ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

   როგორ იბადებიან იდეები

სასწავლო პროცესის რუტინულობასთან გასამკლავებლად მასწავლებლები  სხვადასხვა აქტივობას ვიგონებთ. ყოველ ამგვარ სიახლეს მოსწავლეები დიდი ინტერესით ხვდებიან, რაც სწავლებისას   სტიმულს გვაძლევს. საინტერესოა, როგორ იბადებიან იდეები?

სიტყვა „იდეა“  უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში ასეა ახსნილი:

  1. ცნება, წარმოდგენა, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი;
  2. მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი;
  3. აზრი, ჩანაფიქრი; რისამე მთავარი აზრი.

 

შევეცდები,  შეკითხვას ჩემს პატარა გამოცდილებაზე დაყრდნობით გავცე პასუხი. ახალ იდეებზე ფიქრს მიზეზად უდევს მოსწავლეების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

აი, მაგალითად, ჩვენს სკოლაში  ლიტერატურულ კაფეს ყოველ ორ თვეში ერთხელ ვაწყობთ, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ვსაუბრობთ ჩვენ მიერ არჩეული და წაკითხული წიგნის შესახებ. ასეთი თავყრილობები საინტერესო რომ გახდეს, საკუთარ თავს, როგორც ამ პროცესის ორგანიზატორს, აუცილებელ მოთხოვნად წავუყენე შემდეგი პირობები: ყოველ ჯერზე ინტერიერში რაიმეს შეცვლა; წიგნების წარდგინების  განსხვავებული ფორმა. საერთოდაც, რაც უფრო განსხვავებული იქნება ერთი ღონისძიება მეორისგან, მით უკეთესი.

ამგვარი მიდგომა თამაშს ჰგავს, რომელშიც სიამოვნებით ებმებიან მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სტუმრები.

ყოველივე ამან კი მაძიებელი გამხადა –  იდეებს, ჩემდაუნებურად თუ გამიზნულად, ყველგან და ყველაფერში ვეძებ. იდეა შეიძლება დამებადოს მეგობართან საუბრისას, კაფეში ყოფნისას, კინოთეატრში ფილმის ყურებისას, მეგობრის სამაგისტრო დაცვის მოსმენისას, მუზეუმში ყოფნისას, ქუჩაში სეირნობისას,  საგანმანათლებლო სტატიების, პროფესიული ლიტერატურისა თუ სხვისი გამოცდილების გაცნობისას. ყველაზე მეტად კი მათ წიგნების კითხვისას ვპოულობ.

 

დანიელ პენაკის  „სკოლის სევდა“

დანიელ პენაკი, ფრანგი მწერალი და მასწავლებელი, ერთ-ერთი საინტერესო თანამედროვე განმანათლებელი, რომელიც ბევრ მასწავლებელს უყვარს. არც მე ვარ მისდამი გულგრილი. გულწრფელობა, იუმორი და კითხვის სიყვარული განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მის წიგნებს.

„სკოლის სევდა“ მეგობრის ბლოგიდან აღმოვაჩინე და პირველივე წაკითხვისას მოვიხიბლე ერთ-ერთი მეთოდით, რომელიც მწერალს მასწავლებლობისას  გამოუგონია:

„ერთი ტექსტი კვირაში, რომელიც ყველას, მეც და მოსწავლეებსაც – სასწავლო წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საათსა და წუთს, წინასწარ მოუმზადებლად უნდა მოგვეთხრო. დავალების გასართულებლად ტექსტები ინომრებოდა. პირველი კვირა – ტექსტი #1; მეორე კვირა – ტექსტი #2, ოცდამესამე კვირა – ტექსტი #23, ერთი შეხედვით, იდიოტური მექანიკაა, მაგრამ ეს ნომრები სათაურების ნაცვლად იყო ერთგვარი თამაში, რომელიც ცოდნით შეძენილ სიამაყეს, აზარტულობის სიამოვნებას უთავსებდა“.

ანუ, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად სწავლობდა კვირაში ერთ ტექსტს. სასწავლო წლის ბოლოს კი 50-მდე ტექსტი და ავტორი უგროვდებოდათ. ამგვარი მეთოდით მოსწავლეები ტექსტის ზეპირად სწავლის მნიშვნელოვნებას ეზიარებოდნენ, რომელიც ამავე დროს,  სიტყვის დაგემოვნებასა და შეყვარებას გულისხმობდა:

„ჩაიძირო ენაში – აი, მთელი საიდუმლო. დაცალო ერთი ფინჯანი და ისევ მოითხოვო.

დიახ, ვატენიდი ამდენ ტექსტს ჩემს მოსწავლეებს (თითოს კვირაში) და ყოველდღიურად მათ მოყოლას ვაიძულებდი. ამით მე მათ ენის ბობოქარ და უხვწყლიან ტალღებში ვძირავდი“.

რადგანაც ასეთი წიგნები გამოცდილების გაზიარების მიზნით იწერება, გადავწყვიტე,  ფრანგ მასწავლებელს მივბაძო და მეც ჩემს მოსწავლეებთან ერთად შევეჭიდო ტექსტების დაზეპირებას. მართალი გითხრათ, ვრცელი ტექსტის ზეპირად დამახსოვრება საკმაოდ მიჭირს და ამგვარი აქტივობა ჩემს მეხსიერებასაც გაავარჯიშებს.

იდეა პროექტად ვაქციე, რომელსაც  50 კვირა, 50 ტექსტი“ დავარქვი. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნება შერჩევის, სწავლის, გაზიარების პროცესი. ამ აქტივობით შემოესწავლებათ მოსწავლეებს 50 ქართველი თუ უცხოელი ავტორის სახელი და გვარი, აუმაღლდებათ წიგნიერების დონე, დააგემოვნებენ სიტყვების სამყაროს და გაივარჯიშებენ მეხსიერებას.

კარამბარები

          დანიელ პენაკი „სკოლის სევდაში“ კარამბარებსაც ახსენებს, რომელიც იქვე ასეა განმარტებული: „კანფეტები, რომლის გასახვევ ქაღალდზე შეგეძლოთ ხუმრობები და ანეკდოტები წაგეკითხათ“. ამოვიკითხე თუ არა ხსენებული სიტყვა თავის განმარტებიანად, წამსვე  ასეთი რამ მომაფიქრდა: მომავალ ლიტერატურულ კაფესთვის ვიყიდი წონის კანფეტებს ან ჩვენ თვითონ დავამზადებთ მათ, შესაფუთ ქაღალდში გავახვევთ, რომელზეც დავწერთ  იუმორისტულ ამბებს ლიტერატურიდან (მაგალითად, დონ კიხოტი სანჩოს გაბრაზებისას რომ ამკობს, იმ ეპიზოდებს)  ან  სასაცილო თავგადასავლებს ჩვენი ცხოვრებიდან   და დღის მენიუში შევიტანთ.

ფრანგი მწერალი სწავლის პროცესში კარამბარებით პირის ჩატკბარუნებას  შემდეგ ახსნას უძებნის: „სულელური ხუმრობა განტვირთვის საშუალებას იძლევა და თანამონაწილეობისა და ერთსულოვნების ატმოსფეროს ქმნის, რომლის გაზიარებაც მხოლოდ ერთმანეთისადმი ნდობით განწყობილ ახლობლებს შეუძლიათ“.

მართლაც, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა პატარა ადამიანებთან, შენს მოსწავლეებთან ერთად იცინი – წვრილმანებზე, საკუთარ თავზე, დონ კიხოტისა და სანჩოს თავგადასავლებზე, პირად თუ ერთობლივ მოგონებებზე.

 

 

შერონ დრეიპერის   „გონების მიღმა“

დანიელ პენაკის მსგავსად ამერიკელი შერონ დრეიპერი მასწავლებლობასთან ერთად წიგნებს წერს. „გონების მიღმა“ ათი წლის მელოდის ცხოვრებას გვაცნობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოს ცხოვრებაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თუმცა მისი სამყარო სხვისას არ ჰგავს და განსაკუთრებულობითაც გამოირჩევა – მელოდი მუსიკას ფერებად ხედავს და სკოლაში ყველაზე მაღალი ინტელექტი აქვს.

მელოდი პირველ პირში გვიამბობს საკუთარი ცხოვრების შესახებ, რომელშიც მასწავლებლებს დიდი ადგილი უკავიათ: „ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მის გორდონი, ენერგიით აღსავსეა და წიგნებს თეატრალურ დადგმებად აქცევს. ხან მაგიდაზე ახტება, ხან მღერის. ბავშვებს ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟებს განასახიერებინებს და ზოგჯერ წიგნებზე თამაშებსაც კი იგონებს“.

მის გორდონის გაცნობა, თუნდაც წიგნის ფურცლებიდან, დიდი სიხარული იყო ჩემთვის, თუმცა წინ სასიამოვნო მოულოდნელობა მელოდა:

„მის გორდონი სხვა საინტერესო რაღაცებსაც გვიმზადებს. მაგალითად, ერთხელ გადაწყვიტა, მთელ კლასს ანე ფრანკი წაგვეკითხა და ბავშვები რიგრიგობით შეგვაძვრინა მაგიდის ქვეშ, სპეციალურად ამ გაკვეთილისთვის აგებულ ვიწრო ბუნაგში, რომ უკეთ გაეგოთ, რას გრძნობდა ანე“.

მის გორდონი ისეთი საინტერესო ვინმე ჩანს, ვფიქრობ, არ ეწყინება, რომ მივბაძო – ჩემი ბავშვებიც შევაძვრინო საგანგებოდ მოწყობილ ბუნაგში და ანე ფრანკის დღიურიდან რომელიმე ნაწყვეტი წავაკითხო, თუნდაც, აი, ეს: „მე კიდევ მაქვს რაღაცის იმედი, რომელიც აბსურდულად და განუხორციელებლად მეჩვენება, მაგრამ მაინც მაგრად ვებღაუჭები, რადგან ადამიანური სიკეთის ჯერ კიდევ მჯერა.“

 

ანა გავალდა „35 კილო იმედი“  და სიტყვების  პატრული

          ფრანგი მწერალი და მასწავლებელი ანა გავალდა ერთ-ერთი ქალია, რომელმაც, როგორც ამბობენ,  წიგნების წერით საკმაოდ დიდი ფინანსური შემოსავალი მოიპოვა. ანა წერს სიყვარულზე, ურთიერთობებზე – საინტერესოდ, იუმორით, მისთვის დამახასიათებელი ხელწერით, თუმცა „35 კილო იმედი“ თხელტანიანი მოთხრობაა მოზარდი ბიჭის, გრეგუარის, შესახებ. წიგნი მაშინ შემიყვარდა, როცა მისი ქართველი გამომცემელი, მარიამ კორინთელი, ვაკის მედიათეკაში გრეგუარისა და მისი ბაბუის ამბებს დიდი სიყვარულით ჰყვებოდა. ბაბუისა და შვილიშვილის წრფელი, ნდობით აღსავსე ურთიერთობა  გულგრილს არავის ტოვებს. როცა ბავშვებისა თუ უფროსების ვინმეს სწამს და სჯერა, ასეთ დროს იმდენ კილო იმედად ვიქცევით, რამდენსაც ვიწონით.

ამ წერილისთვის  ბაბუა ლეონისა და გრეგუარის ამბებიდან ერთ ეპიზოდს გამოვყოფ. კერძოდ, ახალ და სასურველ სკოლაში მისაღებ გამოცდაზე გრეგუარს ყველაფერი ავიწყდება. ამ დროს წარმოსახვით ბაბუა ლეონთან საუბარს გააბამს:

„ – წარმოიდგინე, რომ სიტყვების პატრული ხარ. სანამ თავის ადგილს მიუჩენ, ყველა სიტყვას საბუთები უნდა მოსთხოვო: – ეუბნება ბაბუა  გრეგუარს, –

–  მანდ, თქვენ რა გქვიათ?

– ზედსართავი სახელი. – ვისთან ერთად მგზავრობთ, ჩემო ბიჭო? – „ძაღლებთან“ ერთად. – კეთილი, ამ შემთხვევაში, თქვენ  რის გაკეთება მოგიწევთ? – მრავლობითი რიცხვის ნიშნის მიმატება. – მშვენიერია, მართალი ბრძანდებით, განაგრძეთ მოძრაობა“.

 

წარმოიდგინეთ, როგორ დაინტერესდებიან ამგვარი აქტივობით – „სიტყვების პატრულით“ – მიწოდებული გრამატიკული ფორმებით პატარა ადამიანები, რადგან ნებისმიერი რამ, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, გვახალისებს, სწავლებისას ინტერესს აღვივებს და სწავლების პროცესსაც გვიადვილებს.

 

ზურა აბაშიძე   „ცოტა რამ“

          დებიუტანტი მწერლის კრებული „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ წელს „საბას“ ერთ-ერთი ნომინანტია.  ამ კრებულში ერთი მოთხრობაა, სახელად – „ცოტა რამ“, რომელიც ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა აღმომაჩენინა და გადავწყვიტე,  წერილში ახალი სიცოცხლე მიმენიჭებინა მისთვის.

მოთხრობის მთავარი პერსონაჟი გვიყვება ნანუცაზე, თავის მასწავლებელზე, რომელმაც  „დებილებისთვის და ავანტყოფებისთვის“ საკუთარ სახლში პატარა სკოლა მოაწყო.

ნანუცა ათას რამეს იგონებდა მათთვის, ვისაც სწავლისა და გადაადგილების თავი არ ჰქონდა. ერთ-ერთი კი თვეში ერთხელ „ჩაიპიწიეს“ მოწყობა იყო, სადაც ჩაის სვამდნენ და ერთმანეთზე საუბრობდნენ, ამბებს ჰყვებოდნენ და წერდნენ  – „იმ ღამეს, დავიფიცებ, არავის გვეძინა, ყველა ჩაიპიწიეს ველოდებოდით, ვფიქრობდით, რაზე ვილაპარაკებდით, რას მოვყვებოდით, მე ვაპირებდი მომეყოლა, როგორ ამაყობდნენ  სახლში ჩემით, როგორ უხაროდათ საღამოობით კითხვაში რომ მხედავდნენ, იმის მოყოლასაც  ვფიქრობდი, გვერდითა სადარბაზოში ერთი გოგო რომ ცხოვრობდა და წიგნებს რომ ვაძლევდი, იმასაც რომ წაეკითხა“. – წერს მთავარი პერსონაჟი და აღვფრთოვანდი ამ იდეით – ჩაის ფონზე ამბების მოყოლით, იმაზე ფიქრით, რა შეიძლება უამბო კლასელს, მოსწავლეს, რაზე გინდა გაამახვილო შენი თუ სხვისი ყურადღება, რა ნიშნით ამოირჩევ, რას ამოიტივტივებ გონებიდან, რამდენად გულახდილი იქნები, რას დაუტოვებ სხვას ამგვარი საუბრისას და რას წამოიყოლებ თან.  „ჩაიპიწიე“, როგორც მეთოდი,  მრავალ უნარ-ჩვევას ავითარებს: გადაწყვეტილების მიღებას, ზეპირმეტყველებას, ემოციის გადმოცემას, სხვისი გამოცდილების გაზიარებას, აქტიური მოსმენას.

 

მაიკლ ონდააჩი „ინგლისელი პაციენტი“

თანამედროვე კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის რომანის „ინგლისელი პაციენტის“ მიხედვით ფილმია გადაღებული, რომელსაც სხვადასხვა ნომინაციაში ოსკარი აქვს მიღებული, თუმცა, ჩემი აზრით, კინოეკრანიზაციაში წიგნის მხოლოდ ზედაპირული ამბავია წარმოჩენილი და „ინგლისელი პაციენტი“ აუცილებლად წასაკითხთა სიაშია შესატანი.

რომანი ზამთარში დათოვლილი სოფლის მდუმარებაში წავიკითხე. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. დამწვარი ინგლისელი ჯარისკაცი იტალიაში აღმოჩნდება, სადაც მას მის მოვლა-პატრონობას თავისივე ნებით ოცი წლის ჰანა იტვირთავს.

ინგლისელი პაციენტის მკითხველისთვის გაცნობისას ერთგან ვკითხულობთ: „1890 წელს გამოცემულ  ჰეროდოტეს „ისტორიის“ ტომში კი რაღაც-რაღაცები ჩაუწებებია – რუკები, დღიურის ფურცლები, სხვა წიგნებიდან ამოხეული მთელი გვერდები. არშიებზეც სულ სხვადასხვა ენაზე წაუწერია შენიშვნები… აქ ერთმანეთს აბნეულად ენაცვლება ცნობები გამოქვაბულის კედლის მხატვრობაზე, ცნობარებიდან ამონაწერები თუ საჟურნალო ამონარიდები და ყველაფერი იმავე, სავარაუდოდ, მისი საკუთარი წვრილი ხელწერითაა ნაწერი“. ამის წაკითხვისას პერსონაჟმა კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა და სურვილი გამიჩნდა, მეც მქონოდა მსგავსი წიგნი, რომელშიც სხვადასხვა ფორმით დავტოვებდი ჩემი თითოეული დღის კვალს. ასე დამებადა იდეა, რომ მოსწავლეებისთვის, როგორც აქტივობა, ისე შემეთავაზებინა. ავირჩიეთ სხვადასხვა პოეტის ლექსების კრებული და ერთი ლექსი გავიხადეთ დღის ლექსად, ლექსის წაკითხვისას ვაკვირდებით სიტყვებს, განწყობას, რომელიც გვეუფლება, ამასთან ერთად არშიაზე უცხო ენის რამდენიმე სიტყვას, დღის სიმღერას, რომელიმე მხატვრის ტილოს სახელს, იმ პერიოდის წიგნის სათაურს ვწერთ.  ამგვარი აქტივობით  იზრდება შემეცნებითი სამყარო, ერთი პოეტის შემოქმედებას დაწვრილებით ეცნობი, ლიტერატურული პარალელების გავლებას სწავლობ, სიტყვის სამყაროში მოგზაურობას იწყებ, იკვეთება პიროვნული ინდივიდუალიზმი, რის შედეგადაც, როგორც  მოზარდის, ასევე ზრდასრულის  ინტელექტი იზრდება და იხვეწება.

 

ჰეროდოტეს „ისტორიიდან“ ლია სტურიას ლექსებამდე

          ალმაშის წამოწყებულმა თამაშმა მეც ამიყოლია და ლია სტურუას ლექსებამდე მიმიყვანა.  წიგნის საახალწლო ფესტივალზე ერთ-ერთი გამომცემლობის დახლის წინ ჩამოფასებულ წიგნებში ქექვისას ჩემი ყურადღება მწვანეყდიანმა სქელმა წიგნმა მიიქცია, რომელსაც ოქროსფერი ასოებით ავტორის სახელი და გვარი – ლია სტურუა – ეწერა. ზუსტად ორ ლარად ვიყიდე ერთი ჩემთვის და მეორე – ჩემი მოსწავლის დაბადების დღისთვის საჩუქრად. წიგნი რაჭაში დავიმგზავრე და მალევე მომაფიქრდა, რომ სწორედ ეს უცნაური, ულამაზესი და ამბებიანი ლექსების კრებული მექცია ჩემი ცხოვრების დღეების, განწყობების შემომნახველად. უკვე მეხუთე თვე სრულდება, რაც ყოველდღიურად ვკითხულობ ერთ ლექსს, ვფიქრობ, სხვა წიგნებსა და ამბებს ვუკავშირებ, ნაჩუქარ თუ ნაპოვნ ფოთლებს, ჩემი შვილების თმებს  ვინახავ ან – იმ ძაფის ნაკუწს, რომლითაც ჩემს გოგოს ზამთრის გრძელ დღეებში ჟაკეტი მოვუქსოვე. მერე თითქოს ჩემთვის აუკინძავთ ლექსები ამ წიგნში – თითქმის ყოველ გვერდზე  მხოლოდ ერთი ცალი მხვდება.

ახლა ზაფხულია და შემიძლია, თებერვლის ბოლო დღეები ან გაზაფხულის ამბები ლექსებში მოვძებნო. მაგალითად, 26 თებერვლის დღის ლექსია სახელად „იოსიფ ბროდსკის“. არშიებზე გაკეთებული წარწერებიდან ვიხსენებ, რომ იმ დღეს ვკითხულობდი ენდი უირის „მარსელს“, ხოლო ლექსში აღმომიჩენია შემდეგი ფრაზა – „ავიაციის ზემოთ სულ სხვა ზეცაა“, რამაც დღის წიგნთან დამაკავშირა და გამახარა, ასევე, კარლ საგანი გამიცვნია და ვუსმენდი Yann Tiersen-სა და Shannon Wright-ს, დღის ინგლისურის სიტყვა კი Explicit (გულწრფელი, ზუსტი)  ყოფილა.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყველაზე საინტერესოაძიების პროცესი, რასაც აღმოჩენის, თანაგანცდის და გაზიარების სიხარულთან მივყავარ. ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულებები ყოველდღიურობას მიმრავალფეროვნებს და საინტერესოს ხდის.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი