ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეტყველებიდან პიროვნებამდე

დიდი ძველბერძენი ორატორი დემოსთენე, რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ენაბლუ იყო. ძველ საბერძნეთში კი ორატორულ ხელოვნებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ორატორს უნდა ჰქონოდა შესანიშნავი ლექსიკა, საუბრის დახვეწილი მანერა, ხმის მაღალი ტემბრი, ზუსტი მიმიკები და მანერები, რაც მის შინაგან განწყობას და აზრს გამოხატავდა. დემოსთენე კი თავისი ენაბლუობისა და სუსტი ხმის გამო ამ ხელოვნებისთვის გამოუსადეგარი ჩანდა.

ამის მიუხედავად, ის თავისი ოცნების ასრულებისკენ ურთულეს გზას დაადგა და წარმოუდგენელი შრომის, თვითთერაპიის, წვრთნის ფასად დიდი ორატორიც გახდა. მისი ვარჯიშები დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: ის გამოქვაბულში განმარტოვდა, თავი ნახევრად გადაიპარსა და მჭევრმეტყველი სიტყვების დახვეწა გამოქვაბულში დაყრილ ქვებთან დაიწყო, რომლებიც მისთვის ცოცხალი მსმენელის როლს ასრულებდნენ. ასევე, გამოიმუშავა სიტყვის წარმოთქმისთვის საჭირო სუნთქვა, სახის მიმიკებს და სხეულის მოძრაობებს სარკესთან  ამუშავებდა. ხშირად გადიოდა ზღვაზე და ტალღების ხმის ფონზე (რასაც ხალხის ხმაურად მიიჩნევდა)  ხვეწდა თავის ხელოვნებას. ასე მიაღწია დემოსთენემ იმას, რომ დღეს ის მსოფლიო ორატორიის ხელოვნებაში ერთ გამორჩეულ ფიგურად სახელდება.

მთლად ორატორული ხელოვნება არა, მაგრამ ზოგადად, სწორი და დახვეწილი მეტყველება ადამიანს თავის ყოველდღიურ ყოფაში ნებისმიერ დროს სჭირდებოდა და სჭირდება. მით უფრო დღეს,  როდესაც მძლავრი ტექნოკრატიის ფონზე სიტყვით გამოსვლა, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, კონკურენცია დებატებში, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ლინგვისტური დისკურსი პიროვნული პრეზენტაციის ასეთი მნიშვნელოვანი იარაღია. აღარაფერს ვამბობ იმ ესთეტიკურ მხარეზე, რასაც სწორად მეტყველების ხიბლი ჰქვია და რაც ასე ამოდ მოსასმენს ხდის ხოლმე ნებისმიერ ტექსტს, წარმომთქმელის ოსტატობის წყალობით.

ადამიანს პირუტყვისგან მეტყველების უნარიც განასხვავებს, და ის მას დაბადების წამიდან დაჰყვება, შესაბამისად, ამ უნარის აღზრდა და დამუშავება ისეთივე ბუნებრივი პროცესია (უნდა იყოს), როგორც სხვა ქცევებისა და მოთხოვნილებებისა.

დემოსთენე და მისი გარჯა კი არაერთხელ გამახსენდა, როცა ერთი სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დადგმულ მცირე წარმოდგენებს დავესწარი.

ნებისმიერი მსგავსი ტიპის ფესტივალი ზედაპირზე წამოსწევს ხოლმე უმთავრესად იმ ხარვეზებს, რაც კონკრეტულ სფეროში ასე უხვადაა და ზოგჯერ კი, ისე მყარად ჩაკირული, რომ მის მსხვრევას ხანგრძლივი თერაპია სჭირდება. ასეთი ვითარება იყო თეატრალურ ფესტივალ „არტ-სკოლის“ ჩვენებებზეც (ორი წელია ის თბილისის სკოლებში ტარდება) – მოსწავლეების შემოქმედებით უნარებთან, აქტივობებთან, ენთუზიაზმთან ერთად ის ნაკლოვანებებიც დავინახეთ, რასაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, თან რაც შეიძლება მალე.

ეს მეტყველების პრობლემაა, რომელიც უმრავლესობაში აქცევს ბავშვებს, ვინც არათუ სწორად ვერ (არ) მეტყველებს, არამედ ასეთი დამახინჯებული, (ფონეტიკურად თუ სემანტიკურად) უზუსტო მეტყველებით იწონებს კიდეც თავს და აქვს ამბიცია, რომ ამ უნარით გამოხატოს საკუთარი თავი და შემოქმედებითი შესაძლებლობები.

მსმენია, რომ ზოგიერთ სკოლაში, პედაგოგების (და ალბათ მშობლებისაც) პირადი ინიციატივით, დაწყებით კლასებშივე ტარდება მეტყველების გაკვეთილები, და მათ პროფესიონალი მსახიობები ასწავლიან. ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ ბგერების სწორად წარმოთქმას (მხოლოდ რბილი „ლ“-ს პრობლემა კი არა, ასო-ბგერების უმრავლესობის პრობლემა დგას), არამედ გამართულად მეტყველებას, აზრის სინტაქსურად სწორად დალაგებას, საჭირო სიტყვების საჭირო ადგილას გამოყენებას. ასე ეჩვევიან ფიქრს და აზროვნებასაც, ეჩვევიან მსჯელობას, ერთვებიან დისკუსიებში და აღარ ეშინიათ კონკურენციის, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა „მოწინააღმდეგემ“ სხვა უნარით აჯობოს – ვთქვათ, უფრო მეტი ცოდნით, ინფორმაციულობით და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ყალიბდებიან მომავალ მოქალაქეებად, ვინც, ალბათ, გავა დრო და ან პარლამენტში, ან უმაღლეს სასწავლებლებში, ან სულაც თეატრის სცენაზე მოგვევლინება და ჩვენთვის თავის მოწონებას მოინდომებს.

მთელი გულით მივესალმები ამგვარ სასკოლო ინიციატივებს და ვფიქრობ, ამით მხოლოდ ცალკეული სკოლები კი არა, ზოგადად საგანმანათლებლო სისტემა უნდა დაინტერესდეს – უნდა შედგეს პროგრამა, მეთოდი, შეირჩეს პროფესიონალი პედაგოგები (ეს დამატებითი სტიმულია თეატრალური სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის, რომელთა უმეტესობა, სტუდენტობის შემდეგ, თუ ძალიან არ გაუმართლა და რომელიმე სერიალით არ გახდა „სახე“, უბრალოდ შინ ზის და თავის ვარსკვლავს ელოდება, ან დაბადების დღის ცენტრში მუშაობს ანიმატორად, ან საზღვარგარეთ მიდის და ფიზიკურად შრომობს), რათა დაწყებით კლასებშივე ისწავლებოდეს მეტყველება, როგორც ძალიან საჭირო საგანი, როგორც ზოგადი უნარი (ვინ იცის, რაოდენ სასიცოცხლო და საჭირო), რათა მოსწავლემ შეძლოს და სრულყოფილად, სიტყვის ძალით გამოხატოს საკუთარი თავი.

არაერთხელ შევსწრებივარ დეკლამაციის ისეთ ნიმუშებსაც, რომლებსაც, არათუ რაიმე კავშირი აქვს ხელოვნებასთან, მხატვრულ კითხვასთან, არამედ, უტრირებულად რომ ვთქვათ, კრიმინალიც კია, მოსწავლეზე უარყოფითი გავლენის, არაჯანსაღი უნარების თავსმოხვევის და მასზე „შემოქმედებითი“ ძალადობის კუთხით. არ ვიცი, ვინ უფრო სცოდავს ხოლმე ასეთ დროს – მასწავლებელი, რომელიც რომელიღაც პატრიოტულ ლექსს ისეთი ისტერიკული ტემბრით და ჟესტ-მიმიკით აკითხებს მოსწავლეს, რომ პატრიოტიზმი კი არა, საკუთარი სახელი დაგავიწყდება; მშობელი, რომელიც ამ ყალბ პათოსს სუბიექტური პატივმოყვარეობით უღვივებს შვილს („შემოგევლოს დედა, ან მამა, როგორ დასჭექა!“ – გულში შეძახილით); თუ თვითონ მოსწავლე, რომელსაც, უკვე კარგა მოწიფულს და მოაზროვნეს, არავითარი შინაგანი პროტესტი არ გააჩნია, რომ თავსმოხვეულ სიყალბეს შეეწინააღმდეგოს და პირიქით, მჭექარე ხმით, გამაოგნებელი ჟესტიკულაციით და არა გულიდან, არც გონებიდან, არამედ საიდანღაც ძალიან უცნაური სფეროებიდან წამოსული განწყობით „შეასრულოს“ მაყურებლის წინაშე თავისი როლი…

დამნაშავის ძიებას რა აზრი აქვს – ჩვენს სასკოლო საღამოებზე, მხატვრული კითხვის დღეებზე თუ ფესტივალებზე მსგავსი შემთხვევები იმდენია, რომ პრობლემა უკვე გლობალურ სახეს იღებს და რაიმე ტიპის რეაქციას რახანია საჭიროებს.

სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ჩვენს საარსებო და სააზროვნო სივრცეში ფეთქავს – თავისი ამდენსაუკუნოვანი გამოცდილებით, ტრადიციებით და სიახლეებით, შეცდომებითა და რეფორმებით, და ის ყველაზე მეტად მეხსიერების საცავიცაა, დიდი ხსოვნის – რომ ჩვენ, ყველანი, სიცოცხლეს ვემსახურებით.

სიცოცხლე კი თავისი მრავალი ფერით მოგვეცა, და ერთი ამ ფერთაგანი – მეტყველების უნარია, ჩვენი პირველი თვითპრეზენტაცია – სიტყვა, რომელიც, ზუსტად ისევე მოგვექცევა, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ მასთან ურთიერთობას.

ბავშვის ენით კი ხანდახან ყველაზე ხალასი სიტყვები ითქმის, ყველაზე ნაღდი და განუმეორებელი! ნუ შევაშინებთ ამ სიტყვებს არასწორი გამოთქმებით, ცრუ პათოსით და მანერებით, ნუ შევუცვლით ბავშვებს სიტყვებს, როგორც მარგალიტებს – ყალბი ქვებითა და სათამაშოებით.

ვიმეტყველოთ სწორად, ჩვენს მოსწავლეებთან ერთად – ეს ხომ სიცოცხლის გაკვეთილებია!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი