პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

,,გამოცდებს რომ გამოცდები“

დიდი ხანია საგამოცდო ციებ-ცხელება ზაფხულის განუყოფელ ნაწილად იქცა. გამოცდა ერთგვარი სასწორია, რომელსაც საფუძვლიანი ცოდნის გარეშე ვერ გადაწონი – ვერც ,,სიმწიფის ატესტატს“ მიიღებ და ვერც უმაღლესი განათლების ზღურბლს გადალახავ. ერთი შეხედვით, საგამოცდო სისტემა ე.წ. საყოველთაო განათლების პრინციპს ეწინააღმდეგება, მაგრამ დღემდე ცოდნისა და სასწავლო უნარების ყველაზე ეფექტურ საზომად ითვლება.

აბიტურიენტთა გამოცდას სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს.  აბიტურიუმი (იგივე მატურა) გერმანული გიმნაზიის ზედა საფეხურის დასრულებას ნიშნავდა. აბიტურის გამოცდის დახმარებით მოსწავლის ცოდნის დონეს ზომავდნენ. გიმნაზიაში მიღებული ცოდნა და სასწავლო უნარ-ჩვევები უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი წინაპირობა გახლდათ.

XVIII სკ-ის ევროპის უნივერსიტეტებში მოქმედებდა ე.წ. აბიტურის რეგლამენტი, რომლის დახმარებითაც უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის საყოველთაო წესები რეგულირდებოდა. პრუსიაში ამ დროისთვის უკვე არსებობდა ,,საერთო საგანმანათლებლო სტანდარტი“. სკოლის პირველი გამოსაშვები გამოცდების შემოღებას (ჰირშფელდის ლიცეუმი, 1776 წ.)  კი იოჰან ჰაინრიხ ლუდვიგ მაიეროტოს უნდა ვუმადლოდეთ.

საქართველოში რამდენიმე აუცილებელი საგამოცდო ბარიერი უნდა გადალახო: სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდები და საბაკალავრო საფეხურის შემდგომი ფაზა – სამაგისტრო გამოცდები.

ცენტრალიზებული საატესტატო გამოცდები საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. სკოლის გამოსაშვები გამოცდები გულისხმობს რვა სასწავლო საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მოსწავლის კომპეტენციის შემოწმებას. საგამოცდო პროგრამის მესვეურებმა მოსწავლეებს ახალი, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების სისტემა შესთავაზეს. საგამოცდო ცენტრის ექსპერტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფის მიერ შექმნილი პროგრამის დახმარებით, პირველივე წელს კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება საქართველოს 1600-მდე სკოლაში ჩატარდა. საგამოცდო პროცესს წინ უზარმაზარი სამუშაო უძღოდა: ტესტური დავალებების ბაზის მომზადება (ელექტრონული და ბეჭდური რესურსი), კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული ვერსიის (Gcat) გენერალურ რეპეტიციაზე გამოცდა და სხვ.

2013 წლიდან სკოლის დამამთავრებელი ტესტირებები ორ ეტაპად, XI  და  XII კლასებში ტარდება. პირველი საგამოცდო ოთხეული ასე გამოიყურება: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბოლო საფეხურზე კი ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენა და ისტორია ბარდება.

,,ერთიანი ეროვნული გამოცდები“ – ეს ტერმინი ქართულ სივრცეში XXI საუკუნეში გაჩნდა. 2005 წელს ე.წ. საბჭოური სისტემა მისაღები გამოცდების უახლესი მოდელით შეიცვალა და მიზნად სასწავლო უნარებისა და ცოდნის კომპლექსური შეფასება დაისახა. პირველ წელს აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ზოგადი უნარები) აბარებდნენ. ცალკეული ფაკულტეტების მოთხოვნით, აბიტურიენტთა ნაწილს მათემატიკის გამოცდის ჩაბარება მოუხდა.

მომდევნო წლებში საგამოცდო სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწა: აბიტურიენტთა განცხადებები ინტერნეტში განთავსდა, რაც მისი გადამოწმებისა და შეცვლის საშუალებას იძლევა; ზოგადი უნარების ტესტები სხვა ენებზეც (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული) ითარგმნა, ასევე დაინერგა კომპიუტერული კორექციის სისტემა  (eMarker) და აპლიკანტებს გამოცდებზე რეგისტრაციის ელექტრონულად გავლის შესაძლებლობა მიეცათ. თავიდან სახემწიფო გრანტი ზოგადი უნარების გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით გაიცემოდა, 2010 წლიდან კი სტუდენტი საერთო საგამოცდო შედეგების საფუძველზე ფინანსდება. ამას გარდა, სტუდენტებს განაცხადში ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამის მითითება შეუძლიათ, სადაც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება. დღეს სამი სავალდებულო გამოცდის გარდა, არჩევითი საგნების სიიდან ერთ ან ორ გამოცდასაც აბარებენ (ორი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ძირითად ქულებს ემატება იმ საგნის გამოცდის ქულა, რომელშიც აბიტურიენტმა უფრო მაღალი შეფასება დაიმსახურა).

რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდას, იგი 2009 წლიდან ტარდება და ოთხი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. ამას გარდა, მაგისტრანტობის კანდიდატები სპეციალობის შესაბამის გამოცდას რჩეულ უმაღლეს სასწავლებლებშიც აბარებენ, ან პროფესიული პორტფოლიოს წარდგენისა  და გასაუბრების გზით აღწევენ სასურველ მიზანს.

გამოცდების ჩაბარება მხოლოდ მოსწავლეების/სტუდენტების ვალდებულებას აღარ წარმოადგენს, იგი მათ აღმზრდელებსაც ეხება. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები (საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირება) წახალისებულია ისეთი გარეგანი მოტივატორებით, როგორიცაა – მასწავლებლის სტატუსი        (მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა) და ფინანსური მხარე. პირველად მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა 2010 წელს ჩატარდა. პედაგოგების გადამზადება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების (ტრენინგები, სემინარები, კურსები) დახმარებით ხდება. გამოცდების მიზანი არა მარტო ცოდნის განახლება, არამედ მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების ქართულ სკოლებში მასწავლებელთა დახმარებით ეტაპობრივად დანერგვა  და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანაა.

საინტერესოა, რა როლი ენიჭება გამოცდებს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო პროგრამებში. გადავხედოთ მსოფლიოს რამდენიმე მოწინავე საგანმანათლებლო სისტემას და მათ გამოცდილებას.

 

ფინეთი და სამხრეთ კორეა საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში წამყვან პოზიციებს არ თმობენ. არადა, რამდენიმე ათეული წლის წინ ორივე ქვეყანა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს ებრძოდა. მათი საგანმანათლებლო სისტემები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ორივე სასწავლო მოდელი დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

გამოცდები აზის ქვეყნების დიდი ნაწილისთვის წარმატებისკენ  მიმავალი გზის შეუცვლელ ნაწილს წარმოადგენს. მას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ გამომცდელად იმპერატორის პირად წარმომადგენლებს ნიშნავდნენ.  გამოცდის წარმატებით ჩაბარებას საფუძვლიანი ცოდნა სჭირდებოდა, მის მოპოვებას კი – შრომა. კორეული მოდელის მთავარ პრინციპსაც ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომა წარმოადგენს. სამაგიეროდ, მოსახლეობის 100% ფლობს წერა-კითხვის სასწავლო უნარებს. კორეაში ტესტირების ფორმატი წარმატებით დაინერგა. ქვეყანა კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების თვალსაზრისითაც წამყვან პოზიციას იკავებს. ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო მოდელის მთავარ მინუსს მისივე წარმატების იარაღი, ანუ სტრესული გარემო წარმოადგენს.

ფინური საგანმანათლებლო მოდელი აქცენტს შინაგან მოტივაციაზე აკეთებს.  მაქსიმალურად წახალისებულია საკუთარი ინტერესების ძიებისა და დაკმაყოფილების შემეცნებითი პროცესები. სასკოლო დღე გაცილებით მოკლეა და კლასგარეშე ღონისძიებებით არის დატვირთული.

ფინეთის ძირითადი (სავალდებულო) სკოლა ორსაფეხურიანია: დაწყებითი და საშუალო. მის დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სტანდარტიზებული ტესტირება სულ ორჯერ ტარდება – VI კლასის შემდეგ და სკოლის დამამთავრებელ საფეხურზე. სკოლის დასრულების შემდეგ, სტუდენტს შეუძლია მიიღოს პროფესიული (სახელობო) განათლება ან  სწავლა გააგრძელოს ლიცეუმში, რომელიც მსურველებს უმაღლესი სასწავლებლისთვის მოამზადებს. ლიცეუმში აქტიურად გამოიყენება სტანდარტიზებული საგამოცდო სისტემა, ძირითად სკოლას კი ფინური მოდელი აღმზრდელობითი ამოცანების წინაშე აყენებს.

ფინეთში სკოლებს არავინ აკონტროლებს. სახელმწიფო სკოლას ენდობა, სკოლა – მასწავლებელს, მასწავლებელი კი – ბავშვს. „ან ცხოვრებისთვის ვემზადებით, ან – გამოცდებისთვის. ჩვენ პირველს ვირჩევთ“ – ეს ფრაზა ფინური სასწავლო მოდელის სპეციფიკას ყველაზე ზუსტად განმარტავს.

ფინეთსა და სამხრეთ კორეას მხოლოდ ერთი საერთო აქვთ – განათლების უდიდესი მნიშვნელობის აღიარება და მასწავლებლების პატივისცემა. შესაბამისად, წახალისებულია მათი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ნებისმიერი აქტივობა. მეტიც, ფინელი მასწავლებელი უფრო დიდ დროს უთმობს პროფესიულ განვითარებას, ვიდრე სწავლებას.

კანადური  საგანმანათლებლო სისტემა შემდეგი საფეხურებისგან შედგება: სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას აქაც­ სახელმწიფო აფინანსებს. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ქვეყანაში მოქმედებს მოქნილი საგრანტო სისტემა. კანადაში სკოლის მოსწავლეები ხუთი-ექვსი წლის ასაკში ხდებიან და მას ათი წლის შემდეგ ასრულებენ. უმაღლესი განათლების მიღების მსურველები სწავლას კიდევ ორი-სამი წლით იხანგრძლივებენ, რათა  სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა  შეძლონ.

კანადაში სასწავლო პროცესი ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე მიმდინარეობს (რეგიონის მიხედვით). საშუალო საფეხურის დამამთავრებელი სერტიფიკატი სტუდენტს კანადის, აშშ-ს ან დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების უფლებას აძლევს. სტატისტიკური მონაცემებით კანადის მოსახლეობის მინიმუმ 50%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც სხვა წამყვანი ქვეყნების მონაცემებზე მაღალია.

კანადის სკოლებში მოსწავლის ნამუშევრებს პროცენტებით აფასებენ. 50-60% დაახლოებით  6-7 ქულას უდრის, 65-75%  რვა ქულას უთანაბრდება, 80-90% კი საუკეთესო შედეგად ითვლება (9 ქულა), 100%-ით მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება ძალიან იშვიათად ხდება. წლის ბოლოს ითვლება საშუალო არითმეტიკული ქულა და თუ ის 80%-ზე მაღალია, მოსწავლეს შეიძლება გამოცდების ჩაბარების ვალდებულება მოეხსნას.

როგორც წესი, გამოცდები წერილობითი ფორმით ტარდება (ტესტი, ანალიტიკური ესე). აღსანიშნავია ისიც, რომ საბოლოო შეფასების მისაღებად სავალდებულოა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობა (ბიბლიოთეკაში, საავადმყოფოში, მოხუცთა თავშესაფარში და მსგავს დაწესებულებებში მოხალისედ მუშაობა).

ყველას, ვისაც XX სკ-ის 90-იანი წლების გამოცდების სიმწარე უგემია, თანამედროვე ტესტირების სისტემა თამაშად შეიძლება მოეჩვენოს. მკაცრსახიანი გამომცდელებით დაკომპლექტებული მისაღები გამოცდების კომისია, საგამოცდო ბილეთები, კარნახისა თუ გადაწერის ამაო მცდელობა, აბიტურიენტის თავს დატრიალებული ე.წ.  ჩამჭრელი კითხვების ქარიშხალი არც თუ ისე შორეულ წარსულში დარჩა, თუმცა ქართული რეალობის ნაწილი საკმაოდ დიდხანს იყო. გავიხსენოთ აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი“, სადაც დეტალურადაა აღწერილი ,,საეგზამენო“ ციებ-ცხელება. მწერალი გიმნაზიაში გატარებულ წლებს „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებს, რაც იმდროინდელ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში გამეფებული სასტიკი რეჟიმისა და სწავლა-აღზრდის მეთოდების დამსახურებაა.

საბედნიეროდ, დღეს ცივილიზებულ ქვეყნებში აკაკისდროინდელი სასწავლო მიდგომები სასტიკად აკრძალულია. ამ წელს, თხუთმეტწლიანი შესვენების შემდეგ, საკუთარ თავზე მეც გამოვცადე ერთიანი საგამოცდო სისტემის ავკარგიანობა  და  ე.წ. ხარვეზად მხოლოდ დროის სიმცირე და კონდიცირების სისტემის არარსებობა შემიძლია დავასახელო. იმედია, ზემოაღნიშნული გამოცდის შედეგები კიდევ ერთხელ მომცემს სტუდენტად ყოფნის შანსს, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში გატარებული რეფორმები კი ახალი შესაძლებლობების სამყაროსკენ მიმავალ კართან მიმიყვანს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი