედარებითი დახასიათება“ იყოს. შესაბამისად, ეს აქტივობა ძალიან კარგი გზაა მაღალ სააზროვნო დონეებზე გადასასვლელად.

  • ცალკეული მონაკვეთის მიხედვით ამზადებენ პრობლემულ, სააზროვნო კითხვებს, რომელთაც ერთმანეთს უსვამენ;

კითხვის სწორად დასმის ტაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანი და რთულად გამოსამუშავებელი უნარია ბავშვისთვის. თუმცა საკმაოდ სახალისოა. შეგვიძლია, სხვადასხვა მონაკვეთზე ჯგუფურად ვამუშავოთ, კითხვების განსაზღვრული რაოდენობით მომზადება დავავალოთ. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციონ სააზროვნო კითხვების მომზადებას, რომ მათ მიერ შედგენილი სრული კითხვარი მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს დანარჩენი ჯგუფებისთვის.

  • გზადაგზა შეხვედრილ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ციტატებზე წერენ მოკლე ესეებს (მაგ:,, ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი…“ )

ციტატებზე ესეს შექმნა მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებს ბავშვებს და ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით სინთეზის დონეა. ამ მეთოდით მთლიანი ნაწარმოების იდეას ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან და ითავისებენ. აუცილებელია, ესეები ერთმანეთს წაუკითხონ და იმსჯელონ. ეს პროცესი მოსაწყენი რომ არ გახდეს, შეგვიძლია, სხვადასხვა ციტატაზე ვამუშავოთ ერთდროულად. ციტატებს ან თვითონ ირჩევენ, ან ვისაც რომელი შეხვდება, შემთხვევითობის პრინციპით.

  • ირჩევენ მათთვის საინტერესო პერსონაჟს- ცდილობენ, დანარჩენ პერსონაჟებსა და მოვლენებს შეხედონ მისი თვალით.

რამდენიმე თავის მერე მოსწავლე ირჩევს თავისთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟს და ნაწარმოების შესწავლის პარალელურად ცდილობს, მისი თვალით შეხედოს პრობლემებს, მისი პოზიცია დაიცვას, მისი შეხედულებები განმარტოს და განავრცოს. ძალიან ხშირად მოსწავლეები ირჩევენ მეორეხარისხოვან ან უარყოფით პერსონაჟებს. პირველის შემთხვევაში, ცდილობენ, ნაწარმოებში ის სიცარიელეები ,,ამოავსონ“, რომლებიც ამ პერსონაჟებს უკავშირდება, ტექსტიდან გამომდინარე წარმოიდგინონ მათი ფიქრები და განცდები, შექმნან მათი შეხედულებები. რაც შეეხება უარყოფით პერსონაჟებს, მოსწავლეები ძირითადად ცდილობენ, მათ მიუღებელ საქციელებს ახსნა მოუძებნონ, ქცევის მიზეზებს ჩასწვდნენ და დაადგინონ, რა როლი ითამაშა საზოგადოებამ მათი ასეთად ჩამოყალიბებაში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი